მარკ კარნი დავოსის ფორუმზე

სრული ტექსტი

მარკ კარნი დავოსის ფორუმზე

გუშინ კანადის პრემიერმა, მარკ კარნიმ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს საპროგრამო გამოსვლით მიმართა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ გამოსვლის სრულ ტექსტს. თარგმნა მარი გაბედავამ.


დღეს გესაუბრებით მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, ლამაზი ისტორიის დასასრულსა და ძალადობრივი რეალობის განთიადზე, სადაც დიდ ძალებს შორის გეოპოლიტიკურ ბრძოლას აღარაფერი ზღუდავს.

და ამავე დროს გეტყვით, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კანადის მაგვარი საშუალო ძალები, უძლურები არ ვართ. ჩვენ შეგვიძლია ახალი წერიგი შევქმნათ, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, მდგრადი განვითარება, სოლიდარობა, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

ნაკლებად ძლიერების ძალის გამოვლენა გულწრფელობთ იწყება.

ყოველდღე ახალი მოვლენა შეგვახსენებს, რომ დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ. რომ კანონიერებაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი სრულდება. რომ „ძლიერები იმას სჩადიან, რაც შეუძლიათ, სუსტები კი მოსათმენს ითმენენ.”

თუკიდიდეს ეს აფორიზმი ისე მოჰყავთ, თითქოს ის გარდაუვალი იყოს, ასახავდეს საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივ ლოგიკას. ამ ლოგიკას თუ მიყვები, ქვეყნების უმრავლესობა ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. შეგუებას, რომ ხათაბალაში არ გაეხვეს. იმ იმედით, რომ მორჩილება უსაფთხოებას მოიტანს.

არ მოიტანს.

მაშ, რა არჩევანი გვაქვს?

1978  წელს, ჩეხმა დისიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესსე “ძალა უძალოთა”. მასში ის მარტივ კითხვას სვამს - როგორ შეინარჩუნა კომუნისტურმა სისტემამ თავი?

მისი პასუხი ხილობოსტნეულის მაღაზიის პატრონის ამბით იწყება. ყოველ დილით ეს კაცი თავისი მაღაზიის ვიტრინაში გამოფენს ლოზუნგს: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” ამ ლოზუნგის გამყიდველს არ სწამს, მაგრამ მაინც გამოდებს ხოლმე, რომ პრობლემებს თავი აარიდოს, რომ ასე აჩვენოს თავისი მორჩილება მთავრობისადმი, იმისთვის, რომ გადარჩეს. როცა ყველა მოვაჭრე, ყველა ქუჩაზე ასე იქცევა, სისტემაც თავს ინარჩუნებს.

არა მხოლოდ ძალადობის მეშვეობით, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ რიტუალებში ისე, რომ არ სწამთ მათი არსისა.

ჰაველი ამას “ტყუილში ცხოვრებას” ეძახის. სისტემის ძალა ჭეშმარიტების ქადაგებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ყველას მზაობიდან, ისე მოიქცნენ, თითქოს ის სიმართლეს ღაღადებდეს. სისტემის სისუსტის წყაროც იგივეა - როცა თუნდაც ერთი ადამიანი წყვეტს თვალთმაქცობას, როცა გამყიდევლი აღარ გამოფენს ლოზუნგს, მაშინ ილუზიას ბზარი უჩნდება.

მოვიდა დრო, კომპანიებმა და ქვეყნებმა ლოზუნგები ჩამოვხსნათ. 

ათწლეულების მანძილზე, კანადისნაირი ქვეყნები კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის პირობებში ლაღად ცხოვრობდნენ. ჩვენ ვუერთდებოდით ინსტიტუტებს, ვაქებდით მათ პრინციპებს და ვხეირობდით მათი განჭვრეტადობით. ამ სისტემით დაცულები, ღირებულებებზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკას ვატარებით.

მაშინაც ვიცოდით, რომ კანონზე დამყარებული წესრიგი ნაწილობრივ ყალბი იყო. რომ ძლიერები მაშინ ივიწყებდნენ წესებს როცა ასე აწყობდათ. რომ საერთაშორისო ვაჭრობის წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა. და რომ საერთაშორისო სამართალი უთანასწოროდ ხორციელდებოდა - გააჩნია ვინ იყო ბრალდებული და ვინ იყო მსხვერპლი. 

ამ წესრიგის თეორიული არსებობა მაინც სასარგებლო იყო. ამერიკული ჰეგემონია საჯარო სიკეთეს ქმნიდა - ღია საზღვაო ვაჭრობას, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და კონფლიქტების გადაჭრისათვის აუცილებელ ჩარჩოებს.

ამიტომაც ვმონაწილეობდით სისტემის აღიარების რიტუალებში და თვალს ვარიდებდით უფსკრულს რიტორიკასა და რეალობას შორის.

ეს გარიგება ვეღარ იმუშავებს.

პირდაპირ გეტყვით: ჩვენ რღვევის მოწმენი ვართ და არა გარდამავალი ეტაპისა.

წარსული ორი ათწლეულის განმავლობაში, ფინანსების, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და გეოპოლიტიკის სფეროებში მიმდინარე კრიზისმა გააშიშვლა ის რისკები, რაც უკიდურესმა გლობალური ინტეგრაციამ მოიტანა.

უკანასკნელ ხანებში, დიდმა ქვეყნებმა დაიწყეს ეკონომიკური ინტეგრაციის გამოყენება იარაღად, ტარიფებისა - ზეწოლის ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურისა - იძულების ინსტრუმენტად. ერთმანეთთან გადაჯაჭვული მიწოდების ქსელები ჩაითვალა სისუსტედ, რომლის გამოყენებაც შეიძლება.

ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის ტყუილში ვეღარ ვიცხოვრებთ, თუკი ეს ინტეგრაცია დამორჩილების იარაღად იქცევა. 

მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომელსაც საშუალო სიდიდის სახელმწიფოები ვენდობოდით - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო, გარემოს დაცვის ორგანიზაცია - ახლა დამცრობილია.

შედეგად, ბევრი ქვეყანა მსგავს დასკვნას აკეთებს: საჭიროა მეტი ავტონომია. ენერგეტიკაში, სურსათის, კრიტიკული მინერალების, ფინანსების, მიწოდების ჯაჭვის მხრივ.

გასაგებია საიდან მოდის ეს იმპულსი: ქვეყანა რომელიც თავს ვერ კვებავს, საწვავით ვერ უზრუნველყოფს ან თავს ვერ იცავს, მოწყვლადია. როცა წესები აღარ გიცავს, თავი უნდა დაიცვა.

მოდით, ფხიზლად შევხედოთ ყოველივე ამის შედეგს: მსოფლიო, რომელიც ციხესიმაგრეებისგან შედგება იქნება უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი. 

კიდევ ერთ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი: თუკი დიდი ქვეყნები თავსაც კი აღარ იწუხებენ წესების და ღირებულებების ხსენებით და შეუზღუდავად ამკვიდრებენ თავის ძლიერებასა და ინტერესებს, “ტრანზაქციონიზმის” მოგება მცირდება. ჰეგემონები კარგ ურთიერთობების მომიზეზებით მოკავშირეებისგან დაუსრულებლად ვერ ამოქაჩავენ მოგებას. 

მოკავშირეები აუცილებლად დაიწყებენ კავშირების დივერსიფიკაციას, რათა გადააზღვიონ გაურკვევლობის რისკები. დაიზღვევენ თავს და გაიზრდიან არჩევანის სპექტრს. ამგვარად აღდგება სუვერენიტეტი - რომელიც ადრე წესებს ეყრდნობოდა, ახლა კი სულ უფრო დაეფუძნება უნარს, გაუძლო ზეწოლას.

როგორც ვამბობდი, რისკების ასეთ, კლასიკურ მართვას თავისი ფასი აქვს, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიის, სუვერენტიტეტის ამ ფასის გაზიარებაც შეიძლება. ერთად გამძლეობის უზრუნველყოფა ცალ-ცალკე ციხესიმაგრეების მშენებლობაზე იაფია. სტანდარტების ერთიანობა ფრაგმენტაციას ამცირებს. ურთიერთშემავსებელი თანამშრომლობა ყველასთვის სასარგებლოა.

საშუალო ზომის ქვეყნებისათვის, როგორიც კანადაა, საკითხავი ის არაა, უნდა შევეგუოთ თუ არა ამ ახალ რეალობას. შეგუება მოგვიწევს. კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ შევეგუებით მას, უფრო მაღალ კედლებს ამოვიშენებთ გარშემო, თუ რამე უფრო ამბიციური შეგვიძლია მოვიმოქმედოთ.

კანადა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მაღვიძარის ხმა კარგად გაიგო და სტრატეგიული პოზიციის საფუძვლიანად შეცვლა დაიწყო.

კანადელებმა იციან, რომ ძველ,  ჩვენთვის კომფორტიული დაშვებას, რომ გეოგრაფიული მდგომარეობა და ალიანსების წევრობა ავტომატურად მოგვცემდა კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, ყავლი გაუვიდა. 

ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ შტუბმა „ღირებულებებზე დაფუძნებული რეალიზმი” უწოდა, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ - გვინდა ვიყოთ პრინციპულებიც და პრაგმატულებიც.

პრინციპულები, როცა საქმე ეხება ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, გაეროს  ქარტიის შესაბამისად ძალის გამოყენების აკრძალვას და ადამიანის უფლებების დაცვას. 

პრაგმატულები იმის გააზრებაში, რომ პროგრესი ხშირად ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის, რომ ინტერესები ერთმანეთს სცდება, რომ ყველა პარტნიორი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ კავშირებს ვამყარებთ ფართოდ, სტრატეგიულად, ფხიზლად. ჩვენ აქტიურად ვიღებთ სამყაროს, ისეთად, როგორიც ის არის, არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა, რომ იყოს.

კანადა სხვებთან ურთიერთობებს ისე გადააწყობს, რომ მათი სიღრმე ჩვენს ღირებულებებს შეესატყვისებოდეს. ჩვენი პრიორიტეტია ურთიერთობების სპექტრის ისე გაფართოება, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი გავლენა, მსოფლიო წესრიგის არამდგრადობის და აქედან გამომდინარე რისკებისა და შესაძებლობების გათვალისწინებით. 

ჩვენ მხოლოდ ჩვენი ფასეულობების ძალას აღარ ვეყრდნობით, არამედ ვაფასებთ ძალასაც. და ამ ძალას კი სამშობლოშივე ვზრდით.

რაც ჩემი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ შევამცირეთ გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და ბიზნეს ინვესტირებაზე, მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი პროვინციებს შორის ვაჭრობაზე და სწრაფი ტემპებით მივმართავთ ტრილიონდოლარიან ინვესტიციას ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო კორიდორებში და სხვა მიმართულებებით.

ჩვენ ვაორმაგებთ თავდაცვის დანახარჯებს 2030 წლისთვის და ამას ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებით ვაკეთებთ.

ჩვენ სწრაფად ვეწევით საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციას. უკვე მივაღწიეთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირთან, მათ შორის, ევროკავშირის თავდაცვის შესყიდვების სისტემა SAFE-თან მიერთების ჩათვლით.

ბოლო ექვს თვეში ხელი მოვაწერეთ კიდევ თორმეტ სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმებას ოთხ კონტინენტზე. 

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ შევათანხმეთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობები ჩინეთსა და კატართან.

ახლა მიმდინარეობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მუშაობა ინდოეთთან, ასეანის ჯგუფთან, ტაილანდთან, ფილიპინებთან და მერკოსურთან.

გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ ცვალებად გეომეტრიას ვიყენებთ - სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა კოალიციას ვქმნით, ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.

უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვარ მოსურნეთა კოალიციის ძირითადი წევრი და ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეგვაქვს მისი თავაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

არქტიკის სუვერენიტეტის საკითზე ჩვენ მტკიცედ ვუდგავართ მხარში გრანლანდიასა და დანიას და სრულად ვუჭერთ მხარს მათ ექსკლუზიურ უფლებას, თავად გადაწყვიტონ გრენლანდიის მომავალი. ნატოს მე-5 მუხლის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია.

ჩვენ ვმუშაობთ ნატო-ში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად (მათ შორის, სკანდინავიელებსა და ბალტიელებთან), რომ უკეთ დავიცვათ ალიანსის ჩრდილო და დასავლეთ ფლანგები, მათ შორის, კანადის უპრეცედენტო ინვესტიციებით ჰორიზონტსმიღმა ხედვის რადარებში, წყალქვეშა ნავებში, თვითმფრინავებსა და ადგილზე მყოფ ჯარისკაცებში. კანადა მტკიცედ ეწინააღმდეგება გრანლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და ყველას მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ, რომ არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყველასთვის საერთო მიზნებს მივაღწიოთ.

მრავალმხრივ ვაჭრობას რაც შეეხება, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ძალისხმევას, რომ ავაგოთ ხიდები წყნარი ოკეანის აუზსა და ევროკავშირს შორის, რაც მილიარდნახევარი ადამიანით დასახლებულ ახალ სავაჭრო ბლოკს შექმნის.

კრიტიკული მინერალების საკითხზე ჩვენ ვაყალიბებთ დიდ შვიდეულზე დაფუძნებულ შემსყიდველთა კლუბს, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კონცენტრირებული მიწოდების ალტერნატივა შეექმნას.

ხელოვნური ინტელექტის საკითხზე ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიულ ქვეყნებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბოლოოდ იძულებულები არ ვიყოთ, არჩევანი მხოლოდ ჰეგემონებსა და ინფრასტრუქტურის კერძო ჰიპერ-მომწოდებლებს შორის გვქონდეს. 

ეს არაა გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დამცრობილი ინსტიტუტების იმედზე ყოფნაა.  ჩვენ ვაშენებთ კოალიციებს, რომლებიც მუშაობს, კონკრეტულ საკითხებზე, იმ პარტნიორებთან, რომლებთანაც  საკმარისი გვაქვს საერთო, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ. ზოგ შემთხვევაში ეს ქვეყნების დიდი უმრავლესობა იქნება.

ჩვენ ვქმნით კავშირების მჭიდრო ქსელს ვაჭრობის, ინვესტირების, კულტურის საკითხებზე, რომელსაც სამომავლო პრობლემებსა და შესაძლებლობებზე მუშაობისას შეგვიძლია დავეყრდნოთ.

საშუალო ზომის ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან თუ მაგიდასთან არ ზიხარ, მაშინ კერძი ხარ დიდების მენიუში. 

დიდ ქვეყნებს აქვთ ფუფუნება, მარტო იყონ. მათ აქვთ საკმარისი ბაზრის სიდიდე, სამხედრო შესაძლებლობები და წონა, რომ წესები დააწესონ. მაგრამ თუ ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივად ვაჭრობ, მაშინ სუსტი პოზიციიდან ვაჭრობ. იმას იღებ, რასაც გთავაზობენ. ერთმანეთს ვექიშპებით, რომელი უფრო დამყოლი ვიქნებით.

ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის სუვერენულობანას თამაში და სინამდვილეში კი მორჩილების აღიარება. 

სამყაროში, სადაც დიდი ძალები ქიშპობენ, შუაში მოქცეულ ქვეყნებს არჩევანი აქვთ - ან ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ პრივილეგიებისთვის, ან შეკავშირდნენ და შექმნან მესამე გზა, რომელსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

შიშველი ძალის მნიშვნელობის ზრდამ არ უნდა დაგვაბრმავოს და დაგვავიწყოს, რომ ლეგიტიმურობას, პატიოსნებას და წესებს ძალა ისევ ექნება, თუკი გადავწყვეთ, ისინი ერთად მოვიხმაროთ. 

ამას კი ისევ ჰაველთან მივყავართ.

რას ნიშნავს „სიმართლეში ცხოვრება” საშუალო ზომის ქვეყნისთვის?

ეს ნიშნავს რეალობისთვის სახელის დარქმევას. მოვრჩეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის” შესახებ ისე საუბარს, თითქოს ის მართლა ინსტრუქციის თანახმად მუშაობდეს. დავარქვათ სისტემას ის, რაც არის - დიდი ძალების მეტოქეობის გაძლიერების პერიოდი, სადაც ყველაზე ძლიერები თავიანთ ინტერესებს მისდევენ, ხოლო ეკონომიკური ინტეგრაციას იძულების მექანიზმად იყენებენ.

ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას: მეგობრებსაც და მეტოქეებსაც იგივე სტანდარტები უნდა მივუყენოთ. როცა საშუალო ზომის ძალები აკრიტიკებენ ეკონომიკურ ძალდატანებას ერთი მხრიდან, მაგრამ ჩუმდებიან, როცა ის მეორე მხრიდან მოდის, ჩვენ ჰაველის ვაჭარივით ვიქცევით, რომელიც ვიტრინაში მთავრობის საამებელ ლუზუნგს ჰფენს. 

ეს ნიშნავს ისეთი მსოფლიოს აშენებას, რის ერთგულებასაც  ვირწმუნებით. ძველი წყობის აღდგენის ლოდინის ნაცვლად უნდა შევქმნათ ინსტიტუტები და შეთანხმებები, რომლებიც მართლა ისე მუშაობენ, როგორც დოკუმენტებში წერია.

და ეს ნიშნავს იძულების ბერკეტების შემცირებას. ძლიერი ეროვნული ეკონომიკის შენება ყოველთვის უნდა იყოს თითოეული მთავრობის პრიორიტეტი. საერთაშორისო დივერსიფიკაცია არა მხოლოდ ეკონომიკური წინადახედულებაა, ეს პატიოსანი საგარეო პოლიტიკის მკვიდრი საფუძველია. პრინციპული პოზიციების დაკავების უფლებას ქვეყნები შურისძიებისაგან თავის დაცვის უნარით მოიპოვებენ. 

კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ენერგეტიკული სუპერძალა ვართ. ჩვენ კრიტიკული მინერალების დიდი რეზერვები გვაქვს. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა გვყავს. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და დახვეწილი ინვესტორები არიან. ჩვენ გვაქვს კაპიტალი, ტალანტი და მთავრობა, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები გაბედულად გამოიყენოს.

და ჩვენ გვაქვს ღირებულებები, რომლებისკენაც ბევრი ილტვის.

კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე არის ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალი. კანადელები მდგრადობის ერთგულები რჩებიან.

ჩვენ ვართ სტაბილური, სანდო პარტნიორი, ისეთ სამყაროში, სადაც ეს ორი რამ დეფიციტური გახდა და პარტნიორი, რომელიც აშენებს და რომლისთვისაც ღირებულია გრძელვადიანი პარტნიორობები.

კანადას კიდევ ერთი რამ აქვს - იმის ნათელი გააზრება, თუ რა ხდება და გაბედულება, რომ ამ გააზრების შესაბამისად მოიქცეს. 

ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა მხოლოდ ადაპტაციას კი არა, რეალობის შესახებ გულწრფელობას მოითხოვს.

ჩვენ აღარ გამოვფენთ ლოზუნგებს ვიტრინაში.

ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება და ჩვენ ის არც უნდა ვიგლოვოთ. ნოსტალგია სტრატეგია არ არის.

მაგრამ ნგრევიდან ჩვენ რაღაც უფრო უკეთესი, მძლავრი და უფრო სამართლიანი შეგვიძლია ავაშენოთ.

ეს არის საშუალო ზომის ძალების ამოცანა. სწორედ ჩვენ გვაქვს ყველაზე მეტი დასაკარგი ციხესიმაგრეების მსოფლიოში და ყველაზე მეტი სარგებელი ნამდვილ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მსოფლიოსაგან.

ძლიერებს ძალა აქვთ. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც - შესაძლებლობა, რომ მოვრჩეთ თვალთმაქცობას, სახელი დავარქვათ რეალობას, გავძლიერდეთ შინ და ვიმოქმედოთ ერთობლივად.

ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ვირჩევთ ღიად და თავდაჯერებულად.

და ეს გზა ფართოდაა ღია ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენთან ერთად სურს მისი გავლა.