ტექსტზე გადასვლა

ევროპის კვირა 28 სექტემბერი-4 ოქტომბერი

ევროპის კვირა 28 სექტემბერი-4 ოქტომბერი

ზაფხული კი კარგა ხანია მიილია, გაგანია რთველის სეზონია, მაგრამ ზაფხულის ამბები შემოდგომაზეც წამოგვეწია. ალბათ გახსოვთ, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტთან ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს რომ შეეჯახა. ამ ინციდენტის ირგვლივ მითქმა-მოთქმა დიდხანს არ განელებულა. მოგვიანებით კი გერმანულმა მხარემ მომხდარში რუსული კვალი დაადასტურა, თუმცა, კონკრეტულად ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, მაშინ მაინც უცნობი რჩებოდა. თუმცა ახლახან The Telegraph-ისა და Welt am Sonntag-ის ერთობლივმა გამოძიებამ დეტალები გამოააშკარავა, თვითონ ეს ამბაი კი იმაზე უცნაური აღმოჩნა, ვიდრე ერთი შეხევით ჩანდა.

მაშ, ჩავეძიოთ.

ვინ გეგმავდა ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტის აფეთქებას?

ზაფხულში გერმანიაში ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტის აფეთქების ორგანიზება რუს ბაიკერს დაავალეს. ოლეგ ლევუშკინი თავისუფალ დროს სამაგალითო მეოჯახე, სოციალურ ქსელებში მოტო-ტურიზმის მოყვარულად ცნობილი, ხოლო პარალელურად რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) ევროპული დივერსიების აქტივისტი გახლავთ.

ლევუშკინი გერმანიას ზაფხულში ეწვია, ნაქირავები მანქანით ტერმინალებს უტრიალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ბელარუს შემსრულებელს გადასცა, რომელსაც ოფიციალური პირები „ერთჯერად აგენტს“ უწოდებენ. თუმცა ოპერაცია ისე არ წარიმართა, როგორც ჩაფიქრებული იყო: ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი უკრაინული სატვირთო An-124-ის ფრთას შეეჯახა; ნაცვლად აფეთქებისა, ჩამოვარდა და ასაფრენ ბილიკზე უვნებლად დაეცა. შედეგად, თვითმფრინავიც და აეროპორტიც აფეთქებას გადაურჩა.

გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ ბაიკერს მრავალწლიანი კონტაქტი აქვს „გრუ“-ს მაღალჩინოსანთან, ხოლო თავად მოწყობილობა ზუსტად იმეორებს პოლონეთსა და ლიეტუვაში მანამდე ჩაშლილი დივერსიების ხელწერას. საბოლოოდ კი ვიცით, საქმე ვერ გაიჩარხა, გერმანიას და უკრაინას გაუმართლა, კრემლი კი ტექნიკამ დააღალატა.

რადგან რუსეთზე ჩამოვარდა საუბარი, რუსეთითვე გავაგრძელოთ…

რუსეთი აშშ-ში კასპაროვის მკვლელობას გეგმავდა

ამერიკის პროკურატურამ რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული ქსელის ხუთ წევრს შეერთებულ შტატებსა და ლიეტუვაში შეკვეთილი მკვლელობების მომზადებისთვის ბრალი წაუყენა. ესპანური El Mundo-ს ცნობით, მოსკოვი თვეების განმავლობაში გარი კასპაროვის მკვლელობას გეგმავდა, რის გამოც აშშ-ის ხელისუფლებამ მოჭადრაკეს საგანგებო დაცვა დაუნიშნა. კრემლის კიდევ ერთი სამიზნე სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარიოვი იყო. მისი სიცოცხლის სანაცვლოდ 40 000 დოლარი იყო დაწესებული, თუმცა დაქირავებული მკვლელი შემთხვევით სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა, უკან დახევა არჩია. მესამე თავდასხმა კი, სავარაუდოდ, ვილნიუსში, რუსი ოპოზიციონერის, ივან ტიუტრინის წინააღმდეგ მზადდებოდა.

გამოძიების თანახმად, დაჯგუფებას, სახელწოდებით „RIS Network“, რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი იური ხრამეევი და მისი შვილი, უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ხელმძღვანელობდნენ; კომუნიკაციისთვის კი ისინი სპეციალურად შექმნილ, დაშიფრულ ენას იყენებდნენ. ქსელის წევრები, სავარაუდოდ, რუსეთს აფარებენ თავს და მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ბრიტანეთი თავდაყირა

29 სექტემბერს პრემიერი ენდი ბერნემმა ლეიბორისტური პარტიის წლიურ კონფერენციაზე სიტყვა წარმოსთქვა; თეტჩერისეული პრივატიზაციის მემკვიდრეობის შეცვლა აქვს ჩაფიქრებული და ბრიტანელებს სახელმწიფოს მზრუნველი როლის დაბრუნებას ჰპირდება. ამაზე ვრცლად და დაწურულად ჩვენივე სტატიიდან შეიტყობთ:

რას ჰპირდება ბრიტანეთს ენდი ბერნემი?
პრემიერი ბოლო ოთხი ათწლეულის პოლიტიკურ კურსს ემიჯნება და საზოგადოებას ამცნობს, რომ წლის ბოლოს „ბრიტანეთის გეგმის“ უფრო ვრცელ დოკუმენტს წარადგენს.

ორი უმთავრობო ქვეყანა?

ამ კვირაში მთავრობის ჩამოყალიბება ყველას მაინცდამაინც არ გამოუვიდა. შვედეთსა და რუმინეთს, ესე, ერთი შეხედვით ბევრი საერთო არ აქვთ. ერთი ევროპის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ დემოკრატიად ითვლება, მეორე კი წლებია პოლიტიკური არასტაბილურობის ციკლშია გაჭედილი. ამ დღეებში კი ორთავეს ერთი გასაჭირი უდგათ, მთავრობა ჰყავთ დასაკომპლექტებელი

გემახსოვრებათ, ცენტრისტულ-მემარცხენეებმა ძლივს, სამიოდე მანდატის უპირატესობით გაიმარჯვეს (176 ხმა 173-ის წინააღმდეგ), კრისტერსონი კი გადადგა, თუმცა ქვეყანას ახალი კაბინეტი ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია. მინისტრთა კაბინეტის შეკოწიწება ანდერსონს ერგო წილად, მაგრამ მისმა ენთუზიაზმმა ზუსტად 28 სექტემბრამდე გასტანა. მემარცხენეებმა მეტოქე ბანაკის მიერ მხარდაჭერილ სპიკერს მისცეს ხმა, ცენტრისტებს კი მათთან ერთ ოთახში ყოფნაც კი არ სურთ, არათუ ძალაუფლების გაყოფა. ახლა პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენი ისევ თავიდან იწყებს კონსულტაციებს, რათა გაარკვიოს, ვის ექნება შემდეგი ცდის საშუალება. სავარაუდო კანდიდატები ისევ იგივე კრისტერსონი და ანდერსონი არიან. 

თუ პარლამენტი კანდიდატებს ზედიზედ ოთხჯერ ჩააგდებს, მაშინ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. თუმცა იქამდე ჯერ შორია: შვედებს ხომ კენჭისყრამდე კენჭისყრაზე კენჭისყრა უყვართ, ასე რომ, მანამდე მოვლენებს მოთმინებით უნდა ვადევნოთ თვალი.

რუმინეთშიც დაახლობით იმავე პრობლემასთან გვაქვს საქმე, ოღონდ გაცილებით მწვავე ფონზე

პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა პარლამენტს პრემიერად თავისი მორიგი რჩეული, ევროპარლამენტარი ზიგფრიდ მურეშანი შესთავაზა, თუმცა დეპუტატებმა ისევე ჩააგდეს კენჭისყრაზე, როგორც წინა კანდიდატი.  კონსტიტუციის მიხედვით, ორი ჩავარდნილი მცდელობა პირდაპირი გზაა ვადამდელი არჩევნებისკენ, მაგრამ აქ ერთი პატარა და თანაც უხერხული დეტალი იჩენს თავს: არჩევნები პრეზიდენტს ყველაზე ნაკლებად აწყობს.

გამოკითხვებში ულტრამემარჯვენე პარტია “AUR” ლიდერობს. მისი მეთაური, ჯორჯე სიმიონი კი პარლამენტს ულტიმატუმს უყენებს, ახალ მთავრობას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ, თუ ჩემს ციხეში მჯდომ ულტრამემარჯვენე მოკავშირეს გაათავისუფლებთო. პრეზიდენტი დანი კი ევედრება ერთმანეთზე გადაკიდებულ პარტიებს, წყენა ცოტა ხნით გვერდით გადადეთ, თუ არა საქმე საყოველთაო კენჭისყრამდე მივა, ქვეყნის პროდასავლური კურსი და უკრაინის მხარდაჭერა კი შესაძლოა ისტორიას ჩაბარდესო.

ამიტომაც პრეზიდენტი ორშაბათამდე კიდევ ერთხელ ცდის, რომ რუმინელი დიმიტრი გელოვანისებრი კანდიდატი იპოვოს. თუმცა მისი მოკავშირეებიც კი უკვე ნელ-ნელა ეგუებიან აზრს, რომ ამ უსასრულო პოლიტიკურ ჩიხს მხოლოდ ახალი არჩევნები თუ გაარღვევს.

უნგრეთი და განმაწმენდელი ცეცხლი

პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ოპერაცია „განმაწმენდელი ცეცხლის“ ფარგლებში ყოფილი მინისტრი მიკლოშ შეშტაკი დააკავეს. მისივე თქმით, 1990 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილ მინისტრს ასე სჯიან. შეშტაკს, რომელსაც პრემიერმა „კიშვარდის მძარცველი“ შეარქვა, მილიარდების გაფლანგვას ედავებიან. მადიარმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ „ფიდესის“ მაფიოზები მალე დუმილს დაარღვევენ და საკუთარი ტყავის გადასარჩენად ერთმანეთს დაერევიანო. ამასობაში ყოფილ პრემიერ ვიქტორ ორბანსაც მოუწოდებენ, ხალხისთვის „ნასესხები“ ფული უკან დააბრუნოს. სიმბოლურია ისიც, რომ მხილება ფილმ „ნათლიას“ ნოსტალგიური მელოდიის ფონზე დაგვირგვინდა.

თუმცა იმავე დღეებში თავად მადიარის კეთილსინდისიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პარლამენტმა მას 139 ხმით, ერთსულოვნად მოუხსნა იმუნიტეტი. პროკურატურა 2024 წლის ზაფხულის იმ ეპიზოდს იძიებს, როცა მადიარი ღამის კლუბში ერთობოდა, ვიღაც აბეზარ ტიპს, რომელიც დაჟინებით ტელეფონით იღებდა, მობილური წაართვა და დუნაიში გადაუგდო. საქმეს იმდენად პრინციპულად იძიებდნენ, რომ მდინარეში ნივთმტკიცების ამოსაღებად მყვინთავებიც კი ჩაუშვეს. მადიარი ამას „პოლიტიკურ თეატრს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქმე სულ 300 დოლარის ზარალს ეხება. დეპუტატებს კი თავად მიმართა: მომხსენით იმუნიტეტი, დასამალი არაფერი მაქვსო. იმუნიტეტის მოხსნა განაჩენს არ ნიშნავს, თუმცა  ეს გამომძიებლებს ოფიციალურ უფლებას  აძლევს, გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში იმ ღამეს.

ფონ დერ ლაიენის ბალკანური ვოიაჟი 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ კვირას დასავლეთ ბალკანეთში მორიგ, რიგით უკვე მეექვსე ყოველწლიურ მომლოცველობას ასრულებს. სტუმრის მიღება ამჯერად ალბანეთს, კოსოვოს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ერგო. თუმცა, როგორც ჩანს, ბელგრადსა და სარაევოში ევროპული სტუმართმასპინძლობისთვის დრო ვერ გამონახეს: მიზეზად ორივეგან ორივე მოახლოებული საარჩევნო ციებ-ცხელება დასახელდა.

დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინა კვლავ საარჩევნო ყუთებთან უგულოდ ჩაივლის. სასამართლოს მიერ ძალაუფლებაჩამორთმეული მილორად დოდიკი კი კულისებიდან მაინც უცვლელი დაჟინებით გაჰკივის, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და დასანგრევი ბარემ დაინგრესო.

ევროპისგან ჩამორჩენის ბიომეტრიული სკანერებითა და უახლესი აპარატურით ამოქოლვა არ გამოდის: უკიდურესად გახლეჩილი საზოგადოება და ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე დაწესებული ას ცამეტი ვალდებულებიდან შესრულებული ზუსტად ნული რეფორმა. 

სერბეთში აწ უკვე პრეზიდენტობიდან ოფიციალურად გადამდგარი ალექსანდარ ვუჩიჩი კი 25 ოქტომბრის ვადამდელ არჩევნებში პრემიერობისთვის იბრძოლებს; სავარძლის დროებით გასათბობად კი ერთგული ანა ბრნაბიჩი დატოვა. წასვლამდე 49 კაციც შეიწყალა, მათ შორის ნოვი სადის პროტესტის ის აქტივისტები, რომელთა საქმეც, როგორც ჩანს, ჩანაფიქრშივე სწორედ ამ „დიდსულოვანი ჟესტისთვის“ იყო შეკერილი.

კოსოვოში პროტესტი არ ცხრება

ამასწინ მოგახსენეთ, ჰააგის სპეციალიზებულმა მართლმსაჯულებამ ჰაშიმ ტაჩის ომის დანაშაულებისთვის 25-წლიანი „საგზური“ მიართვა. ახლა ჯერი მის თანამებრძოლებზეც მიდგა: იაკუპ კრასნიკის ასევე 25 წელი ერგო, კადრი ვესელის - 18, ხოლო რეჯეფ სელიმის - 13 წელი.

ასეთმა სასჯელებმა პრიშტინელების უკმაყოფილება გამოიწვია: 1 ოქტომბერს ქალაქის ქუჩებში ათასობით განრისხებული მოქალაქე შეიკრიბა განაჩენის გასაპროტესტებლად; ტაჩის ადვოკატებმა კი დაუყოვნებლივ განაცხადეს, რომ სამართალს ზემდგომ ინსტანციებში მოიკითხავენ.

ზუსტად იმავე დღეს ქალაქს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სტუმრობდა. მაღალმა სტუმარმა შეკრებილებს თავშეკავებისა და „სასამართლოს პატივისცემისკენ“ მშვიდად მოუწოდა და დიპლომატიური ენით დაამშვიდა: განსასჯელის სკამზე მთელი კოსოვოს წინააღმდეგობის მოძრაობა კი არა, მხოლოდ კონკრეტული პირები სხედანო. თუმცა, ევროპულმა რჩევა-დარიგებამ ნაკლებად გაჭრა…

ევროპის კარი ნელა იღება

ტირანაში ფონ დერ ლაიენმა ალბანეთი „მოწინავეთა რიგებში“ მოიხსენია, თუმცა დიპლომატიური თავდაჭერილობით შეახსენა, რომ გასავლელი გზა ჯერ კიდევ გრძელია,  მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე დაგეგმილი რეფორმების უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულად ითვლება. 

პოდგორიცაში კი მონტენეგრო „ფინიშის სწორზე“ მყოფ წარჩინებულ მოწაფედ შერაცხა და დაპირებაც შეახსენა, რომლითაც 2028 წელს ქვეყანა ევროპული ოჯახის რიგით 28-ე წევრი უნდა გახდეს. ოპტიმისტური სცენარით, მოლაპარაკებების რაუნდი წელსვე უნდა დაგვირგვინდეს, გაწევრიანების შეთანხმებას კი ხელი 2027 წელს მოეწეროს; მონტენეგროს უკვე ყველა, 33-ვე სამოლაპარაკო თავი გახსნილი აქვს და მათგან ნახევარზე მეტი საზეიმოდ დახურა კიდეც.

ტურნეს ბოლო და ცოტათი უხერხული გაჩერება კი სკოპიე გახლდათ. აქ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული გზა უკვე წლებია ბულგარეთთან ისტორიულ დავაშია გაჭედილი, შეხვედრის რეალურ შედეგებზე კი ოფიციალური წრეები ჯერჯერობით მრავლისმეტყველად დუმან.

დაბოლოს, 

შვეიცარიელებმა ნეიტრალიტეტის გამკაცრებაზე უარი თქვეს

შვეიცარიის ამომრჩეველთა 70%-მა და კანტონების უმრავლესობამ უარყო ინიციატივა, რომელიც მუდმივი ნეიტრალიტეტის პრინციპს კონსტიტუციაში განამტკიცებდა და მეომარი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც აკრძალავდა. წინადადება მემარჯვენე პარტია UDC-მ წამოაყენა. მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, შვეიცარიის თანამშრომლობა ევროკავშირთან - მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კუთხით - მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა. შვეიცარიელებმა ამ კვირას ერთი რამ ნათლად დაგვანახეს: მკაცრი ნეიტრალიტეტიც, საბოლოოდ, ხალხის ნების საკითხია და არა მხოლოდ დიპლომატიური ტრადიცია.

თუმცა მხოლოდ ამით არ გემშვიდობებით. კვირის ბოლოსთვის ორი განსაკუთრებული საკითხავი შემოგინახეთ:

ერთი გლობუსის საიდუმლო
XVI საუკუნის საქართველო ჰანს ჰოლბაინ უმცროსის ნახატზე
რატომ უყვართ პუტინი ევროპელ მემარცხენეებს?
ინტერვიუ რუსული იმპერიალიზმის ბუნებასა და არსზე
დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე