AfD: ერთიანი პარტია, გახლეჩილი პოლიტიკა

გერმანიის ულტრამემარჯვენეების პოლიტიკური დოქტრინა ფრიად ბუნდოვანია. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

AfD: ერთიანი პარტია, გახლეჩილი პოლიტიკა
როგორც მთლიანად გერმანია, ულტრამემარჯვენე პარტიაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზეა გახლეჩილი. კოლაჟი: მოამბე.

სანამ 30 ათასი დემონსტრანტი ქალაქის ცენტრის პარალიზებას შეეცდებოდა, რომ მათი შეკრება არ დაეშვათ, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 600-მდე დელეგატი დილაუთენია შეიკრიბა გერმანიის თიურინგიის მხარეში, ერფურტში. „ვერ გაგვტეხთ! აქედან უფრო ძლიერები, უფრო მრავალრიცხოვანი გამოვალთ,“ შესძახა პარტიის თანათავმჯდომარე ლიდერმა, ალის ვაიდელმა. ეს ამბავი 4 ივლისს მოხდა: თარიღი ავბედითია და თან აშკარად საგანგებოდ შერჩეული. ზუსტად ასი წლის წინათ, 1926 წელს, ერფურტიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში, ვაიმარში სხვა პარტიის კონგრესი იმართებოდა: ამ დღეს გერმანიის მშრომელთა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, NSDAP, მეორე ყრილობაზე შეიკრიბა.

ამა წლის 4 ივლისს შეკრებილთა ამოცანა მარტივი გახლდათ: ერთიანობის დემონსტრირება. AfD მთავარ ოპოზიციურ პარტიად 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად იქცა, მოიპოვა რა ბუნდესტაგის მანდატების მეოთხედი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, საქსონია-ანჰალტის მხარეში 6 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებში პარტიას აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება შეუძლია. თუ ეს მოახერხა, ულტრამემარჯვენე პარტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ჩაიგდებს ხელში ფედერალური მხარის მმართველობას. სწორედ ამ მოვლენისათვის მოსამზადებლად შეიკრიბნენ დელეგატები ერფურტში. არც დებატების და არც დისკუსიებისთვის აქ ადგილი არ იყო - მხოლოდ ერთობის ჩვენებას ცდილობდა ყველა.

არადა, ფასადს მიღმა ღრმა იდეოლოგიური განსხვავებებია როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში. სხვა ევროპული ქვეყნების ულტრამემარჯვენე პარტიებისაგან განსხვავებით, AfD-ს არასოდეს უცდია თავისი დოქტრინის დაკონკრეტება ანდა ზომიერებისკენ სვლის დემონსტრირება. სულაც პირიქით.

Des manifestants à Erfurt, le 4 juillet 2026.
მანიფესტაცია ერფურტში, 2026 წლის 4 ივლისს CHRISTIAN MANG / REUTERS

„AfD-მ მოახერხა საკუთარი თავის ნორმალიზება გერმანულ პოლიტიკაში ისე, რომ ზომიერებისკენ არასოდეს შეუცვლია თავისი იდეები,“ ამბობს ანა-სოფია ჰაინცე, პოლიტიკურ მეცნირებათა პროფესორი ლიუნებურგის უნივერსიტეტში. „პირიქით, მათ საზოგადოებას მოახვიეს თავს საკუთარი რადიკალური იდეები, როგორიცაა, მაგალითად „რემიგრაცია" [მიგრანტების ძალადობრივი გაძევება - რედ.], რის საწინააღმდეგოდაც 2024 წელს მილიონობით გერმანელი გამოვიდა ქუჩაში და რომელიც ალის ვეიდელმა 2025 წელს თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ელემენტად აქცია.“

კომპრომისის გარეშე

2013 წლიდან მოყოლებული, როცა პარტია დაარსდა, მისი რადიკალური მემარჯვენე ფრთა სულ უფრო იკრებს ძალას, პარტიის დამფუძნებელი ზომიერი ფიგურები კი ნელ-ნელა ტოვებენ სცენას. ჰაინცე ამბობს, რომ მათი უკანასკნელი წარმომადგენელი, ეკონომისტი იორგ მეუთენი, რომელიც 2015-2022 წლებში პარტიის ლიდერი იყო, სულ ახლახან წავიდა. დღეს AfD-ში ორი ძირითადი ჯგუფი იკვეთება: ისინი, ვინც მმართველობისთვის ემზადება, ცდილობს შესაბამისი გამოცდილება მოიპოვოს და პოლიტიკური ალიანსები გააბას და ისინი, ვინც პარლამენტის გარეთ მუშაობენ, ადგილობრივ ასოციაციებს და მხარდამჭერთა ჯგუფებს კრებენ. ეს უკანასკნელნი ბევრად უფრო ჩუმად კი ირჯებიან, მაგრამ მათი გავლენა პარტიაში დიდია.

რადიკალიზაციისკენ სვლამ პარტიის შიგნით არსებული აზრთა ნამდვილი სხვადასხვაობა შეარბილა და შენიღბა. პარტიულები საკუთარ თავს „მემარჯვენეთა მოზაიკას“ უწოდებენ და მართლაც, იოჰანესს კისის, ლაიფციგის უნივერსიტეტის დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, „პარტია სხვადასხვა შტოების ფედერაციას წარმოადგენს: აქ არიან ლიბერალი ნაციონალისტები, სუვერენისტები, ნეონაცისტები. ამ პარტიისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო იდეების ფართო არჩევანი, მასში იგრძნობა მრავალფეროვანი პოლიტიკური გავლენები. მართალი რომ ვთქვათ, ამას პარტიის ვერც ერთი ლიდერი ვერ აკონტროლებს. პარტია ჯერ ახალგაზრდა და პლურალისტურია. ორი თანათავმჯდომარე, ალის ვეიდელი და ტინო ხრუპალა კარგად აცნობიერებენ, რომ თუკი ძალით შეეცდებიან პარტიის კონსოლიდაციას, ის ნამსხვრევებად იქცევა. მათი წარმატების მთავარი გასაღები, ჯერჯერობით სწორედ ამის გაცნობიერებაა. ოღონდ, რაღაც მომენტში თუ ფედერალურ დონეზე მმართველობას დააპირებენ, იდეოლოგიური წონასწორობის წერტილის პოვნა მაინც მოუწევთ.“

Des soutiens du parti d’extrême droite allemand AfD, lors du congrès du parti, à Erfurt (Thuringe), le 5 juillet 2026.
AfD-ს მხარდამჭერები ერფურტში გამართულ პარტიის კონგრესზე 2026 წლის 5 ივლისს. KARINA HESSLAND/REUTERS

მთავარი გამყოფი ხაზი პარტიის შიგნით ყოფილი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიების საზღვრებს ემთხვევა. ეს პარტიის ლიდერებს შორისაც აისახება: ტინო ხრუპალა სახლების ყოფილი მღებავია საქსონიის მხარიდან, აღმოსავლეთ გერმანიიდან, ალის ვეიდელი კი დასავლეთ გერმანელი, გოლდმან საქსში ნამუშევარი ბიზნეს-გარეგნობის ქალი, რომელიც ქალ პარტნიორთან ერთად ცხოვრობს. „ლიდერების ამგვარი კონფიგურაცია საშუალებას აძლევს პარტიას ერთდროულად მშრომელთა კლასსაც ასიამოვნოს და ბურჟუაზიასაც,“ გვიხსნის ევა კიენჰოლცი, რომელმაც AfD-ს მოკლე ისტორია 2024 წელს წიგნად გამოსცა.

„დასავლეთ გერმანელების ცხოვრებისეული გამოცდილება აღმოსავლელებისაგან განსხვავებულია,“ ეთანხმება მას ბიორნ ჰოკე, ისტორიის ყოფილი პროფესორი დასავლეთ გერმანიიდან, რომელიც ახლა აღმოსავლეთ გერმანიაში მუშაობს, „დასავლეთ გერმანელები კეთილდღეობას არიან მიჩვეული, ომისშემდგომი სიდუხჭირე იქ ბევრად უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდა ვიდრე აღმოსავლეთში. მათ უმრავლეობას გარკვეული ქონება აქვს დაგროვებული, სახლი შეძენილი და პენსია გარანტირებული. აღმოსავლეთში ბევრია ისეთი, ვისი კარიერაც გერმანიის გაერთიანებამ შეიწირა, ვინც იმავე დარგში სამსახური ვეღარ იშოვა, ან სულაც უმუშევარი დარჩა. მათი პენსია ბევრად უფრო მცირეა. ამიტომაც გერმანიის აღმოსავლეთი და დასავლეთი სხვადასხვაგვარად ფიქრობს და იქცევა.“

ისტორიული მიზეზებით, AfD-ში, ისევე, როგორც ზოგადად გერმანულ საზოგადოებაში, რაც უფრო აღმოსავლეთისკენ მიდიხართ, რუსეთთან სიახლოვე და ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთისადმი უნდობლობა იმატებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს განსხვავება კიდევ უფრო გამოკვეთა. ტინო ხრუპალა ამბობს „მე გერმანიისთვის რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ვერ ვხედავო“ და ირწმუნება, რომ „პუტინი სამხედრო დამნაშავე არაა.“ ხრუპალა არაერთხელ ეწვია მოსკოვს ომის მიმდინარეობისას და ღიად აყენებს ეჭვქვეშ გერმანიის ნატოში წევრობის აუცილებლობას.

„რუსებმა გაერთიანების მერე დატოვეს გერმანია, ნატო და დასავლეთი კი დარჩნენ,“ ამბობს ქრისტინა ბაუმი, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში AfD-ს დეპუტატი, ყოფილი კბილის ექიმი. „ჩვენ ახლა მათზე ისე ვართ დამოკიდებული, როგორც არასდროს, არადა ნატო 2029 წლისთვის აგრესიულ ომს ამზადებს და უნდათ მასში ჩაგვითრიონ, პროვოკაციებს აწყობენ. ნატო უნდა დაშლილიყო, როგორც ვარშავის პაქტი დაიშალა, მაშინ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. მე თუ მკითხავთ, ნატო საფრთხეს წარმოადგენს გერმანიისთვის.“

წინააღმდეგობათა ერთიანობა

ამავე დროს, გერმანიის დასავლეთში ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას ეჭვქვეშ არ აყენებენ. AfD-ს აქაური მიმდევრებისთვის, სწორედ ეს შეიძლება იქცეს ქრისტიან-დემოკრატებთან პოტენციური მმართველი ალიანსის შეკვრის საფუძვლად. ალის ვეიდელი საკუთარი სურვილით შეხვდა აშშ ვიცე-პრეზიდენტს, ჯეიდი ვენსს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში, 2025 წლის თებერვალში. ერთი თვით ადრე კი ილონ მასკის მხარდაჭერაც დაიმსახურა - მილიარდერი პარტიის ერთ-ერთ მიტინგზეც კი ჩაერთო ვიდეოზარით. აშშ-ს ადმინისტრაციასთან კავშირების გამომზეურებას AfD ნაკლებად ეშურება ირანის წინააღმდეგ აშშ დარტყმებისა და ნავთობის ფასების შესაბამისი ზრდის შემდეგ, თუმცაღა ალის ვეიდელის ასისტენტები გვარწმუნებენ, ჩვენი უფროსი ილონ მასკთან ახლაც ცვლის ელექტრონულ გზავნილებსო.

იოახიმ პოლი, AfD-ს დეპუტატი რეინლენდ-პალატინატის მხარიდან არც მალავს ამგვარი ქცევის პრაგმატულ მოტივებს: „სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, ამერიკელები უფრო ძლიერები არიან, უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, გავლენიანი და ეკონომიკურად ძლიერი, ვიდრე რუსეთი და ამიტომ ბევრად უფრო საინტერესოა გერმანიისთვის. კი, პარტიაში იყო პრო-რუსეთული განწყობის ხალხი, მაგრამ ახლა მათ ეჭვები გაუჩნდათ.“

ამგვარი წინააღმდეგობების არსებობა პარტიის ხელმძღვანელობას არ ადარდებს. პარტიის სპოუკსმენი ამბობს, რომ მათი პარტია პაციფისტურია და მზადაა ყველასთან ისაუბროს. დეპუტატი მარკუს ფრონმაიერი 2025 წლის დეკემბერში ნიუ-იორკს ეწვია და რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფისგან ჯილდო მიიღო, ივნისის დასაწყისში კი უკვე სანკტ-პეტერბურგში ესწრებოდა პუტინის საყვარელ ეკონომიკურ ფორუმს. ამაში უცნაურს პარტიაში ვერავინ ვერაფერს ხედავს. AfD-ში ორ საკითხზე თანხმდებიან: აუცილებელია რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის განახლება და უკრაინის დახმარების შეწყვეტა. „ბედის ირონიაა, მაგრამ ტრამპის მოსვლის შემდეგ პრო-რუსები და პრო-ამერიკელები გერმანიაში ანტიევროპულ პლატფორმაზე გაერთიანდნენო,“ შენიშნავს პოლიტოლოგი ალბრეხტ ფონ ლუკე. 

რეგიონული განსხვავებები ჯართან დაკავშირებითაც იგრძნობა პარტიაში: AfD ჯარში სავალდებულო გაწვევის დაბრუნებას ოფიციალურად ემხრობა, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთში ამის მკვეთრად წინააღმდეგნი არიან. უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ამას აქ ფრიად სახიფათოდ თვლიან და ამბობენ, რომ არ უნდათ, ომში ჩაითრიონ.

„ჩვენი პარტიული პროგრამა ძალიან ღიად საუბრობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ამავე დროს თითოეულ გერმანელს უნდა ჰქონდეს უფლება უარი თქვას სამსახურზე,“ ამტკიცებს ტინო ხრუპალა, „უპირველეს ყოვლისა სოციალურ პრობლემებს უნდა მივხედოთ. მიუღებელია, რომ მილიარდობით ევროს ვაგზავნით უკრაინაში და ვხარჯავთ შეიარაღებაში.“

ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მხრივაც პარტიული იდეოლოგიის გაგება ფრიად რთული საქმეა. არსებობის დასაწყისში მკვეთრად ევროპის ერთიანი ვალუტის წინააღმდეგ განწყობილი პარტია შეიცვალა - ლიბერალი ეკონომისტები, რომლებიც დამფუძნებლებს შორის იყვნენ 2013 წელს, პარტიაში აღარ არიან. ამ თემაზეც, გამყოფი ხაზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გადის.

„გერმანიის აღმოსავლეთში AfD-ს ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი გაჭირვებული ხალხია, მათ ეკონომიკური ლიბერალიზმი არ მოსწონთ და სოციალურ სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული,“ აჯამებს ევა კიენჰოლცი. დასავლეთ ნაწილში ვითარება საპირისპიროა - აქ პარტიის ამომრჩეველი უფრო მდიდარია, ისინი უფრო ახლოს არიან მრეწველობასთან, მენეჯმენტთან, ოჯახურ ბიზნესებთან. შესაბამისად, პარტიის რადიკალური ფრთა, რომელსაც ბიორნ ჰოკე წარმოადგენს „სახალხო ანტიკაპიტალიზმის კარტს თამაშობს, ოღონდ იმ პირობით, რომ სოციალური დაცვა მხოლოდ გერმანიის მოაქლაქეებს უნდა ერგოთ,“ ამბობს კიენჰოლცი. ამავე დროს, ალის ვეიდელს რომ კითხოთ, მისი პარტია ლიბერტარიანული იდეებით იკვებება: ვაიდელი ჰიტლერს „კომუნისტს“ უძახის, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, საშუალო კლასისთვის გადასახადების შემცირებას ითხოვს. „ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი ბევრად უფრო გავრცელებულია დასავლეთში,“ გვეუბნება კრისტინა ბაუმი, „დასავლელები მხოლოდ გერმანელებად არ აღიქვამენ თავს, ისინი გლობალიზებული ცხოვრებით ცხოვრობენ და ამბობენ, რომ გერმანიის ამოცანა ეკონომიკური სიძლიერის დაბრუნებაა.“

ეს ამბავი ყველას არ მოსწონს: გიოთს კუბიჩეკი, პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, უკმაყოფილოა ვეიდელის ფრთის გაძლიერებით. „ილონ მასკის მხარდაჭერით ეს [ლიბერალური] ტენდენცია AfD-ს შიგნით ზედმეტად გაძლიერდა, ბევრად უფრო, ვიდრე თავიდან იყო,“ გვეუბნება ის, „ეს ლიბერტარიანული მიდრეკილება, რომელიც სახელმწიფოს და გადასახადებს ეჭვით უცქერს, ნორმად არ უნდა იქცეს, რადგანაც ღრმად ანტისოციალურია და გერმანულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ჭეშმარიტი გერმანული ღირებულებებია სოციალური კანონმდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ჩარჩოს არსებობა, რომელიც რეალურად უშველის გაჭირვებულებს, მისცემს მათ წარმატების, ანდა გაჭირვებაშიც ღირსეული ცხოვრების შანსს და არ დატოვებს მარტო ბაზრის კანონებისა და კონკურენციის წინაშე.“

სტატიის ორიგინალი გაზეთ ლე მონდში გამოქვეყნდა. თარგმნა ჯაბა დევდარიანმა.

წაიკითხეთ მეტი

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ბერლინის მიერ მივლენილ მრჩეველს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან 13-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სადავო სამთო-მოპოვებითი პროექტის ლობირებაში.