ეპლბაუმი: რუბიოს გამოსვლით არაფერი შეცვლილა

მარკო რუბიო ჯეი დი ვენსზე თავაზიანი იყო, თუმცა ამერიკის გზავნილი ძველი მოკავშირეებისადმი არ შეცვლილა

ეპლბაუმი: რუბიოს გამოსვლით არაფერი შეცვლილა

ავტორი: ანნ ეფლბაუმი, „ატლანტიკის" მუდმივი ავტორი

ისევე როგორც შარშან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკულ გამოსვლას გვერდით ოთახში, დინამიკებთან ახლოს იატაკზე მჯდომმა მოვუსმინე. ხმაურიან საკონფერენციო ოთახთან შედარებით აქ გამომსვლელის ხმა უკეთ ისმის და თან შეგიძლია იმ ხალხს დააკვირდე სახეზე, ეკრანის გარშემო რომ შეჯგუფდებიან ხოლმე. პრემიერ მინისტრები და პრეზიდენტები ძირითად დარბაზში სხედან, მაგრამ მათ გარდა კონფერენციას ბევრი სხვაც ესწრება: უსაფრთხოების ანალიტიკოსები, პოლკოვნიკები, დრონების ინჟინრები, თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, კანონმდებლები და ასობით სხვა ადამიანი, ვინც პროფესიული ცხოვრება მიუძღვნა უკრაინაში ომის დასრულებას, ევროპაში მშვიდობის დამკვიდრებასა და მსოფლიოში უსაფრთხოების გავრცელებას .

No, It’s Not Back to Business as Usual
Marco Rubio was more civil than J. D. Vance had been, but the message to longtime allies was the same.

ისევე როგორც შარშან, ამ ხალხს უნდოდა გაეგო, როგორ აპირებს აშშ ამ საქმეში მათ დახმარებას. როგორც შარშან, მსმენელებს იმედი გაუცრუვდათ.

შაბათის მთავარი მომხსენებელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უფრო თავაზიანი იყო, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, რომელმაც 2025 წელს უკმეხად შეურცხჰყო ევროპის მთავრობები. თუმცაღა, რუბიოს გამოსვლას ძირითადად იგივე მიზნები ამოძრავებდა, რაც ვენსისას. არც რუბიოს უხსენებია ომი, არც მას უგულისხმია, რომ ამერიკა ევროპას ომის დასრულებაში დაეხმარება. მას არ გამოუთქვამს რწმენა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. რუბიოს არ უხსენებია დემოკრატიული ღირებულებები და თავისუფლების იდეა, რომელიც ერთ დროს NATO-ს მამოძრავებელი ძალა იყო და დღესაც ეძვირფასება ალიანსის ევროპელ წევრებს. ყოველივე ამის ნაცვლად რუბიომ ჩამოაყალიბა ერთობის ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროპისგან ვითომდა მემკვიდრეობით მიღებული “დასავლური ცივილიზაციის“ ბუნდოვან და რომანტიკულ იდეას - დანტეს, შექსპირს, სიქსტის კაპელას, ბითლზს - რომელიც თურმე უნდა დაუპირისპირდეს იმას, რასაც რუბიო სახავს ნამდვილ მტრად: არა რუსეთს, არა ჩინეთს, არამედ მიგრაციას, „კლიმატის კულტს“ და, მისი ხედვით, თანამედროვე გადაგვარებულობის სხვა ფორმებს.

რუბიოს სიტყვა რორშახის ტესტივით იყო. თუ კარგი ამბავი გინდოდა გაგეგო, კმაყოფილებას მოგანიჭებდა ერთობის იდეის ესოდენ გულწრდელი გამოხატვა. თუ არა, მაშინ სხვა რამეს შეამჩნევდით. ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ამ გამოსვლაში გერმანული ულტრამემარჯვენე ჯგუფების საამებელი მინიშნებები ამოიკითხა. რამდენიმე პოლონელმა მონაწილემ მითხრა, რომ რუბიოს მიერ ჩამოთვლილი დიდი ადამიანებისა და ხელოვნების შედევრების ჩამონათვალში აღმოსავლეთ ევროპის არც ერთი წარმომადგენელი არ მოხვდა. ინდოელი კოლეგა შეაშფოთა კოლონიალიზმის ქებამ. რუბიომ იმდენჯერ ახსენა ქრისტიანობა, რომ ბევრმა ამერიკელმა გამოსვლაში რადიკალი ამერიკელი ქრისტიანი ნაციონალისტების მხარდაჭერა ამოიკითხა. და ძალიან ბევრ დამსწრეს ფრიად უცნაურად ეჩვენა, რომ მიგრაციას თავს ესხმოდა ადამიანი, რომელიც თავადაა მიგრანტების შვილი.

გამოსვლის შემდეგ გამოხდა ხანი. გასული საათებისა და დღეების განმავლობაში არ შემხვედრია არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც იტყოდა, რომ ამერიკულ-ევროპული ურთიერთობები ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. რუბიოს ეს არ უთქვამს და ცხადია, არც სურდა, რომ ვინმეს ასე გაეგო მისი გამოსვლა. მსგავსი რამ ასევე არ უთქვამს ელბრიჯ კოლბის, აშშ თავდაცვის მინისტრის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, რომელმაც თავის გამოსვლაში სასურველად მიიჩნია "ევროპეიზებული ნატოს" ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლება თავის დაცვა საკუთარი ძალებით, დიდი-დიდი აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ. კოლბიმ თქვა, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ღრუბლებში აშენებული ზღაპრული სასახლეაო.“ მან აღნიშნა, რომ „ალიანსები მხოლოდ ემოციებზე არავინ უნდა დააფუძნოსო.“ ამას ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ერთი წელია იმეორებს და კოლბიმაც არ დააკლო ხელი.

ეს გზავნილი შინაგანად ღრმად წინააღმდეგობრივია. მიუნხენის შემდეგ რუბიო ბრატისლავასა და ბუდაპეშტში გაეშურა, სადაც მან ქება-დიდებით მოიხსენია ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი. ორბანი დაარწმუნა, რომ ტრამპი „ღრმადაა დაინტერესებული თქვენს წარმატებაშიო“, რითაც აშკარად მიანიშნა უნგრეთის მომავალ არჩევნებზე, რომელშიც ორბანი სავარაუდოდ დამარცხდება, თუკი არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ბევრმა აღნიშნა, რომ ორბანი გამოირჩევა კორუფციითა და საარჩევნო პროცესის მანიპულაციით, რომ ის ზეწოლას ახდენს მოსამართლეებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე (რომელთაგან ბევრი აღარ ცხოვრობს ქვეყანაში). თავად რუბიომაც 2019 წელს ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ის უნგრეთის პრემიერ მინისტრს ‘დემოკრატიის ეროზიის’ გამო ჰკიცხავდა.

თუმცა გაუგებარია, როგორ ეხამება მიუნხენის კონფერენციაზე გაჟღერებული მთავარი ამერიკული გზავნილი [რომ ევროპამ თავის თავდაცვა უნდა უზრუნველყოს], რუბიოს ბუდაპეშტში ჩასვლას. ორბანი, გერმანიის და საფრანგეთის ულტარმემარჯვენეების მსგავსად, რომელთაც მჭიდრო კავშრები აქვთ ვანსსა და MAGA-ს მოძრაობასთან, ევროპის შეიარაღების წინააღმდეგია. ორბანი არა მხოლოდ „ევროპეიზებული NATO-ს“ ჩამოყალიბის შეფერხებას ცდილობს, არამედ ევროკავშირში რუსეთის დე ფაქტო წარმომადგენელივით იქცევა.

ორბანის უნგრეთი ფაქტიურად ყველას თავისტკივილია უსაფრთხოების თვალსაზრისით. რუსები საშინელ, გამანადგურებელ, ძვირიან ომს აწარმოებენ უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ევროპაში აგზავნიან დრონებს, აწყობენ კიბერშეტევებს და ბალტიის ზღვაში აზიანებენ წყალქვეშა კაბელებს. სურს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპელების გაერთიანება ამ საფრთხეებთან საბრძოლველად? თუ სურს, მაშ რატომ უჭერს მხარს ტრამპის ადამინისტრაცია პოლიტიკოსს, რომელიც ამ პროექტს ეწინააღმდეგება? ბუნებრივია, ევროპელებს უჩნდებათ განცდა, რომ სინამდვილეში ამერიკელებს ძლიერი ევროპა კი არ სურთ, არამედ დანაწევრებული, რომელიც თავს ვერავისგან დაიცავს

იმას, რომ ბევრმა მსმენელმა კარგად გაიგო ვაშინგტონიდან მომავალი როგორც ღია, ისე ფარული გზავნილები, მოულოდნელი შედეგები მოაქვს. გუშინ დილით, ჟურნალ "პოლიტიკოში" ეწერა, რომ ევროპის ექვსი ქვეყნის მინისტრები იკრიბებიან კონტინენტის ფინანსური სისტემების გასაერთიანებლად კაპიტალის ბაზრის კავშირში. შეთანხმების მიზანი ეკონომიკის ამოქოქვაა, თუმცა როგორც ჩემი ერთი გერმანელი მეგობარი ამბობს ხოლმე, არავის უყვარეს კაპიტალი, ბაზრები და განსაკუთრებით - კავშირები. სწორედ ამიტომ, კაპიტალის ბაზრის კავშირის იდეა ბევრჯერ განუხილავთ, მაგრამ დიდი ენთუზიაზმის გარეშე. ბევრი, შედარებით მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება ამგვარი პროექტის განხორციელებით წაგებული აღმოჩნდეს, რაზეც მათ ხშირად და ხმამაღლა უსაუბრიათ წარსულში.

მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ მოახერხა, რომ ამ დისკუსიის ბუნება შეეცვალა. თუ ევროპა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ემანსიპაციას და რუსეთის დასამარცხებლად მომზადებას აპირებს, მაშინ ევროპის თავდაცვისა და ტექნოლოგიების კომპანიები ბევრად უფრო სწრაფად უნდა გაფართოვდნენ და ახლანდელზე ბევრად უფრო მეტი ფული უნდა მოიზიდონ. ამერიკაში ფულის დაბანდების ნაცვლად, ევროპელებმა უფრო მეტი დანაზოგი უნდა დააბანდონ ევროპაშივე. მიუნხენში ევროპელები საკმაოდ გადაჭრით საუბრობდნენ ამ საკითხზე.

ასე, რომ არა, რუბიოს გამოსვლით არაფერი შეცვლილა, ამერიკასთან ძველებურად საქმის დაჭერას აღარავინ აპირებს.