ძია სემი არქტიკაში

ანუ ამერიკის თავგადასავალი გრენლანდიაში

ძია სემი არქტიკაში
აშშ-ს ინტერესი მწვანე კუნძულისადმი არახალია (ფოტო: Visit Greenland / Unsplash)

გრენლანდიის ფართობი 2.167 მილიონი კვადრატული კილომეტრია: ანუ ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი რომ შეაწებო ერთმანეთს, დაახლოებით გრენლანდიისხელა გამოვა. თუმცაღა გიგანტური კუნძულის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული, ფრიად არასტუმართმოყვარე გახლავთ და დღეს 57 ათასი ადამიანი თუ სახლობს მუდმივად.

დღეს გრენლანდია და აშშ ყველას პირზე აკერია, თუმცა ვაშინგტონის ინტერესი ამ კუნძულისადმი ახალი როდია. მაშ, ისტორიას ჩავხედოთ:

1867: ალასკის შენაძენი და აშშ-ს არქტიკული ამბიციები

ის იყო, შეერთებულმა შტატებმა ალასკა რუსეთისგან 1867 წელს სარფიანად, სულ რაღაც 7.2 მილიონ დოლარად შეიძინამ, რომ პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის სახელმწიფო მდივანმა, სიუარდმა, თვალი სხვა არქტიკულ მიწებსაც დაადგა. ალასკის გარიგების ერთ-ერთი გამჩარხავი, რობერტ ჯეი უოლქერი გრენლანდიისა და ისლანდიის ხელში ჩაგდებას ურჩევდა სახელმწიფო დეპარტამენტს "პოლიტიკური და კომერციული მიზეზებისდა გამო," აქაური პორტები მეთევზეობისთვის ზედგამოჭრილია, ხოლო გეოლოგიური მონაცემები "სასარგებლო წიაღისეულის მდიდარ საბადოებზე მეტყველებსო," სწერდა ის უფროსობას, ამდენად კუნძულის კონტროლი აშშ-ს "მსოფლიო ვაჭრობის კონტროლის" საშუალებას მისცემსო. მაშინ აშშ ადმინისტრაციამ უოლქერს წაუყრუა და დანიისთვის, რომელიც კუნძულს შუა საუკუნეებიდან მართავდა, ამერიკელებს არაფერი შეუთავაზებიათ.

1910: ფრიად ამბიციური წინადადება

1910 წელს აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა დანიაში, მორის ფრანსის ეგანმა სახელმწიფო მდივანთან წერილი აფრინა და შესთავაზა - მოდით დანიას ფილიპინების არქიპელაგის კუნძული მინდანაო გავუცვალოთ გრენლანდიასა და დანიის დასავლეთ ინდოეთშიო. წერლი მიიღეს, თუმცა მალე პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო და სხვა სადარდებელი გაუჩნდათ.

1917: აშშ გრენლანდიას დანიის ნაწილად აღიარებს

ომის დასასრულისკენ, 1917 წელს აშშ-მ დანიისაგან კარიბის ზღვის აუზში დანიის დასავლეთ ინდოეთშის კუნძულები ოქროთი 25 მილიონ დოლარად შეიძინა იმის შიშით, რომ გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. პარალელურად, აშშ-მ დანიის სუვერენიტეტი აღიარა გრენლანდიაზე.

1933: საერთაშორისო სასამართლო - გრენლანდია დანიას ეკუთვნის

ჰააგაში განთავსებულმა საერთაშორისო სასამართლომ ნორვეგიასა და დანიას შორის შუა საუკუნეებიდან მომავალი დავა მოარიგა და დაადგინა, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის.

მეორე მსოფლიო ომი: აშშ გრენლანდიაში

"ედელვაის მეორის" სახელით ცნობილი მეტეოროლოგიური სადგურის გერმანელი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებს ბარდებიან, 1944 წლის ოქტომბერი (ვიკიმედია)

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დანია ნაცისტური გერმანიის მიერ აღმოჩნდა ოკუპირებული. კოპენჰაგენის ელჩი აშშ-ში, ჰენრიკ კაუფმანი არ დაემორჩილა ოკუპანტების დასმულ მთავრობას და აშშ-ს სთხოვა სამხედრო დახმარება გრენლანდიის დასაცავად, რაზეც რუზველტის ადმინისტრაციასთან 1941 წლის 9 აპრილს შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა. ამ დოკუმენტის ძალით, აშშ-ს გრენლანდიაში ჯარებისა და ბაზების განთავსების უფლება ჯერ კიდევ პერლ ჰარბორამდე, ანუ ომში ოფიციალურად ჩართვამდე მიეცა.

ვაშინგტონმა მალევე გადასხა სამხედრო ინჟინრები და სანაპირო დაცვის სპეციალისტები. გრენლანდიაში მძიმე ბომბდამშენებისათვის საწვავის შესავსებად აეროპორტები და ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაახაზირეს, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეების სამხედრო ოპერაციების უზრუნველსაყოფად.

ამას გარდა, მოკავშირეები გრინლანდიაში მოიპოვებდნენ კრიოლიტს – მინერალს, რომელიც აუცილებელია ალუმინის და, შესაბამისად, თვითმფრინავების საწარმოებლად.

მესამე რეიხი, თავის მხრივ, ლამობდა მეტეოროლოგიური და დაზვერვის სადგურები განეთავსებინა რეგიონში, საკთარი წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის ოპერაციების კოორდინაციისათვის.

მეორე მსოფლიო ომის პირველი საზღვაო შეტაკებები გრენლანდიასთან ახლოს 1941 წელს მოხდა, 1943 წლიდან კი სამხედრო ოპერაციები ხმელეთზეც გადავიდა - დანიელები, ნორვეგიელები და გრენლანდიელები ძაღლების მარხილებზე ამხედრებული ესხმოდნენ თავს გერმანელების პოსტებსა და მეტეოსადგურებს. მათ მიერ გადაცემული ინფორმაციით აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჰოლცაუგე, მთავარი გერმანული სამხედრო ბაზა. 1944 წელს კი ტყვეები აიყვანეს მეტეობაზაზე.

1945 წლისათვის აშშ-ს გრენლანდიაში 17 სამხედრო საყრდენი წერტილი ჰქონდა, მეტეოსადგურებით დაწყებული და სამხედრო ბაზებით დამთავრებული. მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ, დანიის სუვერენული კონტროლი კუნძულზე აღდგა.

1946: სარფიანი წინადადება

ომის დასრულების შემდეგ, 1946 წლის აპრილში პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციაში მომწიფდა აზრი, რომ საჭირო და შესაძლებელი იყო გრენლანდიის ყიდვა. როგორც ამ წლის აპრილში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ გაკეთებულ ოფიციალური ჩანაწერიდან ვიგებთ, აშშ გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარების კომიტეტის სხდომაზე ყველა დამსწრე შეთანხმდა, რომ აშშ-ს "ფული ახლა ბლომად აქვს, დანიისათვის გრენლანდიას არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ხოლო აშშ-ს უსაფრთხოებისათვის მას ალტერნატივა არ აქვს."

1991 წელს საიდუმლოებაახსნილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აშშ-მ დანიას 100 მილიონი დოლარი შესთავაზა ოქროთი გრენლანდიის საფასურად და ალასკის ნავთობის საბადოების ნაწილის დათმობაზეც კი იყო თანახმა. მაშინდელი სამხედროების თქმით, გრენლანდიის გავლით არქტიკის გავლით თავდასხმის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ოფიციალურად, გრენლანდიის შესყიდვაზე 1946 წლის 14 დეკემბერს ისაუბრეს კოპენჰაგენში სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბირნსმა და დანიის საგარეო მინისტრმა გუსტავ რასმუსენმა. დანიამ კუნძულის გაყიდვაზე უარი თქვა, სამაგიეროდ ამერიკელების სამხედრო ბაზების განლაგებას დაყაბულდა.

1951: ამერიკული ბაზები გრენლანდიაში

1951 წელს დანიამ და აშშ-მ ოფიციალურად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რითაც ერთი მხრივ კუნძულზე დანიის სუვერენიტეტი დამტკიცდა, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში აშშ-მ ფაქტიურად სრული კონტროლი მოიპოვა ამ ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ თავდასხმის შემთხვევაში გრენლანდიას დაიცავდა.

1952-56 წლებში გრენლანდიაში რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა განლაგდა, მათ შორის ყველაზე დიდი - თულეს (Thule) საავიაციო ბაზა, რომელზეც გზაგადამჭრელები და ბომბდამშენები იყო განთავსებული.

ამერიკული გზაგადამჭრელების 74-ე ესკადრონი თულეს ბაზაზე. 1955 წელი.

სანამ დიდი მშენებლობა მიდიოდა, გრენლანდიაში 10 ათასამდე ამერიკელი სამხედრო და ინჟინერი მუშაობდა, ხოლო თავად ბაზებზე სამხედრო პერსონალის მაქსიმალურმა რიცხვმა ცივი ომის დრო 6000 კაცს მიაღწია.

1968 წელს გრენლანდიაში სახიფათო კატასტროფა მოხდა: წყალბადის ბომბებით შეიარაღებული B-52-ი ცუდ ამინდში ჩამოვარდა და დაიმსხვრა. სამხედროებმა და გრენლანდიელებმა ხელით გაწმინდეს რადიოაქტიური თოვლი და ყინული.

მას შემდეგ, გრენლანდიაში ატომური იარაღის განთავსება და ამგვარი იარაღით აღჭურვილი თვითმფრინავების გადაფრენაც კი აიკრძალა.

1953, 1979: გრენლანდიის ავტონომია იზრდება

1953 წლიდან გრენლანდია დანიის კოლონია აღარაა - ის ერთ-ერთ პროვინციადაა აღიარებული და თავისი წარმომადგენლობა ჰყავს პარლამენტში.

1979 წელს გრენლანდიამ დანიისაგან ავტონომია მიიღო, ამიერიდან მას საკუთარი მთავრობა და პარლამენტი ჰყავს.

დღეს რა ხდება?

თულეს სამხედრო ბაზა დღესაც არსებობს, თუმცა მას პიტუფიკის სახელი ეწოდა და აშშ აეროკოსმოსური ძალების ხელშია.

მოიტანეთ გრენლანდია
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ აშშ გრენლანდიის ჩასაყლაპად ემზადება

აშშ-სა და დანიის სამხედრო ხელშეკრულება კვლავაც ძალაშია, ის 2004 წელს განახლდა ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის ხელმოწერით. მაშინ მოლაპარაკებებში მონაწილეობა გრენლანდიის მთავრობამაც მიიღო.

ხელშეკრულება ვაშინგტონს საშუალებას აძლევს ცივი ომისდროინდელ ნიშნულამდე გაზარდოს სამხედროების რაოდენობა, თუკი ამის სურვილი ექნება. მეზობელ ისლანდიაში ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-მა ხელახლა გახსნა კეფლავიკის საავიაციო ბაზა, რომელზეც წყალქვეშა ნავებზე დაკვირვებისათვის პოსეიდონ P-8 ტიპის თვითმფრინავებია განლაგებული.

გრენლანდიაში, ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკელი სამხედროების რიცხვი მუდმივად კლებულობდა და ამჟამად პიტუფიკის ბაზაზე სულ 150 სამხედრო მოსამსახურეა მუდმივად განთავსებული, სეზონურ როტაციაზე კი მათ აშშ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებიც ემატებიან.

Read more

ალის ვაიდელის პარადოქსი

ალის ვაიდელის პარადოქსი

ცისფერი თვალების გამჭოლი მზერა, შეკრული ქერა თმა, კლასიკური პერანგი, ხშირად პიჯაკიც, მარგალიტის მძივი, საუბრის მკაცრი, შიგადაშიგ ცინიკური ტონი – ასეთად იცნობენ გერმანელები ალის ვაიდელს (Alice Weidel), რომელიც პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უძღვება და ევროპელი მემარჯვენე პოპულისტების ერთ-ერთ იმედადაც ითვლება. სულ უკანასკნელ ხანებში ვაიდელი კვლავაც მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღებიც ცენტრში, როცა მას

ტრამპის ევროპელი მოწინააღმდეგეები, შემრიგებლები და თანამზრახველები

ტრამპის ევროპელი მოწინააღმდეგეები, შემრიგებლები და თანამზრახველები

დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოკალათდა. ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში ფორმალურად არაფერი შეუცვლიათ. თუმცაღა, არ დარჩენილა პოლიტიკოსი, აზრი რომ არ გამოეთქვა აშშ ახალი პრეზიდენტის შესახებ, არ ელაპარაკა იმაზე, თუ აწი როგორ უნდა მოეპყროს მისი ქვეყანა და მთლიანად ევროკავშირი მთავარ პარტნიორს. ბევრი შიშობს, აშშ-მ