ორბანმა კორონა მოირგო

ორბანმა კორონა მოირგო
orban emergency

უნგრეთის მმართველმა პარტია "ფიდეშმა" (Fidesz) პარლამენტს 20 მარტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის ძალითაც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს საგანგებო ვითარების გახანგრძლივება და დეკრეტით მართვა უვადოდ შეეძლება. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შფოთავენ, რომ უნგრეთის თავნება მეთაური კორონავირუსის კრიზისს დიქტატურის დასამყარებლად იყენებს.

კანონპროექტის ძალით ორბანის მთავრობას უფლება ექნება "შეაჩეროს გაკრვეული კანონების მოქმედება, გადაუხვიოს იურიდიულ პროცედურებს და გაატაროს სხვა განსაკუთრებული ღონისძიებები მოქალაქეთა ცხოვრების, ჯანმრთელობის, პირადი და მატერიალური უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დასაცავად".

ამავე კანონით, საგანგებო მდგომარეობა უვადოდ გაგრძელდება და მისი მიმდინარეობისას, ყველას, ვისაც მთავრობა ყალბი ანდა დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულებს, რომელიც მას საჯარო ჯანმრთელობის "წარმატებულ დაცვაში" უშლის ხელს ანდა "დაბნეულობასა და არეულობას თესავს" შეიძლება სამი-ხუთი წლით ციხეში უკრან თავი.

კანონპროექტი სანქციებს უხვად აწესებს და მთავრობას უფლებებსაც მსუყედ გადასცემს, მაგრამ ამ უფლებების გამოყენების გარემოებები და ფარგლები ფრიად ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული. გასაკვირი არაა, რომ ორბანის მთავრობას, რომელიც აქამდე ჟურნალისტების, აკადემიური წრეებისა და ოპოზიციის შევიწროვებაში, პირადი ფინანსური ინტერესების სახელმწიფოს ხარჯზე გატარებაში იყო შემჩნეული, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.

დამკვირვებლებს ისიც აშფოთებთ, რომ მთავრობას უფლება ექნება რვა წლამდე ვადით ციხეში გაუშვას ყველა "ვინც კარანტინის ანდა იზოლირების წესის განხორციელებას შეუშლის ხელს" - ამ მუხლით მთავრობას შეეძლება არასასურველი პოლიტიკოსები მოიშოროს, ანდა სულაც მოწინააღმდეგეები მასობრივად დააპატიმროსო.

კანონპროექტის ძალით, არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, და რეფერენდუმები საგანგებო ვითარების მოქმედების პერიოდში აიკრძალება. მთავრობას მხოლოდ პარლამენტის ინფორმირების ვალდებულება ექნება, ხოლო მის წინაშე ანგარიშვალდებულება - აღარ. თუკი პარლამენტის სესია დათხოვნილად გამოცხადდა, მის ფუნქციებს სპიკერი და საპარლამენტო ჯგუფების ლიდერები შეასრულებენ.

რაც კიდევ უფრო სავალალოა, მთავრობას საგანგებო ვითარების გაგრძელება თვითონ შეეძლება, განუსაზღვრელი ვადით. ახლა მას ამისათვის პარლამეტის თანხმობა სჭირდება.

კონსტიტუციური სასამართლო, რომელიც ორბანმა სულ ახლახანს საკუთარი მომხრეებით გამოტენა, მუშაობას გააგრძელებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მუშაობა უკვე შეჩერებულია - ოფიციალურად პანდემიის გამო.

უნგრელი იურისტები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ კანონი კონსტიტუციის ჩარჩოებს სცილდება და რომ საგანგებო ვითარების უვადოდ გამოცხადება კანონმდებლობის ფუძემდებლურ პრინციპებს არღვევს.  ამავე დროს, მათი თქმით, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უვადოდ შეზღუდვა კანონის უზენაესობის ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ორბანის მთავრობამ უკვე დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობის მრავალი პრინციპი, რის გამოც უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის შესწავლის პროცედურა ამოქმედდა.

კენჭისყრა მალე გაიმართება

ოპოზიცია და მმართველი პარტია კანონპროექტზე დღეს, 23 იანვარს ისაუბრებენ, თუმცა მედიის თქმით შეუძლებელია, რომ ოპოზიციამ მას მხარი დაუჭიროს.

უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მარტს, 15 დღით გამოცხადდა. თუკი კანონპროექტი ჩვეულებრივი პროცედურით  განიხილეს, მასზე კენჭისყრა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მოხდება და მისაღებად დეპუტატების 4/5-ის მხარდაჭედა დასჭირდება. ორბანის პარტიას პარლამენტში ორი მესამედის უმრავლესობა აქვს.

თუმცა "ფიდეშის" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს უკვე უთქვამს, თუ ოპოზიცია მხარს არ დაგვიჭერს, კანონს კენჭს დაჩქარებული პროცედურით ვუყრითო, რისი გაკეთებაც რვა დღეში - საგანგებო ვითარების ვადის გასვლამდე - შეიძლება. ამ შემთხვევაში მხოლოდ დეპუტატების ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.

[box type="note" align="" class="" width=""]9.7 მილიონიან უნგრეთში აქამდე 4443 ადამიანი გამოიკვლიეს, 103 დაავადებული დაადგინეს, 6 ადამიანი კი ვირუსის გამო გარდაიცვალა.[/box]

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1