რა ითქვა შატოში?

ევროკავშირის ლიდერებმა წინსვლის გზებზე იმსჯელეს

რა ითქვა შატოში?
ალდენ ბიზენში შეკრებილი ლიდერები ძველი დიდების ნაშთს შეეხნენ და ახლის შესახებ ისაუბრეს

ევროკავშირის საბჭოს თავკაცმა ანტონიო კოშტამ 27 ქვეყნის ლიდერი ბელგიის ისტორიულ შატო ალდენ ბიზენში იმისთვის მიიპატიჟა, რომ არაფორმალურ გარემოში ემსჯელათ ევროპის გაძლიერებაზე. როგორც დავოსის სამიტზე კარგად გამოჩნდა, მსოფლიოს ეკონომიკური გიგანტები ერთმანეთთან გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ქიშპობის გზას საბოლოოდ დაადგნენ. ევროპის დიდ ქვეყნებში მომწიფდა აზრი, რომ კავშირმა უნდა აირჩიოს, ამ მსოფლიოში ძალის ერთ-ერთი პოლუსი იქნება, თუ სხვების საჯიჯგნი გახდება.

ევროკავშირი წესდებით პირველ რიგში ეკონომიკური გაერთიანებაა, ამიტომაც, დამდეგი კონკურენციის პირობებში მას სამი კოზირი აქვს - 450 მილიონიანი მოსახლეობა, ანუ მომხმარებელთა ბაზარი; საერთო ბაზარი, ანუ ბიზნესის ზრდისთვის კარგი გარემო და მოქალაქეთა დანაზოგები, რომლებიც სწრაფი ინვესტირების საშუალებას იძლევა. სწორედ ამაზე ამახვილებდა ემანუელ მაკრონი ყურადღებას ამასწინანდელ ინტერვიუში.

ემანუელ მაკრონი: ევროპამ ერთობლივი სესხი უნდა აიღოს
ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის გავეშებული ბრძოლაა და მას არ უნდა ჩამოვრჩეთო, ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი

უპირატესობას გამოყენება და განხორციელება უნდა. ევროპის ეროვნული ბანკის ყოფილმა თავკაცმა, მარიო დრაგიმ ჯერ კიდევ 2024 წელს წარმოადგინა ანგარიში, რომელიც კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად ევროპული რეგულაციების გამარტივებაზე და ინვესტიციების წახალისების აუცილებლობაზე საუბრობდა. მეორე იტალიელმა, ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტტამ, თავის ანგარიშში ბიზნესის და საერთო ბაზრის განვითარების აუცილებლობაზე მიუთითა ლიდერებს. სწორედ ეს ორი ადამიანი იყო მიწვეული ბელგიაში არაფორმალურ სამიტზე, რომ ლიდერებთან ერთად ჩაღრმავებით განეხილათ საჭირბოროტო თემები.

დაპირისპირებულთა ერთიანობა

ზოგადად, პარიზი, ბერლინი, რომი და ვარშავა თანხმდებიან, რომ დრაგისა და ლეტტას ანგარიშების რეკომენდაციები განსახორციელებელია. თუმცაღა მათი განხორციელების გზებზე აზრები იყოფა. ემანუელ მაკრონი, როგორც ყოფილი ბანკირი და ფინანსისტი, ფიქრობს, რომ საერთო-ევროპული ვალის აღება - ანუ ევროობლიგაციების გამოშვება - საუკეთესო გზა იქნება კაპიტალის სწრაფი მობილიზებისა და ინვესტირებისთვის. ფრიდრიხ მერცი და ჯორჯა მელონი ვალის აღებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ფრთხილობენ, ფრანგებმა თავისი შიდა ვალის დაფინანსება არ აგვკიდონო. ისინი უკვე არსებული ევროპული ფონდების და ბანკებში არსებული მოქალაქეთა დანაზოგების გამოყენება-გადათამაშებაზე ჩამოდიან ფსონს. ამას მხარს უჭერს ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

მაკრონისა და მერცის ხედვებს შორის სხვადასხვაობის მნახველ ევროპულ პრესასა და ანალიტიკურ საზოგადოებაში აჩურჩულდნენ, პარიზ-ბერლინის ევროპული მოტორი ბერლინ-რომის მოტორმა ჩაანაცვლაო. კოშტას არაფორმალური სამიტის ერთ-ერთი ამოცანა ისიც იყო, რომ დიდ ევროპულ დედაქალაქებს შორს უსიამოვნება თავიდან აერიდებინათ და კომპრომისი არაფორმალურ გარემოში, პირისპირ ეძებნათ. ამდენად, შემთხვევითი არაა, რომ მაკრონი და მერცი შეხვედრაზე ერთად შევიდნენ და პრესასთან სასაუბროდაც ერთად გამოვიდნენ.

მართალია, მაკრონმა თქვა არანაირი დრამატული განსხვავება ჩემსა და კანცლერს შორის არააო, ფაქტი ფაქტად დარჩა: როგორც ჟურნალისტები ქილიკობენ, მაკრონს ევროკავშირის "გადატვირთვა" სურს, მერცს კი მხოლოდ მტვერის გადაწმენდაო. თუმცა, ირონია გვერდზე გადავდოთ: გუშინ ლიდერები მთელ რიგ საკითხებზე მაინც შეთანხმდნენ.

საუბრების შედეგები

შეხვედრა გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა და მასპინძელი, კოშტა, კმაყოფილი ჩანდა. მაშ, რაზე მიაღწიეს თანხმობას?

27-ვე ლიდერი შეთანხმდა რეგულაციების გამარტივებაზე, განსაკუთრებით კომპანიებისათვის. დათანხმდნენ ასევე ლეტას წინადადებას, "ერთი ევროპა, ერთი ბაზარი" რომლის ძალითაც 2026-2027 წლებში ევროპულ ბაზრებზე კომპანიების ვაჭრობა მუშაობა საერთო წესებით იქნება შესაძლებელი. შეიქმნება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი ევროპული კომპანიების დასაარსებლად (ე.წ. "28-ე რეჟიმი"), რაც საშუალებას იძლევა ახალი ტრანს-ნაციონალური კომპანიები ისე შეიქმნას, რომ თითოეულ ქვეყანაში ცალ-ცალკე დარეგისტრირება და ანგარიშგება არ მოუწიოთ. ასევე შეთანხმდნენ, რომ ზოგიერთ სექტორში, მაგალითად ტელეკომუნიკაციების და ხელოვნური ინტელექტის მხრივ, წახალისდება ინვესტიციები. გადაიდგმება ნაბიჯები ელექტროენერგიის ფასების შესამცირებლად. როცა ევროპა მომსახურებას შეისყიდის, ევროპულ კომპანიებს უპირატესობა მიენიჭებათ თავდაცვის, კოსმოსურ, ეკოლოტექნოლოგიების, კვანტური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და საბანკო გადახდების ავტომატიზაციის სექტორებში.

ასევე არსებობს კონსენსუსი თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო და რეგიონული შეთანხმებების დადებაზე, როგორც ამასწინათ ინდოეთთან და აშშ-სთან. საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკომისია ძალაში შეიყვანს მერკოსურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მანამ, სანამ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება გაცხადდებოდეს. ასევე დაფიქსირდა საერთო თანხმობა კაპიტალისა და ინვესტიციების საერთო ბაზრის ასამოქმედებლად.

არ გაიზიარეს ფრანგული წინადადება ევროობლიგაციების შესახებ: მერცმა პირდაპირ განაცხადა, რომ არც თავად ეთანხმება ამას და არც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მისცემს ამის უფლებას. მისი თქმით, ერთობლივი ვალის აღება კოვიდის შედეგების აღმოსაფხვრელად და უკრაინის დასახმარებლად გამონაკლისები იყო და წესად არ უნდა იქცეს. შეთანხმდნენ, რომ ახალი ზომების დასაფინანსებლად ჩვეულებრივ საბიუჯეტო პროცესს გამოიყენებენ.

ვისაც გვინდა, გაგვატარეთ

საუბრის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ევროკავშირში უფრო აქტიურად და იოლად მიმართავენ ე.წ. "გაღრმავებული თანამშრომლობის" ფორმატებს. ეს ნიშნავს, რომ იმ სფეროებში სადაც თანხმობა არაა, ის ქვეყნები წაიწევენ წინ, ვისაც ამის სურვილი აქვთ. ამით ისინი თავიდან აირიდებენ ვეტოს მუდმივ საფრთხეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, მირჩევნია, რომ გადაწყვეტილებები ყველამ ერთად მივიღოთ, მაგრამ თუ ივნისამდე კაპიტალისა და ინვესტიციების საერთო ბაზრის შესახებ არ გვექნება თანხმობა, მაშინ გაღრმავებული თანამშრომლობის ფორმატები ამოქმედდება, სწრაფად რომ ვიაროთ წინო.

რამდენად წარმატებული გამოდგა უჰალსტუხო სამიტი?

ჯერჯერობით ევროპამ ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული ამჯობინა ნახტომის გაკეთებას. მარიო დრაგი სკეპტიკურადაა განწყობილი. მისი აზრით, ამ ტემპით ევროპა "ნელ დაღმასვლას" გააგრძელებს. ევროპელები ერიდებიან მკვეთრი ნაბიჯების გაკეთებას, მით უმეტეს მაშინ, როცა საფრანგეთის - ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - საარჩევნო მომავალი გაურკვეველია.

2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რა მოხდება, ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ მაკრონმა მემკვიდრე ვერ მოამზადა, ხოლო მარინე ლე პენის პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. მართვაში გამოუცდელი ულტრამემარჯვენეების მოსვლა ხელისუფლებაში საფრანგეთის დესტაბილიზაციის საწინდარია და ევროპასაც შეაფერხებს.

გერმანელი მკვლევარი, ვოლფგანგ მუნშაუ ამბობს "მსოფლიო წინ მიდის, ევროპა კი ადგილს ტკეპნისო." სხვათა აზრით, ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და ბრიუსელური კოდირებული ენით საუბარი ("28-ე რეჟიმები" და მეოცე პაკეტები), ევროპის მოქალაქეებს ვერ შთააგონებს, რაც არ უნდა დადებითი იყოს მათი შინაარსი და მიმზიდველი - მოსალოდნელი შედეგი.

როგორია ევროპული ოცნება? ამის შესახებ შატოში არც უსაუბრიათ. არადა გამოკითხვები უჩვენებს, რომ მოქალაქეები იმედით შესცქერიან ევროკავშირს და ელიან ისეთ ლიდერებს, ვინც უფრო მეტი აღმაფრენით დაელაპარაკება მათ და აუხსნის, რომ უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის შენება შესაძლებელია, მაგრამ მასზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

Read more