> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „გენდერული იდეოლოგია“
- URL: https://evropis.moambe.eu/leksikoni-genderuli-ideologia/
- Published: 2026-09-30T10:36:49.000Z
- Updated: 2026-09-30T10:36:49.000Z
- Author: სარედაქციო
- Tags: ლექსიკონი

**ვატიკანის წიაღში 1990-იან წლებში შობილი გამოთქმა „გენდერული იდეოლოგია“ გლობალური კულტურული ომის მთავარ იარაღად და საბრძოლო დროშად იქცა რომის პაპების ანათემიდან დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო დეკრეტებამდე გაიარა გზა.**

2025 წლის 20 იანვარს, თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკრეტს, სახელწოდებით: *„ქალთა დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენა“*.

დოკუმენტი ყველა ფედერალურ სააგენტოს ავალდებულებდა, გაეუქმებინათ ნებისმიერი პოლიტიკა, რეგულაცია თუ კომუნიკაცია, რომელიც მიჩნეული იყო „გენდერული იდეოლოგიის წახალისებად“. დეკრეტმა გენდერული იდენტობის ყველა ცნება ჩაანაცვლა მკაცრად ბინარული კლასიფიკაციით, რომელიც ბიოლოგიურ სქესს ეფუძნება. შეწყდა იმ პროექტების ყოველგვარი დაფინანსება, რომლებიც კავშირში იყო „გენდერულ იდეოლოგიასთან“, რომელსაც დეკრეტი განმარტავდა, როგორც მიმდინარეობას, რომელიც „სქესის ბიოლოგიურ კატეგორიას ცვლის თვითშეფასებაზე დაფუძნებული გენდერული იდენტობის ცვალებადი ცნებით“.

ტერმინი „გენდერული იდეოლოგია“ თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში მყარად დამკვიდრდა, თუმცა მისი შინაარსი ბუნდოვანია. მას არ გააჩნია სამეცნიერო მნიშვნელობა და არც მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური დოქტრინის ნაწილია. პოლიტიკაში მისი გამოყენება ეფუძნება შიშს, რომ საფრთხე ემუქრება მამაკაცობისა და ქალურობის ტრადიციულ მოდელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გენდერული იდეოლოგია“ მოქმედებს არა როგორც კლასიკური იდეოლოგია, არამედ როგორც პოლიტიკური იარლიყი. ეს იარლიყი საშუალებას იძლევა, ერთ ქოლგის ქვეშ მოექცეს სრულიად განსხვავებული საკითხები: ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკა, ფემინისტური მოძრაობები, LGBTQI+ უფლებები, სექსუალური განათლება თუ გენდერული კვლევები.

### რა მოხდა პეკინში?

XX საუკუნის მიწურულს, განსაკუთრებით 1980-იან და 1990-იან წლებში, ფემინისტურმა თეორიამ დიდი აღიარება მოიპოვა როგორც აკადემიურ წრეებში, ისე საჯარო დებატებში. გენდერის, როგორც ანალიტიკური კატეგორიის აღიარებამ ხელი შეუწყო სოციალური დინამიკის უფრო ფართო გაგების დამკვიდრებას.

ამ მიმართულებით, გარდამტეხი მომენტი გახდა გაეროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია კაიროში (1994) და ქალთა მსოფლიო კონფერენცია პეკინში (1995). როგორც გაეროში აღნიშნავდნენ, „პეკინის მთავარი გარდატეხა იყო გენდერული მიდგომის დამკვიდრება“, რომლის მიხედვითაც „საზოგადოების მთელი სტრუქტურა და მასში ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული ურთიერთობები გადახედვას საჭიროებდა“. 

ამ მომენტიდან გენდერის ცნება დამკვიდრდა საერთაშორისო პოლიტიკაში, და მჭიდროდ დაუკავშირდება ადამიანის უფლებებისა და განვითარების საკითხებს. ტერმინმა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ აკადემიური ხასიათისა იყო, ეტაპობრივად შეაღწია პოლიტიკურ დებატებში, საკანონმდებლო სივრცეში, ადვოკატირების პოლიტიკასა და, ფართო გაგებით, საჯარო დისკურსში.

გენდერის ცნების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად გაძლიერდა წინააღმდეგობაც, განსაკუთრებით კონსერვატიულ და რელიგიურ წრეებში. ცხადია, რომ გენდერული კვლევებისა თუ თანასწორობის პოლიტიკის კრიტიკა მხოლოდ ულტრამემარჯვენეებისგან არ მომდინარეობს. მას თან ახლდა სრულიად ლეგიტიმური ფილოსოფიური, რელიგიური და სამეცნიერო დებატებიც. 

თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ იარლიყი „გენდერული იდეოლოგია“ აკადემიურ სიზუსტეს მოკლებულია, განსხვავებული დისკურსული ჩარჩოები ერთმანეთში აირია და, საბოლოო ჯამში, ერთი საერთო მტრის ხატებამდე დავიდა. გაეროს კონფერენციების კვალდაკვალ, სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო მობილიზაცია იმ მოვლენის წინააღმდეგ, რასაც ისინი ტრადიციული საოჯახო სტრუქტურებისა და სოციალური ნორმების ეჭვქვეშ დაყენებად აღიქვამდნენ.

კათოლიკური ეკლესია, განსაკუთრებით შეშფოთებული იყო გენდერისა და სექსუალობის შესახებ დებატებით და თავდარპირველად მოწინავე ხმად იქცა იმის გმობაში, რასაც თავად „გენდერულ იდეოლოგიას“ უწოდებს. ეს განსაკუთრებით იოანე პავლე მეორისა (1978–2005) და ბენედიქტე XVI-ის (2005–2013) პაპობის პერიოდს ახასიათებდა. 

უნდა ითქვას, რომ იმავე პერიოდში ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციაში გარკვეული წინსვლაც აღინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ეკლესია გენდერული თანასწორობის პოლიტიკასა და LGBTQI+ პირების უფლებებს წარმოაჩენდა, როგორც ღვთის მიერ დადგენილი „ბუნებრივი წესრიგის“ ხელყოფას და აქტიურად ცდილობდა გენდერის, როგორც პოლიტიკური და სოციალურ კატეგორიის დელეგიტიმაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ეს მობილიზაცია განსაკუთრებით ძლიერი იყო იმ ქვეყნებში, სადაც კათოლიკური ეკლესია ინარჩუნებს მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ გავლენას — როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ესპანეთი და ხორვატია.

### ვატიკანის ანათემიდან სეკულარულ ლექსიკონამდე

1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ტერმინი „გენდერული იდეოლოგია“ კონსერვატიული კონტრშეტევის ცენტრალურ ცნებად იქცა. თავის იდეოლოგიურ ანდერძში, წიგნში *„მეხსიერება და იდენტობა“*, რომის პაპი იოანე პავლე მეორე ღიად აკრიტიკებდა ევროპარლამენტის ზეწოლას ერთნაირსქესიანთა კავშირებისა და შვილად აყვანის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით და ამას „ბოროტების იდეოლოგიას“ უკავშირებდა. პაპის თქმით, ეს იდეოლოგიები, რომლებიც კომუნიზმისა და ნაციზმის შემდეგ გაჩნდნენ, „შესაძლოა მათზე უფრო ეშმაკური და შეფარულიც კი იყოს,“ რადგან ისინი ცდილობენ „ადამიანის უფლებები გამოიყენონ ზოგადად კაცობრიობისა და ოჯახის წინააღმდეგ“.

უკვე 1997 წელს ამერიკელი კათოლიკე ესეისტი დეილ ო’ლირი (Dale O'Leary) ამხელდა „გენდერულ დღის წესრიგს“, რომელიც, მისი თქმით, გაეროს კონფერენციებიდან დაიბადა. საოჯახო საქმეთა პონტიფიკალურმა საბჭომ 2003 წელს მიუძღვნა *Lexicon*\-ი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ არსებულ „ბუნდოვან და სადავო ტერმინებს“. რწმენისა და დოქტრინის კონგრეგაციის წერილი, რომელსაც 2004 წელს ხელი მოაწერა კარდინალმა ჯოზეფ რატცინგერმა (შემდეგში პაპმა), აკრიტიკებდა ახალ მიდგომებს და ამბობდა, რომ ისინი ამცირებდნენ „სხეულებრივ სხვაობას, რომელსაც სქესი ეწოდება“, „წმინდა წყლის კულტურული განზომილების, ანუ გენდერის სასარგებლოდ“. ამ წერილმა თავი მოუყარა ფემინისტური თეორიის, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებისა და LGBTQI+ უფლებების პირველი ელემენტების საწინააღმდეგოდ მიმართულ კრიტიკას. ეს დისკუსია თეოლოგიური დებატების დონეზე არ დარჩენილა – ის ეტაპობრივად გადაითარგმნა საჯარო პოლიტიკის ენაზე, სადაც მეცნიერება, ფსიქოლოგია და ბავშვის განვითარება ლეგიტიმაციის ინსტრუმენტებად იქცა. შემდგომში ეს კრიტიკა აიტაცეს კონსერვატიულმა მოძრაობებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ანალიტიკურმა ცენტრებმა მრავალ ქვეყანაში. 

„გენდერული იდეოლოგია“ როგორც ტერმინი, ამ პოლიტიკურ ჩარჩოში გამოიყენება როგორც კოდური სიტყვა, როგორც ევფემიზმი, რომელიც აღნიშნავს თანასწორობისა და ადამიანის უფლებების სფეროში პროგრესული პოლიტიკისადმი წინააღმდეგობას.

თუმცა, კათოლიკური ეკლესიის მიერ შემუშავებული თეოლოგიური ჩარჩო დამოუკიდებლად ვერ გადაითარგმნებოდა პოლიტიკურ მოქმედებად და თავისთავად არც მონოლითური ყოფილა. ეს საქმე ითავეს ძირითადად ამერიკულმა კონსერვატიულმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა *Alliance Defending Freedom* (ADF), *Family Research Council* და *Heritage Foundation.* მათი ქსელების მეშვეობით „გენდერული იდეოლოგიის“ კრიტიკა გარდაიქმნა იურიდიულ და პოლიტიკურ ენად, თეოლოგიური პროტესტი გადაითარგმნა სამოქალაქო-პოლიტიკურ დისკურსად, რომელიც იშველიებდა მეცნიერებას, ბავშვთა დაცვასა და მშობელთა უფლებებს.

როგორც სხვა ულტრამემარჯვენე ცნებების შემთხვევაში ვნახეთ, ტერმინის მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა უკავია მის გავრცელებაში. კონტექსტის მიხედვით, „გენდერული იდეოლოგია“ მოქმედებს როგორც ჩარჩო-მექანიზმი, რომელიც ერთად უყრის თავს განცალკევებულ სფეროებს - სამართალს, ჯანდაცვას, განათლებას, კვლევას - ერთი განმარტებითი კატეგორიის შიგნით. 

კიდევ ერთი არსებითი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ მოწინააღმდეები ცდილობენ ეს დებატი სამეცნიერო დაპირისპირებად წარმოადგინონ: გენდერული კვლევებიდან, სოციოლოგიიდან თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან მიღებულ ცოდნას უპირისპირდებენ „ბიოლოგიას“, „ბუნებრივ წესრიგს“ ან „საღ აზრს“, რომლებიც წარმოჩენილია ცოდნის ნეიტრალურ და თავისთავად ცხად ფორმებად. სინამდვილეში საქმე გვაქვს არა იმდენად სამეცნიერო დებატებთან, რამდენადაც ბრძოლასთან თავად ცოდნის ლეგიტიმურობის შესახებ.

### გლობალიზებული საბრძოლო ყიჟინა

**შეერთებულ შტატებში** ეს დინამიკა იქაურ კულტურულ ომებს კარგად მოერგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები (განსაკუთრებით 2015 წლის გადაწყვეტილება ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზების შესახებ) კონსერვატიულმა წრეებმა ოჯახური წესრიგის რღვევად აღიქვეს. 2010-იანი წლებიდან შტატების დონეზე დაიწყო ისეთი კანონპროექტების წარდგენა, რომლებიც ზღუდავდნენ ტრანსგენდერთა უფლებებსა და სექსუალურ განათლებას.

2024 წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნო კამპანიისას, დონალდ ტრამპმა პირობა დადო: 

> *„ჩვენ გადავდგამთ ისტორიულ ნაბიჯებს, რათა დავამარცხოთ გენდერული იდეოლოგიის ტოქსიკური საწამლავი“*. 

ამგვარად, აშშ-მა რელიგიური მატრიცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია და მისი ექსპორტი ევროპასა და ლათინურ ამერიკაში დაიწყო.

ევროპაში ეს ტერმინი განსაკუთრებით გააქტიურდა ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებების შესახებ დებატებში, ისევე, როგორც სკოლებში გენდერული თანასწორობის სწავლების პროგრამების წინააღმდეგ მიმართულ აქციების სახით. 

**საფრანგეთში** 2013 წელს მიღებული კანონით შესაძლებელი გახდა ერთნაირი სქესის პირებს შორის ქორწინება. კანონის წინააღმდეგ მობილიზაციაში ჩართული მოწინავე მოძრაობა *La Manif pour tous* („მანიფესტაცია ყველასათვის“) ავრცელებს აზრს, რომ ბავშვებს თავს ახვევენ „გენდერის თეორიას“ და ჭორებს, რომ თანასწორობის პროგრამის ფარგლებში ბავშვებს სკოლებში ასწავლიან „გენდერის თეორიას“. ამას მოჰყვა კამპანია სკოლებიდან ბავშვების გამოსაყვანად და ბოლოს, 2014 წელს თანასწორობის პროგრამების გაუქმებაც. ბრძოლა ამით არ დამთავრებულა - ტრანსგენდერი მოსწავლეების სკოლაში ინტეგრაციის შესახებ სამინისტროს ცირკულარი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ერიკ ზემურმა 2021 წელს „კრიმინალურად“ მოიხსენია, 2022 წელს კი ამბობდა რომ მისი მიზანი „ტრანსსექსუალობის პოპულარიზაცია“ იყო.

ანტიგენდერული მოძრაობები ხშირად „ბავშვების დაცვის“ ლოზუნგით მოქმედებენ. ეს საქმე მორალურ მოვალეობად არის გასაღებული: ვითომ ყველაზე დაუცველებს იცავენ იმისგან, რასაც იდეოლოგიურ ინდოქტრინაციად (ტვინის გამორეცხვად) მიიჩნევენ.  
  
**იტალიაში** ამ რიტორიკის ტრანსნაციონალური ხასიათი განსაკუთრებით თვალსაჩინო 2022 წლის 12 ივნისს გახდა. ამ დღეს პარტია *Fratelli d'Italia*\-ს ლიდერმა და იტალიის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, ესპანური ულტრამემარჯვენე პარტია *Vox*\-ის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დიახ - ბუნებრივ ოჯახს, არა - ლგბტ ლობის! დიახ - სექსუალურ იდენტობას, არა - გენდერულ იდეოლოგიას!“. მელონი თავს ტრადიციული ოჯახის დამცველად წარმოაჩენს და ამავდროულად ანტიაბორტულ მოძრაობებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. მსგავსი მოძრაობა მოქმედებს ესპანეთშიც, რომელიც პედრო სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ კამპანიას დევიზით „ჩემი შვილები, ჩემი არჩევანი“ აწარმოებდა.

**უნგრეთში**, 2018 წელს, ვიქტორ ორბანმა უნივერსიტეტებს გენდერული კვლევების პროგრამებზე დიპლომების გაცემა აუკრძალა იმ მოტივით, რომ „გენდერი იდეოლოგიაა და არა მეცნიერება“. 2020 წელს ორბანის მთავრობამ კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „დედა არის ქალი, ხოლო მამა - მამაკაცი“, რითაც ეს დებულება იურიდიულ ნორმად აქცია. 2023 წელს ორბანი კიდევ უფრო შორს წავიდა და კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა: 

> „ვოუქ მოძრაობა და გენდერული იდეოლოგია ზუსტად იგივეა, რაც თავის დროზე კომუნიზმი და მარქსიზმი იყო“.
  
  
**პოლონეთშიც** მსგავსად წარიმართა დისკუსია LGBTQI+ თემისა და სექსუალური განათლების გარშემო, რაც მალევე პოლიტიკური ბრძოლის განუყოფელ ნაწილად იქცა. აქ „გენდერულ იდეოლოგიასთან დაპირისპირება“ ნაციონალისტური დღის წესრიგისა და კულტურული სუვერენიტეტის დაცვის კონტექსტში განიხილებოდა. ამ დაპირისპირებამ ყველაზე მკაფიო პოლიტიკური გამოხატულება 2019 წელს ჰპოვა: მას შემდეგ, რაც ვარშავის მერმა მხარი დაუჭირა LGBTQI+ ადამიანებს და სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმო, ხოლო საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი რამდენიმე რეგიონი „ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადა. როგორც პოლონეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში, „გენდერული იდეოლოგიის“ კრიტიკა ხშირად ანტიევროპული დისკურსის შემადგენელი ნაწილია. მას გარედან თავსმოხვეულ საფრთხედ წარმოაჩენენ, ევროკავშირს კი ეროვნული სუვერენიტეტის შელახვასა და წევრი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

2010-იანი წლების მეორე ნახევარში ანტიგენდერული კამპანიების გამძაფრება შემთხვევითი არ ყოფილა. ეს პერიოდი დაემთხვა ახალი ფემინისტური ტალღის აღმავლობას: მასობრივ მობილიზაციას როგორც ესპანეთში, ისე ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ არაერთ ქვეყანაში, ფემინისტურ გაფიცვებს პოლონეთსა და არგენტინაში (განსაკუთრებით აბორტის უფლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ირგვლივ) და 2017 წლის შემოდგომაზე #MeToo მოძრაობის გლობალურ აფეთქებას. ამ ყოველივეს საპასუხოდ გაჩნდა მძლავრი კონსერვატიული რეაქცია, რომელმაც „გენდერული იდეოლოგია“ ეტაპობრივად ერთ-ერთ მთავარ საფრთხობელად აქცია.

### რუსეთი „დასავლური დეკადანსის“ წინააღმდეგ

სექსუალური თავისუფლებისა და „გენდერული იდეოლოგიის“ წინააღმდეგ ბრძოლა პუტინის რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო დოქტრინულ მახასიათებლად იქცა. რეჟიმმა კონსერვატიული, მათ შორის სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებული, იდეოლოგიის წინ წამოწევა 2011–2012 წლებში დაიწყო. თავდაპირველად ამას ძირითადად შიდაპოლიტიკური მოტივაცია ედო საფუძვლად: პუტინის საწინააღმდეგო მასობრივი პროტესტის ჩახშობის შემდეგ, კრემლმა კონსერვატიული რიტორიკა ლიბერალური და ახალგაზრდული კულტურის წინააღმდეგ მიმართა, რასაც 2012 წელს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება მოჰყვა. 2013 წელს, „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანი „თანამედროვე სამყაროში იდენტობის დაცვის სტრატეგიების შემუშავება“ იყო. მან განავითარა თეზისი, რომლის მიხედვითაც: „ევროატლანტიკური სახელმწიფოები უარყოფენ ფესვებს, მათ შორის ქრისტიანულ ღირებულებებს \[...\] უარყოფენ მორალურ პრინციპებს და ტრადიციულ იდენტობას: ეროვნულს, კულტურულს, რელიგიურსა და სექსუალურსაც კი“.

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კონსერვატიულად გაგებული „ოჯახური ღირებულებები“ საერთაშორისო დონეზეც კრემლის იდეოლოგიურ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ ლოზუნგებით რუსეთი უპირისპირდება [„დაღმასვლის გზაზე“](https://evropis.moambe.eu/dasavletis-dagmasvla/) დამდგარ დასავლეთს, რაშიც მისი მთავარი მოკავშირე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გახდა. მკვლევარებმა დამაჯერებლად უჩვენეს, რომ დასავლეთის, მათ შორის ნატოს, სექსუალურ აღვირახსნილობაში დადანაშაულება, ევროკავშირის პოლიტიკის ასოცირება ტრადიციული ღირებულებების რღვევასთან ზოგადად ევროპაში და განსაკუთრებით რუსეთის სამეზობლოში იქცა კრემლის პროპაგანდის და დეზინფორმაციის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად. ამავე ნიადაგზე, მოსკოვმა გაააქტიურა დასავლეთის ულტრამემარჯვენე პარტიებთან „იდეოლოგიური ერთობის“ ნარატივი და მჭიდრო კონტაქტები დაამყარა როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში მსგავსი იდეოლოგიის მოძრაობებთან, მათ შორის ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ განვითარებასთან დაკავშირებული რეგულარული კონფერენციების სახით. „გენდერული იდეოლოგიის“ წინააღმდეგ ბრძოლა იდეალურად ჩაჯდა ამ ნარატივში: რუსეთი აცხადებს რომ იცავს, „მორალურ სუვერენიტეტს“, რასაც ახორციელებს ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიმართული კანონების გამკაცრებით, ჰომოფობიის გამოყენებით პოლიტიკური დღის წესრიგში, ოპონენტების დისკრედიტაციისათვის, მედიაში „გენდერული და LGBTQ+ იდეოლოგიის პროპაგანდის“ აკრძალვებით. კრემლის ხელში, ქვეყნის შიგნით კონტროლის გამკაცრებისათვის მომარჯვებული იდეოლოგიური კონსერვატიზმი თანმიმდევრულად გარდაისახა საერთაშორისო პოლიტიკის და გავლენის ინსტრუმენტად.

### დასკვნის მაგიერ

დღეს გამოთქმა „გენდერული იდეოლოგია“ იქცა უნივერსალურ, „ყველაფრისმომცველ“ ფორმულად, რომელიც გამოიყენება გენდერისა და სექსუალობის თანამედროვე კონცეფციებისადმი წინააღმდეგობის გამაერთიანებლად. ის კონსერვატიული მოძრაობებისათვის ბრძოლისკენ მოწოდებაა, ბრძოლისა, რომელიც გენდერული თანასწორობის სფეროში მიღწეულ პროგრესს წარმოაჩენენ, ტრადიციული ღირებულებებისთვის, ან თუნდაც თავად დასავლური ცივილიზაციისთვის სასიცოცხლო საფრთხეს. 

ეს რიტორიკა ამარტივებს რთულ თემებს, როგორიცაა იდენტობები, უფლებები, ცხოვრებისეულ გამოცდილება, თანასწორობა, და ისინი დაჰყავს ერთგვაროვან და ნეგატიური კონოტაციით დატვირთულ კარიკატურამდე, რომელსაც „გენდერული იდეოლოგიის“ იარლიყს აწებებებენ. 

თუმცაღა საერთო მტრის ხატის შექმნით „გენდერული იდეოლოგიის“ ცნება სრულიად რეალურ პოლიტიკურ შედეგებს იწვევს: ის ცვლის როგორც საჯარო პოლიტიკას, ისე იმ ადამიანების ყოფას, რომელთაც უშუალოდ იღებს მიზანში.  

[Idéologie du genreDu Vatican à la Maison-Blanche, comment une guerre culturelle mondiale cherche à devenir une nouvelle croisade.![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/cropped-Capture-de-CC-81cran-2021-03-20-a-CC-80-19.21.51-270x270-176e5c60-3f8a-4329-b5c1-69d2e7e7c38d.png)Le Grand ContinentLouis Puel![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/gc-share-genre-0a590db2-06e0-429b-a711-c7edce521b2c.png)](https://legrandcontinent.eu/fr/2026/08/20/ideologie-du-genre/?ref=evropis.moambe.eu)

ჩვენი სტატია ნაწილობრივ ეყრდნობა ფრანგულ პირველწყაროს