> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ჰანა არენდტი: ირონია, აზროვნება და მეგობრობა, როგორც აცრა ბოროტებისგან
- URL: https://evropis.moambe.eu/hana-arendti-ironia-azrovneba-da-megobroba-rogorc-ac-ra-borotebisgan/
- Published: 2026-10-14T16:31:54.000Z
- Updated: 2026-10-14T16:45:07.000Z
- Author: ჯაბა დევდარიანი
- Tags: ფილოსოფია

„პოლიტიკური დამნაშავეები უნდა გავსრისოთ დაცინვის წნეხის ქვეშ“, - ბერტოლდ ბრეხტის ამ გამონათქვამის გამეორება თურმე ხშირად უყვარდა ჰანა არენდტს. ამ მწერალს და ფილოსოფოსს, რომელმაც თვალი გაუსწორა კაცობრიობის უდიდეს დამნაშავეებს და შეეცადა შეეცნო ენითაღუწერელი დანაშაულის მექანიზმი, ღრმად სწამდა, რომ ირონია არა მხოლოდ პოლიტიკური იარაღია თავისუფლების მტრების გასანადგურებლად, არამედ თვითგადარჩენის და თავისუფლების წყაროც. 

#### ჰანა არენდტი

ჰანა 1906 წელს, ჰანოვერში დაიბადა, განათლებული, სოციალისტური მიდრეკილებების მქონე მშობლების ოჯახში. სულ პატარაობიდან სიახლისა და ახალი ადამიანების გაცნობის მოყვარული იყო. ჯერ ექვსი თვის იყოო, წერდა დედამისი მართა თავის დღიურში, რომელისთვისაც „ჩვენი შვილი“ წაუწერია, რომ თითქმის ყველასთან მეგობრობდა და ხალისობდაო. ამავე დღიურიდან ვგებულობთ, რომ სამი წლის იყო, როცა საკუთარი ენის გამოგონებას შეეცადა, ფრიად ცოცხალი ბავშვი იყო და უცხო ადამიანებთან – უაღრესად თბილი და მეგობრული, თუმცა ხშირად სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრიც კი. 1914 წელს, ავადმყოფობამ მამამისი იმსხვერპლა. დღიურში ვკითხულობთ, რომ 7 წლის ჰანა დედამისს უფროსი მეგობარივით ანუგეშებს – „იცი დედა, ასეთი რამ ბევრ ქალს ემართება“. 

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა არენდტი 1933 წელს ბერლინში დააკავეს, თუმცა ნაცისტებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა პოლიციელმა გაუშვა. ის ქვეყნიდან გადაიხვეწა, ლტოლვილად გადავიდა საფრანგეთში და დიდი წვალების შემდეგ, 1941 წელს აშშ-ში ჩავიდა. არენდტი თავს მწერლად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ფილოსოფოსად. მისი ყურადღების ცენტრში ყოველთვის ადამიანია და არა იდეები: მათი მოწყვლადი პატივი, მათი მიჩქმალული ღირსება. 

არენდტის რეპორტაჟი „აიხმანი იერუსალიმში“, რომელიც ამერიკულ ჟურნალ „ნიუ იორკერში“ (*The New Yorker*) გამოქვეყნდა და ნაცისტი სამხედრო დამნაშავის სასამართლო პროცესს აღწერდა. ავტორის მახვილმა თვალმა და გამჭრიახმა გონებამ მკითხველებს უჩვენა, თუ როგორ იღებდნენ დანაშაულში მონაწილეობას უბრალო ადამიანები, ჩვეულებრივი ბიუროკრატები, რომლებიც მხოლოდ „თავიანთ საქმეს აკეთებდნენ“. 

ნაცისტური ძალადობის ბევრმა მსხვერპლმა, საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილებმა, ვერ აპატიეს არენდტს, რომ ეს დამნაშავე უსუსურ ჯამბაზად უფრო წარმოაჩინა, ვიდრე სისხლიან ურჩხულად. ბევრს ეჩოთირებოდა ფრაზა, რომელიც არენდტმა ინტერვიუში თქვა, „იმის სათვალავიც კი ამერია, თუ რამდენჯერ გადავიხარხარე \[აიხმანის\] ჩვენებების კითხვისასო“. 

არენდტი წუხდა, რომ მისმა ირონიამ ხალხს გული ატკინა, თუმცა ასე უხსნიდა თავის არჩევანს ჟურნალისტს: „მაინც ვფიქრობ, რომ სიცილი ყველაფერზე უნდა შეგვეძლოს, რადგანაც სწორედ ამაში აისახება ჩვენი პიროვნული დამოუკიდებლობა“. ის ხშირად საუბრობდა იმ ადამიანების, ზოგჯერ ისტორიული ფიგურების, ზოგჯერ კი აიხმანივით ნაცრისფერი მოხელეების „შემზარავ კომიკურობაზე“, რომლებიც სისხლიან დანაშაულს სჩადიან ან ახალისებენ და, ამავე დროს, დარწმუნებული არიან, რომ ეს მათდა უნებურად მოხდა, რომ ისინი უდანაშაულონი არიან.

ამგვარი ადამიანების სასაცილოობის გაცნობიერება, მათი გონებრივი უსუსურობის, მათგან საკუთარი თავისუფალი ნების უარყოფის ფაქტის ირონიით დანახვა, არენდტის აზრით, უშუალო კავშირშია მსჯელობისა და განსჯის თავისუფლებასთან. ირონია საშუალებას გვაძლევს პირდაპირ შევხედოთ ისეთ ძალადობას, რომელიც სხვა შემთხვევაში აზროვნების და საუბრის უნარს წაგვართმევდა; თავისი სახელი დავარქვათ იმას, რის აღსაწერადაც თითქოს სიტყვები უძლურია.

თავისუფალი სიტყვის აუცილებლობა „ტოტალიტარიზმის საწყისების“ ავტორმა კარგად იცოდა. არენდტის ყველაზე ცნობილი გამოთქმა „ბოროტების ბანალურობა“ იმდენად პიროვნებებს კი ეხება, რამდენადაც მათი თხრობის თუ საუბრის მანერასა და ტონს. მისი დაკვირვებით, აიხმანს „ერთი სრული წინადადების წარმოთქმა არ შეეძლო ისე, რომ კლიშესთვის არ მიემართა“. აიხმანის დაცემის, დეგრადაციის მთავარი ნიშანი არენდტისთვის ისაა, რომ ის მხოლოდ ჩანერგილი სტერეოტიპებით აზროვნებს და უღიმღამო ბიუროკრატიული კლიშეებით საუბრობს. 

> „აიხმანი სულელი არ იყო. ის საერთოდ აღარ აზროვნებდა \[...\] სწორედ ამან აქცია აიხმანი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტმოქმედად“,–   
>  
> ჰანა არენდტი

არენდტს საყვედურობდნენ, რომ აიხმანი ჩვეულებრივ ადამიანად წარმოაჩინა, თქვა, რომ თითოეულ ჩვენთაგანში იმალება პოტენციურად გენოციდის ჩამდენი და ამითი თითქოს დაამცრო ებრაელების გენოციდი, როგორც კაცობრიობის ყველაზე დიდი სირცხვილი და დანაშაული. არენდტი ასე პასუხობდა: „აიხმანი სულელი არ იყო. ის საერთოდ აღარ აზროვნებდა – და ეს სისულელისაგან სრულიად განსხვავებული რამაა. სწორედ ამან აქცია აიხმანი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტმოქმედად. სწორედ ესაა „ბანალური“ და კომიკურიც კი: რაც არ უნდა გვინდოდეს, როგორც არ უნდა შევეცადოთ, აიხმანში დემონური, სატანური ბოროტების სიღრმე დავინახოთ, აქ ამის ნატამალიც კი არაა.“ აიხმანის ბოროტების საფუძველი, არენდტის თვალსაზრისით აბსოლუტური მორჩილებაა, იმდენად აბსოლუტური, რომ მას აზროვნებაზე უარი აქვს ნათქვამი. „ყველა ვერ მოახერხებს, ეშაფოტზე ასვლისას ისეთივე შაბლონური, ბანალური ფრაზები ისროლოს, როგორსაც ყველა გასვენებაში მოისმენთ“.

არენდტს ნაკითხობა განათლებულობად არასოდეს მიაჩნდა და არც ადამიანის კულტურულობას მიიჩნევდა მისი სიმამაცის წინაპირობად. ალბათ იმიტომ, რომ კარგად იცნობდა თავისი დროის ინტელექტუალებს და იცოდა, რომ ისინიც ხშირად ისეთივე უფერო და მორჩილი ადამიანები არიან, როგორც სხვები. „დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ, როგორც წესი, ინტელექტუალები დინების მიმართულებით მიცურავენ მაშინ, როცა სხვა წრეების წარმომადგენლები ასე უფრო იშვიათად იქცევიან. ამას ვერასოდეს დავივიწყებ“, იხსენებდა არენდტი, რომელიც გერმანიიდან ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიქცა და მაშინდელი ამბები კარგად ახსოვდა. „როცა ბრძანება ისმის და ყველა ერთი მიმართულებით მიდის, ეს ნიშნავს, რომ შენმა მეგობრებმაც უნდა აირჩიონ – დაემორჩილონ თუ არა ბრძანებას. ყოველი ჩვენგანისათვის ნამდვილი, პიროვნული პრობლემა ის კი არაა, ჩვენი მტრები რას აკეთებენ, არამედ ის, თუ როგორ მოიქცევიან ჩვენი მეგობრები“, ასე იგონებდა არენდტი 1933 წლის ამბებს, როცა ის ნაცისტურ გერმანიაში პირველად დააპატიმრეს „სიცრუის პროპაგანდის“ მიზეზით.

> „როცა ყველა ბრძანებას ემორჩილება და ერთი მიმართულებით მიდის \[...\] ყოველი ჩვენგანისათვის ნამდვილი, პიროვნული პრობლემა ის კი არაა, ჩვენი მტრები რას აკეთებენ, არამედ ის, თუ როგორ მოიქცევიან ჩვენი მეგობრები,“   
>  
> ჰანა არენდტი

იმისთვის რომ ჩაიდინო და განასახიერო „ბოროტება“, საკუთარ ცრურწმენებთან იმდენად მტკიცედ უნდა იყო შედუღაბებული, რომ სხვების ხმა აღარ და ვეღარ უნდა გესმოდეს. თუკი ვინმეს ესაუბრებით და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს კედელს ელაპარაკებით, არენდტის აზრით, უკვე ბოროტებას საწყისს ეხებით. სწორედ ისეთს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს მკვლელობის უზარმაზარი მანქანა ამუშაოს ისე, რომ სინდისის ქენჯნის ნატამალსაც არ გრძნობდეს. არა იმიტომ, რომ წიგნი არ წაუკითხავს, არა იმიტომ, რომ თეატრში არ ყოფილა - იმიტომ, რომ მას შემეცნების უნარზე უარი აქვს ნათქვამი და სულის სიცარიელეს მხოლოდ მექანიკური ფუნქციონირებით ავსებს.

### სიმამაცე აზროვნებისა

ეს ხედვა ანტიკური ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი სოკრატესეულ მიდგომას ეხმიანება. სოკრატესაც უყვარდა ირონია, თანამოსაუბრეების მწარე დაცინვაც კი. სოკრატეს ამოცანა მათი აზრობრივი წონასწორობიდან გამოყვანა იყო, ასევე იქცევა არენდტიც. როცა არენდტი მოულოდნელად სასაცილოს პოულობს გენოციდის ჩამდენში, ის ცდილობს, ერთი წუთით მაინც შეაფერხოს თანამოსაუბრის, მკითხველის აზრთა შაბლონური მსვლელობა, ნათქვამის არსზე დააფიქროს, გვერდიდან შეახედოს საკუთარ მოქმედებას და ამდენად - განაახლოს მისი კავშირი თავისუფლებასთან. 

არ არსებობს განსჯა დიალოგის გარეშე. დიალოგი პირველ რიგში სხვებთან, მაგრამ „საკუთარ თავთან საუბარი, ეს უკვე განსჯაა“, ამტკიცებდა არენდტი. სწორედ დიალოგით ვიბრუნებთ სინდისის გამახვილებულ შეგრძნებას, საკუთარ თავთან საუბრით, შინაგანი წინააღმდეგობით ვებრძვით ბოროტებას ჩვენს თავში, არ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, ბანალურ ბიუროკრატიულ ფორმულად ვაქციოთ ის, რაც სხვაზე ძალადობაა, სისხლი და სიკვდილია. სწორედ ამიტომ, არენდტის აზრით, აზროვნება, განსჯის და დიალოგის უნარის შენარჩუნება ჩვენგან ყოველდღიურად გმირობას მოითხოვს. 

ამიტომაა, არენდტისთვის უმნიშვნელოვანესია მეგობრობა: „იმის გამო, რომ შემიძლია ვესაუბრო სხვებს, შემიძლია ვესაუბრო საკუთარ თავსაც, ანუ ვიფიქრო“. მისი ფილოსოფიური დოქტრინა მეგობრობის იდეალიზაციაა: მეგობრობაა სხვასთან ურთიერთგაგების საფუძველი და ასევე – საკუთარი თავის შეცნობის საშუალებაც.

მეგობრობაში კი არენდტი განსაკუთრებით ფასეულად მიიჩნევდა მრავალხმიანობას, ურთიერთშემწყნარებლობას, ისეთ გარემოს, რომელშიც შესაძლებელია „ზომიერების ანტიკური სიქველის გამოვლენა“, რადგან სწორედ ესაა სხვების აზრის და შეგრძნებების შემეცნების ადგილი, ადამიანობის საწყისი და აცრა ბოროტების გაბანალურებისგან. სწორედ ეს ახარებდა და ამითი ცოცხლობდა. სხვასთან მეგობრულად მოპყრობა მისთვის ნიშნავდა მათი გულწრფელი აზრების მოსმენას, დიალოგს - თუნდაც და განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ეწინააღმდეგებოდა. 

ლოზუნგებზე ლოზუნგებით პასუხი არენდტს ყოველთვის ლაჩრობად მიაჩნდა. მის თვალში, „ინტელექტუალთა სექტების“ წიაღში წარმოშობილი თვითდაჯერებულობა ბევრად უფრო ნაკლებად გვაახლოებს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან საუბრისას წარმოშობილი აზრების „ხშირად მთრთოლავი, მოლაპლაპე და სუსტი შუქი“.

*ფრანგულიდან თარგმნა და დაარედაქტირა ჯაბა დევდარიანმა*