> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ევროპის კვირა (21-27 სექტემბერი)
- URL: https://evropis.moambe.eu/evropis-kvira-21-27-sektemberi/
- Published: 2026-09-27T08:25:19.000Z
- Updated: 2026-09-27T08:25:19.000Z
- Author: ანა ძირკვაძე

მშვიდობიან კვირადღეს გისურვებთ, ძვირფასო მკითხველო!

მრავალი თვეა, რაც გრენლანდიის ამბავი ევროპისა და ნატოსთვის განუწყვეტელ თავისტკივილადა და საორჭოფო საკითხად გადაიქცა, რაზეც ჯერ კიევ ჩვენს [იანვრის სტატიაში ](https://evropis.moambe.eu/moitanet-grenlandia/)გიყვებოდით. აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუნძულს ხან პირდაპირ მოითხოვდა, ხან გულუხვად შესყიდვას უპირებდა, ხანაც მუშტი იღერა და ჯარით იმუქრა - ძალასაც არ მოვერიდებიო. და, აი, საბოლოოდ 24 სექტემბერს ნიუ-იორკში გრელანდიის შეთანხმებას მოეწერა ხელი. რა წამს ეს მოხდა, ტრამპმაც დასჭექა: გრელანდიაზე საწადელს მივაღწიეო.

თუმცა, თავად დოკუმენტში ჩახედვისთანავე ვაშინგტონში ატეხილი ბუკ-ნაღარის ხმა ქრება და უფრო წყნარი სურათი იშლება.

### **რას მიაღწია სინამდვილეში ტრამპმა?**

როგორც ჩანს, დანიისა და ევროპის თავშეკავებულმა ტაქტიკამ აშკარად გაამართლა. 22 სექტემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი არსებითად 1951 წლის აშშ-დანიის ხელშეკრულების უბრალო ტექნიკური განახლებაა. მართალია, აშშ გრენლანდიაზე ორი ახალი სამხედრო ბაზისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას აპირებს, მაგრამ ეს უფლება ვაშინგტონს აქამდეც ჰქონდა. ამაზე ჯერ კიდევ ივლისში გიყვებოდით:

[ძია სემი არქტიკაშიანუ ამერიკის თავგადასავალი გრენლანდიაში![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--619165a6-6f35-4ef7-80fc-f0a168e2315f.png)ევროპის მოამბესარედაქციო![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/photo-1618422434324-c9db7544ee58-cb516bd4-1a76-4366-8fda-c7e7bc3754de.jpg)](https://evropis.moambe.eu/rogor-moxvdi-manda/)

სანაცვლოდ, თეთრი სახლი უპირობოდ აღიარებს დანიის სუვერენიტეტს კუნძულზე. თუკი გრენლანდია ოდესმე დამოუკიდებლობას აირჩევს, გარანტირებულია, რომ ის ალიანსის შემადგენლობაში დარჩება. ტრამპის მთელი ადგილობრივი სიმდიდრის ხელში ჩაგდების ჟინიდან, საბოლოოდ, მხოლოდ მოკრძალებული „თანამშრომლობის“ ფორმულირებაღა შემორჩა. მთავარი ხელშესახები ცვლილება ისაა, რომ ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩაწერეს: ნატოსა და ევროკავშირის არაწევრებს აქ მსხვილი ინვესტიციებით არ გააჭაჭანებენ. ანუ პეკინსა და მოსკოვს თბილი მოკითხვა გაუგზავნეს, თუმცა ამისთვის ალიანსის გადატრიალება ნამდვილად არ იყო საჭირო.

ახლა ეს დოკუმენტი დანიისა და გრენლანდიის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. წესით, ამით უნდა დასრულდეს (დროებით მაინც) დიდი გეოპოლიტიკური დრამა. საქმე მოგვარდა, ემოციები დაცხრა, თუმცა, აი, შერყეულ ნდობას რაღა გაამთელებს, ესეც საკითხავია…

### **შვედურ დემოკრატიას კალამი გაექცა**

შვედეთის პროკურატურამ აღმოაჩინა, რომ პროვინციულ დალარნაში ხალხისთვის არჩევნები გაუმარტივებიათ, საარჩევნო ოლქთან მისულთ ბიულეტენები ბარემ წინასწარვე მონიშნული დაახვედრეს. ამით ყველაზე მეტად „მემარცხენე პარტიის“ კანდიდატმა, მოჰამედ აბდუკარდირ ალიმ იხეირა, რომელმაც პარტიულ სიაში კონკურენტებს ყველასათვის მოულოდნელად გადაუსწრო. ბრალდებებზე, რა თქმა უნდა, მხრებს იჩეჩავს, თუმცა პარლამენტის სავარძლის ნაცვლად ჯერჯერობით იძულებით შვებულებაში მოუწევს ჯდომა. ვრცელდება ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობები, რომ ამ „კარუსელის“ დასატრიალებლად უსახლკაროებს და ნარკოდამოკიდებულ ხალხს ჩრიდნენ ხელში უკვე მონიშნულ ბიულეტენებს ტალიკ-ტალიკი ბიჭებიო.

ახლა მთელი ქვეყანა გაფაციცებით ელოდება გამოძიების შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ 800-მდე საჩივარი უკვე დაარეგისტრირა, რითაც 2018 წლის მაჩვენებელს (767) გადააჭარბა. 

### **ისევ და ისევ რუსეთი**

მოსკოვს სხვა რა საქმე აქვს? დანიის დაზვერვის ცნობით, რუსეთს, თუნდაც ბრძოლის უნარი აღარ შერჩეს, მაინც მოეხასიათება რომ ნატოს რომელიმე წევრს რაკეტა სტყორცნოს ან მეზობელთან პატარა სამხედრო “გასეირნება” მოაწყოს. მიზანი? რა თქმა უნდა, უკრაინიდან ყურადღების გადატანა და ალიანსის დისკრედიტაცია იქნებოდა.

მეორე მხრივ, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გააფრთხილა სამხრეთ ევროპელები: ჩრდილოვანი ფლოტის ფორმალურად სავაჭრო გამებიდან შეიძლება „გერბერას“ (ქალიშვილობაში „შაჰედის“) ტიპის დრონები შეიძლება დაუშინოს ესპანეთს, საფრანგეთს ან იტალიასო. პრეზიდენტმა მაკრონმა ამ უკანასკნელი გაფრთხილებაზე თქვა, ნაკლებადაა ლოგიკური, რადგან ასეთი თავდასხმა მხოლოდ ევროპის შეკავშირებას გამოიწვევს, აი, დანიური ვერსია კი უფრო სავარაუდოაო. თუმცაღა არაა დასავიწყებელი, რომ სამიზნედ ის ქვეყნებია დასახელებული, სადაც 2027 წელს არჩევნებია, ადგილობრივ მემარჯვენე თუ მემარცხენე პოპულისტებს ვინ დაასწრებს ტელევიზორში დასკუპებას: აგერ უკრაინას რომ დაეხმარეთ, კი გვიბომბავენ პლაჟებსო..

ამ საყოველთაო შფოთში, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს ინარჩუნებს: კრემლის ყოველ გაფაჩუნებაზე პანიკით სწორედ პუტინს ვახარებთო; რუსეთს დიდი ომის არც თავი აქვს და არც სახსარი: „დაზვერვას რომ ჰკითხო, ხვალვე თავს დაგვესხმებიან, მაგრამ ჩვენ, ვისაც რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი გვაქვს, ჯერჯერობით მშვიდად გვძინავს“, - აუწყა მან გამოცემა „პოლიტიკოს“. სტუბმა გერმანელებიც შეაქო, ლაიფციგის დრონის ამბავი მოსკოვს რომ ოფიციალურად შეაწერეს, და იქვე იმედიანად დასძინა, ეგებ ტრამპმა დიპლომატიის ჯადოქრობა ჩართოს და ზელენსკი-პუტინი ერთ მაგიდასთან დასვასო.

სანამ ევროპაში დებატებია, ბალტიისპირეთი დროის კარგვას არ აპირებს. ლიეტუვაში გადაწყვიტეს, რომ 2028 წლისთვის 7 000-მდე ბავშვს დრონების მართვა უნდა ასწავლონ. აბა, სხვა რა უნდა აკეთოს მოზარდმა თავისუფალ დროს? ამაში ლატვიამ და ესტონეთმაც აუბეს მხარი: ზაფხულის ბანაკებში ბავშვებს ფრენის ანიბანსა და მომავალი სამხედრო ოპერატორის ჩვევებს უნერგავენ, ტალინში კი ამისთვის სასწავლო ცენტრიც კი გახსნეს. სწორედ ესაა სამხედრო ძალისხმევისათვის სამოქალაქო მხარდაჭერის ის ელემენტი, რაზეც სულ ახლახანს ნატოს ანგარიშში იყო საუბარი. 

[ნატო ქვეყნების მედეგობის მოთხოვნებს აქვეყნებსსაჯარო კომუნიკაციის მიზეზი ესკალაციის საფრთხის რეალური ზრდაა![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--56356ba2-012e-40e0-9154-de50f7ee6f2b.png)ევროპის მოამბემეგი ბენია![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/NATO-Resilience-71f99df2-f250-43f1-8f5c-e8de51611ae0.png)](https://evropis.moambe.eu/nato-medegobis-motxovnebi/)

პარალელურად, მზადება ინფრასტრუქტურულ დონეზეც მიმდინარეობს: ლიეტუვაში, რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში, სუვალკის დერეფანთან, ისეთი ენერგოქვესადგური შენდება, აპოკალიფსს რომ გაუძლებს. ინჟინრები ახლა ბუნებრივ სტიქიებზე მეტად ასაფეთქებლებით დატვირთულ მანქანებზე, „მოლოტოვის კოქტეილებზე“, მიწისქვეშა გვირაბებსა და „შაჰედებზე“ არიან ორიენტირებულნი. ტრანსფორმატორებს ბეტონის ისეთ „სარკოფაგებში“ სვამენ და ჩერნობილის მსგავს გაგრილებას უყენებენ. ეს სიამოვნება, რაღა თქმა უნდა, ძვირი ჯდება. პროექტის ღირებულებას უკვე დაემატა 48 მილიონი ევრო, ამიტომ ვილნიუსი და ვარშავა ბრიუსელის იმედად არიან, რომ ევროკავშირი ხარჯების ნახევარს დაფარავს.

### **რას ფიქრობენ საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატები უკრაინაზე?**

გამოცემა Politico-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამი კანდიდატი შეიკრიბა: გამოკითხვების ლიდერი მარინ ლე პენი, პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი და ცენტრისტი გაბრიელ ატალი. თითოეულმა მათგანმა უკრაინის საკითხზე საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

მარინ ლე პენის განცხადებით, საფრანგეთს უკრაინის ფინანსური დახმარების „რესურსი აღარ აქვს“. ის კვლავ ემხრობა ქვეყნის გამოსვლას ნატოს გაერთიანებული სამხედრო სარდლობიდან, თუმცა მიიჩნევს, რომ ომის მიმდინარეობისას ამ ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილი არ არის. ნატოდან სრულ გამოსვლას ემხრობა მელანშონიც, თუმცა დასძენს, რომ საფრანგეთი ევროკავშირის საერთო საზღვრების დაცვაზე უარს მაინც არ იტყვის. გაბრიელ ატალმა კი, შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში, უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა „არ გამორიცხა“.

### **რატომ წაკინკლავდნენ პაველი და ფიცო?**

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსა და ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შორის პატარა იდეოლოგიური გაუგებრობა წარმოიშვა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფიცომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მთავარ, კოლექტიური თავდაცვის პრიციპს თავისებური სახელი მოუძებნა და „რაღაცა მე-5 მუხლი“ უწოდა. თანაც დაიქადნა, სანამ მე ვარ თავკაცი, ამ „რაღაცის“ გამო სლოვაკ ჯარისკაცებს სამხედრო ავანტურაში არ ჩავრთავო.

ჩეხეთის პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა კი, რასაკვირველია, მე-5 მუხლი მთლად ასე წვრილმანად ვერ აღიქვა და ფიცოს შეახსენა: როცა გაწყობს, თავი დაცულად იგრძნო, მაგრამ სხვას გასაჭირში არ დაეხმარო, სიტყვა „სოლიდარობა“ მთლად კარგად ვერ გაგიგიაო.

პასუხმაც არ დააყოვნა. ფიცომ უცებ ამოიცნო პრობლემის სათავე: პაველი ყოფილი გენერალია და ბუნებრივია, ომში წასვლა „უხარიაო“. აი, თავად ფიცო კი, ცხადია, მშვიდობის ერთადერთი მტრედია, რომელიც ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირების მცდელობებს ასე ძალიან ერიდება. ბარემ ისიც დააზუსტა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ეს მე-5 მუხლი სოლიდარობის გამოხატვის „სხვადასხვა გზას“ იძლევაო - სავარაუდოდ, აღშფოთება-თანაგრძნობის შემცველი განცახდება იგულისხმა.

### **კატალონიაში ულტრამემარჯვენეები აღზევდნენ**

კატალონიელები წლებია მათ ერთადერთ მტერსა და უდიდეს უბედურებად მადრიდს აღიქვამდნენ იყო. აი, გამოვეყოფით ესპანეთს და ავშენდებითო. 2017 წელს რეფერენდუმიც კი ჩაატარეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებული.

მას შემდეგ ჟამი იცვალა, ხალხი ამ უშედეგო წუწუნით დაიღალა და ახალმა პრიორიტეტებმა იჩინეს თავი. თურმე მადრიდზე დიდი პრობლემაც ჰქონიათ: ქუჩებში მეტისმეტად ბევრი მიგრანტია და კატალონიური ენაც ნაკლებად ისმისო. ჰოდა, ამ შემზადებულ ნიადაგზე გამოჩნდა ყოფილი ბიბლიოთეკარი ქალი, შექმნა ახალი პარტია და გულნაკლულთ საშველი შესთავაზა: დამოუკიდებლობა კი კარგია, მაგრამ ჯერ საზღვრები ჩავკეტოთ და მიგრანტები გავყაროთო. ტყუილადაც არ დამშვრალა - სილვია ორიოლსის რეიტინგიც ცაში აფრინდა.

[ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: დიდი ჩანაცვლებამეცნიერულ ფაქტად შეფუთული ტყუილი![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--384693f8-aa7f-47a8-9e08-803d43ee9ced.png)ევროპის მოამბესარედაქციო![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/barbarians-4e92b60d-fa4b-4bbd-9b6e-f00f31630973.jpg)](https://evropis.moambe.eu/didi-chanacvleba/)

აი, დამოუკიდებლობის მომხრე ძველი ლიდერები საგონებელში არიან ჩავრდნილნი. საკუთარმა ამომრჩეველმა დააღალატა და ახლა ამ ახლადაღმოცენებულ ულტრამემარჯვენე პარტიას უმაგრებენ ზურგს. თანაც ვერც ახალი პარტიასთან თანამშრომლობენ რასისტული და ჩვენთვის შეუფერებელიაო. მოკლედ, ესპანეთისგან თავის დაღწევაზე მეტად, კატალონიელებს ახლა იმის გარკვევა უფრო აღელვებთ, ვინ უფრო „ნაღდი კატალონიელია“.

### **ვის ებრძვის მელონი საკლასო ოთახში?**

თავიქალმა ჯორჯა მელონიმ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ სკოლებში ბურკასა და ნიქაბს აკრძალავს, კლასებში კი უცხოელი მოსწავლეების ზუსტ კვოტებს დააწესებს. იტალიელი ბავშვები საკუთარ სამშობლოში „კუთხეში მიმწყვდეულად“ აღარ უნდა გრძნობდნენ თავსაო. რა თქმა უნდა, სრულიად „შემთხვევითია“ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნები ახლოვდება და თანაც მელონის გადამდგარი გენერალი რობერტო ვანაჩის რეიტინგიც ემუქრება. საინტერესო დამთხვევაა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იმავე საკითხზე პორტუგალიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ კანონპროექტი წარადგინა: პორტუგალიელ მოსწავლეებს სკოლებში ჩარიცხვის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოთო. საფრანგეთიც და ბელგიაც სახის დაფარვას დიდი ხანია ებრძვიან, თუმცა იტალიურ ვერსიას განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს: მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც „ცუდად ინტეგრირდებიან“, იტალიური ენის სწავლასაც დაავალდებულებენ.

ამაზე ოპოზიციამ და კრიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე ააფრიალეს კონსტიტუციის 34-ე მუხლი: განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო. თან მთავრობას შეახსენეს, რომ იტალიელი მასწავლებლების ხელფასები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და იქნებ ჯერ ამისთვის მიგეხედათო. მაგრამ ვის სცალია მასწავლებლების ხელფასებისთვის, როცა შეგიძლია გაგანია არჩევნების წინ პატრიოტული ქულები უპრობლემოდ დაიწერო?

### **ოლიგარქ უსმანოვს სანქციები მოუხსნეს**

წინააღმდეგობის მიუხედავად, საფრანგეთმა თავისი გაიტანა - რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს თავისი იახტებისა, ვილების და გაყინული საბანკო ანგარიშების გასაღებები დაუბრუნდება. ის ევროკავშირის პირადი სანქციების სიიდან დღეს ამოიღეს.

ევროკავშირის დიპლომატებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსებზე პირადი სანქციები ვიქტორ ორბანის მიერ დაწესებულ დროით ბარიერს გაარღვევდა და ექვსი თვიდან სამ წლამდე გაგრძელდებოდა. პარიზმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერდა, თუ უსმანოვს სიიდან არ ამოიღებდნენ. ეს ამბავი მეხის გავარდნასავით იყო ბრიუსელში.

ჟურნალისტებმა მალე იყნოსეს, რომ აქაოდა პარიზს საპასუხოდ აზერბაიჯანული ციხიდან თავისი მოქალაქის, მარტინ რაიანს გამოშვების იმედი აქვს, რომელსაც ბაქო შპიონაჟს აბრალებსო.

უსმანოვის ამოღებას სიიდან მიხეილ ფრიდმანის ამოღებაც მოჰყვა - ეს უკვე ლუქსემბურგის ზეწოლით, რომელთანაც ამ უკანასკნელს ჰონგ-კონგის სასამართლოში 14 მილიარდიანი დავა აქვს წამოწყებული ქონების გაყინვის გამო. მოკლედ, შანტაჟმა იმუშავა, პარიზმა ბოლო წამს მოახერხა ლატვიის წინააღმდეგობის გატეხვა - აქ 3 ოქტომბერს არჩევნებია და რიგა შიშობს, რომ ოლიგარქის სანქციებიდან გაქრობა ამომრჩეველს იმედს გაუცრუებს. ჯერ უცნობია, რას შეჰპირდა პარიზი ლატვიელებს.

ასეა თუ ისე, ევროპელი დიპლომატები გულს იმშვიდებენ: 2 კაცი ამოვიღეთ და სამაგიეროდ 3000 დარჩა სიაშიო. უსმანოვი კი თავის ალბათ იახტაზე შამპანიურსა ხსნის და იცინის, იცინის, კვდება სიცილით...

როგორც ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, ევროპულ პოლიტიკაზე თვალის მიდევნებისას ნამდვილად არ მოვიწყენთ. ამ კვირაში ყველაზე ჭკვიანური ფინეთის პრეზიდენტის რჩევის გათვალისწინებაა: ნერვებს გავუფრთხილდეთ და მოსვენება არ დავიკარგოთ.

ჰოდა, სანამ პოლიტიკოსები მომდევნო კვირისთვის დიად გეგმებს დააწყობენ, უშფოთველ დასვენებას გისურვებთ მანამდე კი ორი სტატიას გირჩევთ:

[კვლევა: შეთქმულების თეორიებს უნდობლობა და სასოწარკვეთა კვებავსუკრაინის მაგალითზე ჩანს, რომ მარტო ფაქტების შესწორება საქმეს ვერ შველის![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--7b563de3-7ca9-4849-b55e-d83da333c798.png)ევროპის მოამბემეგი ბენია![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/hopelessness-19f650f9-5fb7-4eee-8a4f-3172ba83d2d3.jpg)](https://evropis.moambe.eu/conspiracy-hopelessness-and-despair/)

[როგორ გავხდეთ ღირებული მოკავშირე?თავდაცვით ალიანსებში გაწევრების ლოგიკა იცვლება![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--717fae2f-8933-4302-b98d-344bf886ee54.png)ევროპის მოამბესარედაქციო![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/shota-article-338a9750-b4ac-4aea-a8a6-4ee21340eb48.png)](https://evropis.moambe.eu/rogor-gavxdet-girebuli-mokavshire/)