> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# რა სურთ ლიცეუმის ფრანგ მოწაფეებს?
- URL: https://evropis.moambe.eu/ra-surt-liceumis-studentebs/
- Published: 2026-10-05T13:25:32.000Z
- Updated: 2026-10-07T10:11:28.000Z
- Description: ლიცეუმის სტუდენტის სარედაქციო წერილი
- Author: სარედაქციო
- Tags: მოსაზრება

*ნიკოლა ბუკო-ბიალჩუკი, ლუარ-ატლანტიკის დეპარტამენტის ერთ-ერთი ლიცეუმის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, „Le Monde“-ში გამოქვეყნებულ წერილში სასკოლო საპროტესტო მოძრაობის ღრმა მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ახალგაზრდების მღელვარებას საფუძვლად უდევს განცდა, რომ ხელისუფლებამ განათლების სისტემა უპატრონოდ მიაგდო.* 

> „ჩვენი პროტესტი მოზარდობის უმართავი კრიზისი კი არა, დიდხანს შეკავებული რისხვაა“   
> — **ნიკოლა ბუკო-ბიალჩუკი**

მე ნანტის რეგიონის საჯარო ლიცეუმის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვარ. სკოლაში ჩემი ბოლო სასწავლო წელი ძალადობისა და დაძაბულობის განსაკუთრებულ გარემოში იწყება. თუმცა ეს ახალი არ არის: ძალადობაც და დაძაბულობაც დიდი ხანია არსებობს და წლებია, სასკოლო ცხოვრებას თან სდევს.

მაგრამ დღეს ამოხეთქილი ბრაზი მასწავლებლების სამყაროს ბევრად სცდება. ახლა ქუჩაში მოსწავლეები გამოდიან - ისინი კეტავენ სკოლებს, აპროტესტებენ და ამხელენ სისტემის პრობლემებს. დღეს ჩემი თანაკლასელები იბრძვიან. ისინი მშვიდობიანად ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას და გააგებინონ, რომ განათლების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაინტერესება არ შეიძლება.

სწორედ იმისთვის გწერთ, რომ აგიხსნათ, რისი თქმა — და ყვირილიც კი — სურთ მოსწავლეებს, ჩემს თაობას.

უპირველესად, რამდენიმე თავისთავად ცხადი რამ უნდა ვთქვა, რაც, იმედი მაქვს, საშუალებას არავის დაუტოვებს, რომ ჩემი სიტყვები გააუფასუროს. ჩვენ, მოსწავლეებს, საღი აზრი არ გვაკლია. კარგად გვესმის, რომ მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და მხოლოდ ჩვენს საქმეს დააზიანებს.

ვგმობთ ქონების განადგურებასაც. ამას მოსწავლეთა უმრავლესობა არ სჩადის. თუმცა მხოლოდ მათ ვერ დავადანაშაულებ, ვინც ქონებას ამტვრევს, თუ იმავეს არ ვიტყვი მათზე, ვინც მათ ძალადობისკენ უბიძგა; მათზეც, ვინც უყურადღებობითა და მოსმენის სურვილის არქონით ისინი ამ წერტილამდე მიიყვანა.

ასევე მიუღებელია, როდესაც ესა თუ ის ძალა მოსწავლეთა აღშფოთებასა და ჩვენი პროტესტის გზავნილებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ჩვენ დამოუკიდებლად აზროვნება შეგვიძლია და ინიციატივის გამოსაჩენად სხვისი მითითება არ გვჭირდება.

## მასწავლებლების დეფიციტი

ჩვენ ბევრი მოთხოვნა გვაქვს: ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში უარყოფდა პრობლემის არსებობას, სისტემატიურად უარს ამბობდა დიალოგზე და იმისაც, რომ კავშირი, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას აერთიანებდა, დღეს შესუსტებულია. ლიცეუმებში არსებობს წარმომადგენლობითი ორგანოები, რომლებიც მოსწავლეთა წარმომადგენლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას ერთმანეთთან აკავშირებს. მოსწავლეთა ცხოვრების ეს საბჭოები, თეორიულად მაინც, ახალგაზრდებს საკუთარი მოთხოვნების გამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს. სინამდვილეში კი მათი ხმა ხშირად არავის ესმის, ხოლო ადმინისტრაციულ საბჭოში მოსწავლეთა წარმომადგენლებს ზემოდან უყურებენ ან საერთოდ უგულვებელყოფენ. ამ ორგანოებს რეგულარულად ვირჩევთ, მაგრამ დემოკრატიული ისინი მხოლოდ გარეგნულადაა. სინამდვილეში ისინი ჩქმალავენ სკოლის ხელმძღვანელობის უუნარობას, მოუსმინოს მოსწავლეებს და გაითვალისწინოს მათი აზრი.

სასკოლო სისტემას აშკარად არ ჰყოფნის შენობების გასარემონტებელი სახსრები. ბევრი მათგანი უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია. არაერთი სკოლა იმდენად ცუდადაა იზოლირებული, რომ მაისსა და ივნისში შენობებში გაკვეთილებისა და გამოცდების ჩატარება შეუძლებელი ხდება.

ამას კიდევ უფრო ფუნდამენტური პრობლემა ემატება: მასწავლებლების დეფიციტი. ხანდახან მასწავლებელი კვირების და თვეების განმავლობაში არ გვყავს, თუმცა სასწავლო წლის ბოლოს გამოცდების ჩაბარება მაინც გვევალება. მასწავლებლები არ გვყოფნის, რადგან ეს პროფესია ახალგაზრდებს აღარ იზიდავს: მათ თავდადებას სათანადოდ არავინ აფასებს.

ამიტომ, როდესაც ფრანგი მოსწავლეების ცოდნის დონეს აკრიტიკებენ, მათ უვიცობასა და გაუნათლებლობაზე გაჰყვირიან, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, ჯერ სწავლის პირობები შეეცვალათ — პირობები, რომლებიც ჩვენს შედეგებთან ერთად უარესდება. იქნებ ჯერ ნორმალურ პირობებში სწავლის შესაძლებლობა მოგვცენ.

## სკოლა საფრთხეშია

პირადად მე ორ საკითხს მივიჩნევ პრიორიტეტულად. 

პირველი: სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს უნდა გაატაროს რეალური საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი საჯარო მომსახურებისკენ იქნება მიმართული. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სასკოლო შენობების აშენებასა და განახლებაზე, სასკოლო კვების ხელმისაწვდომ ფასებზე და უზრუნველყოს, რომ კულტურაზე, ჯანდაცვაზე (მათ შორის სასკოლო სამედიცინო მომსახურებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე) და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ყველა მოსწავლეს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი.

მეორე პრიორიტეტი მასწავლებლების დაფასებაა, რადგან უკეთესი განათლება ამის გარეშე შეუძლებელია. მათი ხელფასის გაზრდა გარდაუვალი აუცილებლობაა. შეუძლებელია, მეტი მასწავლებელი გინდოდეს და ამავე დროს გამუდმებით აკრიტიკებდე, ამცირებდე მათ და მათ სამუშაო ადგილების გაუქმებით ემუქრებოდე. სახელმწიფომ უკეთ უნდა დააფასოს საგანმანათლებლო დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალიც, რომლებიც ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებლებზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჩვენი დემონსტრაციები, სკოლების ბლოკირება, შეძახილები და პლაკატები მოზარდობის უმართავი კრიზისის გამოხატულება არ არის. ეს არის ბრაზი, რომელსაც მეტისმეტად დიდხანს ვიკავებდით, ეს არის პასუხი უყურადღებობაზე, რომელიც ასევე მეტისმეტად დიდხანს ითვლებოდა ნორმად და სისტემურ ხასიათს ატარებდა.

> მხოლოდ სამ რამეს ვითხოვთ: მოგვისმინონ, ანგარიში გაგვიწიონ და, ბოლოს და ბოლოს, პატივი გვცენ.

სკოლამ ჩვენი რესპუბლიკა იმით ააშენა, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ენდობოდა და მოქალაქეებს სოციალური წინსვლის შესაძლებლობას აძლევდა. როგორც ჩანს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. მერიტოკრატია თითქოს მოკვდა — და ჩვენ ეს გვამწუხრებს, გვაშფოთებს და გვაბრაზებს. სწორედ ამან გვიბიძგა, ერთად შევკრებილიყავით. გაერთიანდნენ განსხვავებული ასაკისა და სოციალური წარმომავლობის მოსწავლეები.

ვნახე, როგორ შეთანხმდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ზოგჯერ სრულიად საპირისპირო პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები და დადგნენ საფრთხეში მყოფი სისტემის დასაცავად. ვნახე ფეხზე წამომდგარი ახალგაზრდობა - სიძულვილისა და ქვენა გრძნობების გარეშე. ჩვენი ერთადერთი მისწრაფება საკუთარი და მომავალი თაობების კეთილდღეობაა.

ჩვენ ვიბრძვით და ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ამას საჭიროდ მივიჩნევთ; მანამ, სანამ გვჯერა, რომ სკოლა საფრთხეშია და მისი გადარჩენა აუცილებელია.

გმირობანას არ ვთამაშობთ. მხოლოდ ის გვინდა, რომ საკუთარი განათლების, დემოკრატიისა და ცხოვრების საქმეში მოქმედ პირებად გვაღიარონ*.*