მსოფლიო წესების გარეშე

რა შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო სამართალზე ტრამპის შეტევას

მსოფლიო წესების გარეშე
Photo by Sharon GM / Unsplash

უნა ჰეთევეი იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ამერიკული საზოგადოების არჩეული პრეზიდენტია.

სკოტ შაპირო იელის სამართლის სკოლის პროფესორი და იელის უნივერსიტეტისვე ფილოსოფიის პროფესორია.

ინგლისურიდან თარგმნა მარი გაბედავამ


თავისი პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე, დონალდ ტრამპი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის შერყევას ცდილობს. მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ის ამბობდა, რომ ის „დაიბრუნებდა“ პანამის არხს, კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევდა, ხელში ჩაიგდებდა გრენლანდიას და „დაისაკუთრებდა“ ღაზას. მაშინ საგარეო პოლიტიკის ექსპერტებმა თავი გადააქნიეს და ტრამპი მაინცდამაინც სერიოზულად არ აღუქვამთ. სხვა თუ არაფერი, მისი განცხადებები არათანმიმდევრული და გაუაზრებელი ჩანდა. თუმცა ამ განცხადებების სიტყვიერად გაკეთებაც საზიანოა.

შარშან Foreign Affairs-ში უკვე ვწერდით, რომ ტრამპის მუქარების შემხედვარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის არაფრად აგდებს სამართლებრივ ნაგებობას, რომელიც, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 80 წლის წინ ააგეს. ძალის გამოყენების აკრძალვის ნორმა, რომელსაც გაეროს ქარტია ეყრდნობა, აქამდეც შერყეული იყო. ჩვენს სტატიაში ვწერდით, რომ თუკი ტრამპი ამ აკრძალვას ღიად უგულვებელყოფდა, სამართლებრივი რეჟიმი შეიძლება მთლიანად ჩამოქცეულიყო.

A World Without Rules
The consequences of Trump’s assault on international law.

პირველწყარო

3 იანვარს აშშ ვენესუელაში შეიჭრა და მის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გაიტაცა. ამ სამხედრო ოპერაციისათვის აშშ-ს არ მოუთხოვია აშშ კონგრესის ნებართვა, არც გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიუმართავს, არც აუცილებელი თავდაცვის აუცილებლობა მოუშველიებია მიზეზად. ვენესუელაზე თავდასხმა თუნდაც მინიმალურად დამაჯერებელი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე განხორციელდა. შესაბამისად, ეს იყო ბოლო დროის ყველაზე მავნე თავდასხმაა კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე. შედეგად, მხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის არსებობა კი აღარ დგას ეჭვქვეშ, არამედ ზოგადად წესების და კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების უფლების შეზღუდვის პრინციპის გადარჩენა გახდა სათუო.

საერთაშორისო წესრიგის დასაბამი და ნგრევა

სანამ სახელმწიფოები ომის წარმოების უფლებას ჯერ 1928 წლის კელოგ-ბრიანის პაქტით და მერე უკვე 1945 წელს, გაეროს ქარტიით დათმობდნენ, ომი ქვეყნის სრულიად კანონიერ და ლეგიტიმურ უფლებად ითვლებოდა.

ომი ქვეყნებს შორის დავების გადაწყვეტის ძირითადი საშუალება კი იყო, მაგრამ ეს ქცევა მაინც კანონით იყო შემოფარგლული. კანონიერებას თვალსაზრისით, ომი ითვლებოდა ქვეყნის უფლებების დასაცავად გადადგმულ უკიდურეს ნაბიჯად. ხალხის მოკვლა, ქონების წართმევა და ნგრევა ნებადართულად ითვლებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი ომი იყო კანონიერი. რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, სხვა ქვეყნის მიწის მითვისება მსურსო და ომი დაეწყო. საერთაშორისო სამართლის მამად წოდებული ჰუგო გროციუსი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში წერდა, რომ ჩვეულებითი სამართლით, ომის დაწყებამდე სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივად დაასაბუთოს მისი აუცილებლობა. სამხედრო ძალის გამოყენება დაშვებული იყო მხოლოდ კანონიერი უფლების დასაცავად. მაგალითად, მეფეს უნდა ემტკიცებინა, რომ სხვა ქვეყანამ არ გადაუხადა ხარკი, ან დაუშვებლად ჩაერია სავაჭრო ურთიერთობებში, დაარღვია ხელშეკრულება, ან რაღაც სხვა ჩაიდინა, რაც ომის დასაწყებად მისაღებ საფუძვლად მიიჩნეოდა.

ამ გაბატონებულ ჩვეულებას ფორმალური სამართლებრივი ძალა შესძინეს ვესტფალიის ზავის ხელმომწერმა ევროპულმა ქვეყნებმა, 1648 წელს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ომის დაწყებამდე მოსურნეებს უნდა წარმოედგინათ მისი „მიზეზის კანონიერი საფუძველი.“

სუვერენული უფლების მატარებლები ამ ვალდებულებას მომდევნო წლებში და საუკუნეებში ფრიად სერიოზულად ეკიდებოდნენ: მეფეები ან მთავრები ომის დაწყების წინ ან დაწყებისთანავე აქვეყნებდნენ ე.წ. ომის მანიფესტებს, რომლებშიც ახსნილი იყო კონფლიქტში ჩაბმის მიზეზები და დასაბუთებული იყო ამის კანონიერი აუცილებლობა. ამგვარ მოქმედებას საფუძვლად ედო მაშინდელი ადამიანების და ხელისუფლების გაზიარებული რწმენა, რომ კანონიერი მიზეზის გარეშე ძალადობა ომი კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია - მკვლელობა, ძალადობა, ადამიანების გატაცება და ძარცვა.

უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში ომის ლეგიტიმური საფუძვლები ბევრად უფრო ვიწროდ და მკაფიოდ ჩამოყალიბდა. მიმდინარე საერთაშორისო სისტემა ეფუძნება პოსტულატს, რომ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ ძალის გამოყენება აკრძალულია და წარმოადგენს დანაშაულს, თუკი ის თავდაცვის ლეგიტიმური მიზნებით არაა განპირობებული და/ან გაეროს უშიშროების საბჭოს კოლექტიური ნებართვით არაა წარმართული.

ომი არ მიიჩნევა დისკრეციულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ძალის უკანონო გამოყენების შედეგად იურიდიული უფლებები ვერ მოიპოვება. სხვა სიტყვებით, თუკი ადრე ტერიტორიის ძალით დაპყრობა საკმარისი იყო მასზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, დღეს თუ ქვეყანა სხვის ტერიტორიას ძალის უკანონო გამოყენებით მიისაკუთრებს, დანარჩენი მსოფლიო ვალდებულია, არ აღიაროს ამ ტერიტორიაზე მისი სუვერენიტეტი.

დიახ, ქვეყნებს მრავალჯერ დაურღვევიათ ეს წესი და ხანდახან - უხეშადაც. თუმცა ეს დამრღვევი ქვეყნებიც კი რაღაც ფორმის სამართლებრივ დასაბუთებას იშველიებდნენ ხოლმე და თავად ამ ფაქტით აღიარებდნენ ერთგულებას იმ ძველი რწმენისადმი - ადამიანების მოკვლა და მათი მიწების და ქონების მიტაცება დასაბუთებას მოითხოვს და ვერ დაეფუძნება მხოლოდ შიშველი ძალით მოპოვებულ უპირატესობას.

ტრამპის ადმინისტრაცია აღარც კი ცდილობს ამ სისტემის ჩარჩოში იმოქმედოს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის გამუდმებით არყევს და არღვევს არსებული წესრიგის სამართლებრივ საფუძვლებს. ის ასანქცირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებსა და იურისტებს იმისთვის, რომ მათ მიერ გამოძიებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნა არ მოხდეს. ის აღმართავს სავაჭრო ბარიერებს, რითაც არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებულ შეთანხმებებს და უკან იხევს თავისუფალი ვაჭრობის ნორმისგან, რაც აქამდე გლობალური სტაბილურობის გარანტია იყო. ის არ იხდის გაეროს საწევროს, არღვევს უამრავ ხელშეკრულებას ანდა უბრალოდ ტოვებს მათ. ის ღიად ემუქრება სუვერენულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს - დღეს ვენესუელას, ხვალ - კოლუმბიას, კუბას, გრენლანდიასა და მექსიკას და ამას აკეთებს არა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციითა და ნებართვით, არამედ არამედ ცალმხრივად, ძალით და იძულების მუქარით.

აშშ-ზე იმდენი ქვეყანაა დამოკიდებული საკუთარი თავდაცვის ანდა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა იძულებულია უსიტყვოდ ადევნოს თვალი სისტემის მოპარტახებას.

წესების გარეშე

პირველ მსოფლიო ომამდელ ვითარებაში დაბრუნება, რომელშიც ქვეყნები ღიად და უბოდიშოდ ძარცვავდნენ და იპყრობდნენ სხვებს, ძალიან ცუდი რამაა. მაშინ ომები კანონიერი უფლებების დარღვევის უმცირესი საბაბით იწყებოდა და შედეგად ფართომასშტაბიან ძალადობას ხალხი უაზროდ ეწირებოდა.

დღევანდელ მსოფლიოში კი შეიძლება უარესიც მოხდეს. მოკლევადიან პერიოდში, მსოფლიოში დიდი არეულობა იქნება: იმის მიხედვით, რომელ მომენტში რა უფრო აწყობთ, ლიდერები ხან მეორე ომის შემდგომ დადგენილ წესებს ცან გაიხსენებენ, ხანაც სრულიად უგულვებელყოფენ, თითქოს არც არსებულაო. ამგვარ რთულად წინასწარმეტყველებად ქცევას მოჰყვება განუწყვეტელი კონფლიქტების სერია. სახელმწიფოები ვერ გაიგებენ, როდის რა წესები დაიცვან, როგორ აირიდონ თავიდან ძალადობის ესკალაცია. სანამ ნათლად არ გაირკვევა, რომელი წესები მოქმედებს და რომელი არა, მსოფლიო ძალიან სახიფათო ადგილი შეიქნება.

უარეს შემთხვევაში, ხანგრძლივ პერსპექტივაში, შეიძლება ისეთი დრო დადგეს, რომ სახელმწიფოებს ძალის გამოყენება აღარ აეკრძალებათ, ხოლო როგორც მინიმუმ, ერთი სუპერძალა კი ისე მოიქცევა, თითქოს წესები საერთოდ არ არსებობდეს. ასეთ მსოფლიოში რა წესები იმოქმედებს სრულიად იქნება დამოკიდებული იმათ პირად იმპულსებზე, ვინც იმ მომენტისთვის იძულების მაქსიმალურ შესაძლებლობას ფლობს.

ჩვენ ის უნდა გვაშფოთებდეს, რომ, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ასეთი მსოფლიოსკენ იკვალავს გზას. აშშ-ის მიერ ვენესუელიდან მადუროსა და მისი ცოლის გატაცების მეორე დღეს, ტრამპის გავლენიანმა წარმომადგენელმა, სტივენ მილერმა, ასე განმარტა ადმინისტრაციის შეხედულება CNN-ის წამყვან ჯეიკ ტაპერთან ინტერვიუში:

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რეალურ მსოფლიოში, ჯეიკ, რომელიც იმართება ძალით, რომელიც იმართება ძალადობით,” თქვა მილერმა. „დასაბამიდან ეს არის ურყევი წესი.“

არც მილერს და ადმინისტრაციიდან არც სხვა ვინმეს სამართლებრივად არ დაუსაბუთებია ვენესუელაზე სამხედრო თავდასხმა, არადა ამ ოპერაციას, მინიმუმ 75 ადამიანი შეიწირა. ასევე არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ მოჰყოლია „30 დან 50 მილიარდ ბარელამდე“ ვენესუელური ნავთობის მითვისების გეგმას, რომელიც სოციალური მედიით გამოაცხადა ტრამპმა. ნაცვლად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტის გამოსახულება სიტყვებით „ეს ჩვენი ნახევარსფეროა“, ტრამპმა კი Truth Social-ზე პოსტში „ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტად“ წარმოადგინა თავი.

ახლა ადმინისტრაციამ მზერა გრენლანდიისკენ მიმართა. მადუროს შეპყრობიდან რამდენიმე დღეში თეთრი სახლის განცხადება გვამცნობდა, რომ აშშ-ს „სჭირდება“ გრენლანდია და რომ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება „ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტულია.“

ტრამპის ადმინისტრაციის სიტყვები და მოქმედებები მხოლოდ იმის გამო კი არაა შემაშფოთებელი, რომ სამართალს ეწინააღმდეგება. ეს ფაქტი უდავოა: ვენესუელაში ინტერვენცია ცალსახად არღევს გაეროს ქარტიაში ასახულ ძალის გამოყენების აკრძალვას.

უფრო საყურადღებო ისაა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ საერთოდ უკუაგდო სამართლებრივი შეზღუდვების იდეა, როგორც ასეთი. ტრამპა გასულ კვირას ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ერთადერთი რამ ზღუდავს - მისი „საკუთარი მორალი“. მას თავის მოსაჩვენებლადაც არ წარმოუდგენია ღირებული არგუმენტი მთავრობის ქცევის გასამართლებლად, არც უცდია ვინმეს დარწმუნება თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ანდა აუცილებლობაში.

როცა პოლიტიკის მიმართულება სოციალური მედიის პოსტით იქმნება, ახსნის ან დასაბუთების გარეშე, ჩნდება უსიამო შეგრძნება, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები არც კი ცდილობენ ტყუილით შენიღბონ უკანონო მოქმედება. წესებზე დამყარებული სისტემა თვალთმაქცობას კიდევ შეიძლება გადაურჩეს , მაგრამ ნიჰილიზმი მას ნამდვილად ჩამოაქცევს.

რაც უარესია, ტრამპის ადმინისტრაცია ისე იქცევა, თითქოს ძალის გამოყენებას ან ძალის გამოყენებით მუქარასაც კი შეუძლია მოუპოვოს მას იურიდიული უფლებები. ეგრეთ წოდებული "კრეისერების დიპლომატია" რომელიც ერებმა მაშინ დაგმეს, როცა ომი აიკრძალა, უკვე დაბრუნდა. აშშ იყენებს სანავთობო ბლოკადას, ქონების ძალადობრივ მიტაცებას და სამხედრო ძალით მუქარას, იმისთვის, რომ ქვეყნებს პოლიტიკური და ეკონომიკური დათმობები გამოსძალოს. ამით აშშ მსოფლიოს უჩვენებს, რომ მხოლოდ ძალა შობს უფლებებს, მიზეზები კი უმნიშვნელოა.

მსოფლიო, რომელშიც ძლიერები აღარ ჩათვლიან თავს ვალდებულად, თავი მაინც გაიმართლონ, მხოლოდ უსამართლო არ იქნება. ბარბაროსობაა, როცა მკვლელობის, ძარცვის და განადგურების მომტანი ოპერაციები მოკლებულია უფლებრივ საფუძველს. ამგვარ სამყაროში აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი წესრიგი. არსებობს მხოლოდ ძალა, რომელსაც ერთი კაცის ხუშტურები წარმართავს.

თარგმნა მარი გაბედავამ