ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ბერლინის მიერ მივლენილ მრჩეველს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან 13-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სადავო სამთო-მოპოვებითი პროექტის ლობირებაში.

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

უკვე ათ წელზე მეტია, სერბეთის პრეზიდენტის სასახლეში კოხტად მოკალათებულა გერმანელი მოხელე, რომლის ჯამაგირსაც მისი ქვეყნის ხაზინა ფარავს. იორგ ჰესკენსმა სერბეთის მმართველ წრეებთან თანამშრომლობის ხიდების გადება ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, თუმცა მისი პოლიტიკური წონა განსაკუთრებით 2013 წლიდან გაიზარდა, მაშინ, როცა ალექსანდარ ვუჩიჩმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ჰესკენსმა უმალვე აუღო ალღო პოლიტიკურ დინებას და საკუთარი მომავალი სწორედ ვუჩიჩს დაუკავშირდა.

Lithium Before Democracy: A Serbian Strongman and His German Shadow
Paid from German coffers, Jörg Heeskens has been advising Serbia’s Aleksandar Vucic since almost the moment he took power. A mountain of documents obtained by BIRN/Der Spiegel show just how closely Heeskens has worked with Vucic on a deeply unpopular lithium mining project, exposing what critics say is German complicity in the president’s subversion of democracy.

ჩვენი სტატიის პირველწყარო

პოლიტიკური მწვერვალისკენ მიმავალ ვუჩიჩს ის აჩრდილივით სდევდა თან: 2014 წელს, როცა ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში გადასახლდა და 2017 წელს, როდესაც მან უკვე საპრეზიდენტო სასახლეში დაიდო ბინა. ქვეყნის უზენაესი კანონით, მრჩევლის თანამდებობა მეტწილად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. თუმცა სინამდვილე სხვაგვარია. კრიტიკოსთა მტკიცებით, ჰესკენსი იადარის ველზე „რიო ტინტოს“ ლითიუმის მოპოვების სკანდალურ პროექტსაც მფარველობს. 

დროთა განმავლობაში, მათ შორის იმდენად ახლობლური, უშუალო და გულთბილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ ვუჩიჩმა გერმანელ სტუმარს თავისებური მეტსახელიც კი შეურჩია. 2023 წელს, ერთ-ერთი საწარმოს საზეიმო გახსნაზე, მან შეკრებილ საზოგადოებას ჰესკენსი სიამაყით წარუდგინა, აგერ „ჩემი შვაბიო“. გერმანელიც ბერლინელი მსმენელების წინაშე ვუჩიჩს ხოტბას ასხამს.

პირდაპირი კავშირი

სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჰესკენსს ოფიციალურად „გრძელვადიანი ექსპერტის“ სტატუსი ეკუთვნის, რასაც საფუძვლად საგანგებო სამართლებრივი შეთანხმება უდევს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში მოეწერა, უშუალოდ ვუჩიჩსა და გერმანიის იმდროინდელ ეკონომიკის მინისტრს, პეტერ ალტმაიერს შორის.

ჰესკენსის ჯამაგირზე გერმანიის მხარე — კერძოდ, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო ზრუნავს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით. ეს თანამშრომლობა 1,3 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტის მქონე პარტნიორობის ნაწილია, რომელიც 2026 წლამდეა გაწერილი.

წინასწარ მასალებში ასეა გაწერილი ჰესკენსის უპირველესი დანიშნულება: „გერმანიის ეკონომიკური ინტერესების პირდაპირი წარმომადგენლობა უშუალოდ ვუჩიჩის წინაშე“. ეს ყოველივე კი იმ ფონზე ხდება, როცა ქვეყნის უზენაესი კანონით, საპრეზიდენტო ინსტიტუტს ეკონომიკური კურსის მართვის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი თუ ოფიციალური უფლებამოსილება არ გააჩნია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის მკვლევარი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან ბიბერი ამ უცნაურ შეთანხმებაში ეგრეთ წოდებული „სტაბილოკრატიის“ კლასიკურ გამოვლინებას ხედავს. ამ ფენომენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლური მთავრობები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ავტორიტარულ ტენდენციებს მანამ არ შეიმჩნევენ, სანამ სანაცვლოდ სტაბილური და საიმედო მოკავშირე ეგულებათ.

პროფესორის თქმით, ის ფაქტი, რომ გერმანიის მიერ დაფინანსებული ეს ერთადერთი საშტატო ერთეული ჩრდილივით დაჰყვებოდა ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს მისი სახელმწიფოებრივი აღზევების ოთხივე საფეხურზე, ადასტურებს: ეს პოსტი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც უხილავი, პირდაპირი არხის გაჭრა კონკრეტულ პიროვნებასთან და არა ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტთან.

ლითიუმზე ნადირობა

ფარული თუ აშკარა გარიგებებისთვის უდიდეს გამოცდად კომპანია „რიო ტინტოს“ მიერ იადარის ველზე დაგეგმილი ლითიუმის მადნის მოპოვება იქცა. ეს სწორედ ის სტრატეგიული ნედლეულია, რომელიც გერმანულ ავტოგიგანტებს ელექტრომობილების ბატარეებისთვის ჰაერივით სჭირდებათ და რომლის ყველაზე დიდი მარაგები ჩინეთის, ელექტრომობილიების მთავარი მწარმოებლისა და გერმანიის ავტოგიგანტების კონკურენტის, ხელშია. აღნიშნულმა ინიციატივამ, მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შიშით, რასაც „რიო ტინტოს“ გვარიანად შელანძღული საერთაშორისო რეპუტაცია იწვევს, სერბი საზოგადოება აღაშფოთა და ქვეყანაში ძლიერი საპროტესტო ტალღაც ააგორა.

ჰესკენსი გერმანიის კანცელარიის წინაშე პრეზიდენტ ვუჩიჩის უახლოეს, ნდობით აღჭურვილ წარმომადგენლად წარდგა, უშუალოდ ამ ავბედითი „ლითიუმის საქმის“ მოსაგვარებლად. 2022 წელს სერბეთის მთავრობა იძულებული გახდა მოქალაქეებისთვის პროტესტისთვის დაეთმო და ხალხის დასაშოშმინებლად, საჯაროდ განეცხადებინა მშენებლობაზე უარი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს განცხადება მტკნარი სიცრუე ყოფილა. უკვე იმავე წლის ივნისში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტს ღიად აუწყეს, რომ ვუჩიჩი, მოსახლეობის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოზიციების დათმობას არ აპირებდა და ჩაფიქრებული გეგმის ბოლომდე მიყვანას მტკიცედ ესწრაფვოდა.

2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში ტრაგედია დატრიალდა. რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რამაც თექვსმეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უბედურებამ მთელი ქვეყანა შეძრა. მომხდარს კი მძლავრი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელმაც ვუჩიჩის ხელისუფლებას საფუძველი შეურყია.

სწორედ ამ მღელვარების ჟამს, გასული წლის ნოემბერში, კომპანია „რიო ტინტომ“ მოულოდნელი განცხადება გაავრცელა: იადარის პროექტის დროებით შეჩერებისა და მისი „კონსერვაციისა და ტექნიკური მეთვალყურეობის“ რეჟიმში გადაყვანის შესახებ. თუმცა, ამავე განცხადებაში მათ ორაზროვნად მიანიშნეს, რომ წიაღისეულის მოპოვების ოფიციალური უფლებები კვლავინდებურად მათ ხელთ რჩებოდა.

კრიტიკოსებმა მყისვე შენიშნეს, რომ მოვლენათა ეს განვითარება საეჭვოდ ჰგავდა 2022 წლის ნაცად სცენარს: პროტესტის ფონზე პროექტის ვითომცდა „სამუდამოდ შეჩერების“ შესახებ განცხადებას. დოკუმენტების გასაიდუმლოება მათ სკეპტიციზმს მყარ საფუძველს უქმნის და ფარულ გარიგებებზე მიუთითებს; განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ საქსონიის მხარესთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რათა სერბეთისთვის სამთო-მოპოვებითი გამოცდილების გაზიარება კვლავაც შეუფერხებლად გაგრძელებულიყო. გერმანელი მაღალჩინოსნები, საქმის დეტალების შესათანხმებლად, ბელგრადს ორჯერ მაინც ეწვივნენ. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ ეს ვიზიტები ზუსტად იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც ბერლინი საკუთარ პარლამენტს უტიფრად არწმუნებდა: პროექტის შეჩერების შემდეგ სერბულ მხარესთან იადარის მაღაროზე ყოველგვარი კონტაქტი გაწყვეტილიაო.

თავის მხრივ, არც ვუჩიჩი იჯდა გულხელდაკრეფილი და დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობის მოპოვებას ყოველნაირად ცდილობდა. მაისში, ამერიკულ FoxNews-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, ვუჩიჩმა სერბეთის ლითიუმის რესურსი ევროპის მასშტაბით სიდიდით მეორე უმსხვილეს მარაგად მოიხსენია. მან ეს ბუნებრივი სიმდიდრე დასავლეთის ინდუსტრიული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანეს, შეუცვლელ საყრდენად წარმოაჩინა.

ორმაგი ცხოვრება

სამინისტროს ორომტრიალსა და ოფიციალურ რუტინას განრიდებულმა ჰესკენსმა ბელგრადში მოიკიდა ფეხი და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას შეუდგა. ქონებრივი ჩანაწერები მოწმობს, რომ იგი დედაქალაქში, სულ მცირე, ორ ბინას ფლობს. მათგან ერთ-ერთის ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს და ის ელიტარულ უბანში „ბელგრად ვოთერფრონთში“ მდებარეობს. საგულისხმოა, რომ ეს სწორედ ის განახლებული სანაპირო ზოლია, რომელიც, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ვუჩიჩისთვის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი არაერთხელ გახვეულა საზოგადოების მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში.

ამასთანავე, ჰესკენსი სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი იმ საწარმოს 40 პროცენტზე მეტ წილს განკარგავს, რომელიც მეტად უცნაურ სახელს ატარებს: „თხილი ბედნიერი“. საგულისხმოა და საეჭვოც ის ფაქტი, რომ 2021 წელს დაარსებიდან მოყოლებული, ამ კომპანიას არავითარი ხელშესახები თუ სოლიდური შემოსავალი არ უჩვენებია.

დიდი ხნის განმავლობაში ჰესკენსის სავიზიტო ბარათს ამაყად ამშვენებდა ჟღერადი ტიტული: „რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი“. თუმცა, როგორც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა სერბეთის“ წარმომადგენელი, ნემანია ნენადიჩი განმარტავს, გერმანელ მაღალჩინოსანს ამ სტატუსით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო მრჩევლები ოფიციალური წესით ინიშნებიან, მათი ვინაობა სერბეთის ოფიციალურ მაცნეში ქვეყნდება, ხოლო ანაზღაურებას სახელმწიფო ხაზინიდან იღებენ. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ამ პოზიციას ლეგიტიმურად ვერანაირად დაიკავებდა.

სიმართლე მაშინ გამჟღავნდა, როცა გამოცემა BIRN-მა და Der Spiegel-მა ჩახლართული საქმის გამოსამზეურებლად ჰესკენსს განმარტება სთხოვეს. ამ მოულოდნელი ჟურნალისტური ინტერესით შეშფოთებულმა და უკვე მხილებულმა ჰესკენსმა გადააკეთა LinkedIn-ის პირადი გვერდი და მრჩევლის მანამდე ასე საამაყო ტიტული იქიდან გააქრო.

რას ამბობს ბერლინი?

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის მისაღებად გაგზავნილ მოთხოვნებს არც ვუჩიჩმა და არც ჰესკენსმა არ უპასუხეს. ამავდროულად, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრომ მტკიცედ დაიცვა არსებული თანამშრომლობა და მას სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და სერბეთის სამთო-მოპოვებითი რეგულაციების პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით „უაღრესად წარმატებული“ უწოდა. სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოკავშირეების არჩევა თავად სერბეთის ხელისუფლების სუვერენული ნებაა. გერმანულმა ორგანიზაცია GIZ-მა კი განმარტა, რომ ჰესკენსი სერბული მხარისგან არავითარ ცალკეულ გასამრჯელოს არ იღებს და ორგანიზაციის თითოეული თანამშრომელი მკაცრი ეთიკური ნორმების შესაბამისად მოქმედებს.

ასეა თუ ისე, აგორებული მღელვარების მიუხედავად, ორმხრივი კავშირები ყვავის. 2020 წელს გაფორმებული პარტნიორობის ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის გაორმაგდა. დღეისათვის სერბეთის ტერიტორიაზე მოქმედ გერმანულ ფირმებში 80 000-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო უახლესი კვლევის მიხედვით, ამ ინვესტორთა სამ მეოთხედზე მეტი მზადყოფნას გამოთქვამს, კვლავაც დააბანდოს კაპიტალი ამ ქვეყანაში.

საკითხავი, აი, ეს არის...

უმთავრესი საწუხარი მაინც ერთია: კიდევ როდემდე აპატიებს გერმანია სერბეთს დემოკრატიის დამცრობას? რის დათმობას აპირებს ის ვუჩიჩთან ვაჭრობისას, რომ სანაცვლოდ საჭირო ლითიუმი, სტაბილურობა და გეოპოლიტიკური ერთგულება მიიღოს? საბოლოოდ კი მართლაც ისეა საქმე, როგორც პროფესორი ბიბერი ამბობს: ორივე მხარე ამ საქმიდან დიდ ხეირს ნახულობს, თუმცა ეს ყველაფერი სერბი მოქალაქეებისა და, ზოგადად, დემოკრატიის ხარჯზე ხდება.


ტექსტი მომზადებულია BalkanInsight-ს სტატიაზე დაყრდნობით. ავტორი: ანა ძირკვაძე