მზად ვიყოთ მიზნობრივი კოალიციების მსოფლიოსათვის
აღარც მეოცნებე მულტილატერალიზმი გვარგია და არც ცივსისხლიანი რეალპოლიტიკა, წერენ მარკ კარნი და ალექსანდ სტუბი.
ავტორები: მარკ კარნი კანადის პრემიერ-მინისტრია, ალექსანდრ სტუბი კი ფინეთის პრეზიდენტი. სტატია ბრიტანულ The Economist-ში გამოქვეყნდა.
ჩვენ სათავეში ორ ისეთ ქვეყანას ვუდგავართ, რომლებსაც არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ გეოგრაფიით განსაზღვრულ წესებს მიენდონ. ფინეთი ესაზღვრება რუსეთს, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და საკუთარი ქვეყნის რეფორმირების ნაცვლად, აქტიურად ერევა სხვების ცხოვრებაში. კანადას კი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ხელახლა აფასებს საკუთარ პრიორიტეტებს და ძირეულად ცვლის ადრინდელ სავაჭრო კავშირებს.
ამავდროულად, ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირებს ვამყარებთ როგორიცაა ინდოეთთან და — ვცდილობთ რა, თავიდან ავიცილოთ მათზე სტრატეგიული დამოკიდებულება — ჩინეთთან, ისევე, როგორც გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ძალაუფლება აღარ არის თავმოყრილი მხოლოდ ერთ, დასავლურ ცენტრში. ძალაუფლება გადანაწილებულია სამ, სულ უფრო ავტონომიურ ჯგუფს შორის: გლობალურ დასავლეთს, გლობალურ აღმოსავლეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის. ჭეშმარიტად გლობალური ტენდენციები - მათ შორის კონტროლი გამოთვლით სიმძლავრეებზე, მონაცემებსა და ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე - დღეს წარმოშობს მეოთხე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ჯგუფს, რომელიც უკვე ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვმუშაობთ და ვუკავშირდებით ერთმანეთს, თანაც ისე, რომ არ აღიარებს საზღვრებს და არ ექვემდებარება ანგარიშვალდებულების წესებს.
1945 წლის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი ირღვევა, არსებული ინსტიტუტები კი არ არიან მზად ამ დაღმასვლის თავიდან ასაცილებლად. კრიტიკული გარდატეხის ასეთი მომენტი საუკუნეში ერთხელ დგება. ჩვენს მომავალ საერთო კეთილდღეობას განსაზღვრავს ის, თუ როგორი მსოფლიოს აშენებას ავირჩევთ და როგორ გავაკეთებთ ამას.
ჩვენს წინაშეა სამუშაო, რომელიც ვერ დაეყრდნობა ილუზიებზე დამყარებულ მულტილატერალიზმს, რომელიც მხოლოდ არსებულ სტატუს-კვოს იცავს, და ვერც მხოლოდ ცივსისხლიან რეალპოლიტიკას, რომელიც ამ სტატუს-კვოს განადგურებას ცდილობს. ალტერნატივა ღირებულებებზე დაფუძნებული რეალიზმია - ახალი მიდგომა, რომელიც ერთდროულად პრინციპულიც არის და პრაგმატულიც. პრინციპული მაშინ, როცა საქმე ეხება თავისუფლების, ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარებისა და სოლიდარობის ფუნდამენტური ფასეულობებისადმი ერთგულებას. პრაგმატული კი იმის აღიარებაში, რომ ყველა პარტნიორი არ გაიზიარებს ამ ჩვენს ღირებულებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კარგად გააზრებული ალიანსები: მჭიდროდ ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს, ხოლო მათ მიმართ, ვინც ამ ფასეულობებს არ იზიარებს, რეალისტური მოლოდინები შევინარჩუნოთ.
არსებითად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქმედუნარიანობა ისეთ სამყაროში, როგორიც ის დღეს არის და პასიურად არ ველოდოთ ისეთ სამყაროს, როგორც ჩვენ მოგვეწონებოდა. ეს ნიშნავს იმ სინამდვილესთან შეგუებას, რომ პროგრესი თანდათანობითი პროცესია, ინტერესები კი ხშირად განსხვავდება. ეს მოითხოვს ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის არსებული გარდაუვალი განსხვავებების აღიარებას და ძალისხმევის მიმართვას იქით, სადაც ჩვენი ინტერესები თანხვედრაშია და სადაც ერთად ყველაზე დიდი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. პროგრესზე საუბარი მონოლოგის რეჟიმშიც ადვილია, თუმცა პროგრესის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი.
თანამედროვეობის კიდევ ერთი რეალობა ის არის, რომ სამყარო მრავალმხრივი წესრიგიდან უფრო მეტად მრავალპოლარულისკენ ინაცვლებს. მრავალმხრივი წესრიგი, თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, თანამშრომლობასა და მკაფიო წესებსა თუ ნორმებს ეფუძნებოდა. მრავალპოლარული სამყარო კი, პირიქით, გარიგებებით, ტრანზაქციებითა და ქაოსით ხასიათდება. თუმცა, ნაცვლად მრავალმხრივსა და მრავალპოლარულს შორის ხისტი არჩევანისა, არსებობს სხვა სცენარიც, რომელიც მრავალმხრივი კოალიციების (პლურილატერალიზმის) იდეის გარშემო ერთიანდება. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მრავალმხრივი წესრიგის აღორძინებისკენ — გაუმჯობესებული წარმომადგენლობითობითა და რეფორმირებული ინსტიტუტებით. ამასობაში კი ხელი უნდა შევუწყოთ პლურილატერალური შეთანხმებების შემუშავებას.
ამგვარი, „ცვალებადი გეომეტრიის“ მიდგომით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კავშირების მჭიდრო ქსელს, კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად შექმნილი დროებითი კოალიციების სახით. ხშირ შემთხვევაში, ეს გზა ყველაზე ეფექტიანი იქნება იმ ქვეყნებთან ურთიერთობისას, რომლებთანაც ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა საკმარისი ურთიერთგაგება გაგვაჩნია იმისთვის, რომ კონკრეტული თემებზე ერთად ვიმუშაოთ. დინამიკური, მიზნობრივი კოალიციები სულ უფრო ხშირად ჩამოყალიბდება საერთო ინტერესების და არა რომელიმე ერთიანი ინსტიტუტის გარშემო.
ნებაყოფლობითი კოალიცია, რომელიც ამჟამად უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების გეგმაზე მუშაობს, თანამომაზრე ქვეყნებისა და ნატოსთვის ძალისხმევის კოორდინაციის უმთავრეს პლატფორმად იქცა. ევროკავშირის ინსტრუმენტები, მათ შორის უსაფრთხოების პაქტი (SAFE), პარტნიორებს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიონ ბიუროკრატიას და სწრაფად განავითარონ თავდაცვისუნარიანობა ერთობლივი ძალებით. „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში შექმნილი კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულის ალიანსი უზრუნველყოფს და ამრავალფეროვნებს მიწოდების იმ ჯაჭვებს, რომლებზეც ყოველი თანამედროვე ეკონომიკაა დამოკიდებული. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კოალიციები ამ სისტემების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად - ისეთ კრიტიკულ სფეროებში ჩვენი გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოყენებით, როგორებიცაა კვანტური გამოთვლები და ენერგეტიკა. საკითხავი ის კი არაა, ღირს თუ არა პარტნიორობა, არამედ იმაში, თუ რამდენად სწრაფად შევქმნით წარმატებულ კოალიციებს, რომლებიც ყველა რეგიონს მოიცავს.
გეოგრაფიის, ვაჭრობისა და კომერციის სწრაფად ცვალებადი წესები ბუნებრივ შფოთვას იწვევს ჩვენს მოქალაქეებში. მათ შფოთვაზე პასუხი აწ გარდასულ სამყაროზე გლოვა ვერ იქნება - გამოსავალი სისტემების მშენებლობაა, რომლებიც დღევანდელი სამყაროს მოთხოვნების უკეთ შეესაბამება. შენება როცა საჭირო იქნება კოდით, როცა საჭირო იქნება, ბეტონით თუ ფოლადით, ქმედითი ინსტიტუტებითა და ძლიერი ალიანსებით, რომლებიც ამ შენობას დაიცავს.
უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოსთან, ვიმოქმედოთ საღი გონებითა და თავდაჯერებულობით.
შუათანებო მსოფლიოსი, შეერთდით!
ამ ძალისხმევაში კანადასა და ფინეთს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ. ჩვენ სავაჭრო კავშირების შესაშური ქსელი გვაქვს და მსოფლიოში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ ეკონომიკებს შორის ვიხსენიებით. თან მყარადაც ვგრძნობთ თავს, რადგან თავდაცვის ხარჯებს რეკორდულ ნიშნულამდე ვზრდით. ამასთან, მიზანდასახულად ვისწრაფვით ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და პლურალიზმისადმი ჩვენს საერთო ერთგულებაში. სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთის მსგავსად ახასიათებთ სიმტკიცე და სიჯიუტე რაც აუცილებელია, რათა მომავლისკენ გზა გავიკაფოთ. ყველას, ვისაც ამგვარივე ხასიათი აქვს და ჩვენს მისწრაფებებს ეთანხმება, მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ ამ თავგადასავალში.
■