ტექსტზე გადასვლა
ერთი გლობუსის საიდუმლო
ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, „ელჩები“ (The Ambassadors), 1533 წ. ხე, ზეთი, ტემპერა. 207 × 209.5 სმ. ლონდონის ეროვნული გალერეა, დიდი ბრიტანეთი.

ერთი გლობუსის საიდუმლო

XVI საუკუნის საქართველო ჰანს ჰოლბაინ უმცროსის ნახატზე

ლონდონის ეროვნული გალერეის ერთ-ერთი ექსპონატიდან ორი წვეროსანი შემოგვყურებს. ძვირფას სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცები თაროს მიყრდნობიან, მათ ფეხებთან კი უცნაური რუხი ლაქა იპყრობს ყურადღებას. ეს ანამორფიზმია: თუკი სურათს კუთხიდან დავაკვირდებით, ლაქა ადამიანის თავის ქალად გადაიქცევა. 

„ელჩები“ ეროვნული გალერეის ყველაზე ცნობილი და იდუმალებით მოცული ნახატია და არა მხოლოდ ამ ოპტიკური ილუზიის გამო. ბევრი მას ეპოქის საუკეთესო ნამუშევრადაც მიიჩნევს. 

სურათი 1533 წელს, ლონდონშია შესრულებული. მისი ავტორი ჩრდილოევროპული რენესანსის უდიდესი წარმომადგენელი - ჰანს ჰოლბაინ უმცროსი გახლავთ. 

„ელჩების“ გზა ლონდონის ეროვნულ გალერეამდე

1890 წელს, როცა ეროვნულმა გალერეამ  ნამუშევარი შეიძინა, მასზე გამოსახული ორი მამაკაცის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ისინი სამეფო კარის დიდგვაროვნები ან თავად ჰენრი მერვეც კი ეგონათ - ტიუდორთა დინასტიის ტირანი, რომელმაც სახელი ევროპული სისტემიდან პირველი „ბრეგზიტითა“ და მრავალრიცხოვანი ცოლების, მინისტრებისა თუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისათვის თავების დაყრევინებით გაითქვა. 

„ელჩების“ თავსატეხი 1900 წელს, ქალმა ისტორიკოსმა - მერი ჰერვიმ ამოხსნა. მან შენიშნა, რომ გლობუსზე, ევროპის ძლევამოსილი დედაქალაქების გვერდით, ერთი უმნიშვნელო ფრანგული სოფელიც იყო დატანილი. მერის ვარაუდით, პოლიზის რუკაზე მონიშვნა დამკვეთის ახირება უნდა ყოფილიყო. საიდუმლოს გასაღებიც ეს აღმოჩნდა. პოლიზის ძიება მან ფრანგულ არქივებში გააგრძელა და მამულის XVII საუკუნის აღწერაში ჰოლბაინის ნახატსაც მიაკვლია. 

სურათზე გამოსახული პირველი მამაკაცი ჟან დე დენტევილი აღმოჩნდა, მეორე კი - მისი მეგობარი ჟორჟ დე სელვი. ნამუშევარი დე დენტევილების საგვარეულო მამულს ას წელიწადზე მეტხანს ამშვენებდა.

საინტერესოა, როგორ იქცა ინგლისური რენესანსის სიმბოლოდ გერმანელი მხატვრის მიერ დახატული ორი ფრანგი?

გერმანელი ემიგრანტი საშოვარზე 

ჰანს ჰოლბაინ უმცროსი ევროპული რენესანსის თვალსაჩინო ფიგურაა. ბავარიაში დაბადებულ მხატვარს ბრიტანული ფერწერული ტრადიციის შემქმნელად და ერთ-ერთ გამორჩეულ პორტრეტისტად მიიჩნევენ. 

ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, ავტოპორტრეტი, 1542–1543 წწ. ქაღალდი, ფერადი ცარცი, პასტელი. 32 × 26 სმ. უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია.

როგორ აღმოჩნდა გერმანელი ოსტატი 1533 წელს ლონდონში? 

ჰოლბაინ უმცროსი გერმანიის სამხრეთში, აუგსბურგში დაიბადა. აუგსბურგი რომის საღვთო იმპერიის თვითმმართველი ქალაქი და რეგიონის სავაჭრო და ფინანსური ცენტრი იყო. მამამისი - ჰანს ჰოლბაინ უფროსი ცნობილი მხატვარი გახლდათ, რომელმაც სახელი რელიგიური სიუჟეტებით გაითქვა. ჰანსი და მისი უფროსი ძმაც მამის კვალს გაჰყვნენ. 

ამ დროს ევროპა რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლშია გახვეული. ეკლესიის კორუფციითა და თავნებობით თავგაბეზრებულ ჩრდილოეთში პაპის მიმართ წინააღმდეგობა და პროტესტანტული რეფორმაციის იდეები იკრებს ძალას. დამკვეთებს რელიგიური სიუჟეტები აღარ ხიბლავთ და ჰოლბაინების სახელოსნოს საქმეც უკან მიდის - ჰოლბაინ უფროსს მოსწავლეები შემოეფანტა და მოვალეები უჩივიან.  

13 წლის ჰანსი და მისი უფროსი ძმა ბედის საძიებლად ბაზელში მიემგზავრებიან. შვეიცარიულ ქალაქში კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრება ჩქეფს. ის ევროპის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო და საგამომცემლო ცენტრია. 

ძმებმა ადგილობრივი ბიურგერების პორტრეტების ხატვასა და წიგნების ილუსტრირებას მიჰყვეს ხელი. ჰანსმა ევროპაში სახელმოხვეჭილი ფილოსოფოსისა და ჰუმანისტის - ერაზმ როტერდამელის „სისულელის ქებაც“ დაასურათა. 

ერაზმი იმ დროის ევროპის ინტელექტუალური ვარსკვლავია. სწავლულს ძალიან უყვარს საკუთარი პორტრეტების ევროპის მონარქებისა და თანამოაზრეებისთვის დაგზავნა. პორტრეტი ალბრეხტ დიურერისთვისაც აქვს შეკვეთილი, მაგრამ საქმე ჭიანურდება. დიურერზე შემომწყრალი სწავლული პორტრეტის შესაკვეთად ჰანსს მიაკითხავს და მისი ნიჭით აღფრთოვანებული რჩება. 

ჰოლბაინის დახატულ პორტრეტს ის ლონდონელ ჰუმანისტს - თომას მორს უგზავნის და ორ კეთილ სიტყვასაც შეაწევს: ბაზელში სრული ქაოსი და უიმედობაა და, ეგებ, მანდ იპოვოს ნიჭიერმა ახალგაზრდამ გასაქანიო. 

სერ მორი ტიუდორების დინასტიის სისასტიკით განთქმული მონარქის - ჰენრი VIII-ის ლორდ-კანცლერია (გავა დრო და ავზნიანი მეფე „უტოპიის“ ავტორს თავს მოჰკვეთს, კათოლიკური ეკლესია კი მას წმინდანად შერაცხავს). ევროპაში რენესანსის, დიდი აღმოჩენებისა და ჰუმანიზმის ხანაა, ნისლიანი ალბიონი კი ჯერ ჩამორჩენილი და მიყრუებული პერიფერიაა. თუმცა, კონტინენტთან ვაჭრობა სწრაფად ვითარდება და ახლადგამომცხვარი ბურჟუაზია არც ფულის ნაკლებობას უჩივის. 

> ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, სერ თომას მორის პორტრეტი, 1527 წ. ხე, ზეთი. 74.9 × 60.5 სმ. ფრიკის კოლექცია, ნიუ-იორკი, აშშ.

ჰანსი ტომას მორთან ჩადის და სამეფო კარის მხატვრის ადგილს უმიზნებს. მისი პირველი დამკვეთები ჰანზეატური კავშირის გერმანელი ვაჭრები არიან, რომლებსაც იმ დროს ლონდონში მრავლად შეხვდებოდით. ცოტა ხანში მხატვარი ბაზელში ბრუნდება, მაგრამ ქალაქში რელიგიური შუღლი მძვინვარებს. ხატმებრძოლების ბრბოები რელიგიურ სურათებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ და ეკლესიების კედლებს ათეთრებენ. 1532 წელს უმცროსი ჰოლბაინი საბოლოოდ გადაწყვეტს ინგლისში გადახვეწას. 

ლონდონში დაბრუნებულ მხატვარს, მეფის ყურადღების მისაპყრობად, პოპულარობის მოხვეჭა სჭირდება; ცდილობს ახალი დამკვეთები იპოვოს და სწორედ მაშინ გადაეყრება ფრანგ დიპლომატებს. 

„ყველაზე მოწყენილი ელჩის“ ამბავი

იმ დროის ლონდონი არა მარტო ევროპელი ვაჭრების, არამედ ელჩების, ათასი ჯურის მსტოვრისა თუ ჯაშუშის თავშესაყარია. გასაკვირიც არაფერია: ევროპაში დიდი გეოპოლიტიკური გაწევ-გამოწევაა. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I ცდილობს შეაკავოს ევროპის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი კარლოს V, რომელიც ესპანეთსა და რომის საღვთო იმპერიას განაგებს. ინგლისიც კარლოსის მოკავშირეა და საფრანგეთთან გამუდმებით ომობს.

სურათზე გამოსახული ჟან დე დენტევილი საფრანგეთის სამეფო კართან დაახლოებული დიდგვაროვანი გახლდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ, ის შამპანში გადაცხოვრებასა და საგვარეულო შატოს აღდგენას აპირებს, თუმცა განგებას სხვა გეგმები აქვს. 1533 წლის იანვარში მას ფრანსუა I იხმობს და დიპლომატიური მისიით ლონდონში აგზავნის. 

ცივ და წვიმიან ლონდონში დენტევილს სევდა იპყრობს. ძმასთან მიწერილ წერილებში თავბედს იწყევლის: დაუსრულებლად წუწუნებს ამინდზე, ჰენრი VIII-ის კარის ინტრიგებზე და თავს „ყველაზე დაღლილ და მელანქოლიურ ელჩად“ მოიხსენიებს. 

თუმცა, თავის შეცოდება არ ჭრის. მეფეს ლონდონიდან ახალ ამბებს ელის. დიპლომატებს ასი თვალი და ასი ყური უნდა ჰქონდეთ გამოსხმული.

ტიუდორების სასახლიდან ავი ხმები გამოდის. ჰენრი VIII აპირებს, დედოფალ კატალინა არაგონელთან განქორწინდეს და ან ბოლეინზე ისკვნას ჯვარი. ქორწინების გაუქმებას პაპის თანხმობა სჭირდება. ეს კი იოლი არ არის, რადგან კატალინა თავად  იმპერატორ კარლოსის დეიდა გახლავთ. 

ანტუან-ჟან გრო, ფრანსუა I და კარლ V სენ-დენის ბაზილიკაში, 1812 წ. ტილო, ზეთი. 416 × 165 სმ. ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი.

ჰენრის თავნებობით განრისხებული იმპერატორი, რომლის ჯარებიც რომს აკონტროლებენ, პაპს უფლებას არ აძლევს, ინგლისის მეფეს განქორწინების ნება  დართოს. ბოროტი ხმები ამბობენ, თავკერძა ჰენრი პაპის ძალაუფლების უარყოფასა და დამოუკიდებელი ანგლიკანური ეკლესიის შექმნას გეგმავსო. ფრანგებმა იციან, რომ ეს საბოლოოდ დაანგრევს კარლთან ინგლისის ალიანსს და ცეცხლზე ნავთს ასხამენ: ფრანუა ელჩებს ელჩებზე აგზავნის ხან პაპთან და ხანაც ჰენრისთან და ცდილობს, პონტიფიკოსი ჰენრის განქორწინებაზე დაიყოლიოს. 

ჰოლბაინის სურათის ორი გმირიც სწორედ ამ ოჯახური და გეოპოლიტიკური დრამის მონაწილეა. 

ბრიტანული ჟინჟღლითა და გაჭიანურებული ელჩობით სასოწარკვეთილი დენტევილი იწერება, რომ, კაეშნის გასაქარვებლად, ლონდონში გასკონური ღვინო გააგზავნინა. 

ცოტა ხანში მის მოსანახულებლად ლავორის ეპისკოპოსი ჟორჟ დე სელვი ჩადის, რაც ფრანგს გუნებას გამოუკეთებს. ნორჩი ასაკის მიუხედავად, დე სელვი უკვე გამოცდილი დიპლომატია. ფრანსუა I-ს სხვადასხვა დროს ის ვენეციაში, ავსტრიაში, პაპის კარზე, გერმანიასა და ესპანეთში ჰყავდა მივლენილი. სურათში ის 25 წლისაა და სახასიათო რელიგიური შესამოსელი აცვია. 

მეგობრის სტუმრობის აღსანიშნავად და დროის გასაყვანად, დენტევილი გერმანელ მხატვარს ჯგუფურ პორტრეტს უკვეთავს, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთში, პოლიზის შატოში მიაქვს. 

თავმომწონე ფრანგები და მემენტო მორი

ელჩების ისტორიაზე არანაკლებ საინტერესო სურათზე გამოსახული თაროა. ახალგაზრდა ფრანგების განსწავლულობის წარმოსაჩენად, მასზე უამრავი საინტერესო ნივთია შემოწყობილი: წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ასტრონომიული ხელსაწყოები და ორი გლობუსიც კი. ერთი მათგანი ცას გვიჩვენებს, მეორე - დედამიწას. 

დეტალი: გლობუსი, თარი და ნოტები. ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, „ელჩები“, 1533 წ. ლონდონის ეროვნული გალერეა, დიდი ბრიტანეთი.

შუქ-ჩრდილების ოსტატობის გარდა, ჰოლბაინის გენია სწორედ ამ ჰიპერრეალისტურ დეტალებში იმალება. ყველა ნივთი საიდუმლო მინიშნებებითა და სიმბოლოებით არის დატვირთული. მათი ერთობლიობა იმ ეპოქის პროგრესულ იდეებს, სამეცნიერო მიღწევებსა და აღმოჩენებს ასახავს და, იმავდროულად, დისჰარმონიაზეც მიგვანიშნებს: გლობუსი ამოყირავებულია, საკრავს სიმი აქვს გაწყვეტილი, ერთი ფლეიტა დაუკარგავთ, არითმეტიკის სახელმძღვანელო კი სიმბოლურად სწორედ „გაყოფის“ გვერდზეა გადაშლილი. ეს პროტესტანტულ რეფორმაციაზე მინიშნებაა, რომელმაც ევროპა ნაწილებად გახლიჩა. თაროზე პროტესტანტების იდეოლოგის - მარტინ ლუთერის საგალობლების წიგნიც დევს, როგორც ლავორის ეპისკოპოსის პროგრესულობისა და შემწყნარებლობის სიმბოლო. 

ყველაზე საყურადღებო სურათზე მაინც ანამორფული თავის ქალაა. ბევრი ფიქრობს, რომ ნახატი დენტევილების სასახლის კიბისათვის იყო განკუთვნილი, სადაც ცერად შეხედვისას თავის ქალა უკეთ გამოჩნდებოდა და მხატვარმაც ამიტომ მიმართა ოპტიკურ ილუზიას. სხვების ვარაუდით, სურათი გვიანი პერიოდის რესტავრატორებმა დაამახინჯეს. 

დეტალი: ანამორფული თავის ქალა / Memento mori. ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, „ელჩები“, 1533 წ. ლონდონის ეროვნული გალერეა, დიდი ბრიტანეთი.

ასეა თუ ისე, ელჩების ფეხებთან თავის ქალის გამოსახვით, ჰოლბაინმა მიგვანიშნა, რომ ყველაფერი, რაც სურათზე ჩვენს ყურადღებას ატყვევებს - მდიდრული შესამოსელი თუ ზიზილ-პიპილოები, ამქვეყნიური დიდება და ცოდნაც კი - წარმავალია; ყველაფერს სიკვდილის მსახვრალი ხელი გაანადგურებს. ამ თემას დენტევილების საგვარეულო სიმბოლოშიც ვხვდებით, რომელიც მის ქუდს ამშვენებს.

ყველაფრის მიუხედავად, მხატვარმა იმედის ნაპერწკალი დაგვიტოვა. სურათის მარცხენა, ზედა კუთხეში მან ვერცხლის ჯვარცმა მიახატა, როგორც ხსნისა და გადარჩენის სიმბოლო.  

ელჩების გლობუსი და საქართველო

ნახატზე გამოსახული დედამიწის გლობუსი „ელჩების გლობუსის“ სახელით არის ცნობილი. მისი დეტალები 1900 წელს გამოჩნდა, როცა შედევრი საფუძვლიანად გაწმინდეს. 

მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ეს გერმანელი კარტოგრაფის - იოჰანეს შონერის 1523 წლის რუკა ან პეტერ აპიანეს 1527 წლის რუკა შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, გლობუსზე დიდი აღმოჩენების ეპოქის ახალი საზღვაო მარშრუტებიც არის დატანილი, რასაც შონერი და აპიანე არ იცნობდნენ. რუკა, რომელიც ჰოლბაინმა სურათისთვის გამოიყენა, სავარაუდოდ, 1530 წელს იყო დამზადებული და მისი ორიგინალი დაკარგულია.  

დეტალი: საქართველო დედამიწის გლობუსის რუკაზე. ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, „ელჩები“, 1533 წ. ლონდონის ეროვნული გალერეა, დიდი ბრიტანეთი.

რომი გლობუსის ცენტრშია მოქცეული, ევროპა კი ოქროსფრად არის შეფერილი. თუ მას კარგად დავაკვირდებით, კავკასიის ტერიტორიაზე ორ აღნიშვნას დავინახავთ, რომლებიც საქართველოს უკავშირდება - ბერძნულ-რომაული პერიოდის Iberia-სა და შუა საუკუნეების Georgia-ს, რომლითაც საქართველო რენესანსის ეპოქის ევროპელი ვაჭრების, ჯვაროსნების, მოგზაურებისა და დიპლომატებისთვის იყო ცნობილი.  

რუკის ტოპონიმიკა იმ ეპოქის ფრანგული დიპლომატიის ინტერესებს ასახავს. ფრანგი მეფეები შეშფოთებული იყვნენ ევროპის აღმოსავლეთში სულეიმან დიდის იმპერიის გაძლიერებით. იმპერატორ კარლოსის განუზომელი მადის დაოკებლად, საფრანგეთის მეფეები ხშირად თურქებთან ალიანსსაც მიმართავდნენ. რეგიონის ქრისტიანული სამეფოები - საქართველო (იმ დროს უკვე სამეფო-სამთავროებად დაქსაქსული) და სომხეთი, შესაბამისად, მათი ყურადღების არეალში იყო მოქცეული. 

***

საინტერესოა, როგორ გადაურჩა ჰანს ჰოლბაინ უმცროსი ჰენრი VIII-ის უხიაკ ხასიათს და როგორ შეინარჩუნა თავი მხრებზე. კათოლიკე მხატვარი მოგვიანებით პროტესტანტად მოინათლა; ამბობენ, მშვიდი ხასიათი ჰქონდა და, რეფორმაციის არეულ ხანაშიც კი, ყველასთან მეგობრობას ახერხებდაო. თუმცა, უცხო მხარეში მის გადარჩენას მხოლოდ კარგი ხასიათით ვერ ავხსნით. მრავალმხრივ განსწავლულ ჰენრის კარგად ესმოდა ხელოვნების ფასი და არც შემცდარა. თუკი დღეს ვინმე ტიუდორებს „მოდის კანონმდებლებად“ მიიჩნევს, ეს სწორედ ჰოლბაინის გენიის დამსახურებაა. ამბობენ, ერთხელ მხატვრის უხეშობით გულმოკლულ ინგლისელ დიდებულს მეფისთვის შეუჩივლია: სიკვდილით დასაჯეთ ეს თავხედი, სახელოსნოს კიბიდან დამაგორაო. ჰენრის კი მიუგია: რომ მოვინდომო, დღესვე შვიდ გლეხს შვიდ ერისთავად ვაქცევ, შვიდი ერისთავისგან ერთი ჰოლბაინის შექმნა კი ნამდვილად გამიჭირდებაო. 

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე