> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ბოვუარი: „მეორე სქესის“ ექვსი მთავარი იდეა
- URL: https://evropis.moambe.eu/bovuari-meore-skesi/
- Published: 2026-11-22T16:46:25.000Z
- Updated: 2026-11-22T16:46:25.000Z
- Author: სარედაქციო
- Tags: ფილოსოფია, ქალის თვალით

**„ქალად არ იბადებიან: ქალი ხდებიან“*.* **ოთხმოცი წელი გავიდა სიმონ დე ბოვუარის ყველაზე ცნობილი წიგნის, *მეორე სქესის,* გამოცემიდან და ეს ფრაზა დღესაც ყველას თავისებურად ესმის. ფრანგი ფილოსოფოსი მანონ გარსია გთავაზობთ ექვს გასაღებს მათთვის, ვინც ამ წიგნს პირველად კითხულობს ანდა ხელახლა მიუბრუნდა მას.**

1946 წლის ზაფხულში ბოვუარმა ქალების შესახებ ვრცელი გამოკვლევის დაწერა გადაწყვეტა. ეს აზრი თავში იმიტომ მოუვიდა, რომ საკუთარი მემუარების დაწერა სურდა და როცა დაფიქრდა, როგორ დაეხასიათებინა საკუთარი თავი, პირველი, რაც ახსენდებოდა ეს იყო - მე ქალი ვარ. არადა, რას ნიშნავს, იყო ქალი? ბოვუარი ამაზე დაფიქრდა და პასუხის მოსაძებნად ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაემართა. წაიკითხა ქალებზე ყველაფერი, რასაც კი მიაგნო: არა მხოლოდ სამეცნიერო თუ ანთროპოლოგიური ნაშრომები, არამედ მხატვრული ლიტერატურა, ავტობიოგრაფიები და მემუარები. 

---

**ავტორი**: **მანონ გარსია** ფემინისტური ფილოსოფიის სპეციალისტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. 

---

ამ ფართო კვლევის შედეგად დაიბადა მისი წიგნი, ფილოსოფიური ნაშრომისათვის უჩვეულო მიდგომით. ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ბოვუარი არ შეეცადა განყენებული, მეცნიერული, ობიექტური პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ რა მახასიათებლები განსაზღვრავს ადამიანის მდედრობით სქესს. ის შეეცადა გადმოეცა, თუ რას ნიშნავს ქალად ყოფნა თავად ქალისთვის. ბოვუარი არ აღწერს ქალების ცხოვრებას გარედან, დამკვირვებლის თვალით, როგორც ამას სოციალური მეცნიერებების მკვლევარი გააკეთებდა და არც მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, როგორც მხატვრული ლიტერატურის მწერალი იზამდა. საკუთარი ფილოსოფიური ხედვის ჩამოსაყალიბებლად, იგი დაეყრდნო შესწავლილ სამეცნიერო მასალებს და ამავე დროს ქალების პირად დღიურებს, ცნობილი ქალების მემუარებს, გულახდილ მონათხრობებს, ფსიქოლოგიურ ნაშრომებსა თუ რომანებს. 

წიგნის მეორე ტომს სათაურად „ცხოვრებისეული გამოცდილება“ ჰქვია და სწორედ ამ ფრაზაში იმალება ნაშრომის ორიგინალურობაც და მისი გავლენის საიდუმლოც: პირადი გამოცდილების განზოგადება ბოვუარმა ფილოსოფიური ანალიზის ცენტრში მოაქცია. 

### ცხოვრებისეული გამოცდილების ფილოსოფიური მხარე

ბოვუარის ნაშრომამდე ფილოსოფია, ცხოვრებისეულ გამოცდილებას *მე*\-ს თვალთახედვით უდგებოდა — ანუ ფილოსოფოსი საკუთარ ხედვას აყალიბებდა, თავისსავე სუბიექტურ განცდაზე დაყრდნობით. ბოვუარი შეეცადა ესაუბრა არა *მე*\-ს პოზიციიდან, არამედ ყველა ქალის ან მათი დიდი ნაწილის თვალთახედვიდან გამომდინარე. წიგნში ავტორი საკუთარ გამოცდილებას არ აღწერს და არც იმაზე საუბრობს, თუ, მისი აზრით, როგორები არიან ქალები. ბოვუარი საუბრობს იმაზე, თუ თუ რა სახის ქცევას კარნახობს ქალებს საზოგადოება ამა თუ იმ ვითარებაში. ამგვარი მიდგომა მას საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, გააკრიტიკოს ეს ნორმები, მეორე მხრივ კი ფილოსოფიის საგნად აქციოს თითქოს ჩვეულებრივი ამბები: სახლის დალაგება, მენსტრუაცია, სატელეფონო ზარის უიმედო ლოდინი. „მეორე სქესს“ ამას დიდხანს საყვედურობდნენ - ბანალურ ამბებზე დაწერილი ბანალური წიგნიაო. არადა სინამდვილეში ბოვუარმა გააფართოვა იმ საკითხების წრე, რომელთა განხილვაც ფილოსოფიას არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ევალება კიდეც.

ეგებ სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ წიგნი პოპულარობა არ იკლებს. საზოგადოებრივი ყოფის გამოკვლევა რომ ყოფილიყო, ის უკვე კარგა ხნის მოძველებული იქნებოდა. მაშინდელი ამბები - მეჯლისები, კორსეტით გამოწვეული უხერხულობა, მზითევზე ზრუნვა - ბევრი ქალისთვის, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, დიდი ხანია აღარაა აქტუალური. თუმცაღა აქტუალურად რჩება ის მრავალ წესი, რომლებსაც ქალები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ. საზოგადოება ქალებისგან დღეს იშვიათად მოითხოვს მხოლოდ დიასახლისობას, თუმცა კვლავაც თვლის, რომ სხვების სურვილები და საჭიროებები ქალებმა საკუთარზე წინ უნდა დააყენებენ.

## ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება მათ მდგომარეობაშია

ბოვუარი წიგნს ტიპური ფილოსოფიური კითხვით იწყებს: როგორც პლატონი კითხულობდა, „რა არის სათნოება?“ ან „რა არის სამართლიანობა?“, ის კითხულობს: „რა არის ქალი?“ ამ კითხვაზე პასუხამდე ის ორ ურთიერთსაპირისპირო პოსტულატს უარყოფს: „ქალი“ არ განისაზღვრება რაღაც აბსტრაქტული ქალური ბუნებით თუ ქალური არსით, და ის არც უბრალოდ მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის დარქმეული სახელია. 

ბოვუარი ამბობს, რომ სქესთა შორის განსხვავება რეალურად არსებობს: *„საკმარისია, თვალახელილმა ქუჩაში გაიაროთ, რომ დაინახავთ: კაცობრიობა ორ კატეგორიად იყოფა, რომელთა ჩაცმულობა, სახე, სხეული, ღიმილი, სიარულის მანერა, ინტერესები და საქმიანობა აშკარად განსხვავებულია“.* მისი აზრით, ეს განსხვავება სქესთა განსხვავებული ბუნებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობიდან. 

სწორედ ესაა ბოვუარისთვის ამოსავალი წერტილი: ქალები არიან ინდივიდები, რომლებიც სოციალურად გარკვეულ - დაქვემდებარებულ - მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს მდგომარეობა არც მათი არსებით განისაზღვრება და არც გარდაუვალი ხვედრია, ამავე დროს არც ისეთი უბრალო ყოფითი გარემოებების ერთობლიობაა, რომლებსაც თუ მოგინდება, თავს ადვილად დააღწევ. 

მდგომარეობა, რომელშიც ადამიანს ქცევის წესებს სხვები უწესებენ, მისთვის ზოგ კარს აღებს, ზოგს კი უკეტავს. ბოვუარი ამბობს, რომ ქალები დაქვემდებარებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მდგომარეობა გარდაუვალია. მდგომარეობის ცნება აქ საკვანძო მნიშვნელობისაა: დაქვემდებარების ფორმები დროთა განმავლობაში იცვლება და თავად ეს დაქვემდებარება ისტორიის შედეგია. მაშასადამე, მისი შეცვლაც ისტორიის დინებასთან ერთად შეიძლება. ასე რომ არ იყოს, ემანსიპაციაზე მსჯელობა უაზრობა იქნებოდა. 

ბოვუარი გვეუბნება, რომ სოციალური წესრიგი ჩვენს დაბადებამდე არსებობს და ჩვენი პირადი არჩევანის თავისუფლება ამ მოცემულობით თავიდანვეა შემოსაზღვრული. სწორედ აქ არ ეთანხმება ბოვუარი სარტრს, რომელიც ამბობდა, რომ გათავისუფლება გარემოებებისგან თავის დაღწევას ნიშნავს. ბოვუარისთვის ინტელექტუალურად არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა იმის უარყოფა, რომ ადამიანი საკუთარ ადგილს, საკუთარ თავისუფლებას მხოლოდ არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტსა და გარემოში თუ იპოვის. 

სწორედ ამ კონტექსტშია ნათქვამი ბოვუარის ის ცნობილი ფრაზა, რომ ქალად არ იბადებიან, არამედ ქალი ხდებიან. ეს ლოზუნგი კი არა, ნაშრომის ხუთასი გვერდის შეჯამებაა. ბოვუარი არ ამბობს, რომ სხეულს და ანატომიას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ან რომ თუ გინდა, შეიძლება, ქალი არც გახდე. ის ამტკიცებს, რომ ბიოლოგიურ მოცემულობას მხოლოდ ის მნიშვნელობა აქვს, რომელსაც საზოგადოება მას დროის მოცემულ მონაკვეთში მიანიჭებს.

> *„ქალი უბრალოდ სხვა კი არა, აბსოლუტური სხვაა: ის განისაზღვრება როგორც მამაკაცურის საწინააღმდეგო, თავად მამაკაცი კი წარმოადგენს ნეიტრალურ ეტალონს“.*

## ქალი, როგორც უცხო 

იღებს რა ქალებსა და კაცებს შორის არსებულ უთანასწორობას ფაქტად, ბოვუარი სვამს კითხვას - როგორ მოხდა, რომ ამ უთანასწორობამ ამდენი ხანი გაძლო? 

ამის ასახსნელად იგი პირველადი ჩაგვრის თეორიას აყალიბებს. ჰეგელისა და სარტრის მსგავსად, ბოვუარიც თვლის, რომ ნებისმიერი სუბიექტისთვის მის წინაშე მყოფი ყოველი ადამიანი „სხვაა“, უცხოა. ჩვეულებრივ ეს „უცხოდ ყოფნა“ ორმხრივია: მე სხვა ვარ მისთვის, ის კი ჩემთვისაა სხვა. ყველამ ვიცით, რომ საკუთარი თავისთვის სუბიექტები ვართ, სხვების თვალით კი უცხოები. 

მაგრამ ბოვუარი ასაბუთებს, რომ ქალებსა და კაცებს შორის ეს უცხოობა ორმხრივი და თანასწორი არასოდეს ყოფილა. ქალი უბრალოდ სხვა კი არაა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, არამედ **აბსოლუტურად** სხვაა. მამაკაცი საზოგადოების თვალთახედვით არის ნორმა - ადამიანის ეტალონი სწორედ ადამის ჩამომავალია. ქალი კი ამ ეტალონთან შედარებით არის რაღაც სხვა, უცხო და თანაც ნაკლული. 

ბოვუარის აზრით, სწორედ ესაა მამაკაცის უპირატესობის (და ქალის მეორადობის) ამოსავალი წერტილი. ის არც ეკონომიკური ხასიათისაა და არც პოლიტიკურისა. მამაკაცის მავარი პრივილეგი ისაა, რომ ის საკუთარ თვალსაზრისს აღიქვამს ხედვად, რომელიც თავისთავად ცხადია, ნეიტრალური ჭეშმარიტებაა. კაცი ნორმაა, ქალი კი სხვანაირია და ამიტომ კაცისთვის იდუმალია (უცხოა). კაცი ასკვნის, რომ ქალი თავისი არსითაა იდუმალი. ამგვარად, ის რაც ორ ინდივიდს შორის ურთიერთობის თავისებურება შეიძლება ყოფილიყო, გადაიქცევა ქალურობის განზოგადებულ მახასიათებლად, მის შინაგან თვისებად. შედეგად, ქალი/ქალურობა გადაიქცევა კაცების მიერ მასზე პროეცირებული მამაკაცური წარმოდგენებისგან აგებულ კონსტრუქციად. 

*„გაგიკვირდებათ, მაგრამ თანამებრძოლ, კოლეგა თუ საქმიან პარტნიორ ქალში არაფერია იდუმალი“*, — წერს ბოვუარი. ისინი ნამდვილი, ხორცშესხმული ქალები არიან და არა სხვების მიერ მათთვის მიწერილი თვისებები. ბოვუარი ასაბუთებს, რომ ხორცშესხმულ, ნამდვილ ქალებს ყველაზე უთანასწოროდ იმ ეპოქებსა და ვითარებებში ეპყრობოდნენ, როცა ქალს, ქალურობას, როგორც აბსტრაქციას ყველაზე მეტად ეთაყვანებოდნენ. არც დედა-ღვთაების კულტს, არც წმინდა მარიამის კულტს და არც რაინდული სიყვარულის იდეალს ქალები არასოდეს გაუთავისუფლებია. თაყვანისცემა ქალების გა-უცხოების, გარიყვის ერთ-ერთი ფორმაა და არა თანასწორი ორმხრივი ურთიერთობის ამოსავალი წერტილი.

> თაყვანისცემა ქალების გა-უცხოების, გარიყვის ფორმაა და არა თანასწორი ორმხრივი ურთიერთობის ამოსავალი წერტილი.

მაშ, როგორ მოხდა, რომ ქალის ეს მდგომარეობა არასოდეს შეცვლილა, რატომ დარჩა ქალი *„*სხვად*“*? ჯერ ერთი, იმიტომო, ამბობს ბოვუარი, რომ ქალთა ჩაგვრას დასაწყისი არა აქვს: *„პროლეტარები ყოველთვის არ არსებობდნენ; ქალები კი ყოველთვის არსებობდნენ“.* მონები მონებით ვაჭრობის დაწყებისას იქცნენ მონებად, პროლეტარები მრეწველობის გაჩენის შემდეგ გაჩნდნენ, კაცების ბატონობა კი ყოველთვის არსებობდა. ამიტომაც ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ბუნებრივი და გარდაუვალია. 

მეორე მიზეზი ისაა, რომ ქალის მიერ გაწეული ძალისხმევა მას ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევს. მონამ შეიძლება თავისი შრომით ბატონისგან თავისუფლება მოიპოვოს, ქალის შრომა ოჯახში კი ამ მხრივ უშედეგოა: დიასახლისი სიზიფესავით ებრძვის მტვერსა და უწესრიგობას, მაგრამ თავისუფლებას, თანასწორობას ამით ვერ მოიპოვებს. ეს იმიტომ, რომ ქალს ბუნებით სხვად აღიქვამენ. ყველამ იცის, რომ მსახური ან მონა დამორჩილებული ადამიანია: ის ბუნებით კი არაა განსხვავებული, არამედ დაქვემდებარებულია ძალით ან გარემოებათა გამო. ქალი კი ბუნებით განსხვავებულად ითვლება, ამიტომ არ მიიჩნევა პრობლემად, რომ მას ექცევიან, როგორც სხვას და როგორც დაქვემდებარებულს.

## ქალის სხეული ჯერ სხვებისთვისაა, მერე — საკუთარი თავისთვის

ბოვუარის აზრით, ქალებსა და კაცებს შორის ერთ-ერთი საკვანძო განსხვავება სხეულს უკავშირდება: კაცებს შეუძლიათ დაივიწყონ, რომ სხეული აქვთ, ქალებს კი გამუდმებით საკუთარ სხეულზე მიუთითებენ. ბოვუარი არ ფიქრობს, რომ ქალებსაც უნდა შეეძლოთ ისე მოაჩვენონ თავი, თითქოს სხეული არ აქვთ. პირიქით, იგი უარყოფს სხეულისა და გონის დუალიზმს და მერლო-პონტის მსგავსად მიიჩნევს, რომ ჩვენ სულ მცირე იმდენადვე *ვ*ეკუთვნით ჩვენს სხეულს, რამდენადაც ის გვეკუთვნის: *„სხეული ნივთი არ არის, ის მდგომარეობაა: მისი მეშვეობით ჩავწვდებით სამყაროს არსს და მასშივე იბადება ჩვენი ფიქრების მონახაზი“.* არ არსებობს თავისუფლება, რომელიც სხეულის გავლით არ ხორციელდება. მაგრამ ქალისა და კაცის სხეული სრულიად განსხვავებულ მდგომარეობას ქმნის არა მხოლოდ ბიოლოგიური გარემოებების გამო, არამედ სოციალური მიზით, რომლებიც მათ სხეულებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ქალებისთვის საკუთარი სხეული ხშირად დაბრკოლებად იქცევა.

ბოვუარი უფრო შორსაც მიდის: ის ამბობს, ყველას გვაქვს სხეული, რომელსაც შიგნიდან განვიცდით და რომელიც გარეშე მზერის ქვეშ ობიექტად იქცევა. მაგრამ კაცები ჯერ სხეულს შიგნიდან განიცდიან და მხოლოდ შემდეგ - როგორც სოციალურ სხეულს. ქალების სხეული კი მანამდეა სოციალური ობიექტი, სანამ ისინი საკუთარ კანში გაცნობიერებულად ცხოვრებას დაიწყებენ. სწორედ ეს ხდება სქესობრივი მომწიფებისას: როცა სხვა ადამიანი გოგონას სხეულის შესახებ სექსუალური შინაარსის კომენტარს აკეთებს, აბეზარი ბიძა იქნება ეს თუ თუნდაც დედა, გოგონა აღმოაჩენს, რომ მას ნადავლად აღიქვემენ, რომ სხვების თვალში ის (უკვე) ქალია და ამის გამო მისი მდგომარეობა (უკვე) განსაზღვრულია. მისი ქალური სხეული ჯერ იმისი კუთვნილებაა, ვინც მას უცქერს, და მხოლოდ ამის შემდეგ გაითავისებს მას თავად გოგონა. ამგვარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ბოვუარის აზრით, ბევრად უფრო ართულებს ქალის დამოკიდებულებას საკუთარ სხეულთან.

## ქალურობა თავისუფლების პირისპირ

მივადექით პრობლემას, რომელსაც წიგნი თვალს უსწორებს: რატომ ხდება, რომ ქალები კაცებს ემორჩილებიან? 

ბოვუარამდე არსებობდა ორი ახსნა: ან ამბობდნენ რომ ქალები ბუნებით არიან მორჩილებისკენ მიდრეკილი, ან მიიჩნევდნენ, რომ დამორჩილებული ქალების ბრალი იყო, რომ ვერ აფასებდნენ თავისუფლებას და ნებით აცხადებდნენ თანხმობას მორჩილებაზე. 

ბოვუარი ამბობს: ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ თავისუფლებას დაბადებიდან ვფლობთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. თავისუფლება უნდა მოიპოვო და მას თავისი ფასი აქვს - თავისუფალი არავინ იბადება. შესაბამისად, მორჩილება თავისუფლებაზე უარის თქმა კი არ არის, არამედ თავისუფლების მოპოვებაზე უარის თქმაა. 

> მორჩილება თავისუფლებაზე უარის თქმა კი არ არის, არამედ თავისუფლების მოპოვებაზე უარის თქმაა.

თავისუფლების მოპოვება ყველას ერთი და იგივე ფასი არ უჯდება: საზოგადოება კაცებისგან მოელის, რომ თავისუფლებას მოიპოვებენ; ქალებს კი ამ მცდელობისთვის სჯიან. ქალებს, რომლებიც თავისუფლებას ესწრაფოდნენ, ხშირად უარი უნდა ეთქვათ უსაფრთხოების, ფინანსური უზრუნველყოფისა თუ საზოგადოებრივი პატივისცემის ყოველგვარ გარანტიაზე. 

სერიოზულად უნდა შევხედოთ იმასაც, თუ რას აძლევთ ქალებს მორჩილებაში ყოფნა. *„სხვად ყოფნაზე უარი, კაცებისთვის უარის თქმა მორჩილების სისტემაში თანამონაწილეობაზე ქალისთვის იმ ყველა იმ უპირატესობის დათმობას ნიშნავს, რომელიც ზემდგომ კასტასთან ალიანსმა შეიძლება მოუტანოთ“.* მორჩილებას მოაქვს არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ გარკვეული ძალაუფლებაც: ემსახურები კაცებს და ისინიც სანაცვლოდ გაღმერთებენ. ბოვუარი მორჩილების ამ სიტკბოს აღწერს ისე, რომ არც ამართლებს და არც კიცხავს მას - პირიქით, ამაში გამოცანის ამოხსნას ხედავს: ქალები მორჩილებას კი არ ირჩევენ, არამედ თანხმდებიან იმ წინასწარ მოხაზულ ბედზე, რომელსაც მათ საზოგადოება სთავაზობს. ყველა და ყოველთვის მზად არ არის, თავისუფლებისთვის უზარმაზარი საფასური გადაიხადოს.

> ქალები მორჩილებას კი არ ირჩევენ, არამედ თანხმდებიან იმ წინასწარ მოხაზულ ბედზე, რომელსაც მათ საზოგადოება სთავაზობს.

შეიძლება შეგვედავონ, რომ დღეს ეს განტოლება შეიცვალა, რომ ქალებს აღარ აქვთ მიზეზი, აირჩიონ მორჩილება. ეს პირველი ტომის ბოლოს ბოვუარის მიერ აღწერილი სამყაროს არასწორი წაკითხვა იქნებოდა. კაცისთვის ადამიანის და მამაკაცური ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა: რაც მეტად ცდილობს თავისუფალი იყოს ის, მით უფრო „კაცობს“, მით უფრო იმკვიდრებს თავს საზოგადოებაში. ქალისთვის კი პირიქითაა: რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება, მით უფრო ნაკლებად ითვლება ის „ნამდვილი ქალად“, რადგან „ნამდვილი ქალისგან“ მოელიან, რომ ის საკუთარ თავს ობიექტად აქცევს. ქალურობასა და თავისუფლებას შორის არსებული ეს შინაგანი დაძაბულობა, კონფლიქტი, რომელსაც ბევრი ქალი ხშირად პიროვნების გახლეჩად აღიქვამს, ბოვუარის აზრით პირადი პრობლემა კი არ არის, არამედ იმ მითებისა და წარმოდგენების შედეგია, რომლებიც ქალებისგან ორ, ერთმანეთთან შეუთავსებელ რამეს მოითხოვს.

## სიყვარული: ჩიხი და იმედი

ბოვუარი ამბობს, რომ კაცებიც, ისევე როგორც ქალები, უპირველესად სხვების, საზოგადოების აღიარებას ეძებენ. ჩვეულებრივ, აღიარება რომ მიიღო, სხვაც უნდა აღიარო: ამისთვის მეგობრობა, გულუხვობა და გამბედაობაა საჭირო. კაცსო, წერს ბოვუარი, *„სირთულე არ უყვარს; მას საფრთხის ეშინია“.* ფილოსოფოსის აზრით, ის, რომ ქალებს არ შეუძლიათ საკუთარი ნაყოფიერების კონტროლი და ამიტომ მოწყვლადნი არიან, კაცებს საკმარის ძალაუფლებას აძლევდა იმისათვის, რომ ქალში ეპოვათ არსება, რომელიც მათ სასურველ აღიარებას მისცემდა და სანაცვლოდ იმავეს არ მოითხოვდა. 

აქედან მომდინარეობს წინააღმდეგობრივი მოთხოვნა: კაცებს სჭირდებათ ქალი, რომელიც საკმარისად დაქვემდებარებულია, რომ ისინი ნაცვალგების გარეშე აღიაროს, მაგრამ საკმარისად თავისუფალიცაა, რომ ამ აღიარებას ფასი ჰქონდეს. მონაქალის მორჩილებას ხიბლი არა აქვს, თანასწორმა ქალმა კი შეიძლება უარი გითხრას. მაშასადამე, საჭიროა ქალი გარკვეულწილად თავისუფალი იყოს, ოღონდ მისი თავისუფლება - შეკვეცილი. 

პატრიარქალურმა წყობამ მოხერხებული გამოსავალი იპოვა: ქალები თავად, ნებით უნდა დაემორჩილონ კაცებს. თანხმობით მიღებული მორჩილება პრობლემას ერთბაშად აგვარებს: კონკრეტული ქალი თავისუფალია და ამიტომ მისი არჩევანი ღირებულია; მაგრამ ამავე დროს როგორც ქალი, ის უკვე დამორჩილებულია. ქალების მორჩილება პირადული ამბავი არ არის, საზოგადოება მათ ამისკენ უბიძგებს, რადგან ეს კაცების ეგზისტენციურ საჭიროებას იდეალურად პასუხობს.

ამ გამოსავალმა ქალთა ჩაგვრას უნიკალური თვისება შესძინა: ჩაგრულ ქალებს თავიანთი მჩაგვრელები უყვართ, მჩაგვრელებს კი - ქალები, რომლებსაც ჩაგრავენ. სიყვარულზე დამყარებული და სიყვარულითვე გამართლებული ბატონობის ამოცნობა ძნელია, მისი გაუქმება კი - კიდევ უფრო ძნელი: *„სიტყვა ‘სიყვარულს’ ერთი და მეორე სქესისთვის სულაც არ აქვს ერთი და იგივე მნიშვნელობა. ეს მათ შორის სერიოზული გაუგებრობების ერთ-ერთი წყაროა“.* 

> კაცისთვის სიყვარული მისი ცხოვრების შემავსებელია, მაგრამ ამ ცხოვრების მთავარი სიუჟეტი სხვაგან ვითარდება; ქალის არსებობას კი სწორედ სიყვარული აძლევს აზრს.

კაცისთვის სიყვარული მისი ცხოვრების შემავსებელია, მაგრამ ამ ცხოვრების მთავარი სიუჟეტი სხვაგან ვითარდება; ქალის არსებობას კი სწორედ სიყვარული აძლევს აზრს. მის ცხოვრებას აზრი რომ ჰქონდეს, ქალმა თავის აზრებში საყვარელი ადამიანი ისეთი თვისებებით უნდა შეამკოს, რომლებიც გაამართლებდა მისდამი თავის მინდობას, მორჩილებას. ამგვარად, რაც ძღვენი იყო, ის მოთხოვნად იქცევა: *„ქალი სიხარულს \[საყვარელი მამაკაცის\] მსახურებაში პოულობს, მაგრამ იმ პირობით, რომ კაცმა ეს სამსახური მადლიერებით უნდა მიიღოს; ერთგულების დიალექტიკის წყალობით, ის რაც თავიდან ძღვენი იყო, მოთხოვნად იქცევა“.* ყოველი შეყვარებული ქალი, წერს ბოვუარი, ანდერსენის პატარა ქალთევზაში საკუთარ თავს ხედავს და სურს დარწმუნდეს, რომ თევზის კუდი ქალის ფეხებზე ტყუილად არ გაუცვლია.

ბოვუარის მსჯელობა ამ მხილებით არ სრულდება, ის იმასაც ასაბუთებს, რომ რომანტიკული სიყვარულის ასეთი გაგება თვით კაცებს აქცევს ჩიხში. ჯერ ერთი, კაცი გამუდმებით ისჯება იმის გამო, რომ არ აღმოჩნდა იმ თავგანწირვის ღირსი, რომლითაც ქალმა საკუთარ თავზე უარი თქვა. ამას ისიც ემატება, რომ ქალურობის შესახებ მითები კაცს განუწყვეტლივ ართმევს იმას, რაც სურს: ქალწული სურს, ქალი კი ქალწულობას სწორედ მაშინ კარგავს, როცა კაცი მას ეუფლება; იდუმალი ქალი სურს, მაგრამ ქალი მისთვის იდუმალი აღარ არის, როგორც კი მისი ხდება... კაცთა ბატონობა კაცებს ბედნიერ სასიყვარულო თუ სქესობრივ ცხოვრების გარანტიას კი არ აძლევს, პირიქით, თვით ასეთი ცხოვრების შესაძლებლობასაც კი ართმევს. ამიტომ თვლიდა ბოვუარი, რომ კაცებს ეგოისტური მიზეზებიც აქვთ იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობის დასრულება სურდეთ.

ამგვარად, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ერთადერთი გამოსავალი ის ნამდვილი ორმხრივობაა, რომელსაც თანასწორთა სიყვარული შესაძლებელს ხდის. მარადიული ქალური ბუნების შესახებ მითებზე უარის თქმა სიყვარულზე უარის თქმას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უარი თქვა იმ ელემენტზე, რასაც სიყვარულში ჩაგვრა შემოაქვს: *„ნამდვილი სიყვარული ორი თავისუფლების ურთიერთაღიარებას უნდა ეფუძნებოდეს; ამ ვითარებაში ყოველი შეყვარებული საკუთარ თავს იმავდროულად განიცდის როგორც საკუთარ თავს და როგორც სხვას“.* 

ბოვუარისთვის ეს ორმხრივობა ყველაზე სრულად ეროტიკულ გამოცდილებაში იჩენს თავს. ეს არის *„ერთ-ერთი იმ გამოცდილებათაგანი, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მძაფრად უმჟღავნებს მათი ყოფის ორაზროვნებას: ამ დროს ისინი საკუთარ თავს განიცდიან როგორც ხორციელ სხეულს და როგორც გონს, როგორც უცხოს და როგორც სუბიექტს“.* თავისუფალი არსებობის არსი ბოვუარისთვის სწორედ ესაა: იყო ერთდროულად სუბიექტური *„*მეც*“* და სხეულიც, არც ერთს გაექცე და არც მეორეს. სწორედ ამიტომ ამბობს, რომ *„ქალს საკუთარი თავის უფრო ავთენტური გამოცდილება აქვს“.*

ბოვუარს შეიძლება შევედავოთ და უნდა შევედავოთ კიდეც. იგი ისე წერს, თითქოს ქალებს სხვა თვისებები არ ჰქონდეთ, რაც მათ მორჩილებას განსაზღვრავს, მის ბურჟუაზიულ თვალსაწიერში არც შავკანიანები არიან, არც ებრაელები და არც ღარიბები. მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რა ამ ნაშრომმა ის შეძლო, რასაც ძალიან ცოტა ფილოსოფიური წიგნი თუ ახერხებს. ათასობით ქალმა მისწერა ბოვუარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ თუკი მანამდე თავი მარტო ეგონათ, ამ წიგნმა უჩვენათ, რომ არსებობს *ჩვენ*. სწორედ ამიტომაა *მეორე სქესი* წიგნი, რომლის წაკითხვაც სამყაროსთან შენს დამოკიდებულებას ცვლის.