რუსული ფლოტილია მეჩეჩზე შემოჯდა
უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტილიაზე“ წარმატებით ნადირობენ.
პირველი დამაჯერებელი ნიშნები გამოჩნდა, რომ რუსეთის ნავთობის არალეგალურად გადამზიდავი ფლოტილიის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს კონკრეტული შედეგები მოაქვს. ამის შესახებ ბრიტანული "ეკონომისტი" იუწყება.
მოძველებული, ხშირად ტექნიკურად გაუმართავი ტანკერების ფლოტილია პირველად 2010-იან წლებში შექმნა სანქციების ტვირთვეშ მყოფმა ირანმა, რათა თავისი ნავთობი სადმე მაინც გაეყიდა. ძირითადი მყიდველები ჩინეთსა და ინდოეთში გამოჩნდნენ.
2020-იანი წლებისთვის ამ საქმეში ჯერ ვენესუელა, შემდეგ კი - უკრაინაში შეჭრის შემდეგ - რუსეთი ჩაერთვნენ და ფლოტილიამაც ზრდა დაიწყო.

მკვლევარების ცნობით, დღეს მასში 700 გემი შედის, ანუ საერთაშორისო სანავთობო ტანკერებში ხუთიდან ერთი „ჩრდილოვანია.“ 2025 წლის დეკემბერში მათ სავარაუდოდ 5 მილიონ ტონაზე სანქცირებული ნავთობი გადააქვს, რაც ზღვით გადაზიდული ნავთობის 11%-ია.
რა ახასიათებთ მათ? ხშირად უცნობი ან დაფარულია ამ გემების ნამდვილი მფლობელის ვინაობა, ისინი ხშირად - ზოგჯერ ერთი რეისის განმავლობაშიც კი - იცვლიან დროშებს და სახელებს, რაც საზღვაო კანონით აკრძალულია. ზოგჯერ გლობალური ძებნის სისტემაში თავის კოორდინატებსაც აყალბებენ.
ნავთობის კლიენტისთვის მისაწოდებლად ისინი შემკვეთის სანაპიროებს უახლოვდებიან და ნავთობს უფრო პატარა გემებში ქაჩავენ. ხშირად ეს ღამით ხდება, რაც თავისთავადაც სახიფათოა და გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ცუდი ამბავია.
მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნებს ფლოტილია ყელში ამოუვიდათ. აშშ-ს ზეწოლით „იაფფასიანი“ დროშების მიმნიჭებელი ქვეყნები, პანამა და ლიბერია იძულებული არიან რეგისტრაცია შეუწყვიტონ სანქცირებულ გემებს. უკრაინამ მათზე სამხედრო-საზღვაო დრონებით ნადირობა მოაწყო და შავ და ხმელთაშუა ზღვებში უკვე ცხრა ტანკერი დააზიანა. აშშ და ევროპის ქვეყნების სამხედროებმა რამდენიმე გემი გააჩერეს და დაატუსაღეს.
ამასთან, აშშ და ევროკავშირის სანქციები დაეკისრათ არა მხოლოდ გადამზიდავებს, არამედ არალეგალური ნავთობის შემსყიდველებსაც, რამაც ინდოეთი და ჩინეთი დააფიქრა. ამჟამად, ჩინეთის ტრავერსზე რამდენიმე ათეული ასეთი გემია უსაქმოდ გაჩერებული.
შედეგად, ტანკერების დაზღვევის ფასმა იმატა და ეს მაშინ, როცა ნედლი ნავთობის ფასი ეცემა - დღეს რუსული ნავთობი დასავლურ სტანდარტ ბრენტზე 27 დოლარით იაფია და თუკი ვენესუელას ნავთობი მართლაც შემოვიდა მსოფლიო ბაზარზე, როგორც ამას აშშ გვპირდება, ფასი კიდევ უფრო დაიწევს.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩრდილოვანი ტანკერების ბიზნესის დღეები დათვლილია.
თუმცა ახლა ახალი ტენდენცია გამოიკვეთა - რუსეთმა პირდაპირ დაიწყო თავისი დროშების აღმართვა ამ გემებზე და სამხედრო ხომალდებით და წყალქვეშა ნავებით მათი გაცილება.
ეყოფა კი მოსკოვის საქმაოდ მოძველებულ და შეთხელებულ საოკეანო საზღვაო ფლოტს რესურსები ამისათვის? ამასაც მალე ვნახავთ.