ტექსტზე გადასვლა

ახალი ხანის ახალი საფრთხე

ალგორითმები, ხელოვნური ინტელექტი და სიძულვილი უსაფრთხოების საკითხია და მას სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება

ახალი ხანის ახალი საფრთხე
ილუსტრაცია: ხელოვნური ინტელექტი

თანამედროვე სამყაროში საფრთხეს იშვიათად აქვს კარზე მომდგარი, ხილული მტრის იერი. დღეს იგი უჩუმრად იპარება ციფრული ეკრანებიდან, ირეკლავს ჩვენსავე შიშებსა თუ ფიქრებს, იმეორებს ჩვენს სიტყვებს და შეუმჩნევლად, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნის იმას, რასაც ვხედავთ, რისიც გვწამს და ვისშიც მტერს ვხედავთ. სწორედაც ამ ახალ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას დიდი ბრიტანეთის შიდა დაზვერვის სამსახურის, MI5-ის, ხელმძღვანელი კენ მაკკალუმი, რომელმაც ოქტომბერში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ბრიტანელი მაღალჩინოსნის თქმით, როდესაც საფრთხის ბუნება ძირეულად გარდაიქმნება, მათთან გამკლავებაც ახალ მიდგომას მოითხოვს. ხანძარი, საბოტაჟი, კიბერ-შეტევები, იძულება და ძალადობა მხოლოდ განკერძოებული დანაშაულებრივი შემთხვევები აღარ არის და მათი შედეგები საზოგადოების ცხოვრებასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე აისახება. ამგვარ ვითარებაში ეროვნული უსაფრთხოება ვეღარ დარჩება მხოლოდ სპეცსამსახურების დახურულ კაბინეტებსა და სამთავრობო უწყებების ვიწრო პასუხისმგებლობად.

მაკკალუმის ამ საეტაპო გამოსვლას ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ანალიტიკოსების, ფარა პანდითისა და ეზრა ჰესის ვრცელი ნაშრომი. მკვლევრები აღიარებენ და მიესალმებიან ბრიტანული დაზვერვის მეთაურის მცდელობას, ეროვნული უსაფრთხოების ცნებას ადამიანური, ცოცხალი განზომილება დაუბრუნოს. თუმცა, მათივე შეფასებით, მოხსენებაში სათანადოდ ვერ შეფასდა ის ძალა, რომელსაც სოციალური ქსელების ალგორითმები,ხელოვნური ინტელექტი და ჩაკეტილი ციფრული ექო-კამერები ფლობენ; ეს ინსტრუმენტები დღეს ადამიანთა ცნობიერების რადიკალიზაციის მძლავრ და ამავდროულად უხილავ იარაღად იქცა.

ციფრული სივრცე: რადიკალიზაციის ახალი ნიადაგი

ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ბევრ საქმეს უადვილებს, მაგრამ იმავე შესაძლებლობებით სარგებლობა შეუძლიათ მათაც, ვისაც საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება სურს. ტექნოლოგია ამცირებს იმ ცოდნის, დროისა და რესურსის საჭიროებას, რომელიც ადრე რთული საინფორმაციო მასალის შესაქმნელად იყო აუცილებელი. ახლა ინტერნეტზე წვდომის მქონე ექსტრემისტულ ჯგუფებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნან აუდიტორიაზე მორგებული გზავნილები და ისინი ფართოდ გაავრცელონ.

CFR-ის ავტორებს ამის მაგალითად მოჰყავთ 2024 წელს რუსეთში, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი საინფორმაციო წამყვანი ჩანდა, თუმცა ეს ადამიანი ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი. მასალა ჯგუფის მხარდამჭერებმა News Harvest-ის სახელით წარმოებული ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს პროპაგანდის წარმოებისა და გავრცელების ახალი საშუალებები უჩნდებათ. ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევს, უფრო მცირე რესურსით შექმნან დამაჯერებელი მასალა და სხვადასხვა აუდიტორიას მისთვის შესაფერისი გზავნილით მიმართონ.

ბრიტანეთის დაზვერვამ ამ გამოწვევის შესასწავლად ხელოვნური ინტელექტის საფრთხეების შეფასების ცენტრი შექმნა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ტექნოლოგიური საფრთხის ამოცნობა მისი დაძლევის მხოლოდ ერთი ნაწილია. აუცილებელია იმის გაგებაც, თუ როგორ მოქმედებს ციფრული გარემო ადამიანებზე და რა პირობებში შეიძლება მანიპულაცია სიძულვილად, სიძულვილი კი ძალადობად გადაიქცეს.

ალგორითმების ტყვეობაში

თავის გამოსვლაში მაკკალუმმა ყურადღება გაამახვილა იმ ალგორითმულ მექანიზმებზე, რომლებიც საზოგადოების პოლარიზაციას აღრმავებს, და იმ შინაარსზე, რომელსაც მოზარდები საკუთარ ოთახებში განმარტოებისას ეკრანებს მიღმა ყოველდღიურად მოიხმარენ. თუმცა, „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (CFR) მკვლევართა ხედვით, პრობლემის მასშტაბი გაცილებით ღრმა ანალიზს მოითხოვს. საქმე ეხება უხილავ არქიტექტურას: სოციალური პლატფორმები მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვთავაზობენ, არამედ ძირფესვიანად განსაზღვრავენ იმას, თუ რა ხვდება ჩვენი მზერის არეალში, რომელ მოსაზრებებს ვუბრუნდებით გაუცნობიერებლად და რა ტიპის ნარატივები მკვიდრდება ჩვენს ცნობიერებაში მუდმივი ტირაჟირებით.

ამგვარ ხელოვნურად შექმნილ გარემოს საინფორმაციო „ექო-კამერას“ უწოდებენ: ადამიანი ძირითადად იმ გზავნილებს იღებს, რომლებიც მის რწმენასა და წარმოდგენებს ეხმიანება. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი რადიკალიზაციის საფრთხის წინაშეა, მაგრამ როდესაც ალგორითმებით შერჩეულ შინაარსს თან ახლავს ყალბი ვიდეოები, ექსტრემისტული გზავნილები და სიძულვილის ენა, ციფრული სივრცე შეიძლება რადიკალური იდეების გაღვივებისა და საზოგადოებრივი განხეთქილების გაღრმავებისთვის ნოყიერ ნიადაგად იქცეს

დაუცველი თაობა

ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ულტრამემარჯვენე ტერორიზმში ახალგაზრდების ჩართულობა კვლავ საგანგაშო საკითხია და ინტერნეტი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

CFR-ის ავტორების აზრით, ახალგაზრდების რადიკალიზაციის საკითხი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, რადგან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდგომმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არასაკმარისად ესმით რატომ და როგორ ექცევიან ბავშვები და მოზარდები ექსტრემისტული იდეოლოგიების გავლენის ქვეშ.

ამ პრობლემის დაძლევა მხოლოდ მავნე კონტენტის წაშლით ან ალგორითმების კონტროლით ვერ მოხერხდება. საჭიროა ისეთი პრევენციული მიდგომების შემუშავება, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოწყვლადობას გაითვალისწინებს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს, სკოლას, სამოქალაქო საზოგადოებასა და იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ახალგაზრდებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. მშობლებს უნდა შეეძლოთ დახმარების მიღება, როდესაც შვილის ქცევაში ისეთ ცვლილებებს ამჩნევენ, რომლებიც შესაძლოა ექსტრემისტული შეხედულებების გავლენაზე მიუთითებდეს.

სწორედ ამგვარი მხარდაჭერის სისტემის შექმნას მიიჩნევენ ავტორები იმ ფართო თანამშრომლობის ნაწილად, რომლისკენაც მაკკალუმი მოუწოდებს საზოგადოებას. უსაფრთხოების სამსახური ვერ ჩაანაცვლებს ოჯახს, ისევე როგორც ოჯახი ვერ აიღებს საკუთარ თავზე დაზვერვის ან სამართალდამცავი უწყების მოვალეობებს. საჭიროა მათი კოორდინირებული მოქმედება.

სიძულვილი, რომელსაც უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ უგულებელყოფს

CFR-ის ავტორები მაკკალუმის გამოსვლაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მიუთითებენ. მათი შეფასებით, გამოსვლაში სიძულვილი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, მაშინ როდესაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები გაერთიანებულ სამეფოში მზარდ პრობლემად რჩება.

სტატიაში მოყვანილი ოფიციალური მონაცემებით, ინგლისსა და უელსში 2026 წლის მარტამდე ერთწლიან პერიოდში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა წინა შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული შემთხვევები 15%-ით, ხოლო ებრაელების წინააღმდეგ მიმართული შემთხვევები 10%-ით გაიზარდა.

ეს ციფრები ადასტურებს, რომ სიძულვილი მხოლოდ ცალკეულ პირთა მტრულ განწყობას არ წარმოადგენს. როდესაც საზოგადოებაში კონკრეტული ჯგუფების მიმართ მტრობა ძლიერდება, თანაბრად იზრდება დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკიც. შედეგად, ზიანდება საზოგადოებრივი ნდობა და სუსტდება სოლიდარული თანაცხოვრების საფუძველი.

ამიტომ, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ჯგუფების გამოვლენით, რომლებიც ძალადობრივ აქტებს გეგმავენ. აუცილებელია ყურადღების გამახვილება იმ გარემოზეც, სადაც სიძულვილის ენა ვრცელდება და გარკვეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობა ყოველდღიურ, მიღებულ ნორმად იქცევა.

გარდა ამისა, ექსტრემისტული იდეოლოგიები ერთმანეთისგან განსხვავდება. ულტრამემარჯვენე, ულტრამემარცხენე და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოძრაობები ერთნაირ მიდგომას არ ექვემდებარება. ამიტომ საჭიროა საფრთხის ბუნების გათვალისწინება და ადგილობრივი გარემოსთვის შესაფერისი ზომების მიღება. ამ პროცესში სახელმწიფოებს შეუძლიათ მხარდაჭერა აღმოუჩინონ ადგილობრივ ინიციატივებს, გააძლიერონ პარტნიორობა და უზრუნველყონ, რომ პრევენციისთვის გამოყოფილი რესურსები რეალურად აღწევდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ისინი დანამდვილებით სჭირდება.

უსაფრთხოება ყველას საქმეა

მაკკალუმის გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო „გუნდების გუნდის“ შექმნის აუცილებლობა, რაც გულისხმობს ისეთი ტიპის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ერთობლივ ძალისხმევას ემყარება. ამ მიდგომის თანახმად, სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრებათ კერძო სექტორს, ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიებს, სოციალურ ქსელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს.

CFR-ის ანალიზში უსაფრთხოების მედეგობის სამი განზომილებაა გამოკვეთილი:

1.     სისტემური მედეგობა, რომელიც სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ფუნქციურ მდგრადობას გულისხმობს.

2.     საზოგადოებრივი მედეგობა, რაც გარე თუ შიდა ძალების მხრიდან საზოგადოების პოლარიზაციის, ხელოვნური გახლეჩისა და მანიპულაციური ზემოქმედების მიმართ მტკიცე იმუნიტეტის გამომუშავებას მოითხოვს.

3.     ტექნოლოგიური მედეგობა, ანუ უნარი დროულად და მოქნილად მოვერგოთ ციფრული ეპოქის მზარდ საფრთხეებს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მედეგობა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მხოლოდ კრიზისებთან გამკლავების მექანიზმი. მისი გაძლიერება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობით, მოქალაქეთა ინფორმირებულობითა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებით. 

CFR-ის ავტორები ყურადღებას ასევე ამახვილებენ იმ კავშირზე, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის არსებობს. პოლარიზაცია, უნდობლობა, რასიზმი და შეუწყნარებლობა საზოგადოებას მოწყვლადს ხდის იმ ძალების მიმართ, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობენ. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად კი საჭიროა დაზვერვისა და სამართალდამცავი უწყებების მუშაობასთან ერთად განათლება, საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ტექნოლოგიური კომპანიების პასუხისმგებლობა და პრევენცია.

დასკვნის სახით

ბრიტანული დაზვერვის გაფრთხილება ცხადყოფს, რომ საფრთხე შეიძლება ეკრანზე გაჩნდეს, ალგორითმებით გაძლიერდეს და ადამიანის აზროვნების ნაწილად იქცეს. ამიტომ მტრის ამოცნობასთან ერთად მნიშვნელოვანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც სიძულვილს, საზოგადოების გახლეჩასა და ძალადობას კვებავს. ამრიგად, როდესაც საფრთხე ადამიანის საინფორმაციო გარემოში, მის ყოველდღიურ ურთიერთობებსა და შეხედულებებში იკიდებს ფეხს, ქვეყნის დაცვა მხოლოდ სპეცსამსახურების საქმე ვეღარ იქნება, ის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა გახდეს.

წყარო: https://www.cfr.org/articles/unpacking-mi5s-warning-on-a-new-era-of-security-threats

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე