> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ერთიანი ევროპის ქრისტიანული ფესვები
- URL: https://evropis.moambe.eu/ert-iani-evropis-k-ristianuli-p-esvebi/
- Published: 2026-06-27T08:29:14.000Z
- Updated: 2026-06-27T08:29:14.000Z
- Description: რწმენა ერთიანი ევროპის სათავეებთან
- Author: Jaba Devdariani
- Tags: ანალიზი

კონფლიქტების შერბილება; განსხვავებული ინტერესებს შორის კომპრომისების ძიება და შეჯერება; საზოგადოების განსხვავებულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობისა და თანაცხოვრების წახალისება; სწრაფ ცვლილებებზე უარი, თანდათანობითი და კონსენსუსზე დამყარებული ცვლილებებისთვის უპირატესობის მინიჭება – რამდენი ჩვენთაგანი გაუღიზიანებია ევროკავშირის ამგვარ მიდგომებს - სისწრაფისა თუ მოქნილობის ნაკლებობას, გადაჭარბებულ დისკუსიებს. ზოგიერთი ქართველი კომენტატორი ამას ევროპულ "ბიუროკრატიზმს" უწოდებს, ბევრი ჩვენი მკითხველი, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ამას ევროკავშირის "სოციალისტურობით" ხსნის. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები და პოპულისტები ხშირად სწორედ ამ თვალსაზრისით ადარებენ ხოლმე ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს.

სინამდვილე კი სხვაგვარია: ყოველი ამ პრინციპს, დღევანდელი ევროკავშირის ინსტიტუციურ მსოფლმხედველობას, მასზე ბევრად უფრო ადრე შექმნილი ევროპის საბჭოს დამფუძნებელ პრინციპებსა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას ქმნიდა ხალხი, ვისი იდეოლოგიაც სოციალიზმისგან ფრიად შორს იყო. ევროპელი ქრისტიან-დემოკრატები - რობერტ შუმანი, ალსიდ დე გასპერი, კონრად ადენაუერი - ევროპული პროექტის პიონერები და მშენებლები იყვნენ. ამ იდეოლოგიაზე ჩვენში ნაკლებს საუბრობენ და ნაკლებად იცნობენ. სამაგიეროდ თვალსა და ყურს ხვდება ხოლმე ოკეანის გაღმიდან წამოსროლილი დაყვედრება, თითქოს ევროპული პროექტი ქრისტიანული ფესვებიდან გადახვევა იყოს, ანდა მის დავიწყებას ისახავდეს მიზნად. რამდენად სამართლიანია ეს კრიტიკა? მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ისტორიას.

![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/2026/06/RECt.png) 

## ევროპის მოამბე თქვენს ფოსტაში

მიიღეთ ევროპის ამბები გასაგებ ენაზე

გამოიწერეთ 

Email sent! Check your inbox to complete your signup. 

არ დაგსპამავთ, გპირდებით. 

### კათოლიკეები სახელმწიფოს წინააღმდეგ

ევროპული ქრისტიანული დემოკრატია, როგორც პოლიტიკური მოძრაობა მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს და ძირთადად კათოლიკე მორწმუნეებს მოიცავს. თავდაპირველად, რომის პაპები საფრანგეთის რევოლუციისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის მიმართ მტრობით იყვნენ გამსჭვალული. თუმცა, მეცხრამეტე საუკუნეში ფეხს იკიდებს აზრი, რომ რევოლუციის მიღწევების უარყოფა არ გამოვა და საჭიროა "რესპუბლიკების მონათვლა." 

როცა ალექსის დე ტოკვილი ამერიკის დემოკრატიაზე წერდა, მისი ნაშრომი სინამდვილეში საფრანგეთისკენ იყო მიმართული. დე ტოკვილი თვლიდა, რომ პიროვნული თავისუფლება კარგია, მაგრამ მოქალაქეს მორალური კომპასი სჭირდება და ამისთვის რწმენა აუცილებელია - სწორედ ამიტომ, ის ევროპისათვის მაგალითად სახავდა აშშ-ში რელიგიისა და დემოკრატიის კავშირს.

სწორედ მსგავს აზრებს ეყრდნობოდნენ პირველი ევროპელი ქრისტიან-დემოკრატებიც. უნდა ითქვას, რომ ისინი თავდაპირველად თავად წარმომადგენლობითი დემოკრატიის იდეას ეჭვით უცქერდნენ. ამ სკეპტიციზმიდან მოდის პირველი, 1919 წელს დაარსებული ქრისტიან დემოკრატიული პარტიის - იტალიიის სახალხო პარტიის (Partito Popolare Italiano) სახელიც. ეს პარტია სახალხო სუვერენიტეტის (პირდაპირი დემოკრატიის) მომხრე უფრო იყო ვიდრე წარმომადგენლობითი (საპარლამენტო) დემოკრატიისა. 

#### "სახალხო დემოკრატია" მარჯვნივ თუ მარცხნივ?

იტალიური პარტიის სახელდებიდან მოდის "ევროპის სახალხო პარტიის" სახელიც, რომელიც ყოფილ აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში ყურს ხვდება: რადგან "სახალხო დემოკრატიული" რესპუბლიკები ხშირად კომუნისტური პარტიის მიერ მართული ქვეყნები იყო. 

თუ დავფიქრდებით, მიზეზი იგივეა. კომუნისტური პარტიებიც უარყოფდნენ წარმომადგენლობით დემოკრატიას და მას კლასობრივ, ანუ "სახალხო სუვერენიტეტს" ამჯობინებდნენ. პრაქტიკაში, ეს პროლეტარიატის დიქტატურის, ანუ კომუნისტური დიქტატურის ხასიათს იღებდა. 

პირველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები შეიქმნა არა როგორც ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკური დაჯგუფება, არამედ როგორც ერთგვარი წინააღმდეგობის მოძრაობა რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომლებიც უარყოფდნენ რელიგიის მნიშვნელობას სახელმწიფოში. საგულისხმოა, რომ იქ, სადაც კათოლიკური ეკლესია უკვე წარმოადგენდა კულტურისა და პოლიტიკის განუყოფელ და სისხლხორცეულ ნაწილს - მაგალითად, ირლანდიაში - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები არ შექმნილა. სამაგიეროდ მოძრაობამ ძალა მოიკრიბა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.

#### კათოლიკეები რესპუბლიკის წინააღმდეგ

****გერმანიაში** კათოლიკეები ოტო ფონ ბისმარკის "კულტურული ომის" (**Kulturkampf)* პოლიტიკას დაუპირისპირდნენ, მას შემდეგ, რაც გერმანიის გამაერთიანებელმა რკინის კანცლერმა ეჭვი შეიტანა კათოლიკეების ერთგულებაში ახალი რესპუბლიკისადმი, რომლის პოლიტიკური გულიც პროტესტანტული პრუსია გახდა.

****იტალიაში** ქვეყნის გამაერთიანებელი, რესპუბლიკური და ეროვნული მოძრაობა მძაფრად დაუპირისპირდა აბსოლუტური მონარქიის მომხრე კათოლიკურ ეკლესიას, გამარჯვების შემდეგ კი (1861) ვატიკანის მიწების დიდი ნაწილი მიითვისა. სამაგიეროდ, პაპმა იტალიელ კათოლიკეებს საერთოდ აუკრძალა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობაც. 1919 წლისათვის ეს ვითარება უკვე შეცვლილი იყო.

 ამგვარად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები თავდაპირველად ტაქტიკური თავდაცვითი იარაღი იყო მტრულად ჩათვლილ რესპუბლიკურ გარემოში. თუმცაღა ამ მოძრაობამ მალევე აუღო ალღო მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცის დასაწყისის შფოთიან პოლიტიკურ კონტექსტს: ურბანიზაციამ, მრეწველობის განვითარებამ გაამძაფრა სოციალური საკითხების სიმწვავე. სოციალისტური მოძრაობა კაპიტალისტებთან კლასობრივი ბრძოლის იდეას დაეფუძნა და სულ უფრო პოპულარული გახდა. 

ამ ვითარებაში, პაპი ლეონ მეცამეტე აქვეყნებს ენციკლიკას *Rerum Novarum*, რომელშიც მშრომელებსა და კაპიტალის მფლობებელს შორის ურთიერთგაგების და კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს. კლასობრივი ბრძოლის იდეის საპირისპიროდ, პაპი ავითარებს ჰარმონიული საზოგადოების იდეას, სადაც ინტერესთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მოქალაქეთა ჯგუფები ითანამშრომლობენ საერთო სიკეთისათვის. ამდენად, კათოლიკური ეკლესია და პირველი თაობის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ეფუძნება ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესების ჰარმონიზაციის იდეას. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვატიკანი აუქმებს იტალიაში კათოლიკეებისათვის დემოკრატიულ პოლიტიკაში მონაწილოების აკრძალვას. სწრაფადვე , იტალიის სახალხო პარტია ქვეყნის სიდიდით მეორე ძალა ხდება. გერმანიაში კი "ცენტრის კათოლიკური პარტია" (*Zentrum*) საკვანძო როლს თამაშობს ვაიმარის რესპუბლიკის მმართველ კოალიციებში.

სამწუხაროდ, ამ პარტიების დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობას დიდი დღე არ ეწერა: 1920-იანი წლების ბოლოს იტალიელ ხალხოსნებს ვატიკანმა მუსოლინის მხარდაჭერისკენ უბიძგა, გერმანული "ცენტრმა" კი ჰიტლერისთვის საგანგებო უფლებების მინიჭებას მისცა ხმა და მესამე რეიხის თანა-შემოქმედი შეიქნა.

### ევროპული დემოკრატიის სადარაჯოზე

ვითარება სწრაფად იცვლება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობები თანდათანობით გმობენ ავტორიტარიზმს - ვიშის ოფიციალურად კათოლიკე რეჟიმს საფრანგეთში, ფრანკიზმს ესპანეთში - და მყარად დღებიან დემოკრატიულ, რესპუბლიკურ პლატფორმაზე. მემარჯვენე მოძრაობების დისკრედიტაციამ ამ ფლანგზე ვაკუუმი შექმნა. კათოლიკეები, მათ შორის კათოლიკე მღვდლები აქტიურად მონაწილეობდნენ ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობაში და ამდენად გათავისუფლებული საფრანგეთის პოლიტიკაში ადგილიც დაიმკვიდრეს. საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკაში მემარჯვენე ფლანგზე სერიოზული ძალად ქრისტიან-დემოკრატიული "სახალხო რესპუბლიკური მოძრაობა" (MRP) ყალიბდება. სწორედ ამ პარტიდან იყო არჩეული პრემიერ-მინისტრი რობერტ შუმანი.

ომის შემდგომი ქრისტიან-დემოკრატებისათვის ევროპული ფედერაციის პროექტს საკვანძო პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია. ეს იდეოლოგიური პოზიცია რამდენიმე პოსტულატს ემყარება.

ქრისტიანული დოქტრინიდან გამომდინარე, ქრისტიანული დემოკრატია ეჭვის თვალი უცქერს მატერიალიზმს: მათთვის, როგორც კომუნიზმი, ისე მეცხრამეტე საუკუნის ყაიდის ლიბერალიზმი ორივე მატერიალისტური მსოფლმხედველობაა, იმ განსხვავებით, რომ პირველი კოლექტივისტურია, მეორე კი პიროვნულ ავტონომიას ქადაგებს.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამოცდილებიდან გამომდინარე, ქრისტიან-დემოკრატებმა დაასკვნეს, რომ მშვიდობისათვის საჭიროა ერი-სახელმწიფოების აგრესიული ნაციონალიზმის მოთოკვა. ქრისტიან-დემოკრატები არ ცდილობენ ერი-სახელმწიფოების გაუქმებას, მაგრამ მათთვის - ულტრამემარჯვენე მარტიებისაგან განსხვავებით - ნაციონალური კუთვნილება არაა მორალურ-პოლიტიკური კატეგორია.

საკვანძო იდეოლოგიური თემა ამ მოძრაობისთვის ე.წ. "პერსონალიზმია", რომელიც ადამიანის სულიერებას, სიცოცხლესა და პიროვნულ ღირსებას თვლის უპირველეს ღირებულებად, ხოლო პოლიტიკაში ესწრაფვის სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობით ჰარმონიული საზოგადოების შექმნას.

ეს დოქტრინა იმდენად ფართო და ყოვლისმომცვლელი იყო, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიების კალთის ქვეშ უამრავი განსხვავებული ჯგუფი იყრის თავს, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც რადიკალური მემარცხენე პოზიცია, ისე ნაციონალისტური მემარჯვენე. ამ მიზეზით, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები წევრობითა და ზომით გიგანტურ ორგანიზაციებად, ე.წ. "დიდ კარვად" ყალიბდება მთელს ევროპაში. ამის გამოძახილს დღესაც ვგრძნობთ: ევროპის სახალხო პარტია რჩება ევროპარლამენტის უდიდეს ფრაქციად.

ამ იდეოლოგიური წანამძღვრებიდან გამომდინარე, ნათელი უნდა იყოს, თუ რატომ დაედო საფუძვლად ქრისტიან-დემოკრატი პოლიტიკოსების იდეოლოგიური მიდგომები ჯერ ევროპის საბჭოს (1949) და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შექმნას, შემდეგ კი ევროპულ თანამეგობრობას, რომელიც შემდეგში ევროკავშირად გარდაიქმნა.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ცივი ომის პირობებში სწორედ ქრისტიან-დემოკრატები ითვლებოდნენ მთავარ იდეოლოგიურ ბასტიონად კომუნისტური იდეოლოგიების წინააღმდეგ. საბჭოთა რეჟიმთან მათი შეურიგებლობის საკვანძო საკითხი სწორედ პიროვნული უფლებების დაცვა გახდა. 

### ქრისტიანული დემოკრატიის დაღმასვლა

ცივი ომის დასრულების შემდეგ ქრისტიანული-დემოკრატია დაღმასვლის გზას დაადგა. ამ იდეოლოგიის უკანასკნელი გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსი ალბათ ჰელმუტ კოლი გახლდათ. რაღაც გაგებით ანგელა მერკელიც საკმაოდ თანმიმევრულად ატარებდა ქრისტიან-დემოკრატებისთვის დამახასიათებელ საშინაო პოლიტიკას: კონფლიქტების განმუხტვა, მედიატორის ფუნქციის შესრულება, კონსენსუსზე დამყარებული პოლიტიკის წახალისება.

რამ გამოიწვია სახალხო პარტიების დასუსტება? პირველი მიზეზი ალბათ მთავარი იდეოლოგიური ოპონენტის გაქრობა იყო, სსრკ-სა და კომუნისტური იდეოლოგიის სახით.

უფრო ღრმად თუ შევხედავთ, ამ პარტიის საარჩევნო ბაზა ძირითადად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხი, მცირე და საშუალო მეწარმეები იყვნენ. სწორედ მათ იხეირეს ყველაზე მეტად ევროინტეგრაციის პროექტის სიკეთეებით. 

მას შემდეგ რაც 1980-იანი წლებიდან ევროპული ეკონომიკა შეიცვალა. მკაცრად განსაზღვრული ეკონომიკური ინტერესების ჯგუფები თანდათან უფრო ინდივიდუალისტური ინტერესებით ჩანაცვლდა. ქრისტიან-დემოკრატებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სტილი - ჩამოყალიბებულ ინტერესთა ჯგუფებს შორის კონსენსუსის ძებნა - სულ უფრო რთულად განსახორციელებელი გახდა. იდენტობის პოლიტიკამ, მზარდმა პოლარიზაციამ ეტაპობრივად დაანგრია ის "დიდი კარავი," რომლის მთავარი მაშენებელი და მასპინძელიც ქრისტიან-დემოკრატები იყვნენ.

### ქრისტიან-დემოკრატიის ცრუ ქურუმები

ბოლო ხანებში, ბევრი ცდილობდა ქრისტიან-დემოკრატიის მინავლებული ჩირაღდნის გაღვივებას. ვიქტორ ორბანი, მაგალითად სწორედ ამ ტრადიციის მიმდევრად სახავდა თავს. 

რაღაც თვალსაზრისით, ამაში იყო ლოგიკა. მის მიერ ლიბერალიზმის უარყოფა - სახელმწიფოსგან რელიგიის მკაცრად გამიჯვნის, ზედმეტი ინდივიდუალიზმის, მატერიალიზმის კრიტიკა - ჯდება ქრისტიანულ დემოკრატიულ ტრადიციაში. თუმცაღა, ევროპული ქრისტიან-დემოკრატიული ტრადიცია იდეოლოგიურად შეუთავსებელია ორბანის ნაციონალიზმთან და იმ კონფრონტაციულ დამოკიდებულებასთან უმცირესობების მიმართ. ეს ორი საკითხი კონტინენტურ ევროპაში ყოველთვის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიების კუთვნილება იყო. 

ამდენად ისინი, ვინც დღეს ევროპაში ქრისტიანულ კუთვნილებას პოლიტიკურ იდეოლოგიად იჩემებს, ფუნდამენტურად განსხვავდებიან ქრისტიანული დემოკრატიის იდეოლოგიისგან - რასაც დღეს "არალიბერალურ" ან "პოსტ-ლიბერალურ" მოძრაობებში ვხედავთ, ეს უფრო რელიგიურ მანტიაში გახვეული მემარჯვენე პოპულიზმია. 

ეს მოძრაობები "ქრისტიანობის" ცნებაში არა რელიგიურ პოსტულატებს, არამედ გარკვეული სახის ნაციონალიზმს, რომანტიზირებულ ისტორიულ იდენტობას გულისხმობენ, იმას, რასაც ტრამპის პარტია დღეს "ცივილიზაციად" მოიხსენიებს. აქ რელიგია, როგორც ასეთი, მეორადია: როგორც ჯორჯა მელონი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, "ქრისტიანული იდენტობა არაა სავალდებულო რელიგიური იყოს." 

თანამედროვე "ქრისტიანული" პოლიტიკური მოძრაობები მრავალგვარია. ე.წ. "კათოლიკე ინტეგრისტული" მიმდინარეობა სახელმწიფოზე რელიგიის უპირატესობას ქადაგებს. მათთვის ორბანის მხრიდან მორალური კონტროლის დაწესება საზოგადოებაზე სამაგალითოა. ზოგიერთი პოსტ-ლიბერალური კათოლიკური მოძრაობა სახელმწიფო ხელისუფლების აგრესიული ცენტრალიზაციის მომხრეა. ზოგი კი "პატრიოტულ" და შესაბამისად ნაციონალისტურ პლატფრომაზე დგას.

ყოველივე ეს ფუნდამენტურად განსხვავდება ტრადიციული ქრისტიანული დემოკრატიის მოდელისაგან, რომლისთვისაც ევროპული ფედერალიზმი, დეცენტრალიზაცია, პლურალიზმი, ინტერესთა ჯგუფებს შორის მედიაცია და კომპრომისი იყო მთავარი.

### სულ ძილი, ძილი?

აშკარაა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული ტრადიცია დღევანდელ ევროპაში თითქოს ძილსაა მიცემული. საკითხავია, თუ რამდენადაა შესაძლებელი მისი გამოცოცხლება და ხელახლა გადაქცევა ხალხში პოპულარულ პოლიტიკურ ალტერნატივად.

ამ პოლიტიკური მიმართულების მოყვარულები გარკვეული იმედით შეხვდნენ პაპ ლეონ მეთოთხმეტის პირველ ენციკლიკას *Magnifica Humanitas,* რომლითაც ის გამიზნულად შეეხმიანა ლეონ მეცამეტის *Rerum Humanum-ს,* რომელიც უკვე ვახსენეთ, როგორც ქრისტიანული დემოკრატიის ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი გახდა.

ეგებ პაპის მიერ ჩამოყალიბებული მიზნები: ხელოვნური ინტელექტის ერაში საზოგადოების დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, პიროვნული ღირსებისადმი პატივისცემა, იდენტობებს შორის აგრესიული დაპირისპირების გაღვივების უარყოფამ აღადგინოს ქრისტიანული დემოკრატიის "დიდი კარავი"? ამას მომავალ წლებში ერთად დავინახავთ.

სტატია ნაწილობრივ ეყრდნობა სტატიას: [Le futur de la démocratie chrétienne passe par Donald Trump](https://legrandcontinent.eu/fr/2026/05/26/democratie-chretienne-muller/?ref=evropis.moambe.eu)