ტექსტზე გადასვლა

როგორ გავხდეთ ღირებული მოკავშირე?

თავდაცვით ალიანსებში გაწევრების ლოგიკა იცვლება

როგორ გავხდეთ ღირებული მოკავშირე?
თანამედროვე სამყაროში, ალიანსების კანდიდატობას ახალი ფაქტორები განაპირობებს. ილუსტრაცია: AI

2026 წლის 7 აგვისტოს სამმა ქვეყანამ, თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა, რომლებსაც საერთო საზღვარი არ აქვთ, მექას ერთ-ერთ სასახლეში ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა სამივეზე თავდასხმას ნიშნავს. ეს ალიანსი თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კავშირების არსის ცვლილებაზე მიგვითითებს.


ავტორი: შოთა ღვინერია - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარია. სტატიის სრული ვერსია ჩვენი პარტნიორის, ჟურნალ GEOPolitics გვერდებზე გამოქვეყნდა.

The New Currency of Alliances and Implications for the Black Sea Region - GEOpolitics
On 7 August 2026, in a palace in Mecca, three heads of government signed a document stating that an armed attack against any one of them would be regarded as an attack against all. Turkish Foreign Minister Hakan Fidan told Reuters the next day that the mutual defense element was technically the same as NATO’s Article 5. Türkiye, Saudi […]

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ხელმოწერიდან მეორე დღესვე თქვა, ტექნიკურად, ურთიერთდახმარების ვალდებულება NATO-ის მეხუთე მუხლისგან არაფრით განსხვავდებაო. თუმცა ფიდანის შედარება მხოლოდ ვალდებულების ფორმულირებას ეხება, რადგან შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ერთი შეხედვით, ეს უცნაური ალიანსია: მის წევრებს საერთო საზღვარი არა აქვთ, არც საერთო მტერი დაუსახელებიათ და არც სხვა ქვეყნების გაწევრების პოლიტიკური კრიტერიუმი - საუბარია მხოლოდ, რომ „ძმური ერებისთვის“ კარი ხსნილია. არც საერთო სარდლობა და მუდმივი სამხედრო ძალა არსებობს და არც თავდასხმის შემთხვევაში მოქმედების მკაფიო წესი  დაუდგენიათ.

მექას შეთანხმების მაგალითზე კარგად ჩანს, როგორ იცვლება ალიანსების ლოგიკა და ის, თუ რა ხდის ერთ ქვეყანას მეორესთვის ღირებულ მოკავშირედ. ეს გაკვეთილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მარტო არ შეუძლიათ.

რას ეყრდნობოდა ადრე ალიანსები?

საუკუნეების განმავლობაში სხვა ქვეყნის დამორჩილების ყველაზე პირდაპირი გზა მისი ომში დამარცხება, ტერიტორიის დაკავება და მორჩილი ან საოკუპაციო ხელისუფლების დასმა იყო. ქვეყანაზე კონტროლის მოპოვება ომის გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა ეს გზა უფრო ნელი, ძვირი და ნაკლებად საიმედო იყო. სამხედრო გზით დაპყრობა კი ძალთა ბალანსს სწრაფად ცვლიდა.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოები თავდაცვით ალიანსებს, პირველ რიგში, სწორედ კონვენციური ომისა და ფიზიკური საფრთხის შესაკავებლად ქმნიდნენ. ისტორიულად, ალიანსისთვის ქვეყნის მნიშვნელობას სამი რამ განსაზღვრავდა: ტერიტორია, სამხედრო ძალა და პოლიტიკური კურსი.

ტერიტორია იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეს ოპერაციულ სიღრმეს მატებდა და ამით სამხედრო უპირატესობას აძლევდა. მოკავშირის ტერიტორიაზე ჯარის, ტექნიკისა და ბაზების განთავსება შეიძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი მოკავშირეს ამ ტერიტორიის გავლით ბრძოლაში ჩართვაც შეეძლო. მნიშვნელობა ჰქონდა საერთო საზღვარსაც. მეზობელ სახელმწიფოებს თავდაცვა საერთო პერიმეტრზე უფრო უადვილდებოდათ და ერთმანეთის დახმარებაც უფრო სწრაფად შეეძლოთ.

მეორე იყო სამხედრო ძალა. ალიანსი მხოლოდ ერთმანეთის დაცვის დაპირება არ არის. მთავარი ყოველთვის ის იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას თავადაც შეძლებოდა  ომში ჩართვა. ქვეყანა, რომელსაც მოკავშირის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნა არ შეუძლია, ალიანსისთვის ნაკლებად ღირებულია.

მესამე ფაქტორი პოლიტიკური კურსი იყო. სახელმწიფო შეიძლებოდა გეოგრაფიულადაც მნიშვნელოვანი ყოფილიყო და სამხედრო თვალსაზრისითაც სასარგებლო, მაგრამ ალიანსში მაინც ვერ მოხვედრილიყო, თუ მისი პოლიტიკური სისტემა და საგარეო კურსი ამ გაერთიანების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

რა შეიცვალა?

ბოლო ოთხმა წელმა აჩვენა, რომ ალიანსებში წევრობისთვის ღირებული მახასიათებლების რაობა იცვლებოდა. წელს კი ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. რა დაემართა ძველ ფაქტორებს?

დავიწყოთ სამხედრო ძალით. აშშ-ს ავღანეთში ორი ათწლეულის განმავლობაში უპირობო სამხედრო უპირატესობა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ქვეყნიდან გავიდა და ხელისუფლებაში ისევ თალიბანი დაბრუნდა. რუსეთს უკრაინასთან ომში დღემდე მნიშნელოვანი რიცხვობრივი სამხედრო უპირატესობა აქვს და ქვეყნის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს, თუმცა ომმა უკრაინა დასავლეთს კიდევ უფრო დაუახლოვა, რუსეთის საზღვართან კი NATO-ს ორი ახალი წევრი გააჩინა. 2008 წლის ომში რუსეთმა სამხედრო გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი ომით ვერ შეცვალა. თუმცა 2012 წლიდან მოყოლებული მოსკოვმა მიზანს არასამხედრო გზებით მიაღწია და დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დიდწილად კრემლის ინტერესებს შეესაბამება.

2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ათწლეულის ყველაზე ინტენსიური საჰაერო კამპანია დაიწყეს. ექვსი თვის შემდეგ კი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მიაღწია თუ არა ამ კამპანიამ დასახულ პოლიტიკურ მიზანს. სამაგიეროდ, ალიანსის შიგნით დავაა იმაზეა ატეხილი, თუ ვინ დაეხმარა ვაშინგტონს და ვინ არა. ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ სამხედრო შესაძლებლობის ქონა თავისთავად საკმარისი არ არის. მოკავშირეებს ამ შემთხვევაში სამხედრო რესურსები კი ჰქონდათ, მაგრამ საერთო პოლიტიკური ნება - ნაკლებად.

დღეს სხვა სახელმწიფოზე პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად მისი ტერიტორიის დაკავება აღარ არის აუცილებელი. ტერიტორია კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა არა იმდენად სამხედრო კონტროლის გამო. ამის მაგალითია გრენლანდია. 18 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დანიასა და გრენლანდიასთან კუნძულის უსაფრთხოებაზე შეთანხმდა. მანამდე დანიამ მთელი წელი გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე გაატარა და ამერიკული თვითმფრინავების შესაკავებლად ასაფრენი ზოლების აფეთქების გეგმაც კი შეიმუშავა. საბოლოოდ, დანიამ ამ საკითხის მოსაგვარებლად უსაფრთხოების სფეროს კონტრილი ნაწილობრივ დაუთმო აშშ-ს, ანუ მოკავშირეს და თან ისეთი შეთანხმების შედეგად, რომელიც ალიანსის გარეთ დაიდო.

მექისა და გრენლანდიის შემთხვევებს ერთმანეთთან ის თვისება აკავშირებს, რომ მხარეები თანხმდებიან, რომ უსაფრთხოების საკითხები კონკრეტული გეოგრაფიული ზონის შიგნით მოგვარდება და აქ თამაშის წესები ყველასთვის თანასწორი არაა. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება ნორმალური ამბავი გახდა. გავლენის სფეროების პოლიტიკა ბრუნდება და ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში ის ქვეყნები აღმოჩნდებიან, რომლებიც ამ სფეროების გადაკვეთაზე არიან.

 პატარა სახელმწიფოების სტრატეგია

როცა საერთაშორისო წესრიგი იცვლება, პატარა სახელმწიფომ საკუთარი ადგილი უნდა იპოვოს. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ისეთი რესურსი ან უნარი, რომელიც პოტენციურ მოკავშირეს სჭირდება და რომლის ჩანაცვლებაც მისთვის მარტივი არ არის.

ასეთი რესურსი სავაჭრო-სატრანსპორტო კორიდორებია. ისინი მნიშვნელოვანი იმიტომ კი არაა, რომ ოპერატიულ სივრცეს აძლევენ იმ მხარეს, ვინც მას აკონტროლებს, არამედ იმიტომ, რომ ვაჭრობისა და მოძრაობის კონტროლის და მეტოქეების მოხრჩობის საშუალებას იძლევა. ჰორმუზის ყურისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის ამბებმა გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ამგვარი წერტილებზე კონტროლის დამყარება და რამდენად უჭირს ამის გაკეთება თუნაც სამხედრო თვალსაზრისით უძლიერეს ქვეყანას. შავი ზღვის რეგიონიც ერთი ასეთი მაგალითია. საქართველოზე გადის კასპიისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სახმელეთო გზა, რომელიც რუსეთსა და ირანს გვერდს უვლის, ეს კი ჩვენს დროში უაღრესად იშვიათი რესურსია. ამავე კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ ნავთობ- და გაზსადენები, ასევე ციფრული კაბელები.

მეორე რესურსი, რომლითაც პოტენციური მოკავშირის ღირებულება ფასდება არის ოპერაციული ცოდნა: უკრაინამ გვიჩვენა, რომ ბრძოლის ველზე დაგროვილი გამოცდილება, ციფრული მონაცემები და ცოდნა რესურსია, რომლის გადახურდავებაც საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურ გავლენაში შეიძლება. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით წარმოებული ომის ისეთი გამოცდილება დააგროვა, როგორიც დასავლელ მოკავშირეებს შორის სხვას არავის აქვს.

დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მხარდაჭერასაც. პოტენციური მოკავშირისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ჰპირდება ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ისიც, შეძლებს თუ არა სახელმწიფო არჩეული კურსის შენარჩუნებას მეტოქის მხრიდან ზეწოლის პირობებში.

როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოს?

მექის შეთანხმებას რაიმე ახალი კი არ შეუქმნია, არამედ პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის ექვსი ათწლეულის განმავლობაში აშენებულ სამხედრო თანამშრომლობას დაეყრდნო. შეთანხმებით ის გაფორმდა, რაც უკვე არსებობდა. ალიანსები, როგორც წესი, სწორედ უკვე არსებული ინტერესებისა და თანამშრომლობის გამოცდილების საფუძველზე იქმნება.

გლობალურად, დღეს უსაფრთხოების ახალი სისტემა დიდი სახელმწიფოების აღიარებული პირველობის ზონების გარშემო ყალიბდება. შავი ზღვის აუზი ერთი ისეთი რეგიონია, რომელშიც არც ერთ დიდ სახელმწიფოს თავისი კონტროლი ჯერ არ დაუმყარებია. ვისი კონტროლი გავრცელდება აქ იმაზეცაა დამოკიდეტბული, თუ რამდენად მოახერხებენ რეგიონის ქვეყნები საკუთარი უსაფრთხოების აქტივების დაგროვებასა და გამოყენებას.

თეორიულად, საქართველოს ღირებულება მის გეოპოლიტიკურ მდებარეობასში, საგარეო პოლიტიკის კურსსა და ამ კურსისადმი საზოგადოების მხარდაჭერაშია. თუმცა, სატრანსპორტო კორიდორს მხოლოდ მაშინ აქვს ღირებულება, თუკი ქვეყანას, რომელზეც ის გადის, შეუძლია მასში გამავალი საქონლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობა კი მხოლოდ მაშინ მოჩანს სანდოდ, თუკი მთავრობა პატივს სცემს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე