> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# უგანებს კი ელიტა პუტინს?
- URL: https://evropis.moambe.eu/-e1-83-a3-e1-83-92-e1-83-90-e1-83-9c-e1-83-94-e1-83-91-e1-83-a1--e1-83-99-e1-83-98--e1-83-94-e1-83-9a-e1-83-98-e1-83-a2-e1-83-90--e1-83-9e-e1-83-a3-e1-83-a2-e1-83-98-e1-83-9c-e1-83-a1/
- Published: 2019-02-07T22:29:12.000Z
- Updated: 2026-04-21T18:17:24.000Z
- Description: რუსეთის დასავლელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ელიტების ხელით უფრო მოხდება, ვიდრე რუსი ხალხის ძალისხმევით.
- Author: Civil.ge
- Tags: #Migrated-1776795293156, #wp, #wp-post, #Import 2026-04-21 20:15

რუსეთის დასავლელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება რუსული ელიტების ხელით უფრო მოხდება, ვიდრე რუსი ხალხის ძალისხმევით.

ამაზე მათ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, [ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მიერ](https://www.wilsoncenter.org/?ref=evropis.moambe.eu) 4 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს, რომლის სათაურიც იყო ["სანქციების გავლენა რუსეთის ელიტაზე".](https://www.wilsoncenter.org/event/dmgs-kennan-distinguished-speakers-series-the-impact-sanctions-russias-elites?ref=evropis.moambe.eu) ქვემოთ მოკლედ შევაჯამებთ ამ დისკუსიას:

**ზოგადი ხედვა ასეთია:** აშშ-ში და ევროპაშიც იციან, რომ პუტინი თავისას არ მოიშლის. რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ერთ-ერთი მიზანი პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაა, მათ შორის მმართველობით სტრუქტურებში ბზარის შეტანის გზით.

- **ოღონდ:** როგორც ამასწინათ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ მიმართული სანქციების მოხსნამ გვიჩვენა, დასავლეთის გულმოდგინება უსაზღვრო არაა - ზოგი სანქცია დასავლეთს ზედმეტად ძვირი უჯდება.

**ცოტა შორიდან რომ შევხედოთ:** ჩეტამ ჰაუსის მკლვევარის, ნაიჯელ გულდ-დეივისის (Nigel Gould-Davies) თქმით, რუსეთის ელიტები დღეს "უჩვეულოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში" არიან, რადგანაც იმ დასავლურ ინსტიტუტებთან კავშირი გაუწყდათ, სადაც თავის ქონება მიჰქონდათ ხოლმე გადასამალად.

- **გულდ-დეივისის თქმით, ოლიგარქებს შეუძლიათ არჩიონ:** "ან კიდევ უფრო დაუახლოვდნენ პუტინს და მას რუსული სახელმწიფოს მფარველობა გამოსთხოვონ"; ან თავისი აქტივები დასავლეთში (ეგებ აზიაშიც...) გაიტანონ; ანდა როგორც ახლა არიან, ისე იჯახირონ იმ იმედით, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.
- **თუმცაღა, "მათგან ზოგიერთს შეისაძლოა დაებადოს ცდუნება,** თავისი რესურსები რუსეთში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას მოახმაროსო", ამბობს მკვლევარი. რუსეთსა და მის სამეზობლოში, "პოლიტიკური ცვლილებები ყოველთვის მაშინ ხდება, ანდა იწყება...როცა პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ელიტის ნაწილი ლიდერს უგანებსო", სჯერა გულდ-დეივისს.

**ეჭვის მარცვალი:** ალინა პოლიაკოვა, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ამტკიცებს, მარტო სანქციები ასეთ ცვლილებებს ვერ მოიტანსო: დასავლეთში "არ არსებობს პოლიტიკური ნება, სანქციები იმდენად გამკაცრდეს, რომ ოლიგარგები დაარწმუნოს, პუტინი მათი ქონების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფსო".

- თუკი დასავლეთი სანქციებით ასე შორს წავა, არსებობს რისკი, რომ მათი ირიბი შედეგები დასავლეთისვე ეკონომიკას ცუდად მოუბრუნდება, რადგანაც რუსეთი გლობალურ ეკონომიკაში საკმაოდ ღრმადაა ინტეგრირებულიო, თვლის პოლიაკოვა.

**ეს აზრი დერიპასკას ამბავთან გვაბრუნებს:** ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოლიგარქია და შარშან პუტინთან ახლო კავშირების გამო სანქციებიც შეეხო.

- აშშ ხაზინამ (The U.S. Treasury) ჯერ გადადო დერიპასკას კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ - მათ შორის ალუმინის გიგანტის, რუსალის (Rusal) - სანქციების გამოყენება, იანვრის ბოლო კვირას კი სულაც გააუქმა სანქციები მისი სამი დიდი კომპანიის - მათ შორის რუსალის - წინააღმდეგ, მათში დერიპასკას წილი შეიზღუდვის სანაცვლოდ.
- ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში არაერთმნიშვნელოვნად შეხვდნენ, თუმცა მის მისაღებად აქტიურად ლობირებდნენ ევროპის მთავრობები და კომპანიები, რომელთაც რუსალის წინააღმდეგ სანქციების ეკონომიკური შედეგებისა შეეშინდათ. ეს კომპანია ხომ მსოფლიოს ალუმინის წარმოების 7%-ს აკონტროლებს.

**სანქციების გავლენას მარტო დასავლური კომპანიების გავლენა არ ასუსტებს.** აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ეკონომისტის, დანიელ ანის (Daniel Ahn) კვლევის თანახმად, რუსეთი აქტიურად ეხმარება სანქციების ქვეშ მოყოლილ თავის კომპანიებს - ანის თქმით ეს სიამოვნება მოსკოვს "უკვე 13 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა" და ხარჯი კვლავაც იზრდებაო.

- ამრიგად, კრემლს სანქციების დაბალანსება ნელ-ნელა აკოტრებს. თანაც, როგორც გულდ-დეივისმა შენიშნა - "თუკი კრემლი კომპანიებს ამხელა ფულს უხდის, ესეიგი მათი უგულვებელყოფის ფუფუნება არა აქვსო".

**დასკვნის სახით:** დასავლეთმა შეიძლება ვერც შეძლოს პუტინის ტახტის სანქციების გზით შერყევა, მაგრამო, ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ანდერს ასლუნდი (Anders Aslund) "ის კი ვიცით, რომ მისი დასუსტება შეგვიძლიაო".

- “მანამ, სანამ რუსეთი ომს აგრძელებს, ჩვენ კი სანქციებს," ამბობს ასლუნდი, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება და "ადრე თუ გვიან ეს რეჟიმი დაემხობაო".