ამბავს შორიდან დავიწყებ: ხუთი წლის წინ, ჩინეთის სამშენებლო ბუმის ფინანსური ბუშტი უცაბედად გასკდა. ათასობით ბინა დაუმთავრებელი დარჩა. ჩინელების მთელმა თაობამ, რომელმაც მთელი ცხოვრების დანაზოგი ამ საქმეში დააბანდა, უბინაოდ და უფულოდ გაიღვიძა. გამოხდა ხანი და ხალხმა მაღლივი შენობების დაუმთავრებელ ჩონჩხებში ცხოვრების გზას მიაგნო: ზოგმა კარვები გაშალა, ზოგმა თავად ამოიყვანა მარტივი ტიხრები, ზოგმა კი უბრალოდ ზეწრები გადაჭიმა. ჩინელები ამ დაუმთავრებელ სახლებს კუდმომპალ შენობებს უძახიან - თავში რომ კარგად დაიწყო და კუდში გაცუდდა. კუდმომპალ შენობებში ცხოვრება იქაურებმა იმპროვიზაციის წყალობით მიწყვეს და ეკონომიკური ქარიშხალს ასე გადაურჩნენ.
ავტორი: მარკ ლეონარდი ევროპის საგარეო ურთიერთობების საბჭოს თანადამფუძნებელი და დირექტორია.
ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ჩინური კუდმომპალი შენობები ძალიან წააგავს ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. ათწლეულების განმავლობაში, ეს სისტემა სულ იზრდებოდა, მაგრამ ახლა კი შუა გზაში მიტოვებულ შენობას ჰგავს. ჩინეთი და რუსეთი არასოდეს იწონებდნენ ამ შენობის არქიტექტურას. მისი კონტურები ის სულ უფრო მეტად ეჯავრებოდათ მოძლიერებულ საშუალო ძალის სახელმწიფოებსაც. მაგრამ ახლა, მშენებლობის მთავარმა დამფინანსებელმა - ამერიკელმა ხალხმა - პროექტისადმი ინტერესი დაკარგა. ისევე, როგორც ჩინეთის უძრავი ქონების გამსკდარი ბუშტის შემთხვევაში, ახალი ინვესტორი არც აქ გამოჩნდა, რომ მიტოვებული შენობის დასრულებაზე ეზრუნა.
ხელში შეგვრჩა ფარღალალა კუდმომპალი მსოფლიო, რომელშიც ქვეყნებს უწევთ ცხოვრება და ორპირ ქართან ბრძოლა: ძველი წესრიგის ჯერაც გამოსადეგი აგურების ახალი მიზნებისთვის გამოყენება, ჩამონგრეული ან აუშენებელი ტიხრების გარეშე ცხოვრებასთან შეგუება. სამწუხაროდ, ბევრი ლიდერი ჯერ კიდევ ისე იქცევა, თითქოს ძველი შენობის დასრულება გადარჩენა შეიძლებოდეს. ზოგს მისი საწყისი გეგმის გაუმჯობესებაც კი სურს.
გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველ წელს იკრიბება, იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიო დიპლომატის გული აქ აღარ ფეთქავს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავაც განიხილავს სავაჭრო დავებს, მაგრამ სინამდვილეში მრავალი ქვეყანა პროტექციონიზმის გზას ადგას. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციებზე ნულოვანი გამონაბოლქვის გეგმებს კვლავაც წერენ, თუმცა მათი შესრულების შანსები სულ უფრო კლებულობს. საერთაშორისო სამუშაო ჯგუფები ისრაელ-პალესტინის "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების" განსახორციელებლად რუკებს აფერადებენ, მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული.
აშშ-ს მოკავშირეებმა ბოლომდე ჯერაც ვერ გაითავისეს, რომ ვაშინგტონი აღარც ძველი წესრიგს უჭერს მხარს და აღარც ძველ მოკავშირეებს.
აშშ-ს მოკავშირეებმა ბოლომდე ჯერაც ვერ გაითავისეს, რომ ვაშინგტონი აღარც ძველი წესრიგს უჭერს მხარს და აღარც ძველ მოკავშირეებს. ამასწინათ, მათგან ერთ-ერთმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, დასცინა კიდეც და სიზმრებში გართულები უწოდა იმ ევროპელებს, რომლებიც ამბობდნენ, ამერიკის დახმარების გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთო. ნატოს 2026 წლის ივლისის სამიტი აღქმითი დისონანსის სურეალისტური მაგალითი იყო: ევროპელი ლიდერები გავეშებით ცდილობდნენ, აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაერწმუნებინათ, თავდაცვის ხარჯებს ვზრდითო. ამ ციფრების რახარუხში ისინი თავიანთივე ანალიტიკოსების სრულიად განსხვავებულ შეფასებებს არაფრად აგდებდნენ იმის იმედით, ეგება და აშშ-მ ალიანსი არ დატოვოსო. ტრამპის მოთაფლვის იმედით, დიდმა ბრიტანეთმა კიდევ უფრო გაზარდა დამოკიდებულება აშშ-ზე და გამანადგურებელი თვითმფრინავები შეუკვეთა. თავად დანიამაც კი, იარაღის დიდი პარტია შეიძინა ვაშინგტონისგან მაშინ, როცა პრეზიდენტი ტრამპი მას ტერიტორიის, გრენლანდიის ანექსიით ემუქრება. ავსტრალია ჯიუტად აგრძელებს დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან სამმხრივი ალიანსის (AUKUS) მხარდაჭერას და აშშ-ს სამხედრო მრეწველობას აფინანსებს მაშინ, როცა ამერიკის რეალური მხარდაჭერა კლებულობს.
რაც ახლა ხდება, არაა ხანმოკლე გარდამავალი ფაზა, რომლის შემდეგაც აშშ-ს ჰეგემონიას ჩინური ჩაანაცვლებს. არა, მსოფლიო კარგა ხანი დარჩება წესრიგის გარეშე.
ეს ლიდერები რეალობას თვალს ვერ უსწორებენ და ამით დათვურ სამსახურს უწევენ თავიანთ ქვეყნებს. დროა შეიგნონ, რომ ძველი წესრიგი მართლაც უკანმოუბრუნებლად დასრულდა და ახალი გეოპოლიტიკური გეზი დასახონ. რაც ახლა ხდება, არაა ხანმოკლე გარდამავალი ფაზა, რომლის შემდეგაც აშშ-ს ჰეგემონიას ჩინური ჩაანაცვლებს. არა, მსოფლიო კარგა ხანი დარჩება საერთოდ წესრიგის გარეშე - მისი მახასიათებლები იქნება ფრაგმენტაცია, ვირუსულობა და ერთმანეთის მოხრჩობა, მთელი რიგი ქვეყნების დაუოკებელი სწრაფვა, იარაღად გამოიყენონ გეოგრაფიული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური "ვიწრობები". დიდი სტრატეგიების დრო წავიდა, ქვეყნებს ამ ახალ რეალობაში ბევრად უფრო მოქნილი და შინნაზარდი მიდგომები დასჭირდებათ, უსახლკაროდ დარჩენილი ჩინელებისა არ იყოს.
რეალობას თვალებში ჩავხედოთ
აშშ სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა ერთხელ თქვა, მსოფლიო წესრიგი ორ სვეტს ეყრდნობაო: ერთია ძალთა მეტნაკლებად სტაბილური ბალანსი, მეორე კი საზოგადო შეთანხმება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთების უფლება აქვთ ქვეყნებს და რისი არა. დღეს, ორივე ეს სვეტი იფშვნება და არანაირი იმედი არ არსებობს, რომ მათ უახლოეს მომავალში ვინმე შეადუღაბებს ან ახალ ბოძს შეაშველებს. აშშ დღესაც მსოფლიოს უპირველესი სახელმწიფოა სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძალით. ოღონდაც, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ვაშინგტონს აღარც კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლია და აღარც თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფა. აშშ ჰორმუზის სტრუტის გახსნასაც ვეღარ ახერხებს მას შემდეგ, რაც სამხედრო თვალსაზრისით გალახულმა ირანმა მისი ჩაკეტვა გადაწყვიტა .

სტატიის ორიგინალი
აშშ ჯერ კიდევ სიძლიერის ზენიტში იყო, როცა ავღანეთის და ერაყის მაგალითზე გამოჩნდა, რომ სუსტ მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ ასიმეტრიული წინააღმდეგობის გაწევით ჰეგემონისთვის ცხოვრების მოწამლვა. გამოხდა ხანი, ტექნოლოგიური ცვლილებები დაჩქარდა, იაფიანი რაკეტები და დრონები მომრავლდა, რამაც აშშ სამხედროების მიერ საზღვაო და საჰაერო სივრცეების კონტროლი შეასუსტა, ამას კი შედარებით მშვიდობიანობის აღსასრული მოჰყვა. ჯერ კიდევ ტრამპის მეორედ მოსვლამდე, ალიანსების სისტემას, რომელსაც აშშ ეყრდნობოდა მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად, გვარიანად აჯანჯღარებდნენ ჩინეთი, რუსეთი და მზარდი ძალის ქვეყნები. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ამ წესების შექმნაში და სულ უფრო აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ვაშინგტონის ნებას.
შემდეგ კი ტრამპი შიგნიდან აუჯანყდა აშშ-ს ლიდერობაზე დამოკიდებულ მსოფლიო წესრიგს და სულაც მოუთავა ხელი - მოკავშირეებზე ზეწოლით იქნებოდა ეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვით, თუ პოლიტიკურ სასჯელად ტარიფების უკონტროლო გამოყენებით. ტრამპმა ნების არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოავლინა აშშ-ს მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგის გულდასმით დასაშლელად. 2029 წელს, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აშშ ძველ როლს დაუბრუნდეს. ამერიკელებმა დაკარგეს ინტერესი, მათ აღარ უნდათ დარჩნენ მსოფლიოსთვის საჯარო სიკეთეების ნომერი პირველი მწარმოებელად, იყვნენ მსოფლიოს პოლიციელი და თავისუფალი ვაჭრობის გუშაგი. მეტიც, არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს სურვილი, მხრებზე მოისხას ლიდერის მიერ კუთხეში მიგდებული საიმპერატორო მანტია.
გასულ წელს მსოფლიოს ათობით ლიდერს ვესაუბრე და ერთადერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ არ იციან, რა მოხდება ხვალ. ზოგი ისტორიას ებღაუჭება, ზოგი თეორიას, ეგებ რაღაცნაირად მაინც განჭვრიტონ მომავალი. ის მიმოხილვები, რომელთაც მათ საკუთარი სადაზვერვო და დიპლომატიური სამსახურები აწვდიან, ნათელს ვერ ჰფენს სურათს. ნატოს ყოველი სამიტის წინ ევროპელი ლიდერები მობილურზე მიგზავნიან მესიჯებს, ხომ არ იცი, რა მოხდებაო. სპარსეთს ყურის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერმა ამასწინათ გამიმხილა, რომ წარმოდგენა არ აქვს, პრინციპში მაინც როგორი შეიძლება იყოს ჰორმუზის ყურის გასახსნელად საჭირო შეთანხმება. წყნარი ოკეანის აუზში აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეუბნება, რომ მისი მთავრობა აღარაა დარწმუნებული, რომ კრიზისის შემთხვევაში აშშ მათ დაიცავს.
ყველა ამ საუბრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შემიძლია - მსოფლიო გაურკვევლობის ხანაშია შესული. არსებობს განცდა, რომ მსოფლიოში რაც ახლა ხდება, გასულია აქამდე ცნობილი ჩარჩოებიდან, სცდება აქამდე არსებული გაგების ფარგლებს. ადრე წესების ეპიზოდური დარღვევა გამონაკლისი იყო, რომელიც მხოლოდ ამყარებდა არსებულ წესრიგს, ზოგადი ჩარჩო მაინც ხელშეუხებელი რჩებოდა. ვინც არღვევდა წესებს, ამასთან ერთად აღიარებდა ამ წესების არსებობას. დღეს ვითარება შეცვლილია: დაკარგულია აღქმა, რომ ყველასათვის საერთო წესრიგი ბუნებაში არსებობს.
მსოფლიო ნატეხ-ნატეხ
წესების გარეშე მოქმედ მსოფლიოში მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია, შემორჩენილ საერთაშორისო სისტემას კი სამი ტენდენცია აყირავებს: ფრაგმენტაცია, კრიზისების ვირუსულობა და ერთმანეთის მოხრჩობის ტაქტიკის გავრცელება.
ტრამპის მტაცებლური ინსტინქტები დასავლური პოლიტიკური თანამეგობრობის ფრაგმენტაციას იწვევს. ალიანსები ირღვევა და თანაც არა მხოლოდ დასავლეთში - საკმარისია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში (Gulf Cooperation Council, GCC) არსებულ არეულობას შევავლოთ თვალი. სავაჭრო ბარიერები მსოფლიო ბაზრის დახლეჩას იწვევს, ოღონდაც ეს ხლეჩა რეგიონული ჰეგემონის გარშემო შეკრულ ბლოკებად არ ხდება, როგორც ზოგიერთი ვარაუდობდა. გლობალურ პრობლემებს აღარ აქვს გლობალური, გრძელვადიანი გადაწყვეტა. სამაგიეროდ, მრავლადაა სისტემის სახელდახელო შეკეთების მცდელობა.
ფრაგმენტაციის ყველაზე ღრმა ფორმა შემეცნებითი ხასიათისაა. ციფრულად დაკავშირებული სამყარო მხოლოდ ფაქტების ინტერპრეტაციის შესახებ კი არაა სხვადასხვა აზრზე, არა, აქ უკვე თავად ფაქტებზე ვეღარ თანხმდებიან, რაც არღვევს რეალობის ერთიანობის შეგრძნებას. არადა რეალობის ეთიანობის აღქმა აუცილებელია დიპლომატიისათვის. აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომი ამის მაგალითია - მხარეები ვერ თანხმდებიან, არსებობს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ვინ მოიგო და ვინ წააგო.
ერთიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების ამბიცია აღარავის აქვს, სამაგიეროდ გვაქვს რეალობა, რომელშიც არსებობს და თანაცხოვრობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მომაწესრიგებელი სხვადასხვა სისტემა. ზოგიერთი ასეთი სისტემა რეგიონული ხასიათისაა. სხვები, თემატური ველების - ტექნოლოგიის, ვაჭრობის ან უსაფრთხოების - რეგულირებას ცდილობს: ასეთებია მაგალითად Pax Silica (ახალი ინიციატივა, რომლის ამოცანაცაა ტექნოლოგიური სავაჭრო ჯაჭვის ურღვევობის უზრუნველყოფა), ტრანს-წყნაროკეანური პარტნიორობის ერთიანი და პროგრესული შეთანხმება, და AUKUS.
წავიდა ის დრო, როცა ვფიქრობდით, რომ გაეროს ანდა თავად აშშ-ს შეუძლია სამშვიდობო შეთანხმებების დასადებად შუამავლობა, ტერიტორიული პრეტენზიების საკითხების გადაჭრა, ომისშემდგომი სამართლიანობის აღდგენა და აღმშენებლობის უზრუნველყოფა. ასეთი ყოვლისმომცველი შეთანხმებების ნაცვლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები და მოკლევადიანი ზავები შეგვრჩა ხელში, რომლების შესახებაც მოლაპარაკებებს დიპლომატები კიარა, ათასი ჯურის შუამავლები აწარმოებენ: ამერიკელი უძრავი ქონების მაგნატი სტივ ვიტკოფი, რუსი ბანკირი კირილ დიმიტრიევი თუ პაკისტანელი გენერალი ასიმ მუნირი. ამ შეთანხმებების მიზანი კონფლიქტის გაყინვაა და არა გადაჭრა. როცა მოკავშირეებს ვერ ენდობი, თავის დასაზღვევი ვარიანტები მომარაგებული უნდა გქონდეს. სავარაუდოდ, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გერმანიას, ირანს, პოლონეთს, საუდის არაბეთს და სამხრეთ კორეას ვეღარ შეაკავებს - უახლოესი ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი ატომურ სახელმწიფოებად მოგვევლინებიან.
ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გერმანიას, ირანს, პოლონეთს, საუდის არაბეთს და სამხრეთ კორეას ვეღარ შეაკავებს - უახლოესი ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი ატომურ სახელმწიფოებად მოგვევლინებიან.
წარსულსვე ჩაბარდა ის დრო, როცა მსოფლიო ეკონომიკას რაღაც წესები მართავდა. ეკონომიკური ნაციონალიზმი და პროტექციონიზმი ფართოდ გავრცელდა: ევროკავშირმა ნახშირბადის სასაზღვრო შესწორების მექანიზმი შემოიღო, ტრამპმა ტარიფები, ჩინეთმა საექსპორტო კონტროლი - ეს ყველაფერი გლობალური ეკონომიკური სისტემის ფრაგმენტაციას იწვევს. ნავთობის ერთი და იგივე კასრს სხვადასხვა ფასი ადევს - გააჩნია სად იყიდება, რომელი საგადასახადო სისტემის მეშვეობით, ვინაა მყიდველი და სანქციების როგორი რეჟიმი მოქმედებს. აპრილში ბრენტის კლასის ნედლი ნავთობის ერთი ბარელის სამომავლო ფასი 113 დოლარი იყო, ხოლო ფიზიკურად უკვე არსებული ამდენივე ნავთობი 144 დოლარად იყიდებოდა. სამომავლო და მიმდინარე (ფიუჩერსულ და სპოტ) ფასს შორის განსხვავება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ წესით რამდენიმე დოლარს არ აჭარბებს. ლონდონის და ნიუ იორკის ბირჟებზე ასეთივე უჩვეულო განსვლა შეინიშნება ოქროს ფასების შემთხვევაში. ბაზრების ფრაგმენტაციის ეს ნიშნები მალე ჩვეულებრივი ამბავი გახდება. დოლარი ნელ-ნელა დაკარგავს დომინანტური ვალუტის ფუნქციას. სავარაუდოდ, მსოფლიო რეზერვებში დოლარის წილი 50%-ზე ქვემოთ ჩამოვა. პარალელურად ბაზარზე გაიზრდება ორმხრივი ფინანსური გარიგებების წილი და გაგრძელდება ნედლეულის ფასების ფრაგმენტაცია. ეს გაზრდის აშშ-სთვის საერთაშორისო ბაზრებიდან ფულის სესხების განაკვეთს. ფინანსური და სავალუტო ბაზრების ფრაგმენტაცია კი თავის მხრივ გაზრდის საერთაშორისო გადახადების წარმოების ღირებულებას და მსოფლიო ეკონომიკას ტვირთად დააწვება.
აწყვეტილი არტახები
მეორე პრობლემა კრიზისების ვირუსული გავრცელებაა. საერთაშორისო სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ქვეყნის მოქმედების თავისუფლება შეზღუდოს. დიდი ქვეყნები საერთაშორისო სამართლის წესებს ზოგჯერ კი არღვევდნენ, მაგრამ სამაგიეროდ სხვებს აიძულებდნენ მათ შესრულებას. შესაბამისად იქმნებოდა მოლოდინი, რომ მსოფლიო განჭვრეტადი წესებით თამაშობდა. დღეს საერთაშორისო სამართლის არტახები აწყვეტილია: სულ უფრო მეტი მოქმედი პირი თვლის, რომ მათ ქცევას არანაირი საზღვარი არ უდევს, მეტიც, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები ისე იქცევიან, ვითომ არც კი იცოდნენ, რომ თავიანთვე დადგენილ წესებს არღვევენ.
ამის გამო, კრიზისების არეალის შემოზღუდვა, მათი ერთმანეთისგან იზოლირება სულ უფრო რთული ხდება. მაგალითი ავიღოთ: 2003 წელს საფრანგეთი და გერმანია არ ეთანხმებოდნენ აშშ-ს მიერ ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს. ამისდა მიუხედავად პარიზი და ბერლინი აგრძელებდნენ სადაზვერვო ინფორმაციის ვაშინგტონისთვის გაზიარებას, არც სავაჭრო კავშირები გაუწყვეტიათ და არც ნატოში სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობა დაზარალებულა. დღეს კი ტრამპი ტარიფებით დაემუქრა ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც გრენლანდიის ანექსიის იდეას შეეწინააღმდეგენ. ამით მან აშშ-მ უჩვენა, რომ მოკავშირეებს შორისაც კი აღარ არსებობს გამყოფი ზღვარი ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებს შორის. როცა ევროპული ქვეყნების ნაწილი ირანთან ომის დაწყების აუცილებლობას არ დაეთანხმა, ტრამპი მათთან ვაჭრობის მთლიანად გაჩერებით დაიმუქრა და რამდენიმე ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცებიც გაიყვანა.
ნიშანდობლივია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანს შეუტიეს, ისლამურმა რესპუბლკამ და მისმა მოკავშირეებმა საპასუხო დარტყმები მიაყენეს ამერიკის პარტნიორებს - ბახრეინს, ომანს, იორდანიას, ქუვეითს, ყატარს, საუდის არაბეთს, თურქეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და ევროპასაც კი - კვიპროსის სახით. იმის მაგივრად, რომ ძველებურად მხოლოდ აშშ-ს და ისრაელს დაპირისპირებოდა, ირანმა გადაწყვიტა გლობალური ვაჭრობა მაქსიმალურად შეეფერხებინა. კონფლიქტი ერთი რეგიონიდან მეორეზე, ერთი სფეროდან მეორეზე ვირუსულად გავრცელდა: ირანთან პაკისტანის სიახლოვეზე აღრენილმა არაბეთის საემიროებმა ისლამაბადს 3.5 მილიარდი დოლარის ვალის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვეს და ათასობით პაკისტანელი მუშის დეპორტაცია წამოიწყეს.
მსგავსადვე აღვირახსნილია ქცევა ომის წარმოების თვალსაზრისითაც. მოიშალა ბევრი ძველი ტაბუ - პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მკვლელობაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების ჟლეტაზე, ტერიტორიების ძალით მიერთებაზე. ნიუ იორკ ტაიმს-ის ცნობით, ისრაელი ირანის საგარეო მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვლელობას აპირებდა მაშინ, როცა ეს ადამიანები აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ღაზაში ისრაელმა სამხედრო დარტყმა მიაყენა ისეთ სამიზნეებს, რომლებიც ადრე ლეგიტიმურად არ ითვლებოდა: ჟურნალისტებს, საავადმყოფოებს, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებს, რელიგიურ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იმ მოტივით, რომ ჰამასი ამ ადგილებს სამალავად იყენებდა. რუსეთი მუდმივად ანგრევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინასთან გაჩაღებულ ომში და ორივე მოწინააღმდეგე არ ერიდება ერთმანეთის და მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე ერთმანეთის მოქალაქეების მკვლელობას.
თითქმის გარანტირებულია, რომ ესკალაციის ასეთი ვირუსულობა კიდევ უფრო მეტ ომსა და კონფლიქტს გამოიწვევს. აშშ-ს გარდა, სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდებათ ყოფილი მოკავშირეების შანტაჟის ცდუნება. ატომური თავდასხმით დაშინება შეიძლება ნორმად იქცეს. რაც კიდევ უფრო უარესია, ტერიტორიისთვის მცირე ომების რიცხვი ალბათ მოიმატებს. ამისთვის კანდიდატები მრავლადაა: ჩინეთს შეუძლია ტაივანი მიიერთოს; ვენესუელამ გადაწყვიტოს, რომ გაიანას რესურსებით მდიდარი დასავლეთი ნაწილი, ესსეკიბო წაართვას; ეთიოპიას წითელ ზღვაზე ერითრეის კონტროლს ქვეშ არსებულ პორტებზე უჭირავს თვალი; რუსეთს კი შეიძლება ესტონეთის სასაზღვრო ქალაქის, ნარვას ოკუპაცია მოესურვოს.
აქტივებით მოხრჩობა
როცა საქმე განქორწინებამდე მიდის, ის, რაც წყვილს ბედნიერების წლებში ერთმანეთთან ფიზიკურად და ემოციურად აკავშირებდა, ის ზეწოლის იარაღად იქცევა ხოლმე - სახლი იქნება ეს, ბავშვები, თუ ძაღლი. დღევანდელ გეოპოლიტიკაშიც ასეა საქმე: ის სისტემები, რომლებიც კარგ დროს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებდა - ენერგოგადამცემი ხაზები, ნახევარგამტარების წარმოების ჯაჭვი, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საზღვაო ვაჭრობის ხაზები - იარაღად ქცეულა. რომელიმე კრიტიკული ვიწრობის კონტროლს - გინდ ფიზიკურის და გინდაც ვირტუალურის - დღეს ისეთივე ფასი აქვს, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობასა და სამხედრო სიძლიერეს.
დასავლური ქვეყნები ამგვარი ვიწრობების გამოვლენისა და იარაღად გამოყენების საქმეში ყველაზე წინ წავიდნენ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სწორედ ისინი აკონტროლებენ მსოფლიო ფინანსურ სისტემას და საკვანძო ტექნოლოგიებს. ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ შეუზღუდა ჩინურ კომპანიებს რთულ მიკროპროცესორებთან წვდომა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პოლიტიკა განავრცო და უფრო ფართო საექსპორტო კონტროლი დააწესა, რადგანაც სწორედ აშშ და მოკავშირეები აკონტროლებენ მიკროპროცესების მაწარმოებელი მოწყობილებების და საპროგრამო უზრუნველყოფის წარმოებას. 2022 წელს, რუსეთს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხერო აგრესიის შემდეგ, ევროპული და ჩრდილოამერიკული ქვეყნების კოალიციამ თავად დოლარი გამოიყენეს მათრახად, რუსული ბანკები მოკვეთეს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და 300 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვები გაუყინეს რუსეთის ცენტრალურ ბანკს.
ჩინეთმა გაკვეთილი სწრაფად აითვისა და ვიწრობებზე საკუთარი კონტროლის დემონსტრირება მალევე მოახდინა. 2010 წელს, ექსპერიმენტის სახით, ჩინეთმა იაპონიას შეუწყვიტა მწირი მიწების ექსპორტი, ტერიტორიული დავის მომიზეზებით. აღმოჩნდა, რომ ჩინური ადმინისტრაცია ამ შეზღუდვის ეფექტურად განსახორციელებლად არ იყო მზად. შეცდომების გასასწორებლად, ჩინეთმა ექსპორტის კონტროლის სისტემა პირდაპირ აშშ-სგან გადმოიღო, დახვეწა და საკუთარი რესურსებისა და ნედლეულის კონტროლისთვის მოიმარჯვა. 2025 წლის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს მიბაძვით წარმატებით მოახერდა მისი ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების კონტროლი: ბეიჯინგმა მოითხოვა უფლება, თავად გადაეწყვიტა, შეეძლებოდათ თუ არა კომპანიებს ჩინური ნედლეულით ან ტექნოლოგიით დამზადებული მაგნიტების გამოყენება. ამით ჩინეთმა აშშ-სვე გამოგონილი ზეწოლის მექანიზმი შეუბრუნა.
მცირე ქვეყნებმა თუ არასახელმწიფოებრივმა აქტორებმა ერთი რამ ისწავლეს ამ მაგალითებიდან - საჭიროა ნებისმიერი უპირატესობის, ნებისმიერი ტექნოლოგიური თუ ნედლეულის ვიწრობის გამოყენება იარაღად, პოტენციური მეტოქეების ან მტრების მოსახრჩობად. გერმანელი პროკურორების თქმით, უკრაინულმა ჯგუფმა ააფეთქა "ნორდ სტრიმის" გაზსადენები, რომ ევროპას რუსული გაზის გამოყენება სწრაფად შეეწყვიტა. სანამ ჰორმუზის სრუტეს ირანი გადაკეტავდა და ამით ნავთობისა და გაზის მსოფლიო ვაჭრობის 20 პროცენტს შეაფერხებდა, იემენში განლაგებული ჰუთიები უკვე იყენებდნენ იაფიან დრონებსა და რაკეტებს წითელი ზღვისკენ საზღვაო ტრანზიტის გადასაკეტად.
ასეთი საქციელი მალე გლობალურ ტენდენციად იქცევა და ფრიად სავალალო შედეგებს მოიტანს, რადგანაც მსოფლიოში ასეთ ვიწროებს რა დალევს: სრუტეები არა მხოლოდ სანაოსნო წყლებში კი არ არსებობს, არამედ მიწოდების ჯაჭვებშიც: იარაღი იქნება ეს, საკვები, ჯანდაცვა თუ უმარტივესი ტექნოლოგიები, ანუ ყველაფერი რაც ხალხს ყოველდღიურობაში სჭირდება. აშშ-ს შეუძლია ევროპელებს აუკრძალოს ხელოვნური ინტელექტის პროგრამების, ანდა სულაც "მაიკროსოფტის" პროდუქციის გამოყენება. მწირიმიწების ექსპორტის კონტროლით, ჩინეთს შეუძლია აშშ-სა და ევროპის იარაღის სისტემების და უახლესი ელექტრონული ტექნოლოგიების, ელექტრომობილების, მზის ენერგიის, ქარის წისქვილების წარმოებისა და შეკეთების შეფერხება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ფარმაცევტული ინგრედიენტების წარმოება უმეტესად ჩინეთში ხდება, ბეიჯინგს წამლების წარმოებაც შეუძლია შეაფერხოს. განსაკუთრებით ადვილია საკვების მიწოდების სისტემების დაბრკოლება: მსოფლიოს სიმინდის, ხორბლის, ბრინჯის და სოიოს 55% ერთი საზღვაო გასასვლელით გადის. სატრანსპორტო ან ენერგეტიკულ ბლოკადას საკვების ფასების კრიზისი შეიძლება რამდენიმე კვირაში მოჰყვეს.
თუ ერთი ასეთი ვიწრობი გადაიკეტა, ვაჭრობა სხვაგან გადაინაცვლებს და საცობებს გამოიწვევს. როცა ჰორმუზი დაიკეტა, ნავთობის ტრანსპორტმა კეთილი იმედის კონცხისკენ გადაინაცვლა. სუეცის არხი და მალაკას სრუტეები თუ ერთდროულად გადაიკეტა, ალტერნატივა არ არსებობს. დღეს ირანიც და აშშ-ც ამბობს, რომ ჰორმუზის გამოყენებისთვის გადასახადს დააწესებს. საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების კონტროლისა და ამით ფულის კეთების ცდუნება სხვა ქვეყნებსაც შეიძლება გაუჩნდეთ. ერთ ვიწრობის ჩაკეტვას კაცი გვერდს აუვილის, მაგრამ რამდენიმეს ბლოკირება უფრო სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.
აზრზე მოსვლაა საჭირო
ამ ახალ, შეცვლილ მსოფლიოზე ორი სახის რეაქციას ვხედავთ. მოდით, მათ პირობითად არქიტექტორისა და ოსტატის მიდგომები ვუწოდოთ. არქიტექტორი დიდ გეგმებს სახავს და ცდილობს, რეალობა მისი გეგმების მიხედვით ააწყოს, შექმნას მსოფლიო ნორმატიული სისტემა, რომელიც საყოველთაო ნორმებს და მრავალმხრივ ინსტიტუტებს დაეყრდნობა. ხელმარჯვე ოსტატებს არა აქვთ იმის ილუზია, რომ საკმარისი ძალა ან რესურსები გააჩნიათ გიგანტური სტრუქტურების ასაშენებლად. იმპროვიზაცია და მოქნილობაა მათი იარაღი ამ ახალ რეალობასთან გასამკლავებლად, რომელიც დიად გეგმებს არად დაგიდევთ.
ბევრი თვალსაზრისით, ჩინეთი ასეთი ოსტატი ქვეყანაა. ის საკუთარ ინტერესებს უკვე არსებული ინსტიტუტების თავისი მიზნებისთვის გამოყენებით ატარებს - მაგალითად საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი მან თვალთვალისთვის ხელშემწყობი რეგულაციების ინტერნეტ-სტანდარტებში შესატანად გამოიყენა. ჩინეთი ქმნის ახალ ინსტიტუტებს ან მონაწილეობს მათ შექმნაში: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, BRICS+, რომელიც აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკასა და სხვებს. ამ ინსტიტუტების წევრობის სტრუქტურა მოქნილია და მათი მიზანი და ამოცანა არაა გლობალური წესების დადგენა. საშუალო სიძლიერის სხვა ქვეყნები - ბრაზილია, ინდოეთი, ირანი და თურქეთი ასევე მრავლად ქმნიან მსგავს დაჯგუფებებს, რათა დიდი სახელმწიფოების შეჯიბრში თემატური და რეგონული წონა გაიზარდონ.
პარალელურად, არქიტექტორის ინსტინქტები გადასძალავს ხოლმე ლიდერებს ბევრ სხვა საშუალო ზომის სახელმწიფოში, ევროპა იქნება ეს, ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზი თუ ჩრდილო ამერიკა. მათ ჯერაც ვერ გამოუგლოვიათ მსოფლიო წესრიგი. კი აღიარებენ, რომ მიმდინარე პოლიტიკა რთულადაა წინასწარმეტყველებადი, მაგრამ სრულად ვერ აცნობიერებენ მომხდარი ცვლილების მასშტაბს. მათი სტრატეგიის არსი ხშირად ძველი წესრიგის რაღაც ელემენტების, მისი ფორმის შენარჩუნებაა, ოღონდ შინაარსის გარეშე - ამ შინაარსს ხომ სისტემას აშშ-ს მიერ მინიჭებული ლეგიტიმურობა და იძულების მექანიზმები აძლევდა. წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სავაჭრო სისტემაზე მობღაუჭების მაგალითია ჭაობში ჩაფლული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ასლის შექმნის მცდელობები, ანდა აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებზე იგივე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩივილი, საქციელი, რომელიც უაზრობით ძალიან წააგავს ვაკუუმში ყვირილს.
აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩივილი თავისი უაზრობით ძალიან წააგავს ვაკუუმში ყვირილს.
რამდენი სახელმწიფო ცდილობს ჯერ კიდევ კონფლიქტების გაეროს ან საერთშორისო სასამართლოს მეშვეობით მოგვარებას. ირლანდია, მაგალითად ესპანეთთან ერთად სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის საწინააღმდეგოდ შეტანილ სარჩელს შეუერთდა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში. ამ ამბავმა დიდი აურზაური კი გამოიწვია, მაგრამ ისრაელის საქციელსა და პოლიტიკაზე მას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ავსტრალიის საგარეო მინისტრი საუბრობს "საშუალო ზომის სახელმწიფოების მხრიდან გააქტიურებული დიპლომატიის ეპოქის" დადგომაზე, რომელიც, მისი აზრით გაამყარებს საერთაშორისო შეთანხმებებს და შინაარს შესძენს საერთაშორისო სამართალს. ეს "არქიტექტურული" პროექტები და ჩინეთისა და მისი მსგავსი ოსტატების მუშაობისაგან იმით განსხვავდება, რომ ისინი პირველ რიგში იურიდიული, სამართლებრივი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ცვლილების მიღწევას უკვე დრომოჭმული ჩარჩოებისადმი ერთგულების დეკლარირებით.
როცა ძველ, წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ წესებზე არ იდგა. ამ წესებს ზურგს უმაგრებდა კონკრეტული ძალა, ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სურვილი და საშუალება, რომ წესების დამრღვევისთვის არაპროპორციული ფასი გადაეხდევინებინა. მეორე მსოფლიო და ცივი ომის შემდგომი წესრიგის არქიტექტორები აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ მათ ამ წესების ძალით გამყარების რესურსი აღარ აქვთ. საშუალო ზომის ქვეყნებს არ შესწევთ ძალა უბრალოდ თავისი რესურსების დაჯამებით აცოცხლონ გარდასული სისტემა. ვეღარანაირი კოალიცია ვეღარ უშველის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, ვერ უზრუნველყოფს დოლარის შემდგომ ბატონობას, ვერ გახსნის ჰორმუზის ყურეს. პოლიტიკოსებს უყვართ არქიტექტორების ტერმინოლოგიით ლაპარაკი, იმიტომ რომ სჯერათ, რომ ეს ხალხს რწმენას ჩაუნერგავსო - სინამდვილეში, ასე ლაპარაკი პირიქით, ძირს უთხრის ამ პოლიტიკოსებისადმი რწმენას.
საშუალო ზომის ქვეყნებს არ შესწევთ ძალა უბრალოდ თავისი რესურსების დაჯამებით აცოცხლონ გარდასული სისტემა.
აშშ და მისი ყოფილი მოკავშირეები უნდა მიეჩვიონ ოსტატებივით აზროვნებას და მოქმედებას. თუ გულდასმით მოეკიდებიან ამ საქმეს, ეგებ აღმოჩნდეს, რომ უკეთ არიან მზად ამ როლისთვის, ვიდრე ფიქრობენ: მათი ისტორია სავსეა მოქნილობის და იმპროვიზაციის მაგალითებით.
არქიტექტორების ყურადღება სტაბილურობისკენაა მიპყრობილი, ოსტატები კი ქაოსისა და ცვლილებისთვის ემზადებიან. არქიტექტორებს უნდათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა ანდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სააპელაციო მექანიზმის განახლება. ეს დროის კარგვაა. ოსტატები უკვე მიჰყვებიან ახალ ტრაექტორიას. ჩინეთი, მაგალითად, არქტიკულ საბჭოში დამკვირვებელია. ეგებ ევროკავშირმაც უნდა ითხოვოს BRICS+ და შანხაის უსაფრთხოების ორგანიზაციის, ანდა სულაც სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის წევრობა დამკვირვებლის სტატუსით.
ვაჭრობის სფეროში, ხელოსნური მიდგომა იქნება ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადება, რომელიც კორიდორებისა და პორტების გარშემო შეიქმნება, მაგალითად ლობიტოს კორიდორში, რომელიც მინერალებით მდიდარ ცენტრალურ აფრიკას ატლანტიკის ოკეანესთან დააკავშირებს. ასეთი მიდგომა უფრო მომგებიანი ჩანს, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი შეთანხმებები, რომლებიც ევროკავშირმა ინდოეთთან და მერკოსურთან გააფორმა და რომელთა შესახებ მოლაპარაკებებს ათწლეულები დასჭირდა. იმის ნაცვლად, რომ გაეროს სპეციალური წარმომადგენლებად თავისი დიპლომატების დანიშნვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ავსტრალია, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ ჩაერთონ კონფლიქტების მოგვარებაში ისევე აქტიურად, როგორც ამას პაკისტანი და ყატარი აკეთებენ.
არქიტექტორებს სჯერათ, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ოსტატები კი მზად არიან შეეგუონ სხვადასხვა წესების ერთდროულ არსებობას. ევროკავშირის მსგავსმა გაერთიანებებმა წესების დამყარება ჯერ საკუთარ სამეზობლოში უნდა მოახერხონ და გავლენის გლობალურ მასშტაბზე პრეტენზიებს დაეხსნან, რადგან ეს დღეს შეუძლებელია. გლობალური ამბიციის მქონე რეგულაციები, როგორიცაა მაგალითად ევროკავშირის მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია, ნაკლებად ეფექტური გახდება, რადგან სხვა მოთამაშეები - მაგალითად ჩინეთი - აღარ მისდევენ ევროკავშირის წესებს. იგივე ეხება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გლობალურ ჩარჩოს. ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების დარგში გაჩაღებულმა კონკურენციამ იმაზე მეტი გააკეთა მავნე გამონაბოლქვის შემცირების საქმეში, ვიდრე ყველა კონფერენციამ ერთად აღებულმა. ევროპელები და დიდი ექვსეულის ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ უმკლავდებიან მიმდინარე გეოპოლიტიკურ მომენტს ბრაზილიელები, ინდოელები, ინდონეზიელები, რუსები და სამხრეთ აფრიკელები. თუ უნდათ, რისკებისგან თავი უკეთ დაიზღვიონ, უნდა შეხედონ, როგორ იქცევიან სხვები.
არქიტექტორებისთვის გლობალიზაცია სხვების შეცვლის საშუალებაა, ოსტატები კი ამ დროს იმ სისუსტეებზე ფიქრობენ, რასაც ურთიერთდამოკიდებულება აღრმავებს. ევროპას და მისი მოკავშირეებს იმაზე მეტი ბერკეტი აქვთ სახელმწიფოების მდგრადობის გასაზრდელად და მსოფლიოს სხვა ძალებთან გარიგებების მისაღწევად, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩინეთის შანტაჟისგან თავის დასაზღვევად ევროპას უბრალოდ შეუძლია ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ ჩინეთის ავიაპარკის ნახევარზე მეტი აირბუსის თვითმფრინავებისგან შედგება და უბრალოდ დაუგვიანოს კლიენტებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. აშშ ტარიფებზე საპასუხოდ, უბრალოდ ჩაუკეტოს ბაზარი ამერიკულ სოციალური მედიის კომპანიებს. თავისი სუვერენიტეტი რომ ჩინეთისგან დაიცვას, ტაივანს შეუძლია ბეიჯინგს გადაუკეტოს წვდომა თავის მიკროპროცესორებთან.
ასეთი ტაქტიკა უფრო თავდაცვითია, მაგრამ თუ განვითარება სურთ, ქვეყნებმა უნდა განამტკიცონ შიდა უსაფრთხოების სისტემა, სამრეწველო კონკურენტუნარიანობა, გაზარდონ სუფთა ენერგიის წარმოება და საერთაშორისო გავლენა. ამისათვის აუცილებელია ტექნოლოგიური სუვერენიტეტის მიღწევა. აქ არც ამერიკაზე დამოკიდებულებასთან შერიგება გამოვა და არც სრულიად დამოკუკიდებელი ტექნოლოგიური ციკლების შექმნაში მილიარდების ფლანგვა. უკვე არსებული ბერკეტების გამოყენებით, პარალელურად შეიძლება შემცირდეს მათ წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების ალბათობა და გაღრმავდეს არსებული ბუნებრივი უპირატესობები. 2023 წელს, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა აშშ კომპანია პალანტირს მიანიჭა კონტრაქტი მონაცემთა მართვის ახალი პლატფორმის შესაქმნელად. წელს ბრიტანეთის პოლიციამ გამოთქვა იმავე კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მხრივ. ამის მაგივრად შეიძლებოდა შინაური ფირმების წახალისება, ღია წყაროებში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად და სახაზინო ფულით კონტრაქტების დადებისას პროგრამული უზრუნველყოფის სრული გამჭვირვალობის მოთხოვნა დაკანონება. ერთ გამყიდველს არასოდეს უნდა ჩაუვარდეს ხელში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მთელი სისტემა.
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არქიტექტორები უსაფრთხოებას თავდაცვის გარე პერიმეტრის შემქმნელების ხედვით უდგებიან, მაშინ როცა ოსტატებმა იციან, რომ ქვეყნის დაცვა შიგნიდან ხდება. ევროპელმა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებმა უნდა გადაარჩინონ უსაფრთხოების ჩამოშლილი არქიტექტურისგან ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება - მაგალითად, ნატოს სამხედრო ოპერაციების მართვის სტრუქტურა - და მაქსიმალურად შეამცირონ დამოკიდებულება აშშ-ზე, როგორც უსაფრთხოების გარე გარანტზე.
არაა საჭირო ამისთვის აშშ-სთვის დამახასიათებელი, ძვირიანი, მაღალტექნოლოგიური სამხედრო მიდგომის კოპირება. უკრაინამ და ირანმა დაგვანახეს, რომ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ბევრად უფრო იაფიანი საშუალებები არსებობს. უფრო მარტივი ტექნოლოგიები საკმარისია, ისეთი შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად, რომლებსაც შესწევთ ძალა, შეაკავონ ტექნოლოგიური და რიცხობრივი უპირატესობის მქონე დიდი ქვყეანა. ამ ზღარბისებურ სტრატეგიას მომავალში ბევრი ქვეყანა გამოიყენებს, მოიმარჯვებს რა ტექნოლოგიურო რევოლუციის მონაპოვარს ქვეყნის თავდაცის გასაუმჯობესებლად და ტერიტორიის მაქსიმალურად დასაზღვევად კონფლიქტების ვირუსული გადმოდინებისაგან.
ევროპული ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სამხედრო პოტენციალის განვითარება, კბილებით და ფრჩხილებით ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთი და აშშ მათ უსაფრთხოებაზე მათი აზრის უკითხავად არ გარიგდნენ, და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში არსებული კონფლიქტებისაგან მეტი დისტანციის დაჭერა. იაპონიას და სამხერთ კორეასაც მოუწევთ კიდევ უფრო მეტი რესურსების ინვესტირება თავდაცვაში და ერთმანეთთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩინეთმა და აშშ-მ არ ჩააყენონ ისეთ ვითარებაში, სადაც სტრატგიული არჩევანი აღარ ექნებათ. აშშ-ს აღარ უნდა მსოფლიო პოლიციელი იყოს, მაგრამ მას მაინც მოუწევს ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლის თამაში, პარტნიორების წახალისება და არა მათი დამონება, თუნდაც ეს მათი თავდაცვის და ინფორმატიკის ინდუსტრიებისთვის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავდეს.
მსოფლიო წესრიგი ფუტურო იმაზე კარგა ხნით ადრე იყო, ვიდრე ტრამპი მეორე ვადით მოვიდოდა თეთრ სახლში. მისი საბოლოო რღვევისკენ მიმართული ძალები დღეს მოძლიერებულია და რღვევის ტემპები, სავარაუდოდ, გაიზრდება. მომდევნო ათწლეულებში ფეთქებად ცვლილებებს და კრიზისების ტალღას უნდა ველოდეთ და არა ძველი მსოფლიო წესრიგის დაბრუნებას ანდა ახლის შექმნას.
ჩინეთის კუდმომპალი სახლების მაცხოვრებლების არ იყოს, წარმატებული ლიდერი ის იქნება, ვინც საკუთარ განგებას საკუთარი ხელითვე ააშენებს და არა ის, ვინც შველას ახალ წესებსა და კანონებში ეძებს.
