პორტუგალია ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ დაირაზმა

სოციალისტი კანდიდატის გამარჯვებაში წვლილი კონსერვატორებმაც შეიტანეს

პორტუგალია ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ დაირაზმა
ანტონიო ჟოზე სეგურომ სარეკორდო შედეგით იმარჯვა.

ანა ძირკვაძე, პორტუგალიიდან

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე ცენტრისტმა ანტონიო ჟოზე სეგურომ კონკურენტი, ულტრა-მემარჯვენე ანდრე ვენტურა დიდი უპირატესობით დაამარცხა. სეგუროს 67% სარეკორდოა პორტუგალიის დემოკრატის 50-წლიან ისტორიაში.

იცით, რა არის ამ ამბის მთავარი ხიბლი? ეს გამარჯვება იმაზე მეტს გვეუბნება, თუ რას წარმოადგენს პორტუგალია დღეს, ვიდრე იმაზე, თუ რა შეიცვლება პორტუგალიელების ცხოვრებაში ხვალ.

პირველმა ტურმა ნათლად დაგვანახა, რომ პორტუგალიურ საზოგადოებაში ნაპრალები გაჩნდა: განსხვავებული განწყობები, ცოტა დაღლილობა, ინდიფერენტულობა და, შიგადაშიგ, ბრაზიც კი. შესაბამისად, ხმები დაქუცმაცდა და სხვადასხვა პარტიაზე მიმოიფანტა. ამ განხეთქილებას მეორე ტურის დანიშვნაც ადასტურებს, რომელიც პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში ბოლოს 40 წლის წინ მოხდა.

პირველ ტურში მეორე ადგილზე ულტრა-მემარჯვენე "შეგას" ლიდერი, ვენტურა გავიდა და მისი მეორე ტურში მისი 33%-იანი მაჩვენებელი საგულისხმოა. შეგა სულ რაღაც ექვსი წლის წინათ შეიქმნა და ნიშანდობლივია, რომ ამგვარი აღმავლობა ანტი-ბოშური, ანტი-იმიგრაციული და პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით მოიპოვა.

დიახ, პორტუგალიელებს ქვეყნის პოლიტიკაში ბევრი რამ არ მოსწონთ და უკმაყოფილებაც დიდია, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა და არჩევანი „რადიკალურ რღვევასა“ და „სტაბილურობას“  შორის დადგა, ხალხმა ისევ სტაბილურობა აირჩია. მემარცხენეები, ცენტრისტები, ლიბერალები გაერთიანდნენ იმ აზრის გარშემო, რომ ვენტურას პრეზიდენტობა ქვეყნისთვის ზედმეტად სარისკო იქნებოდა. შედეგად,  მათ სეგუროს დაუჭირეს მხარი, ოღონდ არა იმიტომ, რომ ყველა მისი გულშემატკივარია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, არამედ იმიტომ, რომ გაწონასწორებული და პროგნოზირებადი ადამიანია.

რას წარმოადგენს სეგურო?

კარგა ათი წელია, რაც სეგურო პოლიტიკის პირველ ხაზზე არ გამოჩენილა, თუმცაღა მანამდე საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსი იყო - ევროპარლამენტის დეპუტატი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის - ახლა კი გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიერეშის მარჯვენა ხელი. როცა 2011 წლის ფინანსურმა კრიზისმა სოციალისტური პარტიის მაშინდელი ლიდერი მოცელა, სწორედ სეგურო აირჩიეს პარტიის ლიდერად. თუმცაღა მალევე ლისაბონის მერმა ანტონიუ კოშტამ ჩაანაცვლა, რომელიც მალე პრემიერიც გახდა და ახლა კი ევროპული საბჭოს თავკაცი გახლავთ.

სეგურომ მაშინ პოლიტიკა დატოვა და გასულ წლამდე გვერდზე იდგა. თუმცაღა მოულოდნელად დაუბრუნდა პოლიტიკას და დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღო მონაწილეობა კამპანიაში. მისმა პერსონამ მემარცხენეები დაარწმუნა და მემარცხენე ცენტრისტების საზიარო კანდიდატი გახდა.

ნიშანდობლივია, რომ მოკრძალებული პოლიტიკური ვეტერანი, დიალოგისა და ჭკუადამჯდარი საუბრის მოყვარული, საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა კონსერვატიული კათოლიკური წრეებისთვისაც, ვინაც ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე ტურში, რომ ულტრამემარჯვენე ვენტურასათვის გზა გადაეღობათ.

შეგას წინსვლა

 სეგუროს გამარჯვების მიუხედავად, არ უნდა უგულებელვყოთ ვენტურას წარმატებაც. მან ოსტატურად მოირგო “სისტემის წინააღმდეგ ამხედრებული რაინდის” როლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაბატონებულ პოლიტიკურ ელიტას, სოციალისტებსა და სოციალ-დემოკრატებს აუმხედრდა. ამომრჩეველი, რომელიც სამ წელიწადში არჩევნებზე შვიდჯერ წასვლა-წამოსვლით დაიღალა, მეამბოხე ვენტურამ იმედის ნაპერწკალი გაუჩინა.

მთელი პოლიტიკური კამპანია ხალხის ემოციებზე ააგო. დევიზით “პორტუგალია ჩვენია” და ხმაურიანი ბანერებით “ეს ბანგლადეში არ არის” საზოგადოების ემოციებზე პოპულისტურად თამაშობდა. როგორც დღევანდელ პოპულისტებს ჩვევიათ, ხალხის გულებამდე მისასვლელად მან ტრადიციულ მედიას გვერდი აუარა და სოციალური მედიის გზას დაადგა. თანაც, თეატრალური ორატორობის ნიჭითაცაა დაჯილდოვებული. ფეხბურთის კომენტატორი ტყუილად ხომ არ იყო?

როცა შედეგები გამოცხადდა, ვენტურამ წაგება აღიარა, თუმცა თავი მსხვერპლად წარმოაჩინა: „მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდა, მაგრამ მე უკვე აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებო.“ მოკლედ, ეს ბრძოლა აქ არ დასრულებულა - ულტრა-მემარჯვენე პარტიამ დაიმკვიდრა თავი მეორე ადგილზე და პორტუგალიის უახლოესი მომავლის პოლიტიკაში მნიშვნელოვან ძალად დარჩება. ზოგიერთი დამკვირვებლის თქმით, ვენტურას პარტია „შეგასთვის“ ეს შედეგები, შესაძლოა, მომავალი გამარჯვების საწინდარიც კი იყოს საპარლამენტო არჩევნებში.

თუმცაღა წარსულის ტვირთი მძიმეა: პორტუგალიელებს არ დავიწყებიათ მოფაშისტო სალაზარის დროინდელი “ესტადო ნოვოს” ეპოქა. ქვეყანა ევროპულ ოჯახს მხოლოდ 1974 წელს, მიხაკების რევოლუციის შემდეგ დაუბრუნდა და “მემარჯვენეობა” რეპრესიების სინონიმად რჩება, რამაც თავისი წვლილი შეიტანა სეგუროს წარმატებაში.

 სიმბოლურია, პოლიტიკური შტორმის გარდა, არჩევნების დღეს პორტუგალიას მძვინვარე ქარიშხლის დაატყდა თავს და ბევრი ამომრჩეველი მუხლამდე წყალში მივიდა საარჩევნო უბნებამდე. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პორტუგალიაშიც, როგორც დანარჩენ ევროპაში, ბევრი შტორმი კიდევ წინა გვაქვს.