17 სექტემბერს თურქეთმა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ახალი გეგმა გამოაქვეყნა. ანკარას წინადადებაა, სამოქალაქო გემებისთვის ორი დაცული საზღვაო კორიდორი შეიქმნას: პირველი, დასავლეთის გზა, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროს გაუყვება, მეორე, აღმოსავლეთისა კი თურქეთისა და შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს ქვეყნების ტერიტორიულ წყლებს. თურქი დიპლომატის განცხადებით, თუკი თბილისს ამის სურვილი ექნება, საქართველო მონაწილეობისთვის მიწვეულია.
ავტორი: სერგი კაპანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამ სტატიის სრული, ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა ჟურნალში GEOPolitics.

ომმა შავი ზღვა ჯერ რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირების სივრცედ აქცია, შემდეგ კი ყველა სანაპირო ქვეყნისათვის საერთო უსაფრთხოების პრობლემად. 2022 წლის შემდეგ რუსეთის კონტროლის ხარისხი შავ ზღვაზე, Carnegie Endowment-ის შეფასებით დაახლოებით 90%-დან 25%-მდე დაეცა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მთავარი ხომალდები და ბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. გადარჩენილი გემების დიდი ნაწილი პორტებში იმალება.
თუმცა ამით უსაფრთხოების პრობლემები არ გამქრალა. უკრაინამ რუსულ სამხედრო გემებს ზღვაში მოქმედების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად კი შეუზღუდა, თუმცა თავადაც დარტყმის ქვეშაა: 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა ოდესის პორტებს 180-ზე მეტჯერ დაარტყა.
საფრთხე სხვა სანაპირო ქვეყნებზეც გავრცელდა: ივნისის ბოლოდან სამიზნე თურქული კომპანიების სულ მცირე 25 გემი გახდა; აგვისტოში ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ბულგარეთში გაზსადენის სადგურთან აფეთქდა, მეორე კი რუმინეთში, პლატფორმა Neptun Deep-ის მიმდებარედ ჩამოაგდეს. მიმდინარე კვირას, 6-7 ოქტომბერს ორი გემი გახდა დრონებით თავდასხმის მსხვერპლი რუმინეთის და ბულგარეთის სანაპიროებთან.
ამრიგად, დღეს შავი ზღვის უსაფრთხოება მხოლოდ უკრაინის პრობლემა აღარ არის. საფრთხე ვრცელდება ყველა სანაპირო ქვეყნის გემზე, პორტზე, პლატფორმასა და მილსადენზე.
ძველი ფორმატები ამ რეალობას ვერ პასუხობს
შავ ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ბევრი ფორმატი არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ან რუსეთის მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული, ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მანდატი არასოდეს ჰქონია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია 2022 წლის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც მანამ მუშაობდა, სანამ მისი გაგრძელება მოსკოვის ინტერესებში იყო. დასავლურ ინიციატივებს, როგორიცაა ევროკავშირის შავი ზღვის სინერგია (EU’s Black Sea Synergy), არც გემები გააჩნია და არც სამხედრო საფრთხეებთან გამკლავების ბერკეტები. ომის შემდეგ შექმნილი თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი (MCM Black Sea) და უკრაინის საზღვაო დერეფანი რეალურად მუშაობს, მაგრამ ორივე ვიწრო ამოცანაზეა ორიენტირებული.
რეგიონს ახალი შეთანხმება სჭირდება, ისეთი, რომელიც ერთდროულად საკმარისად ფართოც იქნება და განსახორციელებლად პრაქტიკულიც. ასეთად შეიძლება იქცეს შავი ზღვის ახალი შეთანხმება, რომელშიც თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო გაერთიანდებოდნენ, ევროკავშირი კი პარტნიორის როლს შეასრულებდა. მისი ამოცანა იქნებოდა კაბელების, მილსადენების, საზღვაო პლატფორმებისა და პორტების ერთობლივი დაცვა, ოპერატიული ინფორმაციის გაზიარება და საკუთარ წყლებში სამოქალაქო გემებისთვის დაცული გზების უზრუნველყოფა. ევროკავშირი კი თავის თავზე აიღებდა საომარი რისკების გადაზღვევის ხარჯებს გადამზიდავებისათვის.
რეგიონს ახალი შეთანხმება სჭირდება, ისეთი, რომელიც ერთდროულად საკმარისად ფართოც იქნება და განსახორციელებლად პრაქტიკულიც.
ასეთი შეთანხმებისათვის საფუძველი უკვე არსებობს. 16 სექტემბერს, ლონდონის სადაზღვევო ბაზრის ერთიანმა საომარმა კომიტეტმა შავ ზღვაში მაღალი რისკის ზონა გააფართოვა და მის ფარგლებს გარეთ მხოლოდ თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა. სადაზღვევო ბაზარმა ამით უკვე განსაზღვრა ის სივრცე, რომლის დაცვაც შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს.
ეს შეთანხმება არ იქნება არც NATO-ის ალტერნატივა და არც კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება. მისი მიზანი არც მონტრეს კონვენციის შეცვლა უნდა იყოს, რომელიც სრუტეების რეჟიმს არეგულირებს და შავ ზღვაში სამხედრო ყოფნის ფარგლებსაც უზრუნველყოფს. არა, ეს შეთანხმება სანაპირო ქვეყნებს შორის სავაჭრო გზების დაცვის კოორდინაციას უნდა ეხებოდეს დაახლოებით ისევე, როგორც ბალტიის ზღვის აუზშია ეს დანერგილი. სანაპირო ქვეყნები საერთო საფრთხეებზე ერთად იმუშავებენ და თითოეულს საკუთარი, მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებლობა ექნება.
საქართველოს მთავარი რესურსი ტერიტორიაა
ამ ფორმატში ყველა ქვეყანას განსხვავებული წვლილის შეტანა შეუძლია. თურქეთს ძლიერი ფლოტი ჰყავს და სრუტეებს აკონტროლებს. რუმინეთი და ბულგარეთი მნიშვნელოვან პორტებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურას ფლობენ, ხოლო უკრაინას უპილოტო საზღვაო ტექნიკის დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა.
საქართველოს არც ძლიერი ფლოტი ჰყავს, არც ნაღმსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და არც ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. მისი სანაპიროს დიდი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო ოჩამჩირეში მოსკოვი სულაც ახალ საზღვაო ბაზას აშენებს. ამიტომ საქართველოს რესურსი მხოლოდ ტერიტორიაა. თუმცაღა ეს ტერიტორია რეგიონული კავშირების გასაღრმავებლად აუცილებელია.
საქართველო-რუმინეთის ელექტროკაბელი ანაკლიაში უნდა შემოვიდეს. შუა დერეფანი შავი ზღვით რკინიგზას მხოლოდ საქართველოში უკავშირდება - ფოთის, ბათუმის და პოტენციურად ანაკლიის პორტების გავლით. თურქეთის მიერ ნახსენებმა აღმოსავლეთის საზღვაო გზამაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უნდა გაიაროს. ამიტომ საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვანია შავი ზღვის აღმოსავლეთით ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.
რა თქმა უნდა, შავი ზღვის ახალი შეთანხმების მიღწევა, საქართველოს გარეშეც არის შესაძლებელი. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ამ ფორმატის უსაფრთხოების ძირითადი ნაწილი შავი ზღვის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მდებარე ქვეყნებს შორის განხორციელდება, საქართველოსთან დაკავშირებული პროექტები კი შეთანხმების მიღმა დარჩება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანას დაუცველს დატოვებს, თავი რომ დავანებოთ ეკონომიკური სარგებლის დაკარგვას, ამგვარ შესაძლო შეთანხმებაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.
ევროპის პირობები და საქართველოს არჩევანი
საქართველოსთვის ამ შეთანხმებაში მონაწილეობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ არის. თუ საქართველო ამ ფორმატში ჩაერთვება, მაშინ მნიშვნელოვანია ისიც, რა პირობებით და რა პოლიტიკური დღის წესრიგით ერთვება ქვეყანა ევროპულ უსაფრთხოების სისტემაში. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რადგან საქართველოსთან მისი ურთიერთობა მხოლოდ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებით არ შემოიფარგლება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია თავად ქვეყნის მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანია. ქვეყანამ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, ევროინტეგრაცია კონსტიტუციის 78-ე მუხლში ჩაწერა და 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღო. შესაბამისად, ევროკავშირთან ურთიერთობა თავიდანვე კონკრეტულ პირობებს ეფუძნებოდა. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხები ამ ურთიერთობის ცალკე მდგომი დანართი კი არა, მისი ნაწილია.
დემოკრატიული უკუსვლა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხი ერთმანეთისგან განცალკევებული პრობლემები აღარ არის.
ამასთან, ევროკავშირის ინტერესები მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ვალდებულებებს არ უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას გადასცა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმავა და მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენაც დაიწყო. ამ პირობებში დემოკრატიული უკუსვლა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხი ერთმანეთისგან განცალკევებული პრობლემები აღარ არის. ორივე მათგანი გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება საქართველოსთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ამიტომ, თუ ევროკავშირი ანაკლიის ელექტროკაბელს ყოველგვარი პოლიტიკური პირობის გარეშე დააფინანსებს, არსებობს რისკი, რომ ევროპული ფული იმ ინფრასტრუქტურას მოხმარდეს, რომელიც საბოლოოდ ჩინური პორტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირის კიდევ ერთი შესაძლებლობა სწორედ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის პოლიტიკური და სხვა ზომები ხელისუფლების პოლიტიკის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. პორტები, ელექტროკაბელი და შუა დერეფანი კი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია და მათი განხორციელება ევროპულ მხარდაჭერასაც მოითხოვს. ამიტომ ევროკავშირს შეუძლია ამ პროექტების მხარდაჭერა კონკრეტული პოლიტიკური პირობების შესრულებას დაუკავშიროს. მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პირობების შეუსრულებლობა საქართველოსთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რეალური ეკონომიკური დანაკარგის მომტანი იქნება.
პირობების შესრულება თეორიულად რთული არ არის. ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლოს, უარი თქვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, გააუქმოს არადემოკრატიული კანონები და თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებისთვის საჭირო პირობები შექმნას. ეს ის ნაბიჯებია, რომელთა გადადგმაც თბილისს მარტივად შეუძლია. თუ ის ამ მოთხოვნებზეც უარს იტყვის, საკითხი მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის პირობებს აღარ შეეხება. ეს უკვე მკაფიო პასუხი იქნება იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური სისტემა და საგარეო კურსი სურს ხელისუფლებას საქართველოსთვის.
