> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ბერლინი: სწორება მარცხნივ
- URL: https://evropis.moambe.eu/berlini-scoreba-marcxniv/
- Published: 2026-09-21T08:29:34.000Z
- Updated: 2026-09-21T08:49:51.000Z
- Description: ადგილობრივ არჩევნებზე ადგილობრივ თემებზე საუბარმა გაამართლა
- Author: სალომე სალაძე
- Tags: განმარტება

„დღეიდან ერთად შევცვლით ბერლინს“ - გაბრწყინებული თვალებით მიმართა მხარდამჭერებს ელიფ ერალპმა, ბერლინელი მემარცხენეების თავქალმა, ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისას. შედეგი მისთვის მართლაც საზეიმო იყო, Die Linke-მ 25,7%, ანუ ამომრჩევლების მეოთხედის მხარდაჭერა მოიპოვა.

საქსონია-ანჰალთში მომხდარი [პოლიტიკური მიწისძვირის](https://evropis.moambe.eu/sak-soniashi-mosaxdeni-moxda/) შემდეგ სულ რაღაც ორიოდე კვირაა გასული და არჩევნების ციებ-ცხელებამ ამჯერად ბერლინს უწია. თუ საქსონია-ანჰალთმა მარჯვნივ გადადგა ნაბიჯი, ბერლინმა პირიქით - მარცხნივ ჰქნა პირი. AfD ბერლინში მესამე ადგილს დასჯერდა, მაგრამ პირველადგილოსანმა Die Linke-მ მისი წინა არჩევნების შედეგების გაორმაგება და ოდესღაც ბერლინის პოლიტიკაში თითქმის ხელშეუხებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კარგა გვარიანად უკან, მეორე ადგილზე ჩამოტოვება მოახერხა.

## გახდით ჩვენი გამომწერი - თუნდაც უფასოდ

სოციალური მედიის ალგორითმები თავისუფალ მედიას კლავს. პირდაპირი ხელმოწერა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ნამდვილი მკითხველის სურვილებს მოვერგოთ და არა უსახო ტროლებისას

გამოიწერეთ მოამბე 

Email sent! Check your inbox to complete your signup. 

არ დაგსპამავთ, მხოლოდ სტატიებს მიიღებთ.

### ელიფ ერალპი: მემარცხენეების ახალი სახე

ამ გამარჯვების მთავარი სახე მემარცხენეების საჭეთმპყრობელი ელიფ ერალპია - გერმანიაში დაბადებული, თურქული წარმომავლობის 45 წლის იურისტი ქალი. ის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იმ პრობლემებზე საუბრობდა, რომლებიც ბერლინელებს მართლაცდა ყელში აქვთ ამოსული. AfD-სგან განსხვავებით, ეს არც მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებაა და არც გერმანელებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება. მემარცხენეებმა აქცენტი ხელმისაწვდომი საცხოვრისის თემის გარშემო ააგეს და არჩევნების შედეგებს თუ შევხედავთ, რომ მათმა დაპირებებმა ბერლინელების დიდი ნაწილის გული მოიგო. 

არჩევნების შედეგებით, *Die Linke* ვერ შეძლებს ქალაქის ერთპიროვნულ მართვას და, როგორც ეს გერმანიაში თითქმის ყოველთვის ხდება, სხვა პარტიებთან მოუწევს კოალიციის შეკვრა. მიუხედავად ამისა, ერალპი ბერლინის მომავალი მთავრობის ფორმირებისთვის ბრძოლაში ცენტრალურ ფიგურად იქცა და სავარაუდოდ ქალაქის მერიც გახდება, რაც Die Linke-სთვის ნიშანდობლივი წარმატება იქნება. 

ერალპმა მისი წარმომავლობა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ აქცია. მისი მშობლები 1980 წელს, სამხედრო გადატრიალების დროს თურქეთიდან გამოიქცნენ, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს და მიუნხენში დასახლდნენ. ელიფი მიუნხენში, ჰამბურგსა და დორტმუნდში გაიზარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ირიდიულ ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევისკენ საკუთარმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ უბიძგა, რომლის დროსაც ხშირად აწყდებოდა უსამართლობას, რადგან უბრალო, ხელმოკლე მიგრანტების ოჯახიდან იყო. სწორედ ამ მწარედ ნაგემებმა გამოცდილებამ მასწავლაო ბრძოლა საკუთარი და სხვების უფლებებისთვის - გვიყვება ის თავის საარჩევნო ვიდეო-რგოლში.

ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დასრულებისა და ორი სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ ერალპმა კვალიფიცირებული იურისტის სტატუსი მიიღო და შრომას შეუდგა: მუშაობდა ჰამბურგის სასამართლოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში ბერლინში და გერმანიის საელჩოში კანადაში. 

2010 წლიდან მისი ცხოვრება ბერლინში, ბუნდესტაგში, *Die Linke*\-ს ფრაქციაში რეფერენტად მუშაობით გრძელდება. საინტერესოა, რომ თავად ამ დროს პარტიის წევრი არ გახლდათ და მას ოფიციალურად 2017 წელს შეუერთდა, ხოლო 2021 წელს ბერლინის ფედერალური მხარის პარლამენტის წევრიც გახდა. ასე რომ, ერალპს გამოუცდელ და პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ის არც იმ კლასიკური კარიერული პოლიტიკოსების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც სკოლის მერხიდან ახალგაზრდულ პარტიულ ორგანიზაციაში გადადიან და იქიდან პირდაპირ დიდი პოლიტიკისკენ მიიწევენ. 

ერალპის პერსონა ასევე საკმაოდ უცხოა Die Linke-სთვის: ეს პარტია ხომ აღმოსავლეთ-გერმანიის მმართველი კომუნისტური პარტიის მემკვიდრეა და ძირითადად აღმოსავლელებითვე იყო ხოლმე სავსე და აღმოსავლეთის მხარეებში გააჩნდა გავლენა. თუმცაღა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პარტიის დამრტყმელი ძალა ახლა სამი ქალი ლიდერია - თავად ერალპი, 38 წლის სოციალური მედიის ვარსკვლავი, ჰეიდი რეიშინეკი და 37 წლის ინეს შვერდტნერი. პარტიის ამომრჩეველიც შეიცვალა: საგრძნობლად გაახალგაზრდავდა (წევრების საშუალო ასაკი დღეს 38.6 წელია, ხოლო ჯერ კიდევ 2024 წელს 45 წელი იყო), ქალაქებისკენ გადაიხარა, მათ შორის მეტი ქალი და მიგრანტების ოჯახიდან წამოსული ხალხია, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანასწორობისა და რასიზმის თემატიკას.

### **რას (უ)ჩივის ბერლინი?**

*Die Linke*\-ს საარჩევნო პროგრამა რამდენიმე თემაზე ამახვილებდა ყურადღებას: მეტი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საცხოვრებელი, ბინების ქირის შემცირება, იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სოციალური პოლიტიკის გაძლიერება და სხვა, თუმცა, მათგან მთავარი თემა, მაინც საბინაო პოლიტიკა გახლდათ.

ბოლო წლებში ბერლინში ხალხის რაოდენობა გაიზარდა, საცხოვრისის პოლიტიკამ კი ფეხი ვერ აუწყო ამ ტემპს. ბინების ქირამ საგრძნობლად იმატა და ამას ბერლინელები საკმაოდ მწვავედ გრძნობენ საკუთარ ჯიბეზე, რადგან მათი თითქმის 80% ნაქირავებ ბინებსა თუ სახლებში ცხოვრობს. ხუმრობა არ გახლავთ ოთხმილიონიან ქალაქში ყველას თავისი ჭერი ჰქონდეს და თან მისი დაქირავებისთვის ცალი თირკმელის გაყიდვა არ იყოს საჭირო.

ბერლინში ბინის ძებნაც კარგა ხანია მხოლოდ უძრავი ქონების საიტზე რამდენიმე განცხადების დათვალიერებას აღარ ნიშნავს. ზოგისთვის ეს ნერვების გამძლეობის გამოცდაა - წერ ათობით ადამიანს, გზავნი დოკუმენტების მთელ დასტას, მიდიხარ ბინის დასათვალიერებლად და აღმოაჩენ, რომ იმავე ბინის სანახავად შენ გარდა ლამის საქორწილო მაყრიონია მოსული.

სწორედ ეს გახლდათ მთავარი საკითხი, რომელიც მემარცხენეებმა წინ წამოწიეს და მართალია, მთლად უფასო საცხოვრებელს (უფასო ფულისა არ იყოს) არ დაჰპირებიან ხალხს, მაგრამ მის საგრძნობლად შემცირებაზე კი გააკეთეს აქცენტი. ამ ფონზე ელიფ ერალპმა წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ სიტყვად „*Mietendeckel*“ - ანუ ქირის ზედა ზღვარი აქცია. იმდენად მთავარ სიტყვად, რომ პოლიტიკოსი კამპანიის დროს კისერზე ოქროსფერ ყელსაბამსაც კი ატარებდა ამ წარწერით. სწორედ ქირის ზედა ზღვარის დაწესება გახლავთ მემარცხენეების ერთ-ერთი მთვარი დაპირება.

გარდა ამისა, მემარცხენეები საცხოვრისის პოლიტიკის მიმართულებით სხვა რიგ ცვლილებებს გეგმავენ, კერძოდ, ბინების ქირის არაგონივრულად მაღალი ფასების შემთხვევების გამოვლენას ასევე სოციალური საცხოვრებლების მშენებლობასა და ზეწოლას ფედერალურ ხელისუფლებაზე, რათა ქირის ფასების უფრო მკაცრი რეგულირება მთელი გერმანიის მასშტაბით გახდეს შესაძლებელი. 

ყველაზე ხმაურიანი დაპირება - დიდი კომპანიების კერძო საკუთრებაში არსებული ბინების ნაწილის კომპენსაციის სანაცვლოდ საზოგადოებრივ საკუთრებაში გადატანაა. საუბარია დაახლოებით 220.000 საცხოვრებელზე, რომელიც კერძო მესაკუთრეების ხელშია. ამ იდეას ახალი არ ეთქმის: ჯერ კიდევ 2021 წელს ბერლინში ჩატარებულ რეფერენდუმზე მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი კერძო კომპანიების ხელში არსებული საცხოვრისების ნაწილის გასაზოგადოებრივებას. ამ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ჰქონია და მისი განხორციელება დღემდე პოლიტიკური დავის საგნად რჩება - ცენტრისტებიც და მემარჯვენეებიც ამ ნაბიჯს ექსპროპრიაციად ნათლავენ. ერალპი კი ამბობს, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილება თაროზე შემოდებული ქაღალდად არ უნდა დარჩეს და რომ მისი განხორციელება მისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 

### **რას ამბობენ მემარცხენეების კრიტიკოსები?**

ის, რაშიც მემარცხენეები პრობლემიდან გამოსავალს ხედავენ, კრიტიკოსებისთვის დამატებითი პრობლემაა. მათი მთავარი არგუმენტი მარტივია - კერძო მესაკუთრეებიდან ბინების გამოსყიდვა და მათი საზოგადოებრივად გარდაქმნა ქალაქს მილიარდობით ევრო დაუჯდება და უკვე აშენებული ბინის კერძო მესაკუთრის ხელიდან საზოგადოებრივ საკუთრებაში გადასვლა ბერლინში ერთ ახალ ბინასაც ვერ გააჩენს. უმჯობესია თუ ეს თანხა არა მათ გამოსყიდვას, არამედ ახალი ბინების მშენებლობას მოხმარდებაო. სწორედ ამ საკითხმა შეიძლება გააჭიანუროს მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება, რისი შანსიც Die Linke-ს სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან ერთად აქვს.

კრიტიკის კიდევ ერთი სამიზნე ერალპის საყვარელი სიტყვა - „*Mietendeckel*“, ანუ ქირის ზედა ზღვარია. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და ქრისტიან-დემოკრატები შიშობენ, რომ ქირის მკაცრი კონტროლი კერძო ინვესტორებს ახალი საცხოვრებლის მშენებლობის სურვილს დაუკარგავს და საბოლოოდ ბერლინიდან სულ გააქცევს, რაც იმ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს, რომლის მოგვარებასაც მემარცხენეები გვპირდებიან.

ასე რომ, ბერლინელმა ამომრჩეველმა პრობლემის დანახვასა და მისი გადაჭრის გზების დასახვაში მემარცხენეებს კარგი ნიშანი დაუწერეს. ახლა კი, გაცილებით რთული ეტაპი იწყება - კოალიციის შექმნა და შემდეგ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც დაპირებას დაპირებად არ დატოვებს და მას ფრთებს შეახსამს. მემარცხენეები გვპირდებიან, რომ ქირას მოთოკავენ და ბერლინში ცხოვრება ისევ ხელმისაწვდომი გახდება. დაე, ღმერთმა ქნას, ბერლინელი მდგმურებისთვის ეს წელი საარჩევნო სურვილების ახდენისა გამოდგეს.