> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ნორჩი დივერსანტების რუსულ-ირანული სამჭედლო
- URL: https://evropis.moambe.eu/norch-i-diversantebis-rusul-iranuli-samchedlo/
- Published: 2026-06-18T08:56:41.000Z
- Updated: 2026-06-18T08:56:41.000Z
- Description: სპეცსამსახურები არასრულწლოვანი „ერთჯერადი აგენტების“ ფარულ ქსელებს მართავენ
- Author: Ana Dzirkvadze

გასული წლის სექტემბერში როტერდამის ერთ-ერთ მიწყნარებულ უბანში ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მყუდროება პოლიციის მოულოდნელმა სტუმრობამ დაარღვია. ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 17 წლის ყმაწვილი დააკავეს.

მამის თქმით, ბიჭი ერთი უწყინარი, კომპიუტერულ თამაშებზე გადამკვდარი და ტექნიკური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდი გახლდათ. გამომძიებლები ამბობენ, რომ სწორედ ამ ნიჭის თუ ინტერესის გამო ის გზას ააცდინეს. ინტერნეტსიგნალების დამჭერი სპეციალური აპარატურით ყმაწვილი ჰააგის სამთავრობო შენობებსა და სამართალდამცავ უწყებებს, მათ შორის, თვით „ევროპოლის“ შტაბ-ბინასაც უთვალთვალებდა. როგორც გამოძიებით გაირკვა, ვირტუალურ სამყაროში, კერძოდ კი სოციალურ ქსელ Telegram-ის გამოყენებით, მას რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება დაუკავშირდა და ჯაშუშურ საქმიანობაში ჩაითრია.  
დღეს ეს ყმაწვილი, თანატოლ თანამზრახველთან ერთად, განსასჯელის სკამზე ზის და მართლმსაჯულების განაჩენს ელის.

საუბედუროდ, ეს შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი, არც ცალკეულ ეპიზოდად შეიძლება ჩაითვალოს. უფრო მეტად კი რაღაც უფრო დიდისა და მზაკვრულის ნაწილია. ამას მოწმობს გამოცემა Financial Times-ის ბოლოდროინდელი ჟურნალისტური გამოძიებაც, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყნის პოლიციისა და დაზვერვის მაღალჩინოსანთა ნასაუბრებს ეყრდნობა. რეალობა მწარეა: რუსეთი და ირანი ვირტუალურ სივრცეში მოზარდებზე ნადირებენ, რათა ისინი საკუთარი ჰიბრიდული ომის ბრმა იარაღად და უსიტყვო შემსრულებლებად აქციონ.

ყველაფერი უწყინარი გართობით იწყება. გადამბირებლები ნიადაგს იმ პლატფორმებზე სინჯავენ, სადაც ახალგაზრდობა ატარებს დროს: Telegram, TikTok, Snapchat, Discord და თვით პოპულარული ონლაინ თამაშის, World of Tanks-ის სასაუბრო სივრცეც კი მათი სათვალთვალო და სანადირო მოედანი გამხდარა.

როდესაც მსხვერპლს „ანკესზე წამოაგებენ“, საუბარი დაუყოვნებლივ გადააქვთ დაშიფრულ, საიდუმლო აპლიკაციებში. მოზარდებს, რომელთაც ხშირად იოლი ფულის შოვნის სურვილი ან უბრალო ინტერესი ამოძრავებთ, სანაცვლოდ ნაღდ ფულსა თუ კრიპტოვალუტას სთავაზობენ. თვიდან ყოველივე ეს უწყინარ, იოლად შესასრულებელ „მისიებად“ საღდება, იმის მსგავსად, რასაც მოზარდები კომპიუტერულ თამაშებში შეჩვეულნი არიან, ოღონდ ახლა უკვე რეალურ სამყაროში. ბოროტი ნება ნაბიჯ-ნაბიჯ ითრევს მათ შავბნელ მორევში. და, აი, წვრილმანი ხულიგნობითა და ვანდალიზმით დაწყებული თავგადასავალი, მალე მძიმე დივერსიებითა და სახელმწიფოს საფრთხეში ჩაგდებით გვირგვინდება.

![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/2026/06/Artboard-2-1.png) 

## ევროპის მოამბე თქვენს ფოსტაში

მიიღეთ ევროპის ამბები გასაგებ ენაზე

გამოიწერეთ 

Email sent! Check your inbox to complete your signup. 

არ დაგსპამავთ, გპირდებით. 

### პირველი ნადირობა

ეს ტაქტიკა პირველად უკრაინაში გამოიყენეს. იქ, გასაჭირში ჩავარდნილმა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მზერა არასრულწლოვნებისკენ მიაპყრო. უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, 2025 წელს მტერთან თანამშრომლობისთვის დაკავებულთა შორის თითქმის ყოველი მეხუთე, სრული რაოდენობის 21 პროცენტი, მოზარდი აღმოჩნდა. ყველაზე ნორჩ გადაბირებულებს, კიივსა და ოდესაში მცხოვრებ 11 წლის ბიჭუნებს, ავტომობილებისა და ელექტროგამანაწილებელი კარადების გადაწვა ჰქონდათ დავალებული.

ერთ ასეთ საზარელ ეპიზოდში, 15 და 16 წლის მოზარდთა ჯგუფებმა ხარკივის მახლობლად უკრაინის საჰაერო თავდაცვის პოზიციები გადაიღეს; ბავშვები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი უწყინარი, საქალაქო თამაშის, ე.წ „ქვესტის“ ნაწილი იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსეთმა ეს კადრები ქალაქზე დამანგრეველი სარაკეტო დარტყმების კოორდინირებისთვის გამოიყენა.

ბრმა იარაღად ქცეული ბავშვების ხვედრი ხშირად უფრო ტრაგიკულიც აღმოჩნდება ხოლმე. გასულ წელს ივანო-ფრანკოვსკში მომხდარმა ტრაგედიამ ბევრს აუხილა თვალი: 17 წლის ყმაწვილი სიცოცხლეს გამოესალმა, ხოლო მისმა 15 წლის თანამზრახველმა ორივე ფეხი დაკარგა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დამონტაჟებისთვისაც მათ 1700 დოლარი აღუთქვეს, ხელში აუფეთქდათ. სულ ახლახან კი, კიივში, ორმა თოთხმეტი წლის მოზარდმა პოლიციის შენობის მახლობლად ხელნაკეთი ბომბი ააფეთქა; მიუხედავად იმისა, რომ განგებამ ინციდენტს მსხვერპლი აარიდა, ამ უგუნური ნაბიჯის გამო ბავშვებს დღეს 12 წლამდე საპყრობილე ემუქრებათ, რაც მათ დასაწყისშივე გატეხილ ცხოვრებას სამუდამოდ დაასვამს მძიმე დაღს.  

### გეზით დასავლეთისკენ

ოფიციალური წყაროების დასკვნით, უკრაინაში ნაცადი სცენარი თანდათან დასავლეთისკენ ინაცვლებს.

 ლიეტუვაში უკრაინელი მოზარდი სასჯელს რუსეთის დაკვეთით IKEA-ს სავაჭრო ცენტრის გადაწვის გამო იხდის. ლატვიის შიდა უსაფრთხოების სამსახური დეტალურად აღწერს ახალწვეულთა გადაბირების მიზანმიმართულ, საფეხურებრივ სტრატეგიას - ერთგვარ „ესკალაციის კიბეს.“

ყოველივე იწყება ავტომობილის დაწვით, გრძელდება უკრაინელებთან დაკავშირებული ქონების განადგურებით და, საბოლოოდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით გვირგვინდება. ამ მეთოდის უმთავრესი მიზანი მოზარდებში შიშის გრძნობის თანდათანობთ დათრგუნვა და მგრძნობელობის ბარიერის მოშლაა. ამგვარი ფსიქოლოგიური დამუშავებით კი მათ ბევრად უფრო სახიფათო მისიებისთვის ამზადებენ.

გაერთიანებულ სამეფოში პოლიცია აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის ბრალდებით დაკავებულთა თითქმის მეხუთედი არასრულწლოვანია. ეს მონაცემი ზუსტად ასახავს მოზარდების წილს ანტი-ტერორისტულ საქმეებზე დაკავებების საერთო სტატისტიკაშიც.

ლონდონში მომხდარი ბოლოდროინდელი ინციდენტების კვალი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „აშჰაბ ალ-იამინამდე“ (Ashab al-Yamin) მიდის. ამ თავდასხმათაგან განსაკუთრებით რეზონანსული გამოდგა ქალაქის ჩრდილოეთში, ებრაული თემის კუთვნილი სასწრაფო დახმარების მანქანების გადაწვა, რისთვისაც ბრალი 17-დან 20 წლამდე ასაკის სამ ახალგაზრდას წარედგინა. ამავდროულად, ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში მდებარე სინაგოგის განზრახ აალების ფაქტზე დანაშაული 17 წლის მოზარდმა უკვე აღიარა.

პარალელურად, სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ირანულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი კურატორების მიერ გადაბირებული ახალგაზრდა დიდ ბრიტანეთში 18 წლის შესრულებისთანავე ჩამოვიდა, რათა განზრახული მკვლელობისთვის იარაღი მოეპოვებინა.

###  ისრაელ-ირანის ფრონტი

მოვლენათა განვითარების მსგავსი ხელწერა იკვეთება ისრაელ-ირანის კონფლიქტშიც.

ისრაელის პროკურატურის მასალების მიხედვით, თელ-ავიველმა მოზარდმა, რომელიც Telegram-ის მეშვეობით გადაიბირეს და გასამრჯელო კრიპტოვალუტით გადაუხადეს, სამხედრო შტაბ-ბინა და ირანული სარაკეტო იერიშების შედეგები ფირზე აღბეჭდა. მიმდინარე წელს მას ოფიციალურად წარედგინა ბრალი მტრის სასარგებლოდ ინფორმაციის გადაცემაში.

თავის მხრივ, ისრაელის კონტრდაზვერვამ, „შინ ბეთმა“, მშობლები საგანგებოდ გააფრთხილა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ვირტუალური სამყარო ინახავს. უწყების განცხადებით, არასრულწლოვნებს ინტერნეტში უცხო პირები უკავშირდებიან და სტრატეგიული ობიექტების გადაღებას ან კედლებზე პროვოკაციული გრაფიტის დატანას სთხოვენ.

###  „ერთჯერადი“ აგენტები

ევროპოლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, კატრინ დე ბოლი აღნიშნავს, რომ რომ სოციალურ ქსელებსა და ონლაინ თამაშებში უმეთვალყურეოდ დატოვებული მოზარდები იოლი ლუკმა ხდებიან როგორც კრიმინალური დაჯგუფებებისა და ექსტრემისტების, ისე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის. ბოროტმოქმედები მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ხოლო ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევაში, მათ, როგორც უბრალო „ერთჯერად მასალას“, ისე სწირავენ.

ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, დომინიკ მერფის თქმით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ამ საფრთხის მასშტაბმა გამომძიებლები საგონებელში ჩააგდო; ვირტუალური კონტაქტები გასაოცარი სისწრაფით იქცევა რეალურ სამყაროში განხორციელებულ თავდასხმებად.

უკრაინა კი, რომელსაც ამ ვერაგულ ტაქტიკასთან გამკლავების ყველაზე მწარე და ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამებს ნერგავს. ეს ინიციატივა მოზარდებში სიფხიზლის ამაღლებას ისახავს მიზნად, რათა მათ დროულად ამოიცნონ იმ უცნობთა შეთავაზებები, რომლებიც მარტივი დავალებების სანაცვლოდ მაცდურ გასამრჯელოს ჰპირდებიან.

თავის მხრივ, დასავლეთ ევროპელი ოფიციალური პირები და ექსპერტები აღიარებენ, რომ მათთან საზოგადოება საფრთხის რეალურ მასშტაბებს ჯერაც ვერ აცნობიერებს. ისინი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის აუცილებლობაზე მიუთითებენ, რათა ღიად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ ოსტატურად იყენებენ უცხოური სპეცსამსახურები ვირტუალურ სივრცეს ბავშვთა გონებით მანიპულირებისთვის; ზუსტად ისე, როგორც გიგანტური ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც მოზარდთა ფსიქიკაზე დესტრუქციული გავლენის გამო ისედაც მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლში არიან მოქცეულნი.

 2025 წლის სექტემბერში, გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ (BKA), კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებასთან (BfV), საგარეო დაზვერვის სამსახურსა (BND) და სამხედრო კონტრდაზვერვასთან ერთად, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო მრავლისმეტყველი სახელწოდებით: „ნუ გახდები ერთჯერადი აგენტი“. უწყებები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ რუსული დაზვერვა დივერსიული და საჯაშუშო საქმიანობისთვის სულ უფრო ხშირად აცდუნებს რიგით მოქალაქეებს, უპირატესად იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიებით არიან გატაცებულნი, თუმცა ყოველგვარ პროფესიულ მომზადებას მოკლებულნი არიან. მათ მახეში გაბმა ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით ხდება.

BKA-ს პრეზიდენტი, ჰოლგერ მიუნხი, ამ ახალწვეულებს ახასიათებს როგორც ადამიანებს, რომლებსაც მცირე ფულადი ჯილდოებითა თუ „ავანტიურის“ დაპირებით იტყუებენ. მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ ვინ დგას ამ პროცესების მიღმა ან რა არის მათი რეალური მისია. მიუნხისავე პირდაპირი და შეულამაზებელი ფორმულირებით, მათ „იყენებენ და შემდეგ კი სანაგვეზე მოისვრიან“.

***ტექსტი მომზადებულია გამოცემა Financial Times-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით. ავტორი: ანა ძირკვაძე / მოამბე***