FT: ტრამპი ევროპისთვის "საუკეთესო" მტერია
შეკავშირებისთვის ხალხს მტერი სჭირდება. ევროპისთვის ტრამპი საუკეთესო წამალია.
ავტორი: საიმონ კუპერი Financial Times-ის საკვირაო გამოშვების მესვეტეა
პოლიტიკური ფილოსოფიის ძველი პოსტულატია, რომ კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებას მტერი სჭირდება. მოწინააღმდეგის ყოლა ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს. ბრიტანეთისთვის ჰიტლერმა ითამაშა ეს როლი, აშშ-თვის კი - საბჭოთა კავშირმა. მტრის ხატად დასახული საბჭოეთი რომ ჩამოიშალა, ამერიკის შიდა ერთობასაც ბზარი გაუჩნდა.
უნდა ითქვას, რომ ევროკავშირს ნამდვილი გარე მტრები მხოლოდ ბოლო ათწლეულში გამოუჩნდა: ჯერ ბრექსიტის მომხრეები, მერე ვლადიმერ პუტინი, ჩინეთიც ახლოსაა, ჩასაფრებული, ახლა კი, როგორც იქნა, გამოჩნდა იდეალური მტერი - დონალდ ტრამპი. ტრამპმა ალბათ იმაზე მეტი გააკეთა ევროპის გასაერთიანებლად, ვიდრე რომელიმე ევროპელს გაუკეთებია აქამდე.
მტრების არარსებობა დიდი ხანია ევროპას ადონდლოვებს - აქამდე რამისთვის ბრძოლის აუცილებლობა არც კი ჰქონიათ. ამას წინათ, 1957 წელს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) შექმნას ვიკვლევდი და თვალში მომხვდა, რომ მისი შექმნას არავინ შეწინააღმდეგებია. თითქოსდა ასრულდა საუკუნოვანი აუხდენელი ოცნება, გაერთიანდა ევროპა. ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა, ლიდერები, რომელთა ქვეყნებიც სულ ცოტა ხნით ადრე საშინელ ომში კლავდნენ ერთმანეთს, ამ იდეას უბრალოდ დათანხმდნენ. ისე, სასხვათაშორისოდ დაეკითხნენ ამომრჩევლებს და თითქმის ყველამ თქვა - კარგი აბა, გავერთიანდეთო. აშშ-მაც მხარი დაუჭირა EEC-ს, ბრიტანეთი, მართალია არ მიერთებია ამ კავშირს, მაგრამ დიდად არც შეწინააღმდეგებია. საბჭოთა კავშირი მაშინ ნატო-ზე უფრო დარდობდა. ასე მშვიდად და წყნარად, ექვსი დამფუძნებელი ქვეყნის პარლამენტებმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს EEC-ს შექმნა.
ძნელი სათქმელია, რომ ეს ტექნოკრატიული ეკონომიკური კავშირი დიდ ემოციებს აღძრავდა. არავინ აპირებდა თავის გაწირვას ცისფერ-ოქროსფერი დროშისთვის და მხოლოდ გოლფის ჩემპიონატის თავგადაკლული გულშემატკივრები თუ ააფრიალებდნენ ხოლმე ამ დროშას ხანგამოშვებით სპორტულ არენაზე. სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში გეოპოლიტიკურ “ცუდებთან”, როგორც წესი, ამერიკელი გმირი იბრძოდა და არა ევროპელი.
პირველ პოტენციურად ეგზისტენციალურ საფრთხედ ევროკავშირისათვის ბრექსიტი იქცა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ბრიტანეთს სხვებიც მიყვებოდნენ. 2018 წელს, იტალიის ულტრა-მემარჯვენე ლიდერი, მატეო სალვინი, მთავრობის შემადგენლობაში შესვლის წინ ევროკავშირს „ჩასაძირად განწირულ ტიტანიკს“ ადარებდა. ევრობარომეტრის კვლევამ აჩვენა, რომ როგორც კი საფრთხე გამოჩნდა, 2018 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის მიმართ მოქალაქეთა მხარდაჭერა 1983 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე ავარდა. ბრექსიტმა ევროპის კონტინენტზე ჩაკლა ევროკავშირიდან გასვლის მოძრაობები.
მერე იყო და პუტინმა ჩაანაცვლა ბრექსიტის მომხრეები ევროპის მთავარი მტრის როლში და ამით ევროპული ერთობის შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი. 2024 წლის შემოდგომისთვის, ჯერ კიდევ ტრამპის არჩევამდე, ევრობარომეტრის კვლევის რესპონდენტების 74 პროცენტი ამბობდა, რომ ისინი ევროკავშირის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ თავს, ასეთი რამ ოცი წლის განმავლობაში არ მომხდარა.
ახლა ტრამპის რიგი მოვიდა და უნდა ითქვას, რომ ის წინამორბედებზე ბევრად უკეთესი მტერია. სატელევიზიო სცენარისტებს რომ იდეალური ბოროტმოქმედი შეექმნათ, ალბათ ასეთი იქნებოდა: შენი ოდესღაც სანდო მფარველის სახლში შესახლებული უზურპატორი. ისეთი, რომელიც იმ ხალხის გონებასაც კი იპყრობს, ვინც პოლიტიკაზე კვირაში ხუთ წუთზე მეტს არ ფიქრობენ. ტიპი, რომელსაც უნდა გატკინოს, როგორც ტრამპმა, „გრენლანდიის ეპიზოდში“. ეს უარყოფითი პერსონაჟი შენი ჯგუფის გაცხადებული იდეალების - მშვიდობისა და დემოკრატიის - საპირისპიროს ქადაგებს. თან ტრამპს დამქაშების ისეთი წყება მოყვება, ევროპულ ქვეცნობიერში რომ ფუთფუთებენ: ტექნოლოგიური ოლიგარქები.
ჯერ არ მინახავს, ევროპელებს თავს ასე ევროპელად ეგრძნოთ. წინა კვირაში უსაშველოდ ატლანტისტი ნიდერლანდელების ელიტურ შეკრებაზე გახლდით, სადაც საერთო აზრი ის იყო, რომ აშშ აწი დაკარგული გვყავს და თავი უნდა დავიცვათო. ერთმა დამსწრემ, იაპ დე ჰოოფ სხეფერმა, 2004-2009 წლებში ნატოს ჰოლანდიელმა გენერალურმა მდივანმა, აღნიშნა, ევროპას დამოუკიდებლად არ შეუძლია თავის დაცვაო და რომ აშშ ჯერ კიდევ მხარს უჭერსო ნატოს, თუმცა დასძინა: „მე მეშინია, რომ მიგვატოვებენ, მაგრამ გლოვის პროცესი უკვე გავიარეო.“
მერე ვნახე დანიისა და გრენლანდიის პრემიერ მინისტრების გამოსვლა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში, სადაც შეკრებილი სტუდენტები და ზოგიერთი ჟურნალისტიც კი, ფეხზე დამდგარი უკრავდნენ მათ ტაშს. როგორც იქნა, ევროპაც შეეხო გულის სიმებს. ევროპა ახლა ამერიკული ბატონისგან დეკოლონიზაციის პროცესშია, და ეს ერთდროულად დამზაფრველიცაა და აღმაფრთოვანებელიც.
ამ ემოციას მხოლოდ ელიტა არ ჰყავს შეპყრობილი. ფრანგული ჟურნალის, Le Grand Continent-ის დაკვეთით ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის შედეგები განმაცვიფრებელია. გამოკითხული 7498 ევროპელის დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გრენლანდიის დასაცავად ევროპული ჯარების გაგზავნას. 51 პროცენტმა თქვა, რომ ტრამპი ევროპის მტერია და მხოლოდ 8 პროცენტმა ჩათვალა ის მეგობრად. გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების, ტრანს-ატლანტიკური ალიანსის ყველაზე ერთგული პარტიის, მომხრეების მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია ტრამპი დემოკრატად. „გრენლანდიის ეპიზოდის“ შესახებ თითქმის ყველამ იცის, რაც ხშირად არ ხდება, როცა საქმე საგარეო-პოლიტიკურ საკითხს ეხება.
გამოკითხვამ მხოლედ ერთი ევროპული პოლიტიკური ჯგუფი გამოავლინა, რომელიც ტრამპის საკითხზე ერთსულოვანი არაა - ულტრა მემარჯვენეები. მათ მომხრეთა ნაწილს ის ტრამპი მოსწონს, ნაწილს კი - არა. ტრამპის საკითხი ისევე ჰყოფს ულტრა მემარჯვენეებს, როგორც მიგრაციის თემამ დაჰყო ევროპელი მემარცხენეები. მე ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, რომ ევროპა ერთიანი, თანაც დაუმთავრებელი ბაზრის გარდა სხვა რამეს წარმოადგენდა. იმაში, რომ ევროპა დაუმთავრებელი ერთიანი ბაზრის გარდა რამეს წარმოადგენდა. საქმე ისე მიდის, შეიძლება აზრი შევიცვალო.