> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# საქსონიაში მოსახდენი მოხდა
- URL: https://evropis.moambe.eu/sak-soniashi-mosaxdeni-moxda/
- Published: 2026-09-07T08:07:34.000Z
- Updated: 2026-09-09T09:03:45.000Z
- Description: მემარჯვენე პოპულისტების წარმატება ევროპას ემუქრება
- Author: სალომე სალაძე
- Tags: ანალიზი

6 სექტემბერს, საღამოს 6 საათს მაგდებურგის თეატრში შეკრებილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიული აქტივი სიხარულის ჟრიამულით შეეგება. საქსონია-ანჰალთის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ (1949) პირველი შემთხვევა მოხდა, როცა ფედერაციული მხარის მთავრობის სათავეში მოსვლის რეალური შანსი ამავე მხარის სასამართლოს მიერ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულად აღიარებულ პარტიას ექნება. 

საბოლოო შედეგებით, ახდა მემარჯვენე პოპულისტების დიდი ხნის წადილი: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველ ადგილზეა 43,8 პროცენტით. მას გვარიანი მანძილის მოშორებით, 17,2 პროცენტით უკან მოჰყვება გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტია (CDU), რომელიც ბოლო 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქსონია-ანჰალთის მთავრობას და წინა არჩევნებიდან ხმების წილის ნახევარი დაკარგა. მესამე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) 9,3 პროცენტით, მეოთხეზე მწვანეთა პარტია (Grünen) 8,9 პროცენტით ხოლო მეხუთეზე პოპულისტი მემარცხენეები (Die Linke) გავიდნენ 8,6 პროცენტით, საარჩევნო ბარიერი ძლივს გადალახა კიდევ უფრო მემარცხენე და პრო-რუსულმა სარა ვაგენკნეხტის პარტიამ (BSW) და 5.3% მოიპოვა.

## ულტრამემარჯვენეები მთავრობაში?

AfD-ს ბანაკში ზეიმია, თუმცა სრული უმრავლესობით ძალაუფლებაში მოსვლა მათ ვერ მოახერხეს - სულ რაღაც სამი ადგილიღა დააკლდათ. მათ 83 მანდატიდან 39 ერგებათ. ყველა სხვა დიდი პარტია არჩევნებამდე კატეგორიულად გამორიცხავდა მათთან კოალიციის შეკვრის საშუალებას.

ზოგიერთებს AfD-ში იმედი აქვთ, რომ ქრისტიან-დემოკრატებისგან მოახერხებენ სამი დეპუტატის გადაბირებას. მაგრამ ყველაზე რეალურად მაინც სარა ვაგენკნეხტის BSW მოსჩანს, რომელსაც ხუთი მანდატი ექნება. ეს პარტია ერთადერთი იყო, რომელიც არ გამორიცხავდა AfD-სთან თანამშრომლობას. თავად ვაგენკნეხტი უპარტიო პრემიერის მომხრეა, თუმცა AfD იმის ჩიტი არ არის, ამხელა გამარჯვება დათმოს. არსებობს შესაძლებლობა, BSW უმცირესობის მთავრობის შექმნაში შეეშველოს გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ულრიხ ზიგმუნდს, თუმცა ესეც საკმაოდ მყიფე კავშირი იქნება. თავად ზიგმუნდი ამ შესაძლებლობას ეჭვით უყურებს.

[ალის ვაიდელის პარადოქსიმემარჯვენე პოპულისტების პირადი არჩევანი საკუთარი პარტიის პროგრამას ცუდად ეხამება![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--8869dad7-784a-46e4-893b-7284489d2e98.png)ევროპის მოამბესალომე სალაძე![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/Weidel-update-6d7f670a-8f3a-4ddd-9513-7e035a58fb4e.png)](https://evropis.moambe.eu/alice-weidel-paradox/)

რადგან მხარის კანონებით ახალი მთავრობის შესაქმნელად ბოლო ვადა არაა განსაზღვრული, სანამ გამარჯვებული AfD კოალიციის შექმნაზე ჩალიშობს, მთავრობის სათავეში კვლავაც ძველი პრემიერი, ქრისტიან დემოკრატების სვენ შულცე დარჩება. 

მალე ვნახავთ, როგორ დასრულდება ეს თამაშები, მაგრამ AfD-ს დიდი გამარჯვება და გერმანიის კლასიკური პარტიების კრახი სახეზეა. რამ გამოიწვია საქსონია-ანჰალთის მიწაზე AfD-ს ასეთი პოპულარობა? ამ კითხვებზე ჩვენებურ პასუხს ქვემოთ იპოვით. 

## რატომ აღზევდა AfD საქსონია-ანჰალთის მიწაზე?

AfD-ს მიერ წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მიღებული ხმების წილი ნამდვილად შთამბეჭდავია, თანაც იმის ფონზე, რომ პარტიამ ხუთი წლის წინ, წინა არჩევნებში, სულ რაღაც 20 პროცენტის მოგროვება შეძლო. ნიშანდობლივია, რომ ამომრჩევლის აქტივობა ძალიან მაღალი, 75% იყო. რამ განაპირობა ხალხის ესოდენ დიდი იმედგაცრუება მმართველი გუნდით და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა? 

### **Ost VS West**

ბერლინის კედლის დაცემიდან 35 წელი გავიდა, გერმანია გაერთიანდა, რუკაზე აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის საზღვარიც გაქრა, მაგრამ კედლის ჩრდილი გერმანულ პოლიტიკას დღემდე დაჰყვება. საქმე ყბადაღებული „ოსტალგია“ ნაკლებადაა. სინამდვილეში, ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც AfD-ს უპირატესობა არ ჰქონდა 60 წლის ასაკზე უფროსი ამომრჩეველია. რომ არა 70 წელს გადაცილებული ამომრჩევლის სკეპტიციზმი, რომლებიც მხარის მოსახლეობის 25%-ს შეადგენენ, მემარჯვენე პოპულისტები უმრავლესობას მოიპოვებდნენ. სამაგიეროდ, აღსანიშნავია გაერთიანების ეკონომიკური შედეგები, რომლებიც ადამიანების მეხსიერებიდან და პოლიტიკური განწყობებიდან ასე იოლად ვერ გაქრა. 

აღმოსავლეთ გერმანიას წლების განმავლობაში მოუწია სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური სირთულის გავლა, რომლის დროსაც, უკეთესი პირობების გამო, ათასობით ახალგაზრდა გადაბარგდა დასავლეთ გერმანიაში სასწავლებლად თუ სამუშაოდ. ეს პროცესი განსაკუთრებით შეეხო საქსონია-ანჰალთს, რომელმაც, შიდა მიგრაციის გამო 2000 წლიდან დღემდე თითქმის ნახევარი მილიონი მცხოვრები დაკარგა. ამას ემატება განცდა, რომ, თითქოს, აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობის პრობლემები ბერლინის პოლიტიკური ელიტისთვის ხშირად მეორეხარისხოვანია. AfD სწორედ ამ უკმაყოფილებას იყენებს და საკუთარ თავს იმ ძალად წარმოაჩენს, რომელიც „დავიწყებული აღმოსავლეთის“ სახელით საუბრობს. 

საინტერესო პარადოქსია მაგრამ, საქსონია-ანჰალთის მონიტორის გამოკითხვა გვეუბნება, რომ გამოკითხული მოსახლეობის 90% კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით, მაგრამ საკუთარი ფედერალური მიწის მომავალს მხოლოდ 17% უყურებს პოზიტიურად. სწორედ მომავლის მიმართ ეს უნდობლობა და განცდა, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა პრობლემების გადაჭრას ვეღარ ახერხებს, იქცა AfD-სთვის მნიშვნელოვან და მომგებიან პოლიტიკურ რესურსად. 

> მოსახლეობის 90% კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით, მაგრამ ფედერალური მიწის მომავალს მხოლოდ 17% შესცქერის იმედით. 

ამასთან, აღმოსავლეთ გერმანიაში ტრადიციული პარტიებისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. დასავლეთ გერმანიაში CDU-სა და SPD-ს მსგავსი პარტიები ათწლეულების განმავლობაში მყარ სოციალურ ფენებს ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ამდენადაც იყვნენ ფესვგადგმული. აღმოსავლეთში კი დასავლეთგერმანული პარტიული სისტემა მხოლოდ გაერთიანების შემდეგ დამკვიდრდა და სუსტი ფესვები აქვს. პროტესტის ნიშნად სრულიად სხვა პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემა აქ უფრო მარტივია. შემთხვევითი არაა, რომ AfD-მ მოახერხა და საარჩევნო ყუთებთან ის ხალხი მიიყვანა, ვისაც საარჩევნო პოლიტიკის არ, ან აღარ სჯეროდა.

### **საყრდენი კედლების ნგრევა და CDU-ს დაღმასვლა**

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკურ წარმატებას სამი საყრდენი ჰქონდა: იაფი რუსული გაზი, ამერიკული თავდაცვის ქოლგისქვეშ მყუდროდ ყოფნით საბიუჯეტო რესურსების თავდაცვიდან გამოთავისუფლება და ჩინეთთან სარფიანი ვაჭრობა-ინვესტიცია. ეს სამივე საყრდენი გერმანიას გამოეცალა: რუსეთის აგრესიის გამო შეწყდა გაზის იმპორტი, დონალდ ტრამპმა წყალი შეუყენა ამერიკულ გარანტიებს და სამხედრო ბიუჯეტის ზრდის აუცილებლობა გააჩინა, ხოლო ჩინეთმა ისარგებლა ტექნოლოგიების გადაცემით და თავად იქცა გერმანიის კონკურენტად ტრადიციულ დარგებში, როგორიცაა ავტო და მანქანათმშენებლობა. გასულ კვირას „ფოლკსვაგენმა“ გამოაცხადა, რომ მის ქარხნებში კიდევ 50 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება. 

ამ დაღმასვლამ ტრადიციული პარტიების, განსაკუთრებით კი CDU-ს დასუსტება გამოიწვია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საგრძნობლად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან საკუთარი ფედერალური მხარის ანდა ზოგადად ქვეყნის მართვის სადავეები CDU-ს ჩააბარონ. არცაა გასაკვირი - ფრიდრიხ მერცმა დაპირებები ვერ შეასრულა, რეფორმები დაპირებებად დარჩა. მისი ნაბიჯები, მკვლევარების ნაწილის თქმით, წარსულის გახსენებისკენ უფრო იყო მიმართული ვიდრე მომავლისკენ: შიდა წვის ძრავზე ევროპული შეზღუდვების მოხსნა იქნებოდა ეს, შრომითი უფლებების შეკვეცა თუ ოჯახურ ღირებულებებზე საუბარი. ამასობაში კი ბიუჯეტის დაბალანსებით გერმანულმა მანიამ გამორიცხა რე-ინდუსტრიალიზაციის წახალისება.

თავად საქსონია-ანჰალთში წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებად მიგრაცია, განათლება და ეკონომიკა სახელდებოდა. ასეთ ვითარებაში კი ოპოზიციურმა AfD-მ გაცილებით მარტივად შეძლო მთავრობის მიმართ არსებული, წლების განმავლობაში დაგროვებული უკმაყოფილების მობილიზება და ეს დღევანდელ შედეგშიც აისახა. 

უცნაურია, რომ გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების გზით რომ მთავრობის მეთაური პირდაპირ აერჩიათ, ადგილობრივები დიდი უმრავლესობით ძველ ხელმძღვანელს, სვენ შულცეს აირჩევდნენ, მაგრამ მისი პარტიის ჩამოშლილმა რეიტინგმა პოპულარული ეს პოლიტიკოსიც თან ჩაიყოლა. 

### **AfD-ს დაპირებები**

AfD-ს მიერ მიღებული ხმები, მათი პროგრამის დამსახურებაცაა, რომელიც 258 გვერდს მოიცავს და სავსეა [რადიკალური იდეებით](https://afd-lsa.de/wp-content/uploads/2026/07/AfD%5FSachsen-Anhalt%5FRegierungsprogramm%5F2026%5F230726-web.pdf?ref=evropis.moambe.eu). სწორედ ამ პროგრამით შეძლო პარტიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ მოეკრიბა მხარდამჭერები. მათგან მთავარი, რა თქმა უნდა, მიგრაციის თემაა. კერძოდ, AfD-ს პროგრამას თუ გადავხედავთ, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დეპორტაციების მკვეთრად დაჩქარება - იმ უცხოელების უფრო სწრაფად გაძევება, რომელთაც გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი უფლება არ აქვთ და ასევე, ახალი პოლიტიკური დევნილების მიღების შეზღუდვა. უკრაინელებთან დაკავშირებითაც პროგრამა ბევრად უფრო მკაცრია: AfD მიიჩნევს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს, უკრაინელებმა თავშესაფარი დასავლეთ უკრაინაში უნდა ეძებონ და არა ევროპის სხვა ქვეყნებში და ამიტომაც, გერმანიის მიერ მათი მფარველობა უნდა შეჩერდეს.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს საგანმანათლებლო სფეროს რეფორმაც, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება საკოლაში ბავშვების მიყვანის ვალდებულება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სახლშიც ამეცადინონ. სწავლის პროცესში მეტი ყურადღება მიექცევა გერმანიის ისტორიის სწავლებას, სკოლაც ყოველდღე გერმანიის დროშის აღმართვითა და ჰიმნის ერთობლივად შესრულებით უნდა დაიწყოს, ხოლო მიგრანტი მოსწავლეებისთვის ცალკე კლასები უნდა არსებობდეს და მათ არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გერმანიაში დიდხანს დარჩებიან. გარდა ამისა, AfD გეგმავს გერმანული იდენტობის გაძლიერებას დიდი ყურადღება დაუთმოს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ფული უნდა მიიღონ მხოლოდ იმ კულტურულმა დაწესებულებებმა, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდებში გერმანული პატრიოტიზმის გაძლიერებას.

### რუსეთის კვალი

არ უნდა დავივიწყოთ გარე ჩარევებიც და უნდა ვახსენოთ ის ამბავიც, რომ ბოლო ხანებში აშკარად შეინიშნებოდა დეზინფორმაციული კამპანიის ზრდა - ყალბი ვიდეოები, ბოტებისა და ტროლების შემოსევები, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებები. ამ ყველაფრის კვალს კი, გერმანულ უსაფრთხოების სამსახურს თუ დავუჯერებთ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან მივყავართ. ამ ეჭვის განსამტკიცებლად ბოლო დღეებში უცნაურად გააქტიურებული თავდასხმებიც გავიხსენოთ, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვრცლად ვსაუბრობდით სტატიაში [უცნაური ომი გერმანიის წინააღმდეგ](https://evropis.moambe.eu/ucnauri-omi-germaniis-cinaagmdeg/) და ისიც აღვნიშნოთ, რომ AfD ღიად პრორუსული პარტიაა, რომელიც საარჩევნო პროგრამაშივე აღნიშნავს რომ მოითხოვს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შეწყვეტასა და რუსული ენის სწავლების გაძლიერებას სკოლებში.

## ევროპის ავადმყოფი?

1999 წელს დიდი სკანდალი გამოიწვია ბრიტანული „ეკონომისტის“ გარეკანმა, რომელმაც გერმანიას „ევროზონის ავადმყოფი წევრი“ უწოდა. დღეს საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გერმანია „ევროკავშირის ავადმყოფი წევრია“ და მისი სატკივარი ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური უძრაობის სიმპტომებით გამოიხატება.

ევროპის საგარეო ურთიერთობების საბჭოს მკვლევარები იანკა ორტელი და იანა პულიერინი აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნებულ [კვლევაში ](https://ecfr.eu/article/actually-maybe-how-german-angst-could-become-europes-nightmare/?ref=evropis.moambe.eu)წერდნენ, რომ AfD-ს აღმავლობა გერმანული დაავადების მხოლოდ სიმპტომია და არა მიზეზი. მათი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი ევროპისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური წონა იმხელაა, რომ ევროკავშირის მომავალზე უდიდეს გავლენას მოახდენს. 

თუკი გერმანელი პოლიტიკოსები სწრაფად არ იპოვიან გამოსავალს, გერმანული პოლიტიკური ველის დაბნელება მთლიანად ევროპის დღის წესრიგზე მოახდენს გავლენას. დღეს კანცლერი მერცი პრესასთან ისაუბრებს. მოახერხებს კი ის, უარი თქვას იმ ერთ დროს მომგებიან „გერმანულ მოდელზე“ რომელიც დღეს ყავლგასულია და ქვეყანას პოპულიზმის მახისკენ ექაჩება?

20 სექტემბერს ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანია ჩაატარებენ არჩევნებს. AfD-ს იმედი აქვს, რომ საქსონიის წარმატებას გამარჯვების ტალღად აქცევს.