ევროპის მტკივნეული გამოღვიძება
დავოსის სამიტზე მაღვიძარამ ისევ დარეკა. მოუსმენენ კი?
კარგა ხანია ევროპელ ლიდერებს ოჯახის წევრები და მეგობრები აჯანჯღარებენ, გაიღვიძე, ხანძარიაო, მაგრამ ევროპის დედაქალაქებში აბეზარა მაღვიძარას ხელს დაჰკრავენ და დროებით, ახალ არჩევნებამდე ან ახალ კრიზისამდე ჩააჩუმებენ ხოლმე.
ბოლო კვირების განმავლობაში გრენლანდიის საკითხზე აშშ პრეზიდენტის უდიერმა და ზიზღიანმა მოპყრობამ ბებერი კონტინენტი გვარიანად კი შეაღვიძა.
დავოსის ეკონომიკურ სამიტზე ევროპელებს მწარე სიმართლისა და მწარე სიტყვების მოსმენამ არაერთხელ მოუწიათგუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც არ დააკლო ხელი.
აღმოსავლეთ ევროპელებს დასავლეთის დედაქალაქებში ადრე ხშირად მიიჩნევდნენ პანიკიორებად, რომლებსაც ღირებულებების წონასა და კანონის ძალას არ აფასებენ, თან კი რუსეთის არარაციონალური შიში აქვთ. ზელენსკი თვლის, რომ ომში მტკიცედ დგომით მოიპოვა მწარე სიმართლის პირდაპირ და მკაცრად თქმის უფლება.
გუშინ მან ევროპელები გაასილაქა, თავი იმ ფილმში მგონია, ყოველი ახალი დღე წინას გამეორება რომააო. „მსოფლიოში ძალის ერთ-ერთ ცენტრად ქცევის ნაცვლად, ევროპა ჯერაც პატარა და საშუალო ქვეყნების, თვალწარმტაც, მაგრამ დანაწევრებულ კალეიდოსკოპად რჩება. იმის ნაცვლად, მსოფლიოში თავისუფლების დაცვის ლიდერი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ყურადღება სხვაგან არის მიპყრობილი, ევროპა, როგორც ჩანს, დეზორიენტირებულია - და იმითაა დაკავებული, რომ აშშ პრეზიდენტს აზრი შეაცვლევინოს. პრეზიდენტ ტრამპს უყვარს საკუთარი თავი და ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა. მაგრამ ის არ მოუსმენს ასეთ ევროპას,“ ამ სიტყვებით ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს შიგ გაფუყულ ეგოში დაარტყა.

ევროპა ვერ პასუხობს ისტორიის გამოწვევას. რამდენი ხანია, ლაპარაკობენ სტრატეგიულ ავტონომიაზე, ძალის დამოუკიდებელ პოლუსად ქცევაზე, მაგრამ არაფერი იცვლება, ყოველ შემთხვევაში საკმარისად სწრაფად არ იცვლება. ზელენსკიმ სწორედ ამაზე მიუთითა: „დიახ, გვყავს რამდენიმე ნამდვილად ძლიერი ევროპელი ლიდერი, ბევრი მათგანი ამბობს: „მაგრად უნდა დავდგეთო“, მაგრამ სხვისგან ელოდება, რომ უთხრას, რამდენი ხანი უნდა იდგეს მაგრად, ხშირად კი მომავალ არჩევნებამდე გადარჩენაზე ფიქრობს. მე თუ მკითხავთ, დიდი გავლენის მქონე ძალები ასე არ იქცევიან. ლიდერები ამბობენ, ევროპის ინტერესები უნდა დავიცვათო და სინამდვილეში კი იმედი აქვთ, რომ მათ სხვა დაიცავს.“
ზოგ-ზოგიერთმა ასე საუბარი ზელენსკის უმადურობად ჩაუთვალა. მაგრამ რეალობა მკაცრია. პუტინს რომ თავი დავანებოთ, სანამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი და მისი პოლიტიკური ოჯახია, ევროპელები წელს ქვემოთ დარტყმისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ. თუ სურთ პატივი სცენ, პატივისცემა უნდა დაიმსახურონ.
ალაგ-ალაგ ამას უკვე კარგად ხვდებიან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, „დღეს პოლიტიკაში ჩვენ გვჭირდება ნდობა და პატივისცემა პარტნიორს შორის და არა დომინირება ან იძულება.“ „ჩვენ ვაღიარებთ, რომ შეერთებული შტატები ლიდერია; ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ არსებობს განსხვავება დომინირებასა და ლიდერობას შორის“, - დასძინა ტუსკმა.
პარტნიორობა არ ნიშნავს დაქვემდებარებას, ის საკუთარი ძალების რწმენას და მშენებლობას ეყრდნობა. ამიტომ აშკარა ხდება, რომ ევროპამ აშშ-სთან დამაკავშირებელი ჭიპლარი უნდა გადაჭრას და დამოუკიდებლად, საკუთარი ფილტვებით სუნთქვა უნდა ისწავლოს. ეს ადვილი არ იქნება.
როგორც ჩვენთვის კარგად ნაცნობმა შარლ მიშელმა CNN-ს ასე უთხრა: „ტრადიციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მკვდარია. სანამ ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, პოლიტიკური დაპირისპირების ფაზა გარდაუვალია.“ კანადის პრემიერო, მარკ კარნიც ამაზე ესაუბრა დავოსის დარბაზს.

თუკი აშშ-სთან კონფლიქტი გარკვეული დოზით გარდაუვალია, გადასაწყვეტია, რისი გადარჩენაა ღირებული და საჭირო. ფრიდრიხ მერცის თქმით „ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ნატო. ტრანსატლანტიკურ ალიანსზე ასე უბრალოდ უარის თქმა არ იქნება. ჩვენ ის 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაშენეთ და ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ალიანსია, რაც კი ოდესმე შეკრულა ევროპასა და ამერიკას შორის.“ ტუსკი მას ეთანხმება, რომ „შეერთებული შტატები უცილობლად მთავარი პარტნიორია უსაფრთხოების საკითხებში.“
მაღალფარდოვან საუბრებს მიღმა, რეალობა პროზაულია: როგორც დავოსის კულუარებში ნატოს ერთერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს უთხრა, „ამერიკელების გარეშე ევროპელებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა.“ თავდაცვის დარგში ფრანგი ექსპერტების აზრით, ორი-სამი წელი გულდასმით მუშაობაა და დიდი ინვესტიციაა საჭირო, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კონტინენტის ფარგლებში მაინც ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილის დუბლირება ან ჩანაცვლება შეძლონ.
დღეს ევროპა იმის იმედზეა, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო იმოქმედებს. თუმცა, ალიანსი აქამდე იმ პოსტულატს ეყრდნობოდა, რომ მოქმედება არ მოუწევს, რადგან ზურგს ამერიკული გარანტია უმაგრებს. „თუ პუტინი გადაწყვეტს ლიეტუვაზე ან პოლონეთზე თავდასხმას, ვინ უპასუხებს? ვინ? ჯერჯერობით ნატოს იმედზე ვართ - იმ რწმენისა, რომ შეერთებული შტატები ჩაერევა. მაგრამ რა მოხდება, თუკი არ ჩაერევა?“ - იკითხა დავოსში უკრაინის პრეზიდენტმა და დონალდ ტრამპის ქცევის შემხედვარე, ამ ეჭვს დარბაზში ბევრი იზიარებდა.
დავოსის დასასრულს, ევროკავშირმა შვებით ამოისუნთქა, როცა ტრამპმა (დროებით მაინც) უარი თქვა გრენლანდიის ანექსიასა და სადამსჯელო სანქციებზე იმ რვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიმაც სიმბოლური სამხედრო ჟესტი გააკეთეს და დანიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჯარისკაცები გაგზავნეს.
დამსწრეთაგან ზოგიერთმა ეს იმის დასტურად მიიღო, რომ ტრამპთან მტკიცედ საუბარს შედეგი მოაქვს. „როდესაც ევროპა ერთიანი, ძლიერია და სწრაფად რეაგირებს, ჩვენ შეგვიძლია პატივისცემა დავიმსახუროთ და ყველაფერი ნორმაში დაბრუნდეს“, - ამტკიცებდა ემანუელ მაკრონი. თუმცა არსებობს აზრი, რომ აშშ პრეზიდენტის საკმაოდ მოულოდნელი უკანდახევის მთავარი მიზეზი ფინანსური ბაზრების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ბიზნეს საზოგადოების კრიტიკა და აშშ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების არასახარბიელო შედეგები იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, კვლავაც ფხიზლად უნდა ვიყოთო და იგივე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომაც იგივე თქვა - „ევროპა მზად უნდა დარჩეს [აშშ-ს წინააღმდეგ] სავაჭრო ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, თუ ამის საჭიროება შეიქმნა.“
აშშ ხაზინის თავკაცმა სკოტ ბესენტმა კი მიმართა ევროპელებს დავოსში ქედმაღლურად, რა ისტერიკაში ჩავარდით, ისეთი არაფერი ხდებაო, მაგრამ კრიზისმა გამოაჩინა, რომ ევროკავშირს ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის მხრივ ევროპას აშშ-ს შესაკავებლად საკმაო ბერკეტები გააჩნია. დანიურმა და შვედურმა საპენსიო ფონდებმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები მოიშორეს „აშშ-ის პოლიტიკის არაპროგნოზირებადობის“ გამო, ხოლო Deutsche Bank-ის ანალიტიკურ ჩანაწერში დოლარის შემდგომი შესუსტების ვარაუდი გამოჩნდა. ტრამპი სადამსჯელო სანქციებით დაიმუქრა, თუკი ევროპა სახაზინო ობლიგაციების გაყიდვას განაგრძობს, რითაც არაპირდაპირ დაადასტურა, რომ ვაშინგტონსაც აქვს სუსტი წერტილები.
პრობლემა ისაა, რომ მთავარი ევროპული სადამსჯელო ბერკეტის - იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის - გამოყენებაზე ერთსულოვნება არ არსებობს. მაშინ, როცა მაკრონი მკაცრად ითხოვდა ამ რადიკალური იარაღის გამოყენებით დამუქრებას მაინც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისევე, როგორც გერმანიის კანცლერი მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი მას მეტნაკლებად ღიად შეეწინააღმდეგნენ. იძულების საწინააღმდეგო მექანიზმის გასააქტიურებლად 15 წევრი სახელმწიფოს კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო, თუკი ისინი ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ. ტრამპის ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება იმედი, რომ ასეთი უმრავლესობა ვერ შედგება. ეს იმედი კი მომავალი კონფრონტაციების რისკს ზრდის.
ევროკავშირს მოუწევს ისწავლოს აშშ-ის პრეზიდენტის ახირებებთან შეგუება. ყოველ დღე უნდა ელოდეს, რომ გამოღვიძებულებს დახვდებათ ტრამპის პირად სოციალურ ქსელში გავრცელებული მორიგი აგრესიული შეტყობინება. „ერთ დღეს სიტუაცია შეიძლება დალაგდეს, მეორე დღეს კი ყველაფერი ისევ აირიოს. ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ“, - შენიშნა ევროკავშირის დიპლომატიის უფროსმა, კაია კალასმა, სწორედ იმ კალასმა, რომელმაც ამასწინათ კოლეგებს უთხრა, ისეთი დრო დადგა, სმას უნდა მიჰყოს ადამიანმა ხელიო.
მაღვიძარა კი რეკავს.
