მოიტანეთ გრენლანდია
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ აშშ გრენლანდიის ჩასაყლაპად ემზადება
გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა არქტიკაში და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მის გადასანსვლას აპირებს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა, დასავლეთ ნახევარსფეროს ხელახალი კოლონიზაციის იდეით შეპყრობილმა სტივენ მილერმა ჩანს, დაარწმუნა ამერიკის პრეზიდენტი, რომ გრენლანდიის ხელში ჩაგდება აშშ-ს უსაფრთხოების დაცვის საბაბითაა საჭირო, აქაოდა, გრენლანდია არასაკმარისადაა დაცულიო. მილერის თანამეცხედრე, ქეთი მილერი MAGA-ს მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია და სწორედ მან გაახაზირა პირველმა აშშ-ს დროშით დაფარული გრენლანდიის სურათი “იქსის” (ყოფილი ტვიტერის) ვებ გვერდზე მინაწერით “მალე!”
SOON pic.twitter.com/XU6VmZxph3
— Katie Miller (@KatieMiller) January 3, 2026
ამის დანახვაზე, ვენესუელაში მომხდარით შეშფოთებულ ევროპას გულყრა დაემართა: სადაა საშველი? ტრამპის მომხრეები ისტორიას არაფრად აგდებენ და ხელშეკრულებებს, საერთაშორისო სამართლის ხსენებაზე სიცილი უვარდებათ და ევროპულ ინსტიტუტებთან ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენო.
შვიდთა განცხადება
ასეთი რამ დიდად არავის ახსენდება: ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, ჯორჯა მელონი, პედრო სანჩესი და კირ სტარმერი დანიელ კოლეგას მხარში ამოუდგნენ და “შვიდთა განცხადება” გაახაზირეს, რომელშიც წერია: “გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. მხოლოდ დანიის და გრენლანდიის გადასაწყვეტია ყველა საკითხი, რომელიც დანიისა და გრენლანდიის მომავალს ეხება […] სუვერენტიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა საერთაშორისო პრონციპებია, და ჩვენ მათ დაცვას გავაგრძელებთო.” თუმცაღა, ამ განცხადების ხელმომწერებმა ასევე დაადასტურეს, აშშ ჩვენი ისეთი პარტნიორია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლითო.
ნიშანდობლივია, რომ განცხადებას არ გაკარებიან ევროკავშირის ხელმძღვანელები. არც ევროკომისიის თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა, არც ევროკომისიის თავი ქალი ურსულა ფონ დერ ლაიენი და არც ევროპული დიპლომატიის მეთაური კაია კალასი გრენლანდიის თემაზე აშშ-ს არ აკრიტიკებს.
მოლაპარაკებების მთავარი პლატფორმა ნატო შეიძლება იყოს, მაგრამ ევროპელები ამ ორგანიზაციაში აშშ-სთან შედარებით ფრიად სუსტად გამოიყურებიან, დაყოფილნი არიან და – რაც მთავარია – ყველა აშშ-ზეა დამოკიდებული. საქმე იქეთკენ მიდის, რომ დანია თავის ტერიტორიას დაკარგავს, ევროკავშირი კი – ყოველნაირ პრესტიჟს.
ძალის პრიმატი
აშშ ხელმძღვანელების თქმით, მათი მთავარი მამოძრავებელი ძალთა ბალანსი და ინტერესებია. ეს ტერიტორია მდიდარია წიაღისეულით და “ვერავინ დაუპირისპირდება სამხედრო ძალით შეერთებულ შტატებს როცა საქმე გრენლანდიის მომავალს ეხებაო,” განაცხადა მილერმა.
“გრენლანდია აშშ-ს ნაწილი უნდა იყოს. რა უფლებით იჩემებს დანია გრენლანდიის კონტროლს? აშშ ნატო-ს უძლიერესი წევრია. იმისთვის, რომ აშშ-მ შეძლოს რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნატოსა და მისი ინტერესების დაცვა, აშკარაა, რომ გრენლანდია აშშ-ს ნაწილი უნდა გახდეს,” განაცხადა მილერმა ორშაბათს, CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. ეს როყიო სიტყვები არაა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მემარჯვენე ნაციონალისტების ამ ლიდერს, პირდაპირი წვდომა აქვს პრეზიდენტთან და მისი ნდობით სარგებლობს.
საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მიცემულ კომენტარებში ტრამპმა თავის ყაიდაზე გადაამღერა მილერის მოსაზრება: “გრენლანდიას დაახლოებით ორ თვეში მივხედავთ,” განაცხადა მან “გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვჭირდება. ეს სტრატეგიული საკითხია. დანიას არა აქვს ამ ამოცანების შესრულების ძალა. იცით, რა გააკეთა დანიამ ამას წინათ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? ძაღლების კიდევ ერთი მარხილი დაუმატა თავის შეიარაღებულ ძალებს. მაგათ რომ კითხო, ეს გენიალური გადაწყვეტილება იყო,” ამბობდა ტრამპი დანიისა და ევროპისადმი ცუდად შეფარული ზიზღით, მისი მრჩევლები კი ხარხარებენ. ამ სურათის დანახვაზე, ევროპაში გულს შემოეყარათ.
დანიის უშედეგო მუხლმოდრეკა
მართალია, დანიის სამხედრო უწყების სახელით გრენლანდიაში ტექნიკიური და მომარაგების ცენტრი არსებობს და მათ მართლაც ჰყავთ ძაღლების მარხილები, რაც ამ რეგიონში ტრანსპორტის ერთ-ერთი საშუალებაა. ოღონდ დანიური ძალების არარსებობა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზაა განლაგებული ნატოს ეგიდით და მათ კარგა ხანია დანიისაგან ექსკლუზიური უფლებები აქვთ მინიჭებული.

რაც შეეხება დანიის მიერ უსაფრთხოებაში ფულის ჩადებას, 2025 წელს ექვსმილიონიანმა ქვეყანამ 4,2 მილიარდი დოლარი ჩაუკაკლა აშშ-ს 16 უახლესი F-35-ის ტიპის თვითმფრინავების, ორი არქტიკული ნაოსნობისათვის საჭირო გემის, საზღვაო პატრულირებისათვის საჭირო ორი ახალი თვითმფრინავის, დამატებითი შორი წვდომის რადარის და სხვადასხვაგვარი დრონის შესაძენად. ოღონდ ჩანს, ვერც აშშ-ს ხაზინაში გადახდილმა დიდმა ფულმა და ვერც აშშ სამხედრო ინდუსტრიისათვის მინიჭებულმა უპირატესობამ ვერ მოალბო ადმინისტრაციის გული.
“ძალიან რთულია, საკუთარი პოზიცია დაიცვა ხალხთან, ვისაც საერთოდ არ სურთ გაიგონ, რასთან აქვთ საქმე,” ამბობს რასმუს იარლოვი, დანიის პარლამენტის თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე. “სტივენ მილერმა არ იცის რამდენი ადამიანი ცხოვრობს გრენლანდიაში (57 ათასი). მან არ იცის, რატომაა ეს ქვეყანა დანიის ნაწილი ჯერ კიდევ 1380 წლიდან, რაც დამტკიცებულია აშშ-სთან მინიმუმ ოთხი ორმხრივი ხელშეკრულებით და გაეროს გენერალური ასამბლეის 1954 წლის კენჭისყრით. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო დონეზე ეს ტერიტორიული კუთვნილების ერთ-ერთი ყველაზე კარგად დასაბუთებული შემთხვევაა. წესით და რიგით, აშშ მთავრობა მის დადებულ ხელშეკრულებებს უნდა სწავლობდეს და პატივს სცემდეს. მილერმა ალბათ ისიც არ იცის, რომ აშშ-ს უკვე აქვს გრენლანდიაზე სამხედრო თვალსაზრისით სრული და ექსკლუზიური წვდომა, ამიტომ მასზე შეტევა აშშ-ს არაფერს შეჰმატებს. თუმცა, რადგანაც გრენლანდიაზე მან არაფერი იცის, მაინც მზადაა ომი დაიწყოს მის ხელში ჩასაგდებადო,” წუწუნებს იარლოვი.
აშშ-ს ტერიტორიული პრეტენზიები სიახლე არაა, თუმცა ტრამპის მიერ ამ საკითხის გამოცოცხლება პრემიერ მეტტე ფრედერიკსენისთვის სილის გაწვნას უდრის. დანიის მთავრობამ ტრამპისგან საწყის ზეწოლას შემრიგებლური პოზიციით უპასუხა, აგრესია არ გამოუვლენია, დაუყვავა, იარაღიც აშშ-სგან შეიძინა და ევროპელი სამხედროების გრენლანდიაში გაგზავნის ფრანგულ გეგმაზეც უარი თქვა იმ იმედით, რომ აშშ პრეზიდენტი დაშოშმინდებოდა. ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპარაციის შემდეგ გრენლანდიის თემის წამოწევამ ფრედერიკსენი ჯერ შეაცბუნა, მერე კი გააბრაზა. “თუკი აშშ გადაწყვეტს, ნატოს წევრ ქვეყანას სამხედრო ძალით შეუტიოს, მაშინ ყველაფერი დამთავრდება. მათ შორის ნატოც და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების მთელი სისტემაცო,” განაცხადა დანიის პრემიერმა.
ნებით თუ ძალით?
მართლაც, ტრამპმა რომ გრენლანდიის სამხედრო ძალით აღება გადაწყვიტოს, რა უნდა ქნას დანიამ, ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლი აამოქმედოს, და წევრ ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდოს? ეს, ბუნებრივია, ვერ მოხდება აშშ-ს როლის გათვალისწინებით და ამით დასრულდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაც.
“თუმცაღა, აშშ-ს მიერ შეიარაღებული ძალით გრენლანდიის ანექსია ნაკლებ სავარაუდოაო,” ამბობს ფრანგი მკვლევარი სტეფან ოდრანი. “სამაგიეროდ, სრულიად სავარაუდოა სერიოზული დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა აშშ-ს მხრიდან ევროპის ქვეყნებზე, რათა “გარიგება” მოხდეს – “ნებით მოგვეცით გრენლანდია, თორემ ჯერ ცხოვრებას გაგიმწარებთ, მერე კი დაგამცირებთ და ძალით ავიღებთო,” ამბობს ოდრანი. მისი აზრით, საქმეთა დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ევროპას გრენლანდიის დაცვის თავი ნამდვილად არა აქვს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, სამხედროების გაგზავნაა იმ იმედით, რომ ამერიკელები მათ არ ესვრიან. ამას ხედვას იზიარებენ სამხედრო ექსპერტებიც.
ბრიტანული გამოცემა “ეკონომისტის” ცნობით, აშშ ადმინისტრაცია გრენლანდიასთან თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულებას ამზადებს, რომელსაც პირდაპირ შესთავაზებენ კუნძულის ავტონომიურ მმართველებს. ამგვარი Compact of Free Association (COFA) აშშ-ს უკვე აქვს დადებული მიკრონეზიასთან, მარშალის კუნძულებთან და პალაუსთან, რითაც ვალდებულება იღებს ძირითადი სახელმწიფო სერვისებით, საგარეო თავდაცვით უზრუნველყოს ისინი და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იქონიოს, ამერიკელი სამხედროების შეუზღუდავი მოქმედების უფლების სანაცვლოდ. პრობლემა ისაა, რომ ამგვარი ხელშეკრულების ხელმოსაწერად გრენლანდია უკვე დამოუკიდებელი უნდა იყოს, რადგანაც საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა.
როგორც გაზეთი “პოლიტიკო” იუწყება 2025 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში გრენლანდიელების 56% მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას და დანიური საინფორმაციო საშუალებების თქმით, აშშ-დან მოვლენილი ემისრები აქტიურად აქეზებენ აქაურ სეპარატისტებს. თუმცაღა, ამ ხალხს აშშ-ს ერთ-ერთ შტატად გადაქცევისა ეშინია – 85% ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების წევრად გახდომას.
ევროპის უძლურება?
ამასობაში არც აშშ აქცევს ყურადღებას ევროკავშირს და ბრიუსელშიც წაყრუებას ამჯობინებენ. ევროკომისიას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მილერის გამონათქვამებზე, კაია კალასს ეს საკითხი მარკო რუბიოსთან საუბარშიც არ უხსენებია. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გრენლანდიის თემაზე არ უსაუბრიათ არც გუშინ, პარიზში უკრაინასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, სადაც ტრამპის წარმომადგენლები და ევროპელი ლიდერები შეიყარნენ.
მარკო რუბიო ბრიუსელს იმედებისთვის დიდ გასაქანს არ უტოვებს: “არა მგონია რომ ევროკავშირს ჰქონდეს საერთაშორისო სამართლის დაწესების უფლება. აშშ-სთვის იმის კარნახის უფლება, თუ როგორ დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება კი ნამდვილად არა აქვს,” განაცხადა აშშ სახელმწიფო მდივანმა.
იგივე “პოლიტიკო” მიუთითებს, რომ ევროპელების ნაწილი ვარაუდობს, რომ აშშ პირდაპირ ან არაპირდაპირ გაუცვლის ევროპას გრენლანდიას უკრაინაში – ტრამპი დათანხმდება უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემას, თუკი ევროპელები დანიას აიძულებენ, აღიაროს აშშ-ს უპირატესობა გრენლანდიაში და დაჰყვეს ამ ტერიტორიის დათმობას. სხვათა თქმით, ამგვარი “პრიმიტიულ” გარიგებას ევროპელებთან ვაშინგტონი ვერ მიაღწევს, რადგანაც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას განსხვავებული ინტერესები გააჩნია.
რჩება ნატოს ფორმატი. “გრენლანდიის პრობლემა სინამდვილეშ საკმაოდ მარტივია. ეს შიდა საკითხია, ნატოს შიდა საკითხი. დანიაც და აშშ-ც ნატოს წევრები არიან, თუ ვინმეს უნდა ცვლილებების შემოთავაზება, ეს ნატოს ფარგლებში უნდა განვიხილოთ,” ასე ფიქრობს ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერი და აშშ-ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი ფავორიტი ევროპაში. გერმანიის საგარეო მინისტრი იოჰან ვადეპულიც ადასტურებს, რომ წესით “გრენლანდიის დაცვის გაძლიერების საკითხი თუ დადგა” ნატოში უნდა განვიხილოთო.
დამარხული განძი
ოღონდაც, ბევრი ევროპელი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ უსაფრთხოების თემა აშშ-სთვის მხოლოდ საბაბია, რადგანაც გრენლანდიის დაუსაკუთრებლად საკუთარი სამხედრო ბაზის გაფართოებაც მშვენივრად შეუძლიათ და არქტიკაში სამხედრო ნავიგაციის გაფართოება თუ სურთ, ამის წინააღმდეგ წამსვლელი არც დანიაა, არც შვედეთი და არც ნორვეგია, სულაც პირიქით.
გრენლანდიის ყინულოვან საფარქვეშ 1,5 მილიონი ტონა მწირემიწები, ანუ მსოფლიო რეზერვების 20% იმალება, აქვეა დაზვერილი ნავთობის, ოქროს, ალმასების, პლატინისა და რკინის საბადოები. ეს სიმდიდრე გაყინული მიწიდან ფრიად რთული ამოსაღებია, ლიცენზიებს ადგილობრივი მმართველობისა და ევროკავშირის ნებართვები, გარემოზე ზემოქმედების დასკვნები და მთელი ის ბიუროკრატია ესაჭიროება, რაც ტრამპს გასაგონად ეზიზღება. ტერიტორიის აშშ-სთან მიერთება კი ბევრად გააადვილებსო ამ საქმეს, ამბობენ ევროპელები ეჭვიანად. მით უფრო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაზე საუბრისას სრულიად აშკარად განაცხადა – იქაური ნავთობი გვინდაო.
ასეთია გრენლანდიის ვითარება, ევროკავშირი, რომლის თავდაცვაც და ბედიც უშუალოდ იყო გადაჯაჭვული აშშ-სთან, საკუთარი თავისათვის მოულოდნელად დაუცველი აღმოჩნდა წარსულის იმ აჩრდილებისაგან, რომელთა გამოწვევითაც დონალდ ტრამპი აშშ-ს ძველი დიდების დაბრუნებას ლამობს.