> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# პაპი ლეონ XIV: იყავით ევროპის მშენებლები!
- URL: https://evropis.moambe.eu/papi-leon-xiv-iqavit-evropis-msheneblebi/
- Published: 2026-09-29T09:11:31.000Z
- Updated: 2026-09-29T09:14:33.000Z
- Description: რომის პაპის გამოსვლა მეცში, საფრანგეთში
- Author: სარედაქციო
- Tags: მოსაზრება, ქრისტიანული ევროპა

*საფრანგეთში ვიზიტისას, რომის პაპმა, ლეონ მეთოთხმეტემ სიტყვა წარმოთქვა მეცში, თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, რობერტ შუმანის მშობლიურ ქალაქში, სადაც ერთიანი ევროპის პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პირდაპირ შეეხმიანა იმ ქრისტიანულ ფესვებს, რომელიც ევროკავშირის საფუძველშია და დღევანდელ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ მისი გამოსვლის ტექსტს, კომენტარებით, რომელთა ჩამოშლაც დაწკაპუნებით შეგიძლიათ.*

---

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო კარდინალო,

პატივცემულო სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლებო,

#### უცნაური გამონაკლისი

მისალმების ამ მარტივ ფორმულაში ისტორიული გამონაკლისია: მეცი (ისევე, როგორც მთლიანად ელზასი) 1871 წელს გერმანიის მიერ იყო ანექსირებული და საფრანგეთთან შეერთების შემდეგ მასზე არ ვრცელდება 1905 წლის კანონი ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის შესახებ. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთერთობას განსაზღვრავს 1801 წლის კონკორდატი, რის თანახმადაც აღიარებული ტრადიციული რელიგიების - კათოლიკურის, ლუთერანულის, რეფორმისტულისა და ებრაულის) - მღვდელთმსახურების ხელფასს სახელმწიფო იხდის. სამაგიეროდ რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე ითვლება მეცის ეპისკოპოსად და სტრასბურგის არქიეპისკოპოსად: ამ დანიშვნას ოფიციალურად ამტკიცებს პაპი და ქვეყნდება ოფიციალურ უწყებებში. ამ წესის კონსტიტუციურობა 2013 წელს დაადასტურა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ.

ქალბატონებო და ბატონებო,

დიდად მოხარული ვარ, რომ აქ, კონტინენტის შუაგულში მდებარე ამ ისტორიულ ქალაქში ვიმყოფები შეხვედრაზე, რომლის სახელწოდებაც მრავლისმთქმელია: „ევროპის ფესვებთან - მშვიდობისა და ერთობისათვის“. მადლობას მოგახსენებთ იმ კეთილი სიტყვებისთვის, რომლებითაც ახლახან მომმართეთ.

#### ევროპის ქრისტიანული ფესვები?

იოანე პავლე მეორე 2000-იან წლებში ითხოვდა რომ ევროპის კონსტიტუციაში ქრისტიანული ფესვების შესახებ ჩანაწერი გაკეთებულიყო. ამასვე ესწრაფვოდა ბენედიქტე მეთექვსმეტე. თუმცაღა ახლანელი პაპი სიფრთხილით ეკიდება ამ თემას: 2016 წელს ინტერვიუში ის ამბობდა, რომ აშფოთებს „შურისძიების ტონი“ რომელიც ამგვარ მოთხოვნებში იკითხება.

შეხვედრის სახელწოდება, უეჭველია, შთაგონებულია ღირსი რობერ შუმანის ღირსეული პიროვნებით. დღეს განსაკუთრებული პატივი გვსურს მივაგოთ მას ამ ცენტრში, რომელიც მის სახელს ატარებს, და, უპირველეს ყოვლისა, აქ, მოზელში - მხარეში, სადაც იგი დიდხანს ცხოვრობდა, სადაც განისვენებს და რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა \[საფრანგეთის\] ეროვნულ ასამბლეაში.

#### რობერტ შუმანი

1886 წელს ლორენის პროვინციაში დაიბადა, რომელიც მაშინ გერმანიის ნაწილი იყო. 1919 წელს ის საფრანგეთის მოქალაქე გახდა. საფრანგეთ-გერმანიის განუწყვეტელმა ომებმა და ამ სადავო მიწის შვილობამ შთააგონა რობერტ შუმანს ერთიანი ევროპისთვის შრომის აუცილებლობა, რასაც 1950 წელს, საფრანგეთის საგარეო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას მიაღწია კიდეც. ეს ერთობა [შუმანის დეკლარაციის ](https://evropis.moambe.eu/schummandeclaration/)სახელითაა ცნობილი. ეკლესიამ რობერტ შუმანს 2021 წლიდან „ღირსის“ თიკუნით მოიხსენიებს, რაც მისი წმინდანად აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სწორედ ამ მხარის მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ისტორიულმა ქარტეხილებმა მისცა მას შთაგონება, თავისი წვლილი შეეტანა დღევანდელი და მომავალი ევროპის ჩამოყალიბებაში - მათ შორის, 1950 წლის 9 მაისის საყოველთაოდ ცნობილი დეკლარაციით. ეს დეკლარაცია ერთდროულად იყო მისი ერთგულების ამოსავალი წერტილიცა და საბოლოო გამოხატულებაც - ერთგულებისა, რომელიც ევროპის კონტინენტის შერიგებასა და გაერთიანებას ემსახურებოდა და რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა.

დღეს გვსურს, გონებით გავიაროთ გზა, რომელიც ევროპის ფესვებიდან იწყება, მის აწმყომდე მოდის და მომავალს გასცქერის. დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა: როგორ ჩამოაყალიბა რობერ შუმანი მისი მშობლიური მიწის ისტორიამ, , და როგორ შეძლო მან გადამწყვეტი წვლილი შეეტანა თანამედროვე ევროპის შექმნაში, ისე, რომ მისი ერთ-ერთ „დამფუძნებელ მამად“ აღიარება დაიმსახურა?

#### „დამფუძნებელი მამები“

ამ სახელდებით, შუმანის გარდა იხსენიებენ კონრად ადენაუერს, ალჩიდე დე გასპერის და ჟან მონეს. მათ შესახებ [ჩვენს სტატიაში ](https://evropis.moambe.eu/ert-iani-evropis-k-ristianuli-p-esvebi/)გიყვებოდით.

ევროპის განსაზღვრება ყოველთვის რთული იყო - როგორც დღევანდელობის, ისე მისი წარსულის. მან საკუთარი თავის შეცნობა თანდათანობით დაიწყო: ელინისტური ცივილიზაციის ეპოქაში, რომის იმპერიის დროს და შემდეგ, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად. დროთა განმავლობაში იგი ახალ კულტურებსაც ითავისებდა - მათ შორის გერმანულ და სლავურ კულტურებს - და სულ უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა.

ამრიგად, ევროპა, უწინარესად, კულტურული და ისტორიული რეალობაა და მხოლოდ ამის შემდეგ - გეოგრაფიული. საუკუნეთა განმავლობაში იგი ახალ საზღვრებსა და განსაზღვრებებს იძენდა, გადიოდა რა ზრდის ეპოქებს, ღრმა კრიზისებსა და ხელახალ აღორძინებას. მის ხანგრძლივ და მშფოთვარე ისტორიაში ერთი მუდმივი კანონზომიერება იკვეთება: ევროპა მაშინ ყვაოდა და მიდიოდა წინ, როდესაც თავისი წარსულის დადებითი მხარეების გამოყენებას ახერხებდა და უცხოსთან შეხვედრის შედეგად მათ ახალი, შემოქმედებითი სახით წარმოაჩენდა. მართლაც, ევროპული ცივილიზაცია უცხოსთან მრავალსაუკუნოვანი შეხვედრების ნაყოფიცაა, თუნდაც ეს შეხვედრები ყოველთვის იოლი არ ყოფილიყო. საკმარისია გავიხსენოთ არაბული კულტურის არსებობა იბერიის ნახევარკუნძულზე ან ბებერი კონტინენტის მოძრაობა ახალი სამყაროსკენ, რასაც ამერიკის კონტინენტზე ახალი, ზოგჯერ მტკივნეული, \[კულტურული\] სინთეზის წარმოშობა მოჰყვა.

ამ ხანგრძლივი ისტორიის გასაგებად გვერდს ვერ ავუვლით ევროპის კიდევ ერთ მამას - წმინდა ბენედიქტეს. 1964 წელს წმინდა პაპმა პავლე VI-მ იგი ევროპის მფარველად გამოაცხადა და „მშვიდობის მაცნე, ერთობის შემოქმედი და ცივილიზაციის მოძღვარი“ უწოდა.

ღარიბების, ავადმყოფებისა და ხანდაზმულების დახმარება; ბავშვთა განათლება და უნივერსიტეტები; საავადმყოფოები და მედიცინა; არქიტექტურა და საინჟინრო საქმე; მეცნიერებათა განვითარება; სამართალი და თვით ქალაქებისა და სახელმწიფოების მოწყობაც კი - ევროპაში უამრავ სფეროზე წმინდა ბენედიქტემ და მისმა ბერებმა ღრმა გავლენა მოახდინეს. ამ სამონასტრო ნიადაგის გარეშე ევროპული ცივილიზაცია, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ, ვერ იარსებებდა.

#### წმ. ბენედიქტე ნურსიელი (480-547)

დასავლურ ეკლესიაში საბერმონაზვნო ტრადიციის ფუძემდებელი 1964 წელს რომმა ევროპის წმინდა მფარველად აღიარა. ამ გამოსვლაში, პაპი მეექვსე საკუნის დამფუძნებელ მამებს მეოცე საუკუნის ევროპის დამფუძნებელ მამებს უკავშირებს და ამით ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ გენეალოგიაზე საუბრობს.

აქ, მეცში, სხვებთან ერთად წმინდა ქროდეგანგის მოღვაწეობის წყალობით, ბენედიქტური ძმობის, ერთობისა და თანაზიარების სულისკვეთება სუფევდა. სწორედ აქედან გავრცელდა გრიგორიანული გალობა კაროლინგების სამფლობელოებში და მთელ კონტინენტს ჰარმონია და მშვენიერება მოუტანა.

ამიტომ ევროპაზე ქრისტიანობის ხსენების გარეშე ვერ ვისაუბრებთ. ეს თავად რობერ შუმანსაც კარგად ესმოდა. იგი ამბობდა: „ქრისტიანობამ გვასწავლა, რომ ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორია: ისინი ერთი ღმერთის შვილები არიან, ერთი ქრისტეს მიერ გამოსყიდულნი - რასის, კანის ფერის, კლასისა თუ პროფესიის განურჩევლად. მან აღიარებინა ადამიანებს შრომის ღირსება და ვალდებულება, რომ შრომაში ყველას შეეტანა თავისი წვლილი. მან აღიარა შინაგანი ღირებულებების უპირატესობა, რადგან მხოლოდ ისინი აკეთილშობილებს ადამიანს. სიყვარულისა და მოწყალების საყოველთაო კანონმა ყოველი ადამიანი ჩვენს მოყვასად აქცია და სწორედ ამ კანონს ეფუძნება მას შემდეგ სოციალური ურთიერთობები ქრისტიანულ სამყაროში“.

#### შუმანის რწმენა

რობერტ შუმანს ახალგაზრდობაში ბერად აღკვეცა სურდა და მთელი ცხოვრება ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა: ყოველდღე დადიოდა წირვაზე, თავადაც ლოცულობდა და მუდმივად ეცნობოდა საეკლესიო ლიტერატურას. ის ახლოს იყო ბენედიქტელთა ორდენთან. ხოლო ახალგაზრდობაში გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტია **Zentrum*\-თანაც თანამშრომლობდა. 

თანამედროვე ევროპის კიდევ ერთი დამფუძნებელი მამა, ალჩიდე დე გასპერი, ეხმიანება მას და ხაზს უსვამს „საერთო ევროპულ მემკვიდრეობას“ - ანუ „იმ ერთიან მორალს, რომელიც განადიდებს ადამიანის პიროვნებასა და პასუხისმგებლობას, სახარებისეული ძმობისკენ მის სწრაფვას, ძველთაგან მემკვიდრეობით მიღებული სამართლის პატივისცემას, საუკუნეთა განმავლობაში დახვეწილ მშვენიერების განცდას და ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ნებას, რომელიც ათასწლოვანმა გამოცდილებამ გამოაწრთო“.

#### ალჩიდე დე გასპერი (1881-1954)

ევროპის კიდევ ერთ დამფუძნებელ მამას შუმანთან ისიც აკავშირებდა, რომ ევროპის კიდევ ერთ სადავო მიწაზე დაიბადა - ტრენტინოში, ავსტრიასა და იტალიას შორის. ისიც ახალგაზრდობიდან ევროპული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი გახლდათ. მუსოლონის აღმავლობას დე გასპერი ეჭვით უცქერდა, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას ის აქტიურად თანამშრომლობდა შუმანთან და მიესალმა 9 მაისის დეკლარაციას.

იმის აღიარება, რომ ევროპული კულტურა ვალშია ქრისტიანობისადმი სულაც არ არის ვინმეს რელიგიური ნიშნით გამორიცხვისკენ მიმართული კრიტერიუმი. პირიქით, ეს გვეხმარება უკეთ გავიგოთ, რომ ზეციურის მიმართ გახსნილობა მუდამ იყო ადამიანის პიროვნების განუყოფელი განზომილება და ცივილიზაციის ცოცხალი წყარო.

ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლს. იგი ახალისებს „ღია, გამჭვირვალე და რეგულარულ დიალოგს ეკლესიებთან“, ამავე დროს კი „პატივს სცემს და არ ხელყოფს იმ სტატუსს“, რომლითაც ისინი წევრ სახელმწიფოებში სარგებლობენ. სახელმწიფოთა ცხოვრებაში დამკვიდრებული სეკულარიზმი მხოლოდ სამოქალაქო ინსტიტუტების არაკონფესიურ ხასიათს არ გულისხმობს. იგი ასევე მოითხოვს დაინტერესებულ მხარეთა გულწრფელ თანამშრომლობას, სახელმწიფო და ევროკავშირის ხელისუფლებების მიერ ეკლესიების ავტონომიის პატივისცემას და მათი ორგანიზების, გამოხატვისა და ღვთისმსახურების თავისუფლების ხელშეწყობას.

საჭიროა დავუბრუნდეთ იმ ღირებულებათა სათავეს, რომლებსაც სამოქალაქო თანაცხოვრება ეფუძნება. ესენია „ადამიანის ხელშეუვალი და განუსხვისებელი უფლებების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის საყოველთაო ღირებულებები“.

დღევანდელ მულტიკულტურულ გარემოში ამ ღირებულებათა უნივერსალურობის დამკვიდრება - რაც ევროპის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ერთდროულად მოითხოვს საკუთარი ფესვების ხელახლა აღმოჩენასა და სხვასთან დიალოგისთვის გახსნილობას.

ეს სოციალური და პოლიტიკური აუცილებლობაა: კვლავ უნდა აღმოვაჩინოთ ადამიანის პიროვნების ცენტრალური ადგილი და რეალური შინაარსი დავუბრუნოთ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია, მშვიდობა და ერთობა. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით ღირებულია პაპ ფრანცისკეს მოწოდება, სათანადოდ დავაფასოთ ევროპული რეალობის კომპლექსურობა, მისი ტრადიციებისა და მგრძნობელობების მთელი სიმდიდრით, და ღირსეულად მივიღოთ „ჰეგემონებისგან თავისუფალი, შემოქმედებითი ჰარმონიის მიღწევის გამოწვევა“.

#### ჰეგემონები

პაპი ბენედიქტე აქ ეხმიანება 2014 წელს პაპ ფრანცისკეს მიერ ევროპის საბჭოში წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც ევროპაში ჰეგემონების წარმოშობის საფრთხის შესახებ საუბრობდა. მაშინ, რუსეთის უკრაინაში პირველი აგრესიის შემდეგ წარმოთქმული ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

ეს ორმაგი მოძრაობა - ფესვებთან დაბრუნება და დიალოგი - საშუალებას მოგვცემს, კვლავ ვიპოვოთ წონასწორობა როგორც თავად უფლებებს შორის, ისე უფლებებსა და მოვალეობებს შორის. პაპი ფრანცისკე მუდამ შეგვახსენებდა: „უფლების ცნებას აღარ უკავშირებენ მოვალეობის ცნებას, რომელიც ასევე არსებითი და მისი შემავსებელია. შედეგად, ინდივიდუალურ უფლებებს ისე იცავენ, რომ აღარ ითვალისწინებენ: ყოველი ადამიანი სოციალური გარემოს ნაწილია და მისი უფლებები და მოვალეობები მჭიდრო კავშირშია სხვა ადამიანთა უფლებებსა და მოვალეობებთან, ისევე როგორც თავად საზოგადოების საერთო კეთილდღეობასთან“.

თანამედროვე ევროპა თავისი შეხვედრებით აღსავსე ხანგრძლივი ისტორიის ახალი ეტაპის წინაშე დგას: კონტინენტზე მრავალი ქალი და მამაკაცი ჩამოდის, რომლებიც ომსა და დევნას გაურბიან ან სიღარიბისა და გაჭირვებისგან შორს უკეთეს ცხოვრებას ეძებენ.

როგორც ესპანეთში, კანარის კუნძულებზე ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს ვთქვი: „ადამიანის ღირსება მოითხოვს კანონიერი და უსაფრთხო გზების არსებობას, შველასა და დახმარებას, ადამიანებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ რეალურ თანამშრომლობას, მსხვერპლთა ქმედით დაცვას, \[დევნილების\] მიღებისა და ინტეგრაციის სერიოზულ პროცედურებსა და ისეთ პოლიტიკას, რომელიც თითოეულ ადამიანს საკუთარ მიწაზე ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“.

თუმცა ესეც არ იქნება საკმარისი. ადამიანის შეფარება ნიშნავს მის მიღებას ისე, როგორც საკუთარ ოჯახში: მისთვის შესაძლებლობის მიცემას, განავითაროს ნიჭი, უნარები და მგრძნობელობა, მაგრამ ამავე დროს შეითვისოს იმ სახლის სულისკვეთებაც, რომელმაც იგი შეიფარა. უნდა გავაცნობიეროთ მიმდინარე მოვლენების ისტორიული მნიშვნელობა: ჩვენს თვალწინ ხალხებისა და კულტურების უპრეცედენტო ურთიერთშეხვედრა ხდება. ეს მოითხოვს ჩვენი ფესვების შემოქმედებითად ხელახლა აღმოჩენას და, ამავე დროს, სხვისთვის ყურადღებით მოსმენას. ევროპის დამფუძნებელ ღირებულებათა უნივერსალურობა გვარწმუნებს, რომ ასეთი დიალოგი შესაძლებელია; მას შეუძლია ჩვენს საზოგადოებებს მტკიცე საფუძველი შეუქმნას და მშვიდობისა და შერიგებაზე დამყარებული მსოფლიოსათვის უფრო ქმედითად მუშაობის საშუალება მოგვცეს.

#### თავშესაფარი და ინტეგრაცია

„თავშესაფრის ოჯახის სულისკვეთების შეთვისების აუცილებლობის“ ხსენებით პაპი დევნილების და მიგრანტების ინტეგრაციაზე საუბრობს და თან აღიარებს მიმდინარე მიგრაციული პროცესების უპრეცედენტო ხასიათს. ვატიკანის დიპლომატიურ ენაზე პაპი აქ უარყოფს მიგრანტების შემოსვლი ბლოკირების და გასახლების ზომებს და შემწყნარებლობისა და თავშესაფრის მიცემის აუცილებლობაზე მიუთითებს. თუმცა, ამავე დროს, განსხვავებით პაპ ფრანცისკესაგან, თავშესაფრის უპირობო უფლების დაცვისგან ერთ ნაბიჯს უკან დგამს 

სწორედ ამგვარმა გამჭრიახობამ შთააგონა შუმანის მსგავსი ადამიანები, დაეძლიათ კულტურულ იდენტობებს შორის დაპირისპირება და ევროპული ინსტიტუტებისთვის დაედოთ სათავე. ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის უზარმაზარი ტრაგედიის შემდეგ, რომელმაც ყველას დაგვანახა, თუ რაოდენ დიდი ბოროტების ჩადენა შეუძლია ადამიანს, როდესაც სჯერა, რომ მისი ძალაუფლების განხორციელებას წინ აღარაფერი უდგას.

რობერ შუმანმა, რომელსაც მუდმივად მოძრავი საზღვრების პირობებში მოუწია ცხოვრებ ა, საფუძველი ჩაუყარა ევროპას, რომელიც აცნობიერებდა იმ კედლების დანგრევის გადაუდებელ აუცილებლობას, რომლებიც ევროპას აქუცმაცებდა. ქრისტიანულმა აღზრდამ მას თანასწორობის მნიშვნელობა ასწავლა - რასისა თუ სოციალური კლასის განურჩევლად - და შრომის ღირსება დაანახა. ერთმანეთის მონაცვლე სხვადასხვა ეროვნული სუვერენიტეტის ბატონობის ქვეშ ცხოვრებამ მას საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა და მიცემული სიტყვის ფასი შეაგნებინა. შუმანი გაიზარდა გარემოში, სადაც სიამაყე და შურისძიების სულისკვეთება ყველაფერზე მაღლა იდგა, თუმცა მან თავი მშვიდობასა და ხალხთა ძმობას მიუძღვნა — იმ ხალხებისა, რომლებიც ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ მიხვდნენ, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ.

მაშ, რას ასწავლის რობერ შუმანი დღევანდელ ევროპასა და მსოფლიოს? უპირველეს ყოვლისა - მშვიდობის ღრმა წყურვილს. სამწუხაროდ, ომი დღეს კვლავ დაბრუნდა, მათ შორის ევროპაშიც: ახალი „უმიზნო ხოცვა-ჟლეტა“, რომელსაც ყოველდღიურად ურიცხვი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება.

#### „უმიზნო კაცთაკვლა“

ეს გამოთქმა ბენედიქტე მეთხუთმეტემ თავის დროზე პირველი მსოფლიო ომის დასახასიათებლად გამოიყენა და როგორც გერმანული, ისე ფრანგული მხარისაგან თავდასხმის ობიექტი შეიქნა. პაპი ლეონი, განსხვავებით მისი წინამორბედისაგან უკრაინის თანმიმდევრული მხარდამჭერია, თუმცა ამ გამოსვლაში უკრაინა პირდაპირ არ უხსენებია. ამავე დროს, პაპი ყოველთვის აფრთხილებს მსმენელებს, რომ ხელახალი შეიარაღება არაა გამოსავალი და ვერ მოიტანს უსაფრთხოებას.

დღესაც, ისევე როგორც 1950 წელს, შუმანის დეკლარაციაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ აქტუალურია: „ორგანიზებულ და სიცოცხლით სავსე ევროპას ცივილიზაციისთვის ისეთი წვლილის შეტანა შეუძლია, რომლის გარეშეც მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნება შეუძლებელია“. აუცილებელია მოთმინებით ვაწარმოოთ დიალოგი, მოლაპარაკებისას გამბედაობა გამოვიჩინოთ და მშვიდობის უზენაესი სიკეთისათვის მზად ვიყოთ, გარკვეული პოზიციები დავთმოთ.

რასაკვირველია, ევროპასა თუ მთელ მსოფლიოში მშვიდობის ძიება გულუბრყვილობაში არ უნდა აგვერიოს. პირიქით, შუმანის სიტყვები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია: „მსოფლიო მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ იმ საფრთხეების წინააღმდეგ შემოქმედებითი ძალისხმევის გარეშე, რომლებიც მას ემუქრება“. თუმცა, \[შუმანი ასევე გვასწავლიდა\], რომ უნდა ვერიდოთ ილუზიას, რომ მხოლოდ გადაიარაღება უსაფრთხოებას მოგვიტანს. „შემთხვევითი არ არის, რომ სამხედრო ხარჯების გაზრდის განმეორებით მოწოდებებსა და მათგან გამომდინარე გადაწყვეტილებებს მრავალი მმართველი სხვებისგან მომდინარე საფრთხით ამართლებს“. მშვიდობის ხელშეწყობა აქტიურ შრომას მოითხოვს. დღეს საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: მართლაც ვიღებთ თუ არა „შემოქმედებით ზომებს“ მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად, თუ მხოლოდ „ომით გამოწვეული სისხლდენის შეჩერებას“ ვცდილობთ და უკეთ ვემზადებით იმ ომებისთვის, რომელთა მომავალში დაწყებასაც წინასწარ ვვარაუდობთ?

#### დანის პირზე

აქ პაპი ცდილობს დანის პირზე გაიაროს: მან იცის, რომ მშვიდობისაკენ მოწოდებებს ევროპაში (და ამერიკაშიც) დღეს ბევრი, როგორც მინიმუმ, გულუბრყვილობად აღიქვამს, ზოგი კი მავნებლობადაც. თუმცა, ამავე დროს ეკლესიის მხრიდან მშვიდობისაკენ მოწოდება და მისი ხელშეწყობისკენ სწრაფვა ტრადიციული და დოქტრინალური საკითხია. მეტიც, პაპი არ შეიძლება მხოლოდ ევროპას ესაუბრებოდეს - ის მთელ მსოფლიოსაც მიმართავს.

შუმანისეული ევროპა არის კონტინენტი, სადაც იარაღით დაპირისპირებას დიალოგს ამჯობინებენ; სადაც რესურსებს აერთიანებენ, რათა „ნებისმიერი ომი არა მხოლოდ წარმოუდგენელი, არამედ მატერიალურად შეუძლებელიც გახდეს“.

შუმანისეული ევროპა საერთაშორისო სამართლის პატივისცემას ემყარება. ეროვნული სამართლისგან განსხვავებით, მას ერთი სახელმწიფო ძალის გამოყენებით ვერ დაამკვიდრებს; იგი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს — *pacta sunt servanda*: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს.

#### მრავალმხრივი დიპლომატიის დასაცავად

პაპი აქ პირდაპირ ეწინააღმდეგება ძალის სამართალს და აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, პირველ რიგში რუსეთს, რომელიც ფეხქვეშ თელავს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.

ამ პრინციპს საგულდაგულოდ იცავს ამ რეგიონის განსაკუთრებული კანონმდებლობაც, რომელიც სახელმწიფოსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობებსაც აწესრიგებს 1801 წელს წმინდა საყდარსა და საფრანგეთს შორის დადებული, დღემდე მოქმედი კონკორდატის საფუძველზე.

საერთაშორისო სამართალი და მულტილატერალიზმი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში მათ რეალურ თანასწორობას უსვამს ხაზს და ბატონობის სურვილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა - იმ სურვილისა, რომელიც ყოველი კონფლიქტის სათავეშია. დღეს ადამიანებს შორის და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები სულ უფრო ბარბაროსული ხდება. მიცემული სიტყვის ფასი უგულებელყოფილია; სამაგიეროდ, სიცრუითა და მოტყუებით ამაყობენ. ევროპას შეუძლია გაწყვიტოს ეს მანკიერი წრეს სხვისადმი პატივისცემით, ღირებულებით, რომლის კულტივირება და შენარჩუნებაც მან შეძლო. გასული ოთხმოცი წლის განმავლობაში ევროპამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ განსხვავებული მოსაზრებების, მოთხოვნებისა და ინტერესების დაცვა ურთიერთშეხვედრითაც შესაძლებელია და არა მხოლოდ დაპირისპირებით.

#### „ბარბაროსული“

ამ სიტყვის გამოყენება პაპის მხრიდან - ტერმინისა, რომელსაც ნაცისტური რეჟიმის დასახასიათებლად იყენებენ ევროპაში - სერიოზული რიტორიკული დარტყმაა, რომელიც ორ ლიდერს პირდაპირ მიემართება, რომლებიც ღიად უარყოფენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სამართალსა, სუვერენიტეტს და მეტიც, თავს იწონებენ კიდეც ამით - პუტინსა და ტრამპს. 

შუმანი შეგვახსენებს, რომ ყოველთვის რეალიზმი და გამბედაობა უნდა გამოვიჩინოთ. იგი ამბობდა: „ევროპა ერთბაშად და ერთიანი გეგმის მიხედვით ვერ შეიქმნება; იგი შეიქმნება კონკრეტული მიღწევებით, რომლებიც, უპირველესად, სოლიდარობის რეალურობას დაამყარებს“. არასოდეს უნდა დავკარგოთ რწმენა, რომ შეგვიძლია წინსვლა, თუნდაც გადადგმული ნაბიჯები ზოგჯერ მცირე და თითქმის შეუმჩნეველი იყოს. თანამედროვე მოთხოვნა, გვქონდეს „ყველაფერი და დაუყოვნებლივ“ არ შეესაბამება ევროპის ისტორიასა და კულტურას, რომლებიც, პირიქით, დროისა და მოთმინების ფასს გვასწავლის. სწორედ მცირე ნაბიჯებით შეიძლება შეიქმნას ის ქმედითი სოლიდარობა, რომელიც არავის მიატოვებს, არავის დაივიწყებს.

ამ მოსაზრებებს თქვენ რომ გიზიარებთ, უპირველესად ახალგაზრდებზე ვფიქრობ - მათზე, ვისაც დღევანდელი და მომავალი ევროპის აშენება ევალება. როგორც ჯერ კიდევ შუმანი აღნიშნავდა: „დაე, შერიგებული, ერთიანი და ძლიერი ევროპის იდეა ამიერიდან იქცეს ახალგაზრდა თაობათა მოწოდებად - იმ თაობებისა, რომლებსაც სურთ ემსახურონ სიძულვილისა და შიშისგან საბოლოოდ გათავისუფლებულ კაცობრიობას, რომელიც მეტისმეტად ხანგრძლივი განხეთქილებების შემდეგ კვლავ სწავლობს ქრისტიანულ ძმობას“.

ახალგაზრდებს გეუბნებით: გეყოთ გამბედაობა, პასუხისმგებლობით იტვირთოთ მშვიდობის მშენებლობის მისია - საკუთარ გულში, ურთიერთობებში, ოჯახში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თქვენი ქალაქების, ქვეყნების და მთელი ევროპის ცხოვრებაში.

ნუ დაემორჩილებით ძალადობისა და ჩაგვრის ლოგიკას. გიყვარდეთ სიცოცხლე ყოველწამიერად და ნუ შეგეშინდებათ მომავლის!

ნუ შეგეშინდებათ ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის; ნუ შეგეშინდებათ ყოველი ადამიანის ღირსების დაცვისა - დედის საშოში სიცოცხლის პირველი წამიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ნუ შეგეშინდებათ დაუღალავი შრომისა თქვენი თემის საკეთილდღეოდ - მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობითაც.

იყავით თანამეგობრობის მშენებლები!

და თქვენთან ერთად მყარ ფესვებზე მდგომი ევროპაც განაგრძობს აყვავებას და მთელი მსოფლიოს შთაგონებას. დაე, ღმერთმა განგიმტკიცოთ ეს გადაწყვეტილებები, ღმერთმა აკურთხოს და დაიფაროს მთელი ევროპა!

[Léon XIV à Metz | Le Grand ContinentL’Europe guelfe a-t-elle trouvé son discours ? Nous commentons les mots du pape![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/cropped-Capture-de-CC-81cran-2021-03-20-a-CC-80-19.21.51-270x270-138bbf54-da88-405e-8273-bffb9532ca01.png)Le Grand ContinentLouis Puel![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/gc-share-Leon-europe-dc2c155d-f4f1-499b-9bae-403da4f383c2.jpg)](https://legrandcontinent.eu/fr/2026/09/28/leon-xiv-a-metz/?ref=evropis.moambe.eu)

პირველწყარო

[ერთიანი ევროპის ქრისტიანული ფესვებირწმენა ერთიანი ევროპის სათავეებთან![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--170d81b9-7b6e-44de-b137-dccd3181b0ec.png)ევროპის მოამბეჯაბა დევდარიანი![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/cov-a513aef3-f544-4eea-ac7e-a1fe99f26264.png)](https://evropis.moambe.eu/ert-iani-evropis-k-ristianuli-p-esvebi/)

ამავე თემაზე