> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# AfD-ს იდეოლოგიური ლიდერები
- URL: https://evropis.moambe.eu/afd-ideologiuri-liderebi/
- Published: 2026-09-12T07:34:48.000Z
- Updated: 2026-09-14T08:52:11.000Z
- Description: ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიას სამი ძირითად იდეოლოგი ჰყავს
- Author: სარედაქციო
- Tags: განმარტება

ჩვენს წინა სტატიაში [გაგაცანით ](https://evropis.moambe.eu/afd-partiis-programa/)გერმანული მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პროგრამა, რომლითაც მან საქსონია-ანჰალთში გამართულ არჩევნებში ხმების 44% დაიბევა. ამ პროგრამას და მის სხვადასხვა ელემენტებს პარტიის იდეოლოგების აზრები განსაზღვრავს.

ბენედიქტ კაიზერი, გეც კუბიჩეკი და მარკ იონგენი - აი ის სამი მოაზროვნე, რომლის იდეებსაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ეყრდნობა. სამივე მონათესავე იდეოლოგიური წყაროდან იკვებება და მსგავსი მიდგომები ახასიათებს - იმიგრაციისადმი მტრული დამოკიდებულება, ეთნო-კულტურული იდენტობის დაცვისადმი ერთგულება. თუმცაღა, მათშორის არის საკმარისი განსხვავებაც და მათი იდეებია პარტიის წიაღში სხვადასხვა მიმდინარეობას კვებავს. მოდით, სათითაოდ მივყვეთ:

## ბენედიქტ კაიზერი: „მოზაიკური სტრატეგია“

ბენედიქტ კაიზერი (*Benedikt Kaiser*) დაბადებულია 1987 წელს. 2025 წლიდან AfD-ის დეპუტატ რობერტ ტესკეს აპარატის წევრი და გერმანიის მემარჯვენე ფლანგის აღმავალი ფიგურაა. ნეონაცისტად მიჩნეული კაიზერი გერმანიის ეთნო-ნაციონალისტური ხედვის მომხრე და მოამაგეა. იმავდროულად, ის მტრულადაა განწყობილი ნეოლიბერალიზმისა და მულტინაციონალური კომპანიების მიმართ (მის ნაშრომებში, კაიზერი წერს, რომ სახელმწიფო უნდა „გათავისუფლდეს კაპიტალის მარწუხებისგან“) და მხარს უჭერს სოციალური რედისტრიბუციის - ანუ ქონების გადანაწილების - პოლიტიკას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პოლიტიკური ნაშრომი, მათ შორის *„ჰეგემონიისკენ. მეტაპოლიტიკური ბრძოლა გერმანიის გადასახედიდან“.* 

### **იდეოლოგიური გავლენები**

კაიზერზე დიდ გავლენას ახდენს ფრანგული „ახალი მემარჯვენეობის“ (*Nouvelle Droite*) მოძრაობა, კერძოდ ალენ დე ბენუა. ისევე, როგორც თანამედროვე ულტრამემარჯვენეობის ბევრი იდეოლოგისთვის, კაიზერის ტაქტიკური შთაგონება მოდის კომუნისტი ფილოსოფოსის ანტონიო გრამშისაგან, რომლისგანაც მან „კულტურული ჰეგემონიის“ დამყარებისთვის ბრძოლის აუცილებლობის იდეა ისესხა. გრამშისგან განსხვავებით, კაიზერი ამ გზით ანტი-ლიბერალური „კონტრჰეგემონიის“ მშენებლობას აპირებს. 

### **იდეები**

კაიზერი „რევოლუციური რეალიზმის“ მიმდევარია და ამბობს, რომ პოლიტიკური წარმატება მხოლოდ საარჩევნო პროცესში გამარჯვებით ვერ შემოიფარგლება. „ბუნდესტაგის ერთ ცალკე აღებულ ფრაქციას არ ძალუძს ქვეყნის განახლება“, - წერს კაიზერი. მისი თქმით, საჭიროა უფრო ფართო, მდგრადი კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური ცვლილება. ამის გასაკეთებლად, იდენტობაზე აგებულ მემარჯვენე მოძრაობას სჭირდება „ავანგარდი“ (*Vorfeld),* რომელიც პოლიტიკურ ველზე „დათესავს იდეებსა და კონცეფციებს \[…\] პარტია კი მას შემეგ მოიმკის ხმების სახით“. 

თავად ეს ავანგარდული ველი, კაიზერის თქმით, შედგება სხვადასხვა სივრცისგან, რომლებშიც ერთდროულადაა საჭირო მოქმედება. მათ შორისაა, იდეების წარმოების ინტელექტუალური სივრცე (მეტაპოლიტიკა), იდეების გავრცელების სივრცე, ასოციაციები, პროფკავშირები, აქტივიზმი და ა.შ. 

## მკითხველი ხარისხიან ანალიზს იმსახურებს

მაგრამ თქვენ მას ვერ ნახავთ, თუ მხოლოდ სოციალური მედიის ალგორითმს მიენდობით

გამოგვიწერეთ 

Email sent! Check your inbox to complete your signup. 

და ჩვენს სტატიებს თქვენს ელექტრონული ფოსტაზე მიიღებთ

კულტურული ჰეგემონიის დასამხობად საკმარისი არაა იდეოლოგიური მსჯელობები ვიწრო წრეში, ფართო გამოძახილის გარეშე: მემარჯვენე იდეები უნდა გავრცელდეს საზოგადოების ყველა სფეროში. ამ იდეების გავრცელებას სჭირდება მედია და ქსელები, რომლებსაც შეეძლებათ გავლენის კამპანიების წარმოება საჯარო დებატებში გარკვეული თემების დასამკვიდრებლად. ამასთან ერთად, საჭიროა ორგანიზებული აქტივისტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ იდეების რეალურ სამყაროში შემოტანა დემონსტრაციებით, ძალის დემონსტრირებით და ა.შ. ყველაფერ ამას სჭირდება იდეოლოგიური მომზადების სტრუქტურები: „საჭიროა ელიტების ფორმირება \[პარტიის\] შიგნით და მაქსიმალური რაოდენობრივი ზრდა გარეთ“, — აჯამებს კაიზერი. 

> „საჭიროა ელიტების ფორმირება \[პარტიის\] შიგნით და მაქსიმალური რაოდენობრივი ზრდა გარეთ“

მისი თვალით, სხვადასხვა სივრცის დაპყრობა არ უნდა ხდებოდეს ერთი პარტიის ეგიდით: პირიქით, ფსონი უნდა დაიდოს „მოზაიკურ მემარჯვენეობაზე“, ანუ „მემარჯვენეობაზე, სადაც რამდენიმე მემარჯვენე მიმდინარეობას აქვს თავ-თავისი ადგილი“, რათა „სტრატეგიულად უბიძგონ ერთმანეთს წინ და იმავდროულად შეასწორონ ერთმანეთის ტაქტიკა“. 

მოზაიკა იძლევა შრომის დანაწილების საშუალებას და თავიდან აცილებს მოძრაობას სექტარიანიზმის საფრთხეს, ანუ მცირე, ჩაკეტილი ჯგუფების ფორმირებას, რომლებიც უფრო იდეოლოგიური სიწმინდის დაცვის იდეით არიან შეპყრობილნი, ვიდრე პოლიტიკური ვითარების რეალური ცვლილებით. 

კაიზერისთვის აუცილებელია ამ პოლიტიკურ ეკოსისტემაში „სხვადასხვა მოძრაობისა და მიმდინარეობის ავტონომიის“ მხარდაჭერა. მოძრაობის სხვადასხვა ფრთას უნდა ჰქონდეს საერთო საძირკველი („მეობის“ პრიმატი, ინდივიდუალიზმის უარყოფა და ა.შ.), მაგრამ მოზაიკამ უნდა „დაუშვას შინაარსობრივი წინააღმდეგობების არსებობა და გზა მისცეს იდეების მრავალფეროვნებას“. 

დღეს კაიზერს სწორედ AfD ესახება ყველაზე პერსპექტიულ პარტიად ანტისისტემური მემარჯვენეობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. მას მოსწონს, რომ AfD ჯერ კიდევ „ჰეგემონიური აპარატის“ მიღმაა, განსხვავებით „ნორმალიზებული“ კონსერვატიული პარტიებისგან, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ მმართველ კოალიციებში. მისი აზრით, AfD ახერხებს ხალხის ზოგიერთი ფუნდამენტური ღირებულების გარშემო გაერთიანებას და იმავდროულად ინარჩუნებს ჰეტეროგენულობას, საკუთარ თავში აერთიანებს ფრთებს, „რომელთა იდეოლოგიური პოზიციებიც ზოგჯერ შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს“, რაც უზრუნველყოფს ისეთ საარჩევნო მასშტაბს, რომელსაც კაიზერის აზრით ვერასოდეს მიაღწევენ დოგმატური იდეოლოგიის მიმდევარი ჯგუფები.

### გეც კუბიჩეკი: პროვოკაციული მეტაპოლიტიკა

  
გეც კუბიჩეკი (Götz Kubitschek), გამომცემელი, ესეისტი და ჟურნალისტი, დაბადებულია 1970 წელს. 2003 წლიდან ის ჟურნალ *Sezession*\-ის თანარედაქტორია. არის სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუტის (კვლევითი ცენტრის, რომელიც „ახალი მემარჯვენეობის“ იდეების მხარდასაჭერად შეიქმნა) თანადამფუძნებელი, რამდენიმე პოლიტიკური კამპანიის ინიციატორი (როგორიცაა „კონსერვატიულ-სუბვერსიული აქცია“). ის აქტიურად მონაწილეობდა 2015 წელს *Pegida*\-ს აქციებში, რომლებიც ეთნიკური ნაციონალიზმის იდეებით იყო დადაღული. AfD-ში გაწევრიანებაზე მას უარი უთხრეს, რადგანაც პარტიამ მისი იდეები ზედმეტად ექსტრემალურად ჩათვალა. თუმცაღა, კუბიჩეკი ამ პარტიის შიგნით მხარს უჭერს და იდეოლოგიურად ამაგრებს ბიორნ ჰოკეს მიერ ჩამოყალიბებულ ფრთას, რომელიც ბიოლოგიურ რასიზმს ემხრობა. კუბიჩეკი ხალხოსნური (*völkisch*) გერმანული ნაციონალიზმის მიმდევრების მიერ ორგანიზებულ რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობდა. AfD-ის ლიდერმა, ალის ვაიდელმა თავად აღიარა, რომ კუბიჩეკი „ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი პარტიის კონსერვატიული მემარჯვენე ფრთისთვის“. კუბიჩეკი ამბობს, რომ AfD წარმოადგენს „პოლიტიკურ ქვაკუთხედს წინააღმდეგობის იმ გარემოსათვის, რომელიც სტრუქტურულად სულ უფრო სტაბილური ხდება“.

## იდეოლოგიური გავლენები

გრამშის იდეები მისთვისაც შთაგონების წყაროა, თუმცა კუბიჩეკი განსაკუთრებით ახლოსაა 1918 წელს დაარსებული „კონსერვატიული რევოლუციის“ მოაზროვნეების, ერნსტ იუნგერის, მოელერ ვან დენ ბრუკის, ედგარ იულიუს იუნგის იდეებით, რომლებიც დემოკრატიის, ლიბერალური პარლამენტარიზმისა და განმანათლებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ის ასევე ახლოსაა ისტორიკოს არმინ მოჰლერის იდეებთან, რომელიც ევროპული ცივილიზაციის კვლევისა და შესწავლის დაჯგუფების სათავეებთან იდგა - ეს კვლევითი კოლექტივი SS-ის იდეოლოგებთანაა კავშირში და ფრანგული „ახალი მემარჯვენეობის“ ავანგარდს წარმოადგენს. როგორც სახელიდანაც ჩანს, ჯგუფი ევროპის ცივილიზაციული ერთობის, ერთიანი მითოლოგიის, ტრადიციებისა ერთობაზე საუბრობს და წარმართული რელიგიებით და ეზოთერიკითაც ინტერესდება. კუბიჩეკი AfD-ის საპარლამენტო ჯგუფის თავკაცის, ერიკ ლენერტის ახლო მეგობარია: მასთან ერთად დააარსა ჟურნალი *Sezession.* ლენერტი ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუტს უდგას სათავეში.

## მისი იდეები

„მეტაპოლიტიკა არის მოქმედება, ეს არაა წმინდად ინტელექტუალური საქმიანობა, რომელიც არანაირ ვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე“, – ამბობს კუბიჩეკი. თუკი კაიზერი სტრატეგიულ ხედვას ავითარებს, რომლის საბოლოო მიზანიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა, კუბიჩეკი იდეების წარმოების მეტაპოლიტიკურ სფეროზე ამახვილებს ყურადღებას და მსჯელობს საჯარო სივრცეში ამ იდეების გაიმარჯვების უზრუნველყოფის გზებზე („გამომცემლობების, ჟურნალების, გაზეთებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა; კონფერენციების, ფესტივალების, კონცერტებისა და საჯარო კითხვის ორგანიზება“). 

მისი მიზანი გაბატონებული ჰეგემონიის გარღვევაა, ხოლო მიდგომა ხაზს უსვამს „თქმადობის სივრცის“ საზღვრების თანდათანობით გაფართოებას, ანუ რისი თქმაც ადრე არ შეიძლებოდა, პოლიტიკურმა მოძრაობამ შესაძლებელი უნდა გახადოს. კუბიჩეკის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მოქმედება იმ სასაზღვრო ზონებში, რაც რაღაცეების თქმა და კეთება ჯერ მხოლოდ მორცხვად თუ შეიძლება“. 

პროვოკატორმა საჯარო სფეროში უნდა შემოაგდოს რადიკალური წინადადება, რომელსაც მანამდე არავინ მოუსმენდა. თავდაპირველად იდეა შოკს იწვევს. ოცი, ოცდაათი, ორმოცდაათი გამეორების შემდეგ რეაქცია ბლაგვდება: ის, რაც მიუღებელი იყო, უკვე განსახილველად ლეგიტიმური გახდა. კუბიჩეკის აზრით, სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება „პროგრესისტულ-ლიბერალური ჰეგემონიის“ შერყევა. 

„თვით ის კატეგორიები უნდა შეიცვალოს, რომლებსაც დებატები ეყრდნობა \[…\] ჩვენი მიზანი დისკუსიაში მონაწილეობა კი არ არის“, რადგან მისი იდეოლოგიური ჩარჩო მიკერძოებულია მემარცხენე იდეების მიმართო, ამბობს კუბიჩეკი, „არამედ დისკუსიის კონსენსუსზე დამყარებული ფორმის დასრულებაა; ჩვენი მიზანია არა საუბარში მონაწილეობის მიღება, არამედ სხვა ენის შემოტანა“. 

> „ჩვენი მიზანია არა საუბარში მონაწილეობის მიღება, არამედ სხვა ენის შემოტანა“

პროვოკაციის ტაქტიკას თან უნდა ახლდეს „საკუთარი თავის უწყინარად წარმოჩენა“. კუბიჩეკი მომხრეებს ურჩევს, გარკვეულ მომენტამდე სახიფათოდ არ გამოიყურებოდნენ. მისი თქმით, ჰეგემონიის დამხობა კლდის პირზე სიარულის ჰგავს: მეტისმეტი რადიკალიზმი იზოლაციამდე მიგიყვანს, მეტისმეტი ზომიერება — სისტემის მიერ გადაყლაპვამდე.

რაც შეეხება თავად იდეებს, რომელთა დამკვიდრებასაც კუბიჩეკი აპირებს, ისინი საერთოა ეთნონაციონალისტური მემარჯვენეობისთვის. ხალხი არის „ისტორიულად და ეთნოკულტურულად შემოსაზღვრული ერთეული და სოლიდარობის საზოგადოება“, - აცხადებს ის, „გერმანია გერმანელების ქვეყანაა“. რაც შეეხება იმიგრაციას: „აუცილებელია მკაცრი შერჩევა კულტურული დისტანციის კრიტერიუმის მიხედვით“ და გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, რამდენად „ასიმილაციისუნარიანია“ ესა თუ ის კულტურა თუ პიროვნება. 

კუბიჩეკი ინდივიდუალიზმის წინააღმდეგია, მისი ღირებულებებია „პროდუქტიულობა, დისციპლინა, განვითარება, წესრიგზე მორგება და ორიენტაცია იმაზე, რაც უზენაესია.“ ლიბერალიზმისადმი მტრულად განწყობილი კუბიჩეკი პრუსიული სულით შთაგონებულ სახელმწიფოს იდეას იცავს: „სახელმწიფო, რომელიც ბევრს მოითხოვს, მაგრამ დახმარების გარეშე არავის ტოვებს“.

## მარკ იონგენი: ეროვნული სულის ჩივილი

მარკ იონგენი (Marc Jongen) დაბადებულია 1968 წელს იტალიაში. მარკ იონგენი მიიჩნევა AfD-ის ერთ-ერთ „შიდაპარტიული“ იდეოლოგია. 2017 წელს ბუნდესტაგის დეპუტატი გახდა, 2024 წელს კი ევროდეპუტატი.

### იდეოლოგიური გავლენები

იონგენმა დისერტაცია დაწერა პეტერ სლოტერდიკის ([Peter Sloterdijk](https://www.philomag.com/philosophes/peter-sloterdijk?ref=evropis.moambe.eu)) ხელმძღვანელობით, რომლის ასისტენტიც იყო. სწორედ მასწავლებლისგან ისესხა იონგენმა *thymos*\-ის ცნება - მოსაზრება, რომ პოლიტიკური ისტორიის განმსაზღვრელია თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელი კოლექტიური რისხვის შეგრძნება. გერმანელი დეპუტატის სადოქტორო ნაწილობრივ მიეძღვნა ლეოპოლდ ციგლერს, გერმანელ ფილოსოფოსს, რომელიც კავშირში იყო რენე გენონთან, ეზოთერიკოსთან, ტრადიციონალიზმისა და [დასავლეთის სულიერი კრიზისის](https://evropis.moambe.eu/dasavletis-dagmasvla/) პოსტულატების ავტორთან. იონგენი ასევე იზიარებს რენო კამიუს[ „დიდი ჩანაცვლების“ თეზისს](https://evropis.moambe.eu/didi-chanacvleba/).

### იდეები

საითაც არ უნდა გაიხედოო, ჩივის იონგენი, „თანამედროვეობის აღვირახსნილობამ“ დაანგრია ტრადიციული სტრუქტურები, რომლებიც ყოფიერებას საზრისს აძლევდა - ოჯახი, ეკლესია, ერი. მიტოვებული ადამიანი დინებას მიჰყვება, დეგრადაციას განიცდის. საჭიროა ხელახლა შეიქმნას ისეთი რამ, რაც „მომავალი თაობებისთვის გადაცემის ღირსია“. 

> „დღეს თუ გინდა ჭეშმარიტად ლიბერალი იყო \[…\] კონსერვატორი უნდა იყო, ზოგჯერ რეაქციონერიც კი“

„ამდენად, დღეს თუ გინდა ჭეშმარიტად ლიბერალი იყო \[…\] კონსერვატორი უნდა იყო, ზოგჯერ რეაქციონერიც კი“, ამბობს იონგენი. მას სძაგს ის, რასაც ის დამანგრეველ ლიბერალიზმს უწოდებს, აბსტრაქტული უნივერსალიზმი, რომელიც ადამიანების გათითოკაცებას და ფესვებიდან მოწყვეტას იწვევს, ასუსტებს ეროვნულ ცნობიერებას. ლიბერალიზმთან მჭიდროდ გადაჯაჭვულმა მულტიკულტურალიზმმა და პროგრესიზმმა ეს პროცესები დააჩქარეს. (გერმანელი) ერი გაზავდა და სასიცოცხლო ენერგია გამოეცალა: მან დაკარგა თავისი *thymos*\-ის დიდი ნაწილი - სიამაყე, სიმამაცე, ენერგია. ერის აღარ აქვს „საკუთარი ძალების ჯანსაღი და თავდაჯერებული რწმენა, რომელიც გასწავლის, თუ როგორ დაიცვა თავი და შესაბამისად მოეპყრო სხვებს“. სწორედ ამის გამოა, იონგენის თქმით, რომ გერმანელები უიმედოდ ებღაუჭებიან უარყოფით „თიმოსურ აფექტს“: „მრისხანე აღშფოთებას“, „ტოქსიკურ ზიზღს“, „მოქალაქეობრივ აღშფოთებას“. „როცა ჩვენ ასე უმწეოდ გამოვიყურებით იმიგრანტების ნაკადის წინაშე \[…\] გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მოსახლეობაში რისხვა გადმოდუღს“. 

ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ იონგენის ხედვა ბიორნ ჰოკეს ბიოლოგიური რასიზმისგან განსხვავებულია. თუმცა იონგენსაც ახასიათებს ღრმად მტრული დამოკიდებულება იმიგრაციისადმი და მკვეთრად გამოხატული ეთნოკულტურული დიფერენციალიზმი - გერმანული ეთნო-კულტურის სხვებზე მაღლა დაყენება. 

იონგენი ანგელა მერკელის იმიგრაციის პოლიტიკას „ისტორიულ დანაშაულად“ მოიხსენიებს, რადგან მან, გერმანიას „საკუთარი კულტურის, საკუთარი ხალხის გაუქმებისკენ“ უბიძგა. „მიგრაციული შემოჭრის“ საფრთხის წინაშე, „ერის თვითგადარჩენა უზრუნველყოფილი აღარ არის“, - აცხადებს იონგენი და ამტკიცებს, რომ მხოლოდ „ეთნიკური ჰომოგენურობა არის დემოკრატიის საფუძველი“. 

„ეროვნული სული“, მისი ხედვით, არის „ფსიქოპოლიტიკური სტრუქტურა“, რომელსაც „არ შეუძლია არსებობა სტაბილური გარეგანი გარსის \[საზღვრების\] გარეშე“. 

იონგენი ასევე ითხოვს „კულტურის სექტორის გაჯანსაღებას“: თეატრები, მუზეუმები, კინო, უნივერსიტეტები თუ მედია, ყველა ეს სფერო, იონგენის მიხედვით, დააზიანა მავნე პროგრესისტულმა ხედვამ და გასაწმენდია ამ გავლენებისაგან.

---

ასეთია AfD-ს იდეოლოგიური გუნდი, სადაც იონგენი — დეპუტატია, კუბიჩეკი - მეტაპოლიტიკოსი, კაიზერი კი სტრატეგოსი. მათგან იონგენი, ალბათ, ყველაზე ლიბერალურია ეკონომიკური გაგებით, ის აკრიტიკებს „საერთაშორისო ფინანსურ კაპიტალს“, მისი აზრით სახელმწიფო ჩარევა აუცილებელია, მაგრამ შეზღუდული უნდა იყოს. კუბიჩეკი და კაიზერი ორივენი ძლიერ სახელმწიფოს იცავენ, მაგრამ კაიზერის შემთხვევაში „სოციალური“ და ანტიკაპიტალისტური განზომილება უფრო მკვეთრადაა გამოკვეთილი. სამივე მტრობს ევროკავშირის ბიუროკრატიას. კაიზერი სამიდან ყველაზე უფრო თანმიმდევრულად იცავს საერთო-ევროპულ ცნობიერებას. მისი თქმით, მისი იდენტობა სამდონიანია: „წარმოშობის მხარე, ერი, ევროპა“. კუბიჩეკი სუვერენული „სამშობლოების ევროპას“ ემხრობა. იონგენი კი მხარს უჭერს „სახელმწიფოთა კონფედერაციის“ იდეას. 

როგორც ხედავთ, სამი იდეოლოგის პოზიცია ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა განსხვავებებიც ნათელია. თუ კაიზერის მოზაიკური სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდება, სწორედ ამ განსხვავებებმა შეიძლება შეუწყოს ხელი AfD-ს შემდგომ ზრდა-განვითარებას.

***ამავე თემაზე:***

[პარტიის პროგრამა: რას გეგმავს AfD?პარტიის 156 გვერდიანი პროგრამა გერმანული შინნაზარდი იდეების და MAGA-სგან ნასესხები თემების ნაზავია![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--156f6f53-3d62-44d3-919d-9fc47cbd8e5c.png)ევროპის მოამბესარედაქციო![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/AFD-Program-3049bbc0-6e72-41f3-94fd-5fea1f60285e.png)](https://evropis.moambe.eu/afd-partiis-programa/)

[ალის ვაიდელის პარადოქსიმემარჯვენე პოპულისტების პირადი არჩევანი საკუთარი პარტიის პროგრამას ცუდად ეხამება![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--f4e651e3-789e-48af-85ef-b0d8b48febbb.png)ევროპის მოამბესალომე სალაძე![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/Weidel-update-42a00c37-5e34-4ad4-8b9f-dc5f86bb3f61.png)](https://evropis.moambe.eu/alice-weidel-paradox/)

[საქსონიაში მოსახდენი მოხდამემარჯვენე პოპულისტების წარმატება ევროპას ემუქრება![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--71e9e33c-fb3d-4abf-b086-e32a25ad5b22.png)ევროპის მოამბესალომე სალაძე![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/sax-anhalt-1-bc79da81-0a02-4da5-ac9c-ca2bc8f3c978.png)](https://evropis.moambe.eu/sak-soniashi-mosaxdeni-moxda/)

##