ფრანგი ოლიგარქის რუსი ვარსკვლავი: ქსენია ფედოროვა
ვანსან ბოლორეს მედია იმპერია სულ უფრო რუსულად ჭიკჭიკებს. ქსენია ფიოდოროვა ამ საქმეში მოწინავე ხაზზე დგას.
ამასწინათ, საფრანგეთის მედიაში ფრიადი დავიდარაბა ატყდა მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ რუსული, საფრანგეთში აკრძალული "რაშა თუდეის" (RT) არხის ყოფილი დირექტორმა, ქსენია ფედოროვამ, რაღაც მანქანებით საფრანგეთში ბინადრობის უფლება მოიპოვა. ფედოროვა დღეს იმაზე ხშირად ჩნდება ფრანგულ ტელეეკრანებზე, ვიდრე მაშინ, როცა RT-ს დირექტორი იყო და იმაზე უფრო აშკარად უჭერს მხარს პუტინის რუსეთს, ვიდრე უწინ. როგორ, ვისი მფარველობთ მოხდა ეს და რა გზავნილებს ავრცელებს ფედოროვა ფრანგულ მედიაში? ამის შესახებ ფრანგულივე პრესისა და ექსპერტების მოსაზრებების მიმოხილვას გთავაზობთ.
ვინაა ქსენია ფედოროვა?
47 წლის ქსენია ფედოროვა ყაზანში დაიბადა და მთელი კარიერა"Russia Today-ში, კრემლის მიერ დაფინანსებულ წამყვან პროპაგანდისტურ საერთაშორისო მედია ორგანიზაციაში გაატარა. ის არხს დაარსების პირველივე დღეებში, 2005 წელსვე შეუერთდა და მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის პროტეჟედ ითვლებოდა.
RT France-ს ევროკავშირში მაუწყებლობა 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ აეკრძალა, თუმცა კონტენტის შექმნის უფლება 2023 წლამდე ჰქონდა. ამის შემდეგ მისი თანამშრომლების უმრავლესობა სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოხერხებულმა ქსენიამ და მისმა რამდენიმე კოლეგამ კი ფრანგი ოლიგარქის ფრთის ქვეშ შეყუჟვა მოასწრეს.
მეტი ფედოროვას კარიერის შესახებ
მკვლევარები ამბობენ, რომ მიუხედავად ვიკიპედიაში არსებული ჩანაწერისა, მოსკოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრაო, ფედოროვას არ აქვს ჟურნალისტის განათლება. 2005 წლამდე, როცა RT-ს საერთაშორისო ამბების რედაქტორად დასაქმდა, მისი კარიერის შესახებ საიმედო ცნობები არ იძებნება.
სიმონიანის პროტეჟე სწრაფად დაწინაურდა და 2012-2014 წლებში რუსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა (დსთ) და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის სიახლეების გავრცელების დირექტორი გახდა. ამ პერიოდში ის ძირითადად RT-ის რუსულენოვან კონტენტზე იყო გადართული.
ამის შემდეგ შემდეგ ფედოროვა ბერლინში წავიდა, სადაც RT-ს შვილობილ საინფორმაციო სააგენტო Ruptly-ს ხელმძღვანელობდა. არც სწავლას დააკლო ხელი და ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხიც (MBA) მოიპოვა. 2017 წლის დეკემბერში ის უკვე პარიზში დაარსებული სატელევიზიო არხის, RT France-ის დირექტორი ხდება. 170 თანამშრომლით, RT-ის ფრანგული ფილიალი ქსელის უმსხვილესი საზღვარგარეთული ბიურო იყო — RT America-ზე, RT UK-ზე ან RT Deutsch-ზე დიდი.
ვანსან ბოლორეს ფრთის ქვეშ
უკანასკნელ ხანებში, ვანსან ბოლორე ფრანგული მედია-პოლიტიკური სივრცის ბოროტ გენიად იქცა. მისია უდიდესი საკაბელო ოპერატორი, Canal+ და ბეჭდური გამოცემების, რადიო და ტელეარხების მზარდი რიცხვი. ბოლორეს არხი CNews ამერიკული FoxNews ის ანალოგად ჩამოყალიბდა. მის ეკრანზე გასაქანი ეძლევათ ულტრამემარჯვენე პროპაგანდისტებს, მეცნიერების უარმყოფელებს, შეთქმულების თეორიების მოტრფიალეებს და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის მომხრე ანდა, უბრალოდ, ანტი-უკრაინელ პროპაგანდისტებს. ბოლორემ შეიფარა ოდესღაც RT-ს ფრანგი კომენტატორებიც.
ამბობენ, რომ ბოლორეს მიერ ქსენია ფედოროვას დაქირავების შესახებ განხილვები 2023 წლის ივნისში დაიწყო CNews-ის მმართველი დირექტორის, სერჟ ნაჯარის თაოსნობით. ბოლორეს არხებზე და გამოცემებში ფედოროვა 2025 წლის დასაწყისში გამოჩნდა. თუმცა მანამდეც, ბოლორეს მედია იმპერია ფედოროვას წიგნის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა, რომელშიც ის RT-ს აკრძალვას თავისუფალი სიტყვის უსამართლო ცენზურად ასაღებდა.
2025 წლის მაისში ფედოროვა JDNews-ის მიმომხილველი გახდა, სექტემბერში კი გადაცემა "მართლმადიდებლური ნათელის" წამყვანად მოგვევლინა. თავდაპირველად, რუსულ თემატიკაზე საუბრისას ის საკმაოდ ფრთხილი იყო, თუმცა თანდათანობით, ოფიციალური რუსული ნარატივის მრავალი ელემენტის გამეორება დაიწყო. მაგალითად, უკრაინაში ომს ის "კონფლიქტს" ან "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
მოწამლული შინაარსი: რაზე საუბრობს პროპაგანდისტი?
მაქსიმ ოდინე, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ცივილიზაციების ინსტიტუტში (Inalco) "ციფრულ კონტექსტში გავლენისა და კონტრგავლენის სტრატეგიების" კათედრის ხელმძღვანელია. მანდ გამოწვლილვით შეისწავლა ფედოროვას გამოსვლები. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან.
არის თუ არა ფედოროვა რუსეთის "გავლენის აგენტი"?
ოდინე: უფრო "რუსული გავლენის ოპერაციების მონაწილეს" დავუძახებდი და არა "აგენტს", რადგან ეს უკანასკნელი უფრო ფარულ საქმიანობას გულისხმობს, არადა ფედოროვას კავშირები რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ეკოსისტემასთან აშკარაა. ის RT-ის უმსხვილეს ფილიალს ხელმძღვანელობდა, რომელიც დეზინფორმაციის რუსულ ეკოსისტემაში ყველაზე კარგად დაფინანსებული ინსტრუმენტი გახლდათ და ყოველწლიურად 300-დან 350 მილიონ ევრომდე საჯარო სუბსიდიას იღებდა კრემლისგან. ფედოროვა RT-ს ხელმძღვანელ მარგარიტა სიმონიანის მარჯვენა ხელიც იყო.
საფრანგეთში რუსული გავლენის სისტემაში ფედოროვა საკვანძო ფიგურად რუსული პასპორტის გამო კი არა, არამედ RT-ში მისი კარიერისა და ბოლორეს მედიაეკოსისტემაში გადაბარგების გამო იქცა. მისი გავლენა მნიშვნელოვანია იმ ნარატივებისა და რიტორიკული ხრიკების გათვალისწინებით, რომლებსაც ის იყენებს საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიციების დასაცავად, ფრანგული აუდიტორიის საცდუნებლად, ინსტიტუტებისა და მედიისადმი ფრანგების ნდობის კიდევ უფრო დასასუსტებლად.
ერთი მხრივ, ფედოროვა აქტიურად და ცალსახად ავრცელებს ოფიციალურ რუსულ ნარატივებს — განსაკუთრებით ომს და უკრაინისთვის ევროპული მხარდაჭერის კრიტიკას რაც ეხება, ოღონდ მათ ფრანგული აუდიტორიისთვის წარმატებით კაზმავს.
მეორე მხრივ, ის დღესაც იცავს RT-ს, როგორც "ანტიჰეგემონურ" და "ალტერნატიულ" მედიასაშუალებას, რომელსაც სხვა ტრადიციულ (ე.წ. "მეინსტრიმულ") მედიასთან შედარებით უსამართლოდ ჩაგრავენ. ის პროპაგანდისტულ RT-ს იმავე საფეხურზე აყენებს, როგორც BBC-ს ანდა France24-ს, ევროპულ საჯარო მაუწყებლებს. ის გმობს ევროპაში ვითომდა გაბატონებულ აზროვნების ცენზურას და ამტკიცებს, რომ ევროპის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციაზე სწორედ ევროპა აგებს პასუხს.
მედია ლანდშაფტისადმი ეს კონფრონტაციული და რელატივისტური მიდგომა, რომელიც დამახასიათებელია RT-სთვის და ნასესხებია FoxNews-ისგან (რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა), ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც კარგად ხსნის ბოლორეს მიერ მისი დაქირავების მიზეზს.
კონკრეტულად როგორ აისახება რუსული გავლენა ფედოროვას მედია გამოსვლებში?
ვითარების ნათლად წარმოსადგენად, მე და ჩემმა კვლევითმა ჯგუფმა მისი 44 გამოსვლის ტექსტური ანალიზი ჩავატარეთ, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 28 მაისამდე გამოქვეყნდა. სპეციალური ლექსიკომეტრიული ანალიტიკური ინსტრუმენტით გამოვავლინეთ დომინანტურ თემები, ე.წ. "ლექსიკურ კლასტერები". ქსენია ფედოროვას გამოსვლებში ექვსი ძირითადი თემაა (ანუ "ლექსიკური კლასი"). ეს თემები მისი სტატიებისა და გამოსვლების ლექსიკური მოცულობის თითქმის 90 პროცენტს შეადგენს.

ყველაზე დიდი (კლასი 1: მოიცავს ლექსიკური დაფარვის 23 პროცენტს) ეხება რელიგიასა და მართლმადიდებლურ რწმენის საკითხებსა და სიმბოლოებს — თემას, რომელზეც ის ბევრს საუბრობდა თავის გადაცემაში "მართლმადიდებლური ნათელი."
მაგრამ ყველაზე საინტერესოა მე-6 კლასი (დაფარვის 17.3 პროცენტი), რომელიც შეეხება გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის ვითომდა დაცვას, რომლებიც, მისი მტკიცებით, საფრანგეთში საფრთხის ქვეშაა იმ ადამიანების გამო, რომლებიც "ინფორმაციაზე მონოპოლიის" ან "ორმაგი სტანდარტების" მომხრეები არიან. ამ ლექსიკური კლასისთვის კორპუსის სტატისტიკურად ყველაზე წარმომადგენლობითი აზრი შემდეგნაირია: "ცენზურა ყოველთვის არ იწყება პირდაპირი აკრძალვით, არამედ იდეით, რომ გარკვეულ სიტყვების გაგონება აღარ შეიძლება. უკრაინის დახმარების საბაბით, საფრანგეთმა, როგორც ჩანს, დაივიწყა, რომ გამოხატვის თავისუფლება ნახევრად დაცული ვერ იქნება. დემოკრატია არ უნდა იცავდეს თავს კომპლექსურობის აკრძალვით, წინააღმდეგობის გამორიცხვით ან ერთიანი ნარატივის შექმნით. რადგან როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ მეორე მხარის მოსმენაზე, უკან დგამს ნაბიჯს არა მხოლოდ ჟურნალისტიკა, არამედ თავად თავისუფლება." (2 აპრილი, 2026).
ამ ლექსიკურ კლასში მთავარი გამოყენებული ტერმინებია: "თავისუფლება", "მედია", "ნარატივები", "ბავშვები", "გამოხატვა", "უფლებები", "ინფორმაცია" და "დემოკრატია". შეიძლება გაგიკვირდეთ, საიდან მოხვდა აქ სიტყვა"ბავშვი." არადა საუბარია რუსეთის რიტორიკის ერთ-ერთ საკვანძო თემაზე, რაც ეხება უკრაინელი ბავშვების გატაცების და მათი რუსიფიკაციის პოლიტიკის უარყოფას და მათი რუსეთში გადაყვანის ახსნას "ევაკუაციით." ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია. ლექსიკური კატეგორიზაცია გვიჩვენებს, რომ ფედოროვას საკვანძო "ანტიჰეგემონური", "ალტერნატიული" და რელატივისტურ პოზიციები სრულ თანხვედრაშია RT-ის მთავარი მიზანთან: დაამტკიცოს, რომ დასავლური, ფრანგული დემოკრატია დისფუნქციურია. ეს პროპაგანდის საკმაოდ დახვეწილი, შეფარული ფორმაა.
მეორე კლასი ეხება ენერგეტიკულ საკითხებს, ორმუზის სრუტის კრიზისს, ინფლაციასა და ნავთობის მზარდ ფასებს. ფედოროვა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მომწოდებლებს შორის არის, რომელსაც შეუძლია მიწოდების კრიზისის სწრაფად შემსუბუქება და რომ, შესაბამისად, ჩვენს ინტერესებშია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
მესამე კლასი ფოკუსირებულია ბირთვულ საკითხებსა და რუსეთ-ამერიკის სტრატეგიულ დიალოგზე - ერთი მხრივ ბირთვული ომის შიშის კულტივირებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი იმ აზრისა, რომ რუსეთი ამერიკასთან მალე მორიგდება.
მეოთხე თემა უკრაინისთვის ევროპული სამხედრო მხარდაჭერისა და ესკალაციის რისკს ეხება. აქაც ფედოროვა იმეორებს კრემლის ნარატივს, რომელიც ამტკიცებს, რომ კონფლიქტს დასავლეთი აჭიანურებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით და ამით რუსეთთან სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს. აქაც, ფედორივა გაღმა შედავების ტაქტიკას იყენებს: ვითომ პაციფისტური რიტორიკით ნიღბავს აგრესიული ომის პროპაგანდას.
და ბოლოს, მეხუთე თემა ეხება ევროპის თავდაცვის ბიუჯეტებსა და ვალის ფონზე ხარჯების ზრდას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გერმანიის ხელახალ შეიარაღებას, რისი მიზანიცაა საფრანგეთში ისტორიული შიშების გაღვივება.
ყველა ამ კატეგორიაში აშკარაა რუსული ნარატივი, თუმცა ის ადაპტირებულია ისე, რომ ფრანგული აუდიტორიისთვის უფრო მიმზიდველი იყოს.
მიმდინარე მოვლენებზე ფედოროვას რეაქციები, მყისვე თავსდება ნაცნობ, კრემლისტურ ნარატიულ და რიტორიკული ჩარჩოებში და პირდაპირ ემსახურება კრემლის ამოცანებს: უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესუსტებას, ფრანგული საზოგადოების პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრინციპების (პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება) მიმართ უნდობლობის გაზრდას. იგივეს აკეთებდა RT, სანამ აიკრძალებოდა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვანსან ბოლორეს კუთვნილი მედიასაშუალები რუსეთისკენ შებრუნდა?
ალბათ საუბარი ნაკლებად უნდა იყოს რუსეთისკენ შემობრუნებაზე და უფრო რუსეთთან თავსებადობაზე. CNews-ის სარედაქციო ხაზი და მისი "ანტიჰეგემონური" პოზიცია თავსებადია რუსეთის მიერ მხარდაჭერილ არალიბერალურ იდეოლოგიასთან. შესაბამისად, ორივე მხარე თავისი ნებით მოქმედებს: არა მხოლოდ რუსეთმა შეაღწია ბოლორეს მედია ეკოსისტემაში, არამედ ბოლორემაც მისცა წვდომა ფედოროვასნაირ პერსონაჟს და RT-ს სხვა ყოფილ თანამშრომლებს თავის მედია რესურსებზე, რითიც ის კონკურენციას უწევს სხვა არხებს, მაგალითად BFMTV-სა და, განსაკუთერბით, LCI-ს რომელიც უკრაინაში ომს ვრცლად აშუქებს, ძირითადად უკრაინისადმი მხარდამჭერი პოზიციიდან. ამდენად, ჩემი აზრით უფრო უპრიანი იქნება საუბარი სარედაქციო მიდგომების თანხვედრაზე, სუვერენისტულ, ევროსკეპტიკურ, კონსერვატიულ, ანტილიბერალურ და პროგრესული მემარცხენეობისადმი კრიტიკულ პლატფორმაზე. ერთად აღებული, ყველაფერი ეს ქმნის ღირებულებათა ნაზავს, რომელიც სრულიად თავსებადია რუსეთის პოზიციებთან.
რას გვეუბნება ყოველივე ეს ფრანგული მედიასივრცის შესახებ?
მე სამ ასპექტს ვხედავ.
პირველ რიგში, ჩვენი მედია ეკოსისტემის ნაწილი არასაკმარისად მომზადებულია, არ იცის თანამედროვე რუსული პროპაგანდისა და ჩარევის ბუნების შესახებ. სიმპტომატური იყო მარტში France 2-ის საღამოს ახალი ამბების გამოშვებაში სერგეი ლავროვის მოწვევა, სადაც სამნახევარი მილიონი მაყურებლის წინაშე რუსმა მინისტრმა საკუთარი შეხედულებები ისე წარმოადგინა, რომ ჟურნალისტი მის ტყუილებს სათანადოდ არ შეწინააღმდეგებია. ასევე გვახსოვს 2023 წლის ამბები, როცა პარიზის ქუჩებში დავითის ვარსკვლავების დახატვამ და მერე 2024 წელს, სისხლიანი ხელების ანაბეჭდების დატოვებამ ფრანგული მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო, სანამ საბოლოოდ გამოირკვეოდა, რომ ეს მოსკოვიდან ორკესტრირებული დესტაბილიზაციის გამიზნული კამპანიები იყო.
ხალხი ზოგჯერ ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდას კარგად ვიცნობთ, მატრამ მაგრამ ის ბევრად უფრო დახვეწილი და საზიანოა, ვიდრე გვგონია. ცოტა უცნაურია, რომ საჯარო სფეროში მას სათანადოდ ვერ ვეწინააღმდეგებით, როცა სახელმწიფო უწყებებმა – Viginum-მა, DGSE-მ, შეიარაღებული ძალების სამინისტრომ და Quai d'Orsay-მ – უკვე კარგად დაამუშავეს ამ ჩარევების საწინააღმდეგო ზომები, შეუძლიათ უცხოური, დამაზიანებელი ციფრულ-საინფორმაციო ჩარევების რეალურ დროში აღმოჩენა და მასზე რეაგირება.
მეორე ასპექტია, რომ არსებობს იდეოლოგიური, ნარატიული, დისკურსული და პიროვნებათშორისი ფაქტორების თანხვედრა. ბოლორეს მედია ეკოსისტემას, მაგალთად პრორუსული გზავნილების გავრცელების სარედაქციო ინტერესი აქვს, როგორც ზემოთაც ვამბობდით. არადა რუსეთის გავლენის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამიზნე ქვეყნების მედია ეკოსისტემებში შეღწევაა - რადგან როდესაც გზავნილს ადგილობრივი მედიასაშუალება, იდეოლოგიური მოკავშირე ან ინფლუენსერი აშუქებს, ის ბევრად უფრო სანდოდ აღიქმება, ვიდრე პირდაპირ კრემლიდან, ან RT-ს მაგვარი კრემლის რუპორიდან მომდინარე ინფორმაცია. რასაც საფრანგეთში აკეთებს რუსეთი ბოლორეს დახმარებით, იგივე ხდება აფრიკის ქვეყნებშიც, სადაც RT და Sputnik-ი ათობით ადგილობრივ მედიასაშუალებასთან დებენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ზოგჯერ კი ჟურნალისტებს პირდაპირ უხდიან ფულს მათ კონტენტის გასავრცელებლად. ეს "ნარატივების გათეთრების" რუსული ფენომენია.
და ბოლოს, საფრანგეთში სამწუხაროდ ხშირად ხდება რუსი ინტელექტუალური ფიგურების გარკვეული ესთეტიზაცია და რომანტიზაცია, ადვილია მედიაში მათი წარმოჩენა, როგორც "ნაცრისფერი კარდინალებისა" და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, რადგან ავტორიტარულ კონტექსტში გადაწყვეტილების მიღების პროცესები ჩვენთვის გაუმჭვირვალე ჩანს და გვაინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში.
