> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ფრანგებს მაგიდის აყირავება სურთ...
- URL: https://evropis.moambe.eu/saprangets-cvlileba-surs/
- Published: 2026-09-15T11:44:06.000Z
- Updated: 2026-09-15T11:44:59.000Z
- Description: ოღონდ ისე, რომ ჭურჭელი არ დაიმსხვრეს
- Author: სარედაქციო
- Tags: ანალიზი

ფრანგების დიდ უმრავლესობას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ნამდვილი სოციალური და პოლიტიკური ცვლილების ხილვა სურს. ამასთან ნახევარზე მეტი შეშფოთებისა და გაურკვევლობის გრძნობებითაა შეპყრობილი, მესამედი კი დაღლილობისა და ბრაზის გრძნობებს განიცდის. იმედით ფრანგების მხოლოდ 17 პროცენტია აღვსილი.

ასეთია განწყობა არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე. ამაზე გუშინ საფრანგეთში [გამოქვეყნებული](https://www.lemonde.fr/politique/article/2026/09/13/enquete-electorale-presidentielle-2027-marine-le-pen-entame-la-campagne-sur-un-socle-inedit-au-c-ur-d-un-electorat-inquiet-et-en-colere%5F6772946%5F823448.html?ref=evropis.moambe.eu) საზოგადოებრივი აზრის უდიდესი კვლევა მოგვითხრობს. გაზეთ *Le Monde*\-ს დაკვეთით კვლევა მოწინავე კვლევითმა ინსტიტუტებმა ჩაატარეს. სულ მონაწილეობა 13 ათასმა ფრანგმა მიიღო, რაც ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს და საარჩევნო ტენდენციების დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა. 

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომ მომავალი არჩევნები ფრანგების უდიდეს უმრავლესობას აინტერესებს: 67% ამბობს, რომ აუცილებლად წავა არჩევნებზე, რაც 2017 და 2022 წლების მაჩვენებლებთან შედარებით სერიოზული ზრდაა. ათიდან შვიდი ამომრჩეველი ამბობს, რომ უნდა ამ არჩევნებმა „ნამდვილი სოციალური და პოლიტიკურლი ცვლილება მოიტანოს“ - ასე ფიქრობს ყველა პოლიტიკური ოჯახის ორ მესამედზე მეტი მხარდამჭერი გარდა ერთისა: მმართველი პარტიის მხარდამჭერების 41%-ს სურს, რომ არჩევნებმა „ქვეყანა დააშოშმინოს“. 

### ვისი სული გსურს

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, გამოკითხვაში რამდენიმე სცენარი წარუდგინეს მკითხველებს, რადგან რადიკალური პარტიების კანდიდატების სახელები ცნობილია: მარინე ლე პენი ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობიდან“ იყრის კენჭს, ჟან-ლუკ მელანშონი კი რადიკალური მემარცხენე „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერია. სამაგიეროდ სოციალისტებსა და ცენტრისტებს ამ ეტაპზე რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ და არაა ნათელი, თითოეულ ბანაკში ერთზე შეჯერდებიან, თუ არჩევნების პირველ ტურში ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას. 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ სცენარში პირველ ადგილზე მარინე ლე პენი გადის 33-35%-ით და აქ შესაძლო ცდომილება ძალიან მცირეა - 0.9%. მკვლევარები ამბობენ, რომ ლე პენის ამომრჩეველი გადაწყვეტილია და აზრს არ შეიცვლის. 

ასევე მტკიცეა მემარცხენე რადიკალის, ჟან-ლუკ მელანშონის ამომრჩეველთა ბაზა - მისთვის ხმის მიცემას 15.5-17% აპირებს, 0.7%-იანი ცდომილებით. მელანშონის საყრდენი 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფია. მარინე ლე პენი მას ფეხდაფეხ მისდევს 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა მნიშვნელოვნად აგებს მელანშონთან 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის. სამაგიეროდ, ლე პენის მხარდაჭერა მტკიცეა 40-იანებსა და 60 წელზე უფროსებს შორის - 38%. ეს ნიშანდობლივი ცვლილებაა - პენსიონერები საფრანგეთში ადრე ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მათ ხელისუფლებაში მოსვლას ხელს უშლიდნენ, მაგრამ თაობები შეიცვალა. 

ახლა ცენტრისკენ მოვბრუნდეთ: ედუარდ ფილიპი, მაკრონის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტია „ჰორიზონტებს“ წარმოადგენს, 14-21%-ის მხარდაჭერით სარგებლობს და მისი რეალური ამომრჩევლის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა პირველ ტურში მონაწილეობას მის მსგავს იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი გაბრიელ ატალი (რენესანსი), ანდა მემარცხენე ცენტრისტი ოლივიე ფორე (სოციალისტები). 

ამომრჩევლებისთვის წარდგენილი ექვსი სცენარიდან ოთხში მეორე ადგილზე **მელანშონი** გადის (თუკი არჩევნებში გლუკსმანი, ატალი და ფილიპი მონაწილეობენ, ანდა გლუკსმანი და ატალი, ანდა ფორე, ატალი და ფილიპი, ან მარტო ფორე და ატალი). ორ სცენარში კი მეორე ადგილზე **ედუარდ ფილიპია** \- თუკი ის გლუკსმანს დაუპირისპირდება (ამ სცენარში გლუკსმანი მელანშონს ართმევს ხმებს) ან თუ მარტო ფორეს (ამ სცენარში ატალის ამომრჩეველი ფილიპს აძლევს ხმას).

გამოკითხვით, მარცხენა ცენტრისტულ ფრთაზე გლუკსმანის მხარდაჭერის ზედა ზღვარი 13.5%-ია, ხოლო ოლივერ ფორესი- 4.5-5.5%. ცოტა კიდევ უფრო მარცხნივ მდგომი მწვანეების ლიდერი, მარინე ტონდელიე 4-5.5%-ით იწონებს თავს, ხოლო კომუნისტი ფაბიენ რუსელი 2.5-3.5%-ს თუ დასჯერდება.

მემარჯვენე ცენტრში, ატალი ფილიპთან პირველ ტურშივე შეჯახების შემთხვევაში 7.5%-ს ვერ ასცდება, მაგრამ თუკი მარტო იქნება მემარჯვენე ცენტრისტების კანდიდატი, 15.5%-ს შეუძლია მიაღწიოს. 

კიდევ უფრო მარჯვნივ, რესპუბლიკელების ბრუნო რეტაიო 7-10.5%-ს ეთამაშება, ექსტრემისტი ერიკ ზემური კი 4.5%-ს სჯერდება. 

### ვის რა აწუხებს

ფრანგების ხვაშიადი ეკონომიკური პრობლემები უფროა, ვიდრე სოციალური, გარემოსდაცვითი თუ იდენტობისა. თითქმის ყველა თანახმაა, რომ სახელმწიფო ვალი უნდა შემცირდეს (ამა თუ იმ პარტიისადმი სიმპატიის მიხედვით, 75%-დან 94%-მდე). 65%-დან 95% ფიქრობს, რომ სახელმწიფო ხარჯები უნდა შემცირდეს. თუმცაღა რაში უნდა დაზოგოს ქვეყანამ ფული, ამაზე ფრანგები ვერ თანხმდებიან. 

განსაკუთრებით მტკივნეულია საპენსიო ასაკის თემა: რადიკალი მემარცხენეების მომხრეებს (მელანშონი, კომუნისტები) უნდათ, საპენსიო ასაკი შემცირდეს. მათ შედარებით დონდლოდ ეთანხმებიან მწვანეები (43%). აი, მარინე ლე პენის პარტიაში კი ამ საკითხზე აშკარა განხეთქილებაა: თავად ლიდერს უნდა, რომ საპენსიო ასაკი შემცირდეს. მას თავისი პარტიის მომხრეების 37% ემხრობა, თუმცა ლე პენის ამომრჩევლის 39% თანახმაა, რომ საპენსიო ასაკი უცვლელი დარჩეს - 64 წლის ასაკიდან. გამოკითხულების სამ მეოთხედს სურს საწვავზე გადასახადების შემცირება.

აი, სამაგიეროდ კერძო გადასახადების გაზრდა არავის უნდა. მხოლოდ დიდი საწარმოების მოგებაზე გადასახადების გაზრდას ჰყავს მომხრეების უმრავლესობა.

### დაპირისპირებული ბანაკები

ორი რადიკალური პარტიისა და მათი ლიდერების - მელანშონისა და ლე პენის - მხარდაჭერებს შორის მკვეთრი ანტაგონიზმი სუფევს, თუმცა ორივე პარტიის მომხრეობა სხვებისგან გარიყვას იწვევს. გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ არ უყვარს მელანშონის მომხრეები. ლე პენის მომხრეები კი 35%-ს არ ეხატება გულზე. თავად ლე პენი ზედმეტად რადიკალურად მიაჩნია უმრავლესობას (ათქულიან სკალაზე 8.2 ქულა), მელანშონი კი ცოტა უფრო ნაკლებად რადიკალურად აღიქმება (7.6 ქულა). 

ზომიერი პოლიტიკოსები უფრო მემარცხენეებში ეგულება ამომრჩეველს: რაფაელ გლუკსმანი და ოლივიე ფორე (27% თითოეულს). აი ზომიერების მეფე კი ის კაცია, რომელიც ჯერ არ გვიხსენებია - ფრანსუა ოლანდი. მას გამოკითხულთა 38% მიიჩნევს ძალიან ზომიერი ან ზომიერი იდეების მომხრედ, ხოლო 45% არც ზომიერად და არც რადიკალად. 

ოლანდი პრეზიდენტობის კანდიდატი არაა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, თუმცა მემარცხენე ფლანგზე არსებობს ვარაუდი, რომ რაღაც მომენტში ყოფილმა პრეზიდენტმა შეიძლება თავისი ამბიციის შესახებ განაცხადოს და ამით მემარცხენე-ცენტრისტულ ბანაკში კანდიდატის შესახებ დავას წერტილი დაუსვას. 

### მოჭოჭმანე საფრანგეთი

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ საფრანგეთს ვერ გადაუწვეტია საით წავიდეს. ნახევარზე ცოტა ნაკლები ამბობს, რომ ქვეყანაში არასაკმარისად ხედავს „რადიკალურ მოქმედებას, რომელიც ახალი გზების მოძებნაში დაგვეხმარება და წინ წასწევს საქმეს“. სწორედ ამით აიხსნება, რომ მელანშონის და ლე პენის მხარდამჭერები ყველაზე მტკიცედ შედუღაბებული ჯგუფებია. კვლევითი სამსახურ *Ipsos*\-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ბრის ტენტურიე *ლე მონდთან* ინტერვიუში ამბობს, ხალხს უნდა „მაგიდა ისე ააყირავოს, რომ ჭურჭელი არ დალეწოსო“.

სწორედ ამაშია საფრანგეთის მომავალი არჩევნების წრის კვადრატურა. პარტიებს რთული კამპანია ელით, მაგრამ კიდევ უფრო რთულად მოჩანს გამარჯვებულის ბედი - მას მოუწევს ამომრჩევლის არარეალისტურ მოთხოვნებს უპასუხოს.