რა უშველის ევროპის თავდაცვას?
ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგა საერთო საფრთხის გაცნობიერებისკენ. ახლა ჯერი კონკრეტულ მოქმედებებზეა მიმდგარი.
რაც დრო გადის, ევროპელები სულ უფრო ხშირად ეთანხმებიან ერთმანეთს - თანამედროვე მსოფლიოსთან შეგუება მათგან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. ეს თანხმობა უმნიშვნელო არაა - სულ რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი იქნებოდა, გერმანიას ფრანგული და ბრიტანული ატომური ქოლგის გამოყენებაზე ჩამოეგდო ლაპარაკი, ანდა ევროკავშირს შეიარაღების საყიდლად გაეღო ფული. ამ თვალსაზრისით, რევოლუციის მოწმენი ვართ.
და მაინც აშკარაა, რომ აღებული ტემპი საკმარისი არაა. აშშ-ს წარმომადგენლებმა მიუნხენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ უთხრეს ევროპელებს, თქვენს თავდაცვას თვითონ უნდა მიხედოთ, ჩვენ კი შევეცდებით ამ ტვირთისგან იმდენად გავთავისუფლდეთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნებაო. განა უპრიანი არ იქნებოდა, ამ ვითარებაში პარიზი და ბერლინი მუხლჩაუხრელად ცდილობდნენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას?! არადა, სამწუხაროდ, ორ დედაქალაქი ჯერაც კინკლაობს.
ემანუელ მაკრონი კარგა ხანია ევროპის სუვერენიტეტის მომხრეა. ფრიდრიხ მერციც თანდათანობით ამ ჭკუაზე მოვიდა, იმდენად, რომ გაზეთებში დაწერეს, შარლ დე გოლის სული ჩაუსახლდაო. ოღონდაც, გერმანელები საფრანგეთს ვერ ენდობიან - 2027 წელს არჩევნები მოდის და ბერლინში ფიქრობენ, მაკრონი ელისეს სასახლეში ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა რომ ჩაანაცვლოს, ნაშრომი ხომ წყალში ჩაგვეყრებაო. მართლაც, საფრანგეთში საიმედო, პოპულარული, პრო-ევროპული საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერაც არ ჩანს. გამოკითხვებში მარინე ლე პენის "ეროვნული ერთობა" როგორც ლიდერობდა, ისე ლიდერობს.
ფრიდრიხ მერცი კი მმართველობას ახლა იწყებს და ხაზინაში ფულიც ბლომად აქვს. მისი ოცნებაა, ბუნდესვერი ნატოს ყველაზე ძლიერ არმიად, ევროკავშირის თავდაცვით ბურჯად იქცეს. ოღონდ ამ საქმეს მხოლოდ ფული როდი ჰყოფნის - თუკი გერმანელების პაციფისტური განწყობები არ შეიცვალა, სიტყვები სიტყვებად დარჩება და სურვილები კი სურვილებად.
დრო არ ითმენს: “ევროპამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვეულებრივი შეიარაღებით თავდაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ატომური შეკავების ფუნქციის შესრულებას," ასე უთხრა აშშ თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბიმ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებას ბრიუსელში. მიუნხენში კი დამარცვლით გაიმეორა, "საუბარი არაა, რომ აშშ ევროპიდან გავა, საუბარია სტრატეგიულ პრაგმატიზმზე: ჩვენ ვხედავთ, რომ პარტნიორებს უდავოდ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ევროპული თავდაცვა და თან იმგვარად, რომ ყველამ ერთად უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი."
ამგვარად, ევროპას ორი რამე სჭირდება: სამხედრო შესაძლებელობების გაძლიერება და პოლიტიკური ნება. "ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი თავდაცვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სამ სფეროში: პირადი შემადგენლობის, შეიარაღების სისტემების და მართვის, დაზვერვისა და მომარაგების სტრუქტურების მხრივ. სამივე ამ სფეროში ამჟამად აშშ თამაშობს გადამწყვეტ როლს," ასე აღწერს არსებულ ვითარებას ერიკ-ნილს კროსი, ესტონური დაზვერვის ყოფილი შეფი.
დონალდ ტრამპმა აკი პირდაპირ განაცხადა "როცა ჩვენ დაგვჭირდება, განა ჩვენი მოკავშირეები მხარში ამოგვიდგებიან? არა ვარ დაწრმუნებულიო." აშკარაა, რომ ამ ადმინისტრაციას არ სურს ევროპის დაცვის პირველ ხაზზე იყოს, მას სხვა პრიორიტეტები აქვს. არც რუსეთი მიაჩნიათ თეთრ სახლში პირველთანრიგოსან მტრად, რასაც უკრაინელები ყოველ დღე საკუთარ ტყავზე გრძნობენ.
ნატოს დღევანდელი გეგმებით, დიდი კრიზისის შემთხვევაში ევროპაში 300 ათასი ამერიკელი ჯარიკაცი უნდა ჩავიდეს. თუ სურს, რუსეთთან ჰიბრიდული დაპირისპირების დროსაც საკმარისი ჯარი ჰყავდეს და კრიზისის შემთხვევაშიც ამერიკელები ჩაანაცვლოს, ევროპას დამატებით 400-500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება სჭირდება. დღეს ევროპის არმიებს სულ 1.47 მილიონი სამხედრო ჰყავთ იარაღქვეშ, თუმცა აშშ-სგან განსხვავებით ისინი არ არიან ჩართული მართვის ერთიან სისტემაში. ნატოს ევროპული სარდლობის მეთაურიც ყოველთვის ამერიკელი გენერალი იყო. ამგვარად, საკუთარი თავდაცვის უზრველსაყოფად ევროპას სამხედროების რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი ერთიანად მართვის უნარის გაძლიერებაც დასჭირდება. ნატოს ეგიდის ქვეშ იქნება თუ მის გარეთ, ევროპას თავისი, დამოუკიდებელი საარმიო სტრუქტურის ჩამოყალიბება მოუწევს.
ახლა ტექნიკაზეც ვთქვათ ორი სიტყვა. კროსისვე თქმით, კონტინენტის თავდაცვის თავზე ასაღებად ევროპას დასჭირდება დამატებით 50-მდე აეროტანკერი; 25-მდე დაზვერვისა და მართვის თვითმფრინავი, AWACS-ის ტიპისა; 400-მდე ახალი ავიაგამანადგურებელი; საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის გამართვა და გაშლა მთელს კონტინენტზე; ფართო რადიუსის ათობით მზვერავი და სამხედრო დრონი; ოცდაათამდე სადაზვერვო და საკომუნიკაციო სატელიტი და 50-მდე სატრანსპორტო თვითმფრინავი.
ჰოდა, ჩანს, ევროპელები ტყუილად აიმრიზნენ, როცა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტტემ უთხრა აშშ-ს გარეშე, მარტო თავს ვერ დაიცავთო. მართალი იყო გენმდივანი და ნატოში მის აზრს ბევრი ევროპელიც იზიარებს - დღეს ან ხვალვე რომ საჭირო გახდეს, ამერიკის გარეშე ევროპას არც პირადი შემადგენლობა ეყოფა, არც ტექნიკა და არც გამოცდილება. ბუნებრივია, საჯაროდ ამის ძახილი ალბათ არ ღირს, მაგრამ არც რეალობის უარყოფა იქნება. თუ ევროპელებს სურთ, ვითარება ზეგ მაინც შეიცვალოს, ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა დღესვეა საჭირო.
ამიტომაც, იმედი გაგვიცრუა მიუნხენში ევროპელი პოლიტიკოსების ალთა-ბალთა საუბარმა. მაკრონმა ისევ თავის საყვარელ თავდაცვით ევროობლიგაციებზე ისაუბრა, მერცმა თავის გამოსვლაში პირდაპირ უარყო ასეთი შესაძლებლობა. გერმანიის საგარეო საქმეთა თავკაცმა, იოჰან ვადეპულმა ფრანგებს სულაც დასცინა, მაღალფარდოვნად კი ლაპარაკობთ, მაგრამ ჯიბეში კაპიკი არ გიჭყავითო. მან პარიზს მიუთითა, თქვენი გაბერილი სოციალური დახმარების ბიუჯეტი შეკვეცეთ, რათა "მოქმედების თავისუფლება გაგიჩნდეთ ჩვენი უმთავრესი ამოცანის შესასრულებლად - ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ერთად რომ შევძლოთო."
პარიზში ჭკუის სწავლება არ ესიამოვნათ. მაკრონმა მშვენივრად იცის, რომ სოციალური და საპენსიო ბიუჯეტი შესაკვეცია, მაგრამ რამდენი ამის გაკეთებას შეეცადა, მთელი ქვეყანა აუჯანყდა. არადა გერმანელებსაც უნდა გავუგოთ: მომჭირნე ბერლინს ექმნება შთაბეჭდილება, რომ სესხის აღება საფრანგეთს საშუალებას მისცემს საკუთარი შიდა ვალები სხვებს გადაახდევინოს. რაც არ უნდა ამტკიცოს მაკრონმა, ასე არააო, პარტნიორებს ვერ არწმუნებს.
მეორე ამბავი ისაა, რომ მერცი სამხედრო ძალის აღორძინების ეშხში შევიდა. მისი თქმით, ბუნდესვერი "ევროპის ყველაზე ძლიერ არაატომურ არმიად უნდა იქცეს და თან, რაც შეიძლება სწრაფად. ეს იქნება არმია, რომელიც მედგრად შეძლებს შეტევის შეკავებას, თუკი საჭირო შეიქნებაო,"- განაცხადა. მაკრონს მიაჩნია, და ალბათ სწორადაც, რომ კიდევ ცალ-ცალკე ეროვნული არმიების გაძლიერება რესურსების უყაირათო ხარჯვაა და სამხედრო პოტენციალის განვითარებას იმთავითვე საერთო-ევროპული მიდგომა უნდა ედოს საფუძვლად.
საფრანგეთი გერმანიას ქედმაღლურად იმიტომაც უყურებს, რომ პრეზიდენტ დე გოლის დოქტრინა, რომელიც 1950-იან წლებში ჭარმაგი ჯარისკაცის კაპრიზად მოჩანდა, დღეს შორსმჭვრეტელად ითვლება. სამხედრო თვალსაზრისით საფრანგეთი აშშ-ზე არაფრითაა დამოკიდებული და თავს "პატარა დიდ ძალად" მიიჩნევს. ატომური იარაღიც თავისი, საფრანგეთში წარმოებული აქვს, მისი მართვისა და კონტროლის სტრატეგიული აქტივებიც, წყალქვეშა ნავებიც და ავიაციაც. გერმანია კი, თავის მხრივ, ყოველთვის აშშ-ს იმედზე იყო.
მერცისდაგვარად ჯარის გაძლიერებაზე 2022 წლიდან ოლაფ შოლციც ბევრს საუბრობდა, მაგრამ მისი სიტყვები სიტყვებად დარჩა. თუკი 1989 წელს ბუნდესვერს 495 ათასი ჯარისკაცი ყავდა, დღეს 184 ათასიღაა დარჩენილი. მართალია, მთავრობა ამოცანად 2035 წლამდე პირადი შემადგენლობის გაზრდას 260 ათასამდე ვარაუდობს, მაგრამ ჯერჯერობით ხალხი ჯარში არ ეწერება და ეს მაშინ, როცა ჯამაგირად 2600 ევროს სთავაზობენ თვეში. დაფინანსების მხრივაც პრობლემებია: იარაღის უდიდესი მწარმოებლის, რაინმეტალის თავკაცს თუ დავუჯერებთ, კომპანიას თავისუფლად შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემების, ჭურვების, დრონებისა და ტანკების წარმოების გაზრდა, მაგრამ, არმინ პაპერგერი ამბობს "დაფინანსება გარანტირებული ჯერაც არ არის."
მოკლედ რომ მოვჭრათ, ვითარება ასეთია: თუკი ერთად დადგებიან, ევროპელებს მართლაც შეუძლიათ ნატოს მყარი ევროპული ბურჯი შეაშველონ, მაგრამ, როგორც კოლბიმ სწორად აღნიშნა "ეს ნიშნავს რომ შესაძლებლობებიდან და სურვილებიდან, შედეგებსა და შესაძლებლობებამდე უნდა მივიდეთო."
ამდენად, ევროპის ლიდერებს თავიანთი გაფუყული ეგოების მოთოკვა მოუწევთ და ეგებ სამხედრო მრეწველობის ფლაგმანებზე ზეწოლაც, რომ თანამშრომლობის პროექტები უმიზეზოდ არ შეაფერხონ. ამ მხრივ, ბოლო დროს სერიოზული თავსატკივარი გამოჩნდა: ფრიდრიხ მერცმა თქვა, საფრანგეთთან საზიაროდ ახალი თაობის სამხედრო თვითმფრინავის წარმოების პროექტი მკვდარიაო. "ფრანგებს მომავალი თაობის ისეთი თვითმფრინავი სჭირდებათ, რომელსაც ატომური იარაღის ტარება და ავიამზიდებიდან აფრენა შეეძლება, ჩვენ ესეთი თვითმფრინავი არ გვჭირდებაო," თქვა მერცმა. მაკრონს სჯერა, რომ საქმე პროექტის წამყვან ორ მეგაკომპანიას, ფრანგული მხარის წარმომადგენელ დასო ავიეშენსა (Dassault Aviation) და გერმანული მხარის მანდატით აღჭურვილ აირბუსს (Airbus) შორის მოურიგებლობაა ყველაფრის თავი და თავი, რისი მოგვარებაც შესაძლებელია. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ პროექტი წინ ვეღარ მიდის.
"ისტორია გვასწავლის, რომ შეკავების პოლიტიკა ვერ იმუშავებს, თუკი მოწინააღმდეგე გრძნობს მოკავშირეებს შორის უთანხმოებასა და გათიშულობას. თუკი რუსეთი ჩათვლის, რომ ევროპაში ვერ თანხმდებიან, მათ დიდი ცდუნება შეექმნებათ, რომ თავიანთი აგრესია უკრაინის მიღმაც გაავრცელონ სანამ შესაძლებლობა აქვთo," ასე გააფრთხილეს ხალხი და პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთის გენშტაბის თავკაცმა, რიჩარდ ნაითონმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ, გენერალმა კარსტენ ბროიერმა ამასწინათ გამოქვეყნებყულ ერთობლივ წერილში.
ეგებ სხვა დროს ჩვენც გვეთქვა, აბა რა იქნება, სამხედროებს თავიანთი უწყებების ბიუჯეტების გაზრდა სურთ და სიხარბე ალაპარაკებთო, მაგრამ ისეთი დრო დგას, გენერლებს ყური უნდა დავუგდოთ.