> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ავსტრია: მსხვერპლი თუ თანამონაწილე?
- URL: https://evropis.moambe.eu/avstria-pasuxismgebloba/
- Published: 2026-11-16T09:03:04.000Z
- Updated: 2026-11-16T09:04:07.000Z
- Description: ავსტრიაში ნაციზმზე პასუხისმგებლობის გრძნობა იზრდება
- Author: სალომე სალაძე
- Tags: ანალიზი

1938 წლის 9-10 ნოემბრის სუსხიან ღამეს, ვენის ქუჩებს კვამლი ასდიოდა - იწვოდა სინაგოგები, ებრაელთა მაღაზიები და სახლები. ნაცისტური პარტიის წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დაძრწოდნენ, ებრაელები საკუთარი სახლებიდან გამოჰყავდათ და აპატიმრებდნენ. ძალადობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. მხოლოდ ვენაში 42 სინაგოგა და სალოცავი განადგურდა, 6 547 ებრაელი დააპატიმრეს, მათგან თითქმის 4 000 კი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ეს მოვლენები ისტორიაში ვენის „ნოემბრის პოგრომის“, გერმანიაში კი „ბროლის ღამის“ (Kristallnacht) სახელითაა ცნობილი. ის გარდამტეხ ეტაპად იქცა: ებრაელთა დევნა მესამე რეიხში მასობრივ ძალადობაში გადაიზარდა, სახელმწიფო პოლიტიკად იქცა რასაც მომდევნო წლებში დეპორტაციები, ბოლოს კი ჰოლოკოსტი მოჰყვა.

ნოემბრის პოგრომიდან 88 წელი გავიდა. ავსტრიული საზოგადოება საკუთარი ქვეყნის ნაცისტურ წარსულს დღეს კიდევ უფრო მკაცრად აფასებს, ვიდრე წლების წინ. ამას მოწმობს ავსტრიის საზოგადოებრივი არხის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ Analytix-ის მონაცემებით, გამოკითხულ ავსტრიელთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ ავსტრიელები ნაცისტური რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილეები იყვნენ. 1987 წელს ამ პოზიციას გამოკითხულთა მხოლოდ 24 პროცენტი იზიარებდა, ხოლო 2008 წელს 48 პროცენტი. ომისშემდგომ ავსტრიაში გავრცელებული იყო „Opferthese“ ანუ „მსხვერპლის თეზა“, რომლის თანახმადაც ავსტრია ნაცისტური გერმანიის პირველი მსხვერპლი იყო. გამოკითხვამ უჩვენა, რომ მათი რაოდენობა, ვინც ამ თეზას ეთანხმება, საგრძნობლად შემცირდა: 1987 წელს მომხრეთა წილი 48 პროცენტი იყო, 2008 წელს 33, ხოლო 2026 წელს კი 26 პროცენტამდე დავიდა.

ეს ცვლილება ავსტრიის ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრების ხანგრძლივი პროცესის შედეგია, რომელიც ნელა და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობდა.

### ანშლუსი - ოკუპაცია თუ კავშირი?

 1938 წლის 12 მარტს ნაცისტური გერმანიის ჯარები ავსტრიაში შევიდნენ. ისტორიულად ეს მოვლენა ანშლუსის სახელითაა ცნობილი. ავსტრიამ ანშლუსით დაკარგა სახელმწიფოებრიობა და მესამე რაიხის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

ავსტრიაში ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას ანშლუსამდეც ჰყავდა მხარდამჭერები და ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ 1938 წლის მარტში გერმანიის ჯარების შესვლას მოსახლეობის ნაწილი სიხარულით შეხვდა.

1938 წლის 15 მარტს, ვენის გმირთა მოედანზე (Heldenplatz), ჰოფბურგის აივნიდან ადოლფ ჰიტლერმა ათასობით ადამიანს ავსტრიის გერმანიის რაიხთან მიერთება ამცნო. მოედანზე შეკრებილი ადამიანების დიდი ნაწილი ამას ოვაციებით შეხვდა. ეს ისტორიული კადრები დღემდე რჩება ავსტრიის ნაცისტური წარსულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ამავდროულად მტკივნეულ სიმბოლოდ.

ავსტრიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ანშლუსის შემდეგ ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და სამხედრო სტრუქტურების საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. ავსტრიელები მონაწილეობდნენ ებრაელთა დევნაში, ქონების ჩამორთმევაში, დეპორტაციებსა და მასობრივ მკვლელობებშიც.

რა თქმა უნდა, ყველა ავსტრიელი ნაცისტების მხარდამჭერი არ ყოფილა. ავსტრიაში ნაცისტური რეჟიმის საწინააღმდეგო მოძრაობაც არსებობდა. მასში მონაწილეობდნენ კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები, მონარქისტები, სასულიერო პირები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეები. ისინი ავრცელებდნენ არალეგალურ გამოცემებს, ეხმარებოდნენ დევნილებს და სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ ნაცისტურ მმართველობას. წინააღმდეგობის მრავალი მონაწილე დააპატიმრეს, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს ან სიკვდილით დასაჯეს.

### როგორ გაჩნდა „პირველი მსხვერპლის“ ნარატივი?

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ავსტრიას მსხვერპლის როლის მორგებაში მოსკოვის 1943 წლის დეკლარაცია დაეხმარა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ავსტრიას ჰიტლერული აგრესიის პირველ მსხვერპლად მოიხსენიებდნენ და მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობას აღიარებდნენ. თუმცა, დოკუმენტი მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან პუნქტსაც შეიცავდა: ავსტრიას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნაცისტური გერმანიის მხარეს ომში მონაწილეობისთვის. ომის შემდეგ ავსტრიის პოლიტიკურმა ელიტამ განსაკუთრებული ყურადღება დეკლარაციის პირველ ნაწილზე გაამახვილა, ხოლო პასუხისმგებლობის საკითხი შედარებით უკანა პლანზე გადაიტანა.

„პირველი მსხვერპლის“ სტატუსი ავსტრიას საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელსაყრელ პოზიციას უქმნიდა, გარდა ამისა, ომის შემდგომ ავსტრიაში არსებობდა პოლიტიკური ინტერესი, რომ ნაცისტური პერიოდის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის საკითხი არ გადაქცეულიყო საზოგადოებაში მუდმივი დაპირისპირების წყაროდ. ამ ვითარებაში კი „მსხვერპლის თეზისი“ ხელსაყრელ ნარატივს ქმნიდა შერიგებისთვის. ისტორიული მეხსიერების ამგვარი ფორმირება შეიძლება შეფასდეს როგორც შერჩევითი მეხსიერების პოლიტიკა - როდესაც საზოგადოება საკუთარი ქვეყნის წარსულიდან იმ მოვლენებს წამოსწევს ხოლმე წინ, რომლებიც მის ეროვნულ თვითაღქმასა და მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.

### კურტ ვალდჰაიმის საქმე და დუმილის დარღვევა

ავსტრიის ისტორიულ მეხსიერებაში გარდატეხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად 1986 წელი მიიჩნევა. ეს ის პერიოდია, როცა ავსტრიის პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის, გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კურტ ვალდჰაიმის სამხედრო წარსულისა და მისი ნაციონალ-სოციალისტებთან კავშირის შესახებ საერთაშორისო დისკუსია დაიწყო. ხალხს გაუჩნდა კითხვები მეორე მსოფლიო ომის დროს ვალდჰაიმის საქმიანობის შესახებ. გაჩნდა ვარაუდი, რომ მან ნაცისტური სამხედრო დანაშაულების შესახებ იცოდა. ამ დისკუსიამ ერთი მხრივ, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით გახდა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის საბაბი. ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული ისტორიული ნარატივის ირგვლივ ხელახლა გაიმართა სჯა-ბაასი. სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში, 1987 წელს ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ და რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 48 პროცენტი კვლავ იზიარებდა „პირველი მსხვერპლის“ თეზას.

### ოფიციალური აღიარება: გზა გარდატეხისკენ

ავსტრიის პოლიტიკური მეხსიერების გარდაქმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი 1991 წლის 8 ივლისს დადგა, როცა ფედერალურმა კანცლერმა, ფრანც ვრანიცკიმ ავსტრიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღიარა ავსტრიელთა თანამონაწილეობა ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებში და ისტორიული პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ორი წლის შემდეგ კი, კანცლერი ისრაელსაც ესტუმრა, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული ავსტრიელთა მიერ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო და ბოდიშიც მოიხადა.

შემდგომ წლებში ავსტრიაში გაძლიერდა ჰოლოკოსტის ისტორიის კვლევა, განვითარდა ისტოროული მეხსიერების კულტურა მემორიალების, საჯარო განათლების ღონისძიებების სახით და დაიწყო მსხვერპლთათვის კომპენსაციის საკითხებზე მუშაობა. 1995 წელს დაარსდა ეროვნული ფონდი ნაციზმის მსხვერპლათვის, ხოლო 1998 წელს შეიქმნა კომისია, რომელმაც ნაცისტური რეჟიმის დროს ქონების ჩამორთმევის საკითხები შეისწავლა. 2003 წელს გამოქვეყნებულმა კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ „მსხვერპლის თეზის“ ბატონობამ ომის შემდგომ პერიოდში დაზარალებულთა კომპენსაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

### ისტორიული მეხსიერება და ახალი თაობები

2026 წლის გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულ ავსტრიელთა 61 პროცენტი აცხადებს, რომ 1938 წლის მარტის მოვლენების შესახებ ინფორმაცია სკოლიდან მიიღო. სხვები კი ინფორმაციის წყაროდ მედიას, მუზეუმებს, მემორიალურ დაწესებულებებსა და ოჯახს ასახელებენ. ისტორიული მეხსიერების გადაფასებაში საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ამიტომ, ისტორიული ფაქტების შეგროვება და შენარჩუნება სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული კვლევით დაწესებულებებზე, უნივერსიტეტებზე, არქივებსა თუ მედიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 1987 და 2026 წლების მონაცემები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მხოლოდ ამ გამოკითხვებით ვერ დავადგენთ, კონკრეტულად რა წვლილი შეიტანა განათლებამ, თაობათა ცვლამ, პოლიტიკურმა დისკუსიებმა ან საერთაშორისო მოვლენებმა საზოგადოების დამოკიდებულების გარდაქმნაში. თუმცა ისტორიული პროცესის მთლიანობაში განხილვა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ცვლილება სხვადასხვა ფაქტორის ერთობლივი გავლენის შედეგია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სახელმწიფოებს განსხვავებული გზების გავლა მოუხდათ საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობის გასააზრებლად. ავსტრიის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისტორიული ნარატივის შეცვლა ხშირად ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი პროცესია. სახელმწიფოსთვის საკუთარი წარსულის კრიტიკული შეფასება მხოლოდ ისტორიული ფაქტების აღიარებას არ ნიშნავს. ის ეროვნული იდენტობის ხელახალ გააზრებასაც მოითხოვს.