მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია
უნგრელები 12 აპრილს ეროვნული და ევროპული მნიშვნელობის არჩევნებზე მიდიან. მოსალოდნელია სამი სხვადასხვა შედეგი, რომელთაგან თითოეულს ევროკავშირზე განსხვავებული გავლენა ექნება.
ჟუჟანა ჟელენი
2 აპრილი, 2026
უნგრეთი რომ ნორმალური ევროპული დემოკრატია იყოს, დასკვნა მარტივი იქნებოდა: ხელისუფლება, რომელიც თვეებია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მისი მთავარი ოპონენტის უკან მოჩანჩალებს, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულია.
ტიზა - მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც პეტერ მაგიარი უდგას სათავეში, პრემიერი მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველ პარტიას - ფიდესს - კაი ხანია, მნიშვნელოვნად უსწრებს. დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ამხელა სხვაობა, როგორც წესი, ძალაუფლების გარდაუვალ გადაცემას მოასწავებს.
მაგრამ უნგრეთი ჩვეულებრივი პოლიტიკური სისტემა აღარაა. თექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ორბანის რეალური მიღწევა არა მხოლოდ არჩევნების მოგება, არამედ მისი პარტიის მიერ სახელმწიფოს სრული მიტაცებაა. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მოირღვა, ინსტიტუციური ნეიტრალიტეტი გაქრა და სახელმწიფო აპარატი პარტიულ მიზნებს ემსახურება.
ამიტომაც გამოკითხვები სრულ სურათს ვერ გვაძლევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში უპირატესობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა საარჩევნო ბრძოლის ველი სტრუქტურულად გადახრილია. სახელმწიფო ინსტიტუტები, საჯარო ფული, მარეგულირებელი ორგანოები და ხელისუფლებასთან აფილირებული მედია ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, არამედ ფიდესის პოლიტიკური გადარჩენის ინსტრუმენტებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ორბანის ერთადერთ ნამდვილ გამოწვევას უდგას სათავეში, პეტერ მაგიარს საზოგადოებრივ ტელევიზიაში სიმბოლურად გამოჩენის საშუალებაც კი არ მისცეს. ამ დროს სამთავრობო მედია ხელისუფლების გზავნილების გასაძლიერებლად თავს არ იზოგავს.
მიუხედავად ამისა, უნგრეთში რაღაც შეიცვალა - ისე, რომ შეიძლება, ორბანის ძალაუფლებაც კი სრულად ვერ აკონტროლებდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება ის კი არ არის, რომ გამოკითხვებში ტიზა დაწინაურდა, არამედ ის, რომ - ერთი შეხედვით - სოციალური და ფსიქოლოგიური ბარიერები დაირღვა. ფიდესის აურა და შიში, რომლითაც ის ვაჭრობდა, დასუსტდა. ეს ცვლილება თვალშისაცემია არა მხოლოდ ბუდაპეშტში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, პატარა ქალაქების და სოფლების ჩათვლით. თუმცა ტიზას გამარჯვება არ იქნება ის მაგიური გამოსავალი, რომელსაც ყველა იმედოვნებს.
უდავოა, რომ პარტიის აქციებმა ლიბერალური დედაქალაქის მიღმაც კი უამრავი ადამიანი მოიზიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტიის მხარდაჭერა გეოგრაფიულად შეზღუდული აღარ არის. კიდევ უფრო გასაოცარია ის, რომ გამოჩნდნენ მამხილებლები, რომლებმაც შოკისმომგვრელ კორუფციასა და სადაზვერვო სამსახურების პარტიული გამოყენების შესახებ ინფორმაცია სააშკარაოზე გამოიტანეს.
სწორედ ამიტომ — არჩევნების შედეგის მიუხედავად — უნგრეთის პოლიტიკა ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება. ფიდესის კვლავ გაიმარჯვების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, პარტიამ ჩვეული თავდაჯერებულობით ან ავტორიტეტით მართვა ვეღარ შეძლოს, რადგან, როგორც ჩანს, ის უმრავლესობის აქტიური მხარდაჭერით აღარ სარგებლობს. ამ გაგებით, ეს არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას არ გულისხმობს; ის რეჟიმის სოციალური ლეგიტიმურობის ეროზიას ეხება.
ორბანის სისტემას მტრები სჭირდება - სასურველია, საგარეო მტრები. დროთა განმავლობაში ეს მტრები ფორმას იცვლიდნენ - კომუნისტებით დაწყებული, ჯორჯ სოროსით, მიგრაციით და უსაფრთხოებით დამთავრებული - თუმცა, პოლიტიკური მეთოდი უცვლელი რჩებოდა. ხელისუფლება, რომელიც ფიდესმა ჩაიგდო ხელში, თავს უცხოური საფრთხეების, მორალური გარყვნის და გეოპოლიტიკური საფრთხეების წინააღმდეგ ერის ერთადერთ ფარად წარმოაჩენდა.
მიმდინარე კამპანიის დრო, ეს მტერი - უმეტესწილად - უკრაინა და, უფრო კონკრეტულად, მისი ევროკავშირში გაწევრიანებაა. გზავნილი სასტიკად მარტივია: უკრაინა ომის მსხვერპლი კი არ არის, არამედ საფრთხის წყარო. ბრიუსელში უკრაინის მხარდამჭერები უნგრეთის მტრებად წარმოჩინდებიან, ხოლო ფიდესის მთავრობა უცხოური ავანტიურისგან უნგრელების სიცოცხლის გადამრჩენად გვევლინება.
ამ მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი მშვიდობის, ომისა და ეროვნული გადარჩენის შესახებ მორალური პიესის მოსახერხებელ სიმბოლოებად იქცნენ. საქმე თანმიმდევრულობაში კი არა, შიშის დათესვასა და პოლიტიკის ეგზისტენციალურობამდე დაყვანაშია.
მზარდია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერული მანიპულაციებიც. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროპაგანდა, მიზანმიმართული სოციალური მედია კამპანიები, ყალბი პროფილები, უკრაინასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები და რუსული პროპაგანდის ექსპერტიზის შესაძლო იმპორტიც კი ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი საყრდენი იყო. ეს ასევე ტიზას დისკრედიტაციის მიზნით სადაზვერვო საქმიანობასა და პოლიციის ჩარევაზე მიანიშნებს. როგორც არასდროს, ნათელია, რომ ორბანის პარტია ახლა არჩევნებს არა სამართლიან შეჯიბრად, არამედ საინფორმაციო ომის, ინსტიტუციური საბოტაჟისა და მართული არეულობის სფეროდ მიიჩნევს.
12 აპრილის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სამი შესაძლო სცენარი იკვეთება:
უნგრეთის დამახინჯებული სისტემისთვის ყველაზე დიდი ბიძგი ტიზას დიდი უმრავლესობით მოსვლაა, რაც პარტიას შესაძლებლობას მისცემს, შედარებით მოკრძალებული სახალხო უპირატესობა გადამწყვეტ ინსტიტუციურ კონტროლად გადააქციოს. ეს ძალაუფლების გადაცემის ყველაზე სუფთა გზაა, რადგან მმართველობის ბევრი ბერკეტი ფიდესის გრძელვადიანი დანიშვნების გამო კონსტიტუციურად ან ადმინისტრაციულად მიუწვდომელია. შესაბამისად, ასეთი მანდატის გარეშე ტიზას გამარჯვებას შესაძლოა, პარალიზება, ვეტოები და საარჩევნო ლეგიტიმაციასა და ფესვგადგმულ სახელმწიფო ძალაუფლებას შორის დაპირისპირება მოყვეს. ეს დინამიკა შესაძლოა, მეორე სცენარით დასრულდეს: ოპოზიციის უბრალო უმრავლესობა, რაც შეიძლება თითქმის უშედეგო აღმოჩნდეს. და ბოლოს, შესაძლებელია, რომ ტიზამ ყველაზე მეტი ხმა აიღოს, მაგრამ ფიდესმა ულტრამემარჯვენე “ჩვენი სამშობლოს მოძრაობასთან” ერთად საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ დააკომპლექტოს.
ტიზას მთავრობის შემთხვევაშიც კი, უწყვეტობა და რღვევა თანაარსებობას განაგრძობს. კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ბრიუსელთან ურთიერთობების საკითხებში ცვლილება, სავარაუდოდ, მყისიერი და არსებითი იქნება. უნგრეთი მადიარის ხელმძღვანელობით სწრაფად ითანამშრომლებს ევროკავშირთან, შეუერთდება ევროპის პროკურატურას და გაყინული თანხების განბლოკვას შეეცდება. თუმცა, მიგრაციის, ენერგეტიკის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებშიც კი, საქმეს მეტი დრო დასჭირდება. ანტიუკრაინული გზავნილების წლების განმავლობაში გავრცელება და უნგრეთის რუსულ ენერგეტიკასთან ურთიერთობის ბუნდოვანება ნიშნავს, რომ მოკლე დროში პოზიციის შეცვლა პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად რთული იქნება.
ტიზა თანმიმდევრული ლიბერალური ან სოციალ-დემოკრატიული ალტერნატივის ხელახლა დაბადება არ იქნება. პირიქით, ეს არის ხომალდი, რომელზეც იმედს ახლა ორბანის თითქმის ყველა მოწინააღმდეგე ამყარებს. ლიბერალებმა და მემარცხენეებმა შეიძლება ტიზას მისცენ ხმა არა იმიტომ, რომ პარტია მათ იდეოლოგიურ პოზიციებს ასახავს, არამედ იმიტომ, რომ ის ცვლილების ერთადერთი დამაჯერებელი ინსტრუმენტია.
ეს არის ყველაზე დიდი გაფრთხილება, რომელსაც უნგრეთი ევროპისთვის ატარებს: როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში იშლება, არჩევნები პროგრამებს შორის შეჯიბრი აღარ არის და პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობის შესახებ სასოწარკვეთილ რეფერენდუმად იქცევა.