> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ნატოს მეთაურობისთვის ქიშპობა ხურდება
- URL: https://evropis.moambe.eu/-e1-83-9c-e1-83-90-e1-83-a2-e1-83-9d-e1-83-a1--e1-83-9b-e1-83-94-e1-83-97-e1-83-90-e1-83-a3-e1-83-a0-e1-83-9d-e1-83-91-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-97-e1-83-95-e1-83-98-e1-83-a1--e1-83-a5-e1/
- Published: 2023-06-09T16:48:39.000Z
- Updated: 2026-04-21T18:16:07.000Z
- Author: Civil.ge
- Tags: დაწურულად, #Migrated-1776795293156, #wp, #wp-post, #Import 2026-04-21 20:15

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პოსტისათვის ქიშპობამ თეთრ სახლამდე მიაღწია.

## რა ხდება:

გასული კვირის დასაწყისში, 5 ივნისს, აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დანიის პრემიერ მინისტრი, მეტტე ფრედერიკსენი ეწვია, რომელიც გენერალური მდივნის სავარძლისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა. ხუთშაბათს, 8 ივნისს, ოვალურ კაბინეტში უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა შეაბიჯა და არც დაუმალავს, რომ ბაიდენთან მისი საუბრის ერთ-ერთი მიზანი ნატოს თავკაცის პოსტზე ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის მხარდაჭერაც იყო.

## რატომ ხდება:

ნატოს ახლანდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 2014 წლიდანაა ამ თანამდებობაზე და უკვე სამჯერ გაუგრძელეს ვადა.

- სტოლტენბერგს სამშობლოში, ნორვეგიაში, ცენტრალური ბანკის თავკაცის პოსტი ელოდება და თავადვე თქვა, ოქტომბერში მანდატი რომ ამომეწურება, ნატოში მუშაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებო.
- ამ თანამდებობისთვის შესაფერმა რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტტემ და ევროკომისიის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე იუარეს, ნატოს ხელმძღვანელობა არ გვიზიდავსო.
- თუ დაამტკიცეს, ფრედერიკსენი ნატოს პირველი ქალი გენმდივანი იქნება და, ჩანს, მისი წინააღმდეგი ალიანსში არავინაა, თუმცა ჯერ აცხადებს, "კანდიდატი არ ვარო."

## რა ხმები დადის:

ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა ვინაობის გაუცხადებლად უთხრა ჟურნალისტებს, სუნაკს სურს, ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ სტოლტენბერგის შემცვლელს "კრიტიკულ მომენტში თავდაცვითი ხარჯების ზრდის საკვანძო მნიშვნელობა" უნდა ესმოდესო.

- ამით ბრიტანელმა დიპლომატმა ფრედერიკსენს წაკბინა, რადგან დანიის სამხედრო ბიუჯეტი ფრედრიკსენის ხელში ერთიანი ეროვნული პროდუქტის 2%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა (თუმცა ახლა კი იზრდება).
- ფრედერიკსენის წინააღმდეგ გეოგრაფიული არგუმენტიც ისმის: უკვე მესამე გენმდივანია წარმოშობით ევროპის ჩრდილოეთიდან და ალიანსის ბევრს წევრს სურს, მარაქაში სამხრეთელები ან აღმოსავლელებიც გაერიონ.
- ესტონეთის პრემიერი, კაია კალასი იმათაც დააკმაყოფილებთ, ვისაც ქალი მეთაური მოსდით თვალში და მათაც, ვინც აღმოსავლეთევროპელს ამჯობინებენ, თუმცაღა ალიანსის ზოგიერთი წევრისათვის კალასის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ზედმეტად ქორისებურია.

## ბაიდენმა რაო?

ბრიტანელი პრემიერის ვიზიტისას ბაიდენს ჟურნალისტებმა პირდაპირ ჰკითხეს, უოლესის გენმდივნობაზე რას ფიქრობო. აშშ პრეზიდენტმა უოლესზე თქვა "ფრიად შესაფერისია" თანამდებობისთვისო, თუმცა დასძინა, ნატო საკუთარ ლიდერს სჯა-ბაასის შემდეგ აირჩევსო.

- ბაიდენი მართალია, თუმცა აშშ-ს კანდიდატის შერჩევაში მართლაც საკვანძო როლი აქვს. აშშ პრეზიდენტმა უკვე მიანიშნა, რომ თანამდებობაზე მოქმედ ან ყოფილ პრემიერს ან პრეზიდენტს უფრო ხედავს, ვიდრე მინისტრსო, ამბობს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ივო დაალდერი.
- დაადლერი იმასაც დასძენს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფრანგებმა ბრიტანელს დაუჭირონ ამ თანამდებობაზე მხარიო.
- აი, ფრედერიკსენს კი პარიზიც მხარს უჭერს, ბერლინიც და ბაიდენმაც შეაქო უკრაინის ურყევი მხარდაჭერისათვის.

## ოღონდ მთლად ადვილად არაა საქმე:

მცოდნე ხალხი ამბობს, ფრედერიკსენის გენმდივნობაზე თურქეთია ამრეზილიო.

- თუ ეს მართალია, ალიანსის წევრები, რომლებიც კარგა ხანია ცდილობენ, ანკარა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებაზე დაიყოლიონ, შესაძლოა მოერიდონ გენმდივნის საკითხზე ერდოღანთან დავას.
- თურქული მხარე ამ საკითხზე საჯაროდ ჯერ კიდევ სდუმს.

## რას ველოდეთ?

თუკი კონსენსუსის მონახაზი მალევე არ გამოჩნდაო, ამბობს დაადლერი, შეიძლება სტოლტენბერგს სთხოვონ, კიდევ ერთი წლით უხელმძღვანელოს ალიანსსო.