ეტიენ დე ლა ბოესი: რატომ ვემონებით სხვებს?

რატომ უნდა სურდეს თავისუფალ ხალხს ვინმესადმი მორჩილება? ეს კითხვა არ აძლევდა მოსვენებას 19 წლის ეტიენ დე ლა ბოესის

ეტიენ დე ლა ბოესი: რატომ ვემონებით სხვებს?

"მსჯელობა ნებაყოფლობითი მორჩილების შესახებ" ფრანგული პოლიტიკური აზრის ერთ-ერთი პირველი გაბედული ტექსტია ტირანიის წინააღმდეგ. ეტიენ დე ლა ბოესიმ (Étienne de La Boétie) თავისი ნაშრომი 1549 წელს დაწერა, მაგრამ ის მხოლოდ 1576 წელს გამოქვეყნდა, როცა ავტორი ცოცხალი აღარ იყო. მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსისა და პოეტის ნააზრევმა შთააგონა მონტანი, სპინოზა და სიმონე ვეილი.

მის სათაურში თითქოს პარადოქსია ჩატეული: როგორ შეიძლება მორჩილება ნებაყოფლობითი იყოს? ლა ბოესის მიზანი საზოგადოების მაზოხისმის კრიტიკა არაა. ის ჰუმანისტია, უაღრესად განათლებული ახალგაზრდა და კლასიკური ლიტერატურისა და ფილოსოფიის უზადო მცოდნე. მის ნაშრომს პოლიტიკური მნიშვნელობა ჯერაც არ დაუკარგავს.

ძალაუფლება ჩვენს თავ(ებ)შია?

ავტორი თავის "მსჯელობას" მარტივ კითხვას უსახავს ამოსავალ წერტილად "მსურს გავიგო, როგორ მოხდა, რომ ამდენ ადამიანს, ამდენ ქალაქს, ქვეყანასა თუ ერს აუტანია ხოლმე ტირანი, რომელსაც არა ჰქონია სხვა ძალა გარდა იმისა, რაც მისთვის ამ ხალხსვე მიუნიჭებია?" რატომაა ხალხი ასე მიდრეკილი მონარქიისკენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)? ბოესი თვლის, რომ ეს ბუნებრივი მოთხოვნილება ვერ იქნება - დიახ, ჩვენ ვემორჩილებით მშობლებს, მაგრამ როცა ბავშვები ვართ და მარტივ მოთხოვნილებებს ვერ ვიკმაყოფილებთ. ბუნებას ჩვენთვის არ უსწავლებია, რომ უცხო, გარეშე ძალას უნდა დავემორჩილოთ. პირიქით - ბუნებამ მოგვანიჭა თავისუფლება და, შეიძლება ითქვას, მოვალეობაც კი, რომ ეს თავისუფლება შევინარჩუნოთ. შესაბამისად, მორჩილება პოლიტიკურ ცხოვრებაში არაა ბუნებრივი. და რადგან ის არაა ბუნებრივი, შესაბამისად, ნებაყოფლობითია, ანუ "ხალხი თავად იმონებს თავს და იჭრის ყელს." როგორ ავხსნათ ეს პარადოქსი?

შესაძლოა ხალხს ეშინია აჯანყების, მაგრამ ეს სრულიად ვერ ახსნის მორჩილების ფენომენს: შეიძლება ეშინოდეს ერთ ადამიანს, ოთხს ან ხუთს, მაგრამ მილიონები ყოყმანობდნენ, როცა ტირანი ჩაგრავთ? უბრალო სიმხდალე ამას ვერ ახსნის. შესაბამისად უნდა ვეძებოთ ამ კოლექტიური ყურების ჩამოყრის სხვა მიზეზი. ლა ბოესი ასახელებს მორჩილების სამ მიზეზს.

მორჩილების სამი შტო

"ნებაყოფლობითი მორჩილების პირველი მიზეზი ჩვევაა." როცა კი ხელისუფალი ძალაუფლების განსამტკიცებლად იბრძვის, ის თავის ძალას ბოროტად იყენებს და ხალხსაც ვნებს - როგორც მაკიაველი ამბობდა. ეს იწვევს პროტესტს, წინააღმდეგობას, რომელიც შეიძლება ძალადობრივიც კი იყოს. ოღონდ თუკი ხელისუფალი მოახერხებს ამ წინააღმდეგობის დაძლევას, ხალხი ისე იქცევა, როგორც გახედნილი ცხენი და აღარ რეაგირებს. თაობა თაობას მოსდევს და თავისუფლების გამოცდილება იშლება მეხსიერებიდან, ხშირად მიზანმიმართულადაც.

“უღელქვეშ დაბადებული კაცი, მონობაში წოვს ძუძუს და იზრდება ისე, რომ წინ აღარ იყურება, კმაყოფილია ისე ცხოვრებით, რომელიც დაბადებიდან სჩვევია, აღარც კი ფიქრობს, რომ სხვა უფლებებიც გააჩნია, ანდა სხვა სიკეთე შეიძლება გააჩნდეთ გარდა იმისა, რაც დაბადებისას ხვდომიათ წილად. თავის მდგომარეობას ისინი ბუნებრივად, დაბადებიდანვე წინასწარგანსაზღვრულად აღიქვამენ.”

მეორე მიზეზი, რომელიც ადამიანს თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილს უნელებს, ბოესის ახსნით, გართობაა. მორჩილება რომ ტრადიციად იქცეს, ჯანყის სურვილი უნდა ჩაახშო და ეს მარტო ძალით ვერ მოხდება. ბოესის მოჰყავს მაგალითი სპარსეთის დიდი ტირანის კიროსისა, რომელსაც აცნობეს, რომ შორეულ ლიდიაში მის მიერ დაპყრობილი სარდის ქალაქი აჯანყების პირას იყო მისული. ამსიშორეზე გარნიზონის გაძლიერების ნაცვლად, კიროსმა "გახსნა ბორდელები, დუქნები და დააწესა სახალხო თამაშობები, და დააგზავნა შიკრიკები, რომ ყველას გაეგო ამის შესახებ." ლიდიელებს გართობა მოეწონათ, შეეჩვივნენ და "აღარასოდეს დასჭირვებია კიროსს ლიდიელების წინააღმდეგ ხმლის გაშიშვლება."

და ბოლოს, მესამე მიზეზი: თანამონაწილეობა. ძალაუფლების განსამტკიცებლად ტირანი "თავის მონებს სხვა მონებს ამორჩილებინებს." ერთპიროვნული მმართველი აშენებს კერძო ინტერესების პირამიდას, აყალიბებს "პატარა ტირანების" კასტას და ამის შედეგად თითქმის ყველა "სიამოვნებას იღებს მონობისაგან, რადგანაც ამ მონობიდან იყებს გარკვეულ სარგებელს." სწორედ ესაა "მორჩილების საიდუმლო ზამბარა, ყოველი ტირანიის საძირკველი და დედაბოძი."

არის კი გამოსავალი ამ ვითარებიდან? შეიძლება ადამიანმა თავი დააღწიოს ნებაყოფლობით მორჩილებას? ლა ბოესი თვლის, რომ ეს შესაძლებელია.

“არაა საჭირო ტირანის წინააღმდეგ ომი ანდა მისი ტახტიდან გადაგდება: თუკი ქვეყანა მას აღარ ემონება, ტირანიც თავისთავად დასრულებულია."

რადგან ტირანის ძალა ხალხის მიერ ამ ძალის აღიარებას ეყრდნობა, თავისუფლების მოპოვება ამ აღიარების უარყოფით მოდის.

"გადაწყვიტეთ, აღარ იყოთ მონები და ჰა, თავისუფალი იქნებით."

ეს მარტივი პასუხი 19 წლის ახალგაზრდას გულუბრყვილობაა? შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ლა ბოესის ხედვამ საუკუნეებს გაუძლო.

წერილის გამოძახილი

იმას, რომ ნაშრომის გამოქვეყნება აგრერიგად დაგვიანდა, თავისი მიზეზი ჰქონდა: ლა ბოესი პროტესტანტი, ჰუგენოტი გახლდათ და მისი ნაშრომის ღიად ანტიმონარქისტული ხასიათი პამფლეტს ავტორისთვის სახიფათოდ აქცევდა. ითვლება, რომ ლა ბოესის საუკეთესო მეგობარმა, მიშელ დე მონტენმა "მსჯელობანი" სწორედ ამიტომ არ გამოაქვეყნა თავის გაზეთში და საჯაროდ დაგმო კიდეც. ამისდა მიუხედავად, დე მონტენმა ნაშრომის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი - თან ამბობდა, მოუმზადებელი თვალისთვის ამის წაკითხვა სახიფათოაო და თან ასე, დახლქვეშიდან ახერხებდა მისი იდეების ფართოდ გავრცელებას.

ლა ბოესის სახელს ახსენებდნენ საფრანგეთში ფრონდის, კარდინალ მაზარინის ძალაუფლების წინააღმდეგ ჯანყოს დროს (1648-1653). 1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციისას კამილ დემულანმა აიტაცა ლა ბოესის ფორმულა: "ტირანები მაღლები მოჩანან, იმიტომ რომ ჩვენ მუხლებზე ვდგევართ." მეცხრამეტე საუკუნეში, ანარქისტული მოძრაობის წევრები ლა ბოესის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველ ადეპტად მიიჩნევდნენ.

სიმონე ვეილი ასე ეხმიანებოდა ლა ბოესის თავის ნაშრომში "მედიტაციები მორჩილებისა და თავისუფლების შესახებ" (1937) "ოთხი საუკუნის წინათ, ახალგაზრდა ლა ბოესიმ დასვა კითხვა ნებაყოფლობითი მორჩილების შესახებ," ოღონდაც ვეილი თვლიდა, რომ ბოესის ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ვეილი თვლიდა, რომ გარკვეული დოზით მორჩილება საჭიროა, ოღონდ ის უნდა ემყარებოდეს განათლებას და თავისუფალი ადამიანის ნებაყოფლობით თანხმობას.

ლა ბოესის მოწოდება "ნუ იქნებით მონები" ჩვენს საუკუნეშიც ძალუმად ისმის, როცა კი საქმე ძალაუფლების გადაჭარბებაზე მიდგება. როგორც მაშინ, ფხიზლად ყოფნაა საჭირო, რათა, როგორც პოეტი და ფილოსოფოსი წერდა "უფიქრალად და ზიზღის გარეშე არ გადაგვეყლაპოს მონობის მწარე შხამი."

Read more

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

უნგრელები 12 აპრილს ეროვნული და ევროპული მნიშვნელობის არჩევნებზე მიდიან. მოსალოდნელია სამი სხვადასხვა შედეგი, რომელთაგან თითოეულს ევროკავშირზე განსხვავებული გავლენა ექნება. ჟუჟანა ჟელენი 2 აპრილი, 2026 უნგრეთი რომ ნორმალური ევროპული დემოკრატია იყოს, დასკვნა მარტივი იქნებოდა: ხელისუფლება, რომელიც თვეებია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მისი მთავარი ოპონენტის უკან მოჩანჩალებს, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულია.