> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# სერბეთის ვადამდელი არჩევნები: შეძლებენ სტუდენტები ვუჩიჩის დამარცხებას?
- URL: https://evropis.moambe.eu/serbet-is-vadamdeli-arch-evnebi-shezleben-studentebi-vuch-ich-is-damarc-xebas/
- Published: 2026-10-25T13:36:13.000Z
- Updated: 2026-10-25T13:36:13.000Z
- Description: 14-წლიანი მმართველობა, სტუდენტური წინააღმდეგობა და პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობა
- Author: სარედაქციო
- Tags: ანალიზი

25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც ორი წლის წინ, ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ფონზე დაინიშნა. არჩევნებში სერბეთის მმართველ „პროგრესულ პარტიას“ (SNS) ამჯერად, ტრადიციულ ოპოზიციასთან ერთად, სტუდენტური მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ალტერნატივაც უპირისპირდება.

ალექსანდარ ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობისთვის ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური გამოცდაა. ხელისუფლება მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, ფინანსურ და საინფორმაციო უპირატესობას ინარჩუნებს. ამავე დროს ანტისისტემურმა სტუდენტურმა მოძრაობამ საზოგადოებრივი პროტესტი საარჩევნო კონკურენციაში გადაიტანა და იდეოლოგიურად განსხვავებული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა მოიპოვა.

სტუდენტებმა პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო ალიანსის შექმნაზე კატეგორიული უარი თქვეს და დამოუკიდებელი, ზეპარტიული საარჩევნო სია ჩამოაყალიბეს.

### **როგორ მივიდა სერბეთი ვადამდელ არჩევნებამდე?**

კრიზისი, რომელმაც სერბეთი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანა, 2024 წლის 1 ნოემბერს, ნოვი-სადში დაიწყო. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში ახლად რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამოშლას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ სადგურის მოდერნიზაცია სერბულ-ჩინური ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცოტა ხნით ადრე დასრულდა.

მომხდარმა ტრაგედიამ სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით მწვავე კითხვები გააჩინა, პასუხისმგებლობის საკითხი კი დღემდე გაურკვეველი რჩება.

მომხდარს სტუდენტების მიერ ინიციირებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. უნივერსიტეტების ბლოკირებამ და უწყვეტმა დემონსტრაციებმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. დროთა განმავლობაში, ტრაგედიის ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის პირვანდელი მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაში გადაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, თითქმის ორწლიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ, მან პარლამენტი მაინც დაითხოვა. ამასთან, თავად პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რათა კენჭი უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ეყარა.

### **ვინ ვის უპირისპირდება?**

  
საარჩევნო ბიულეტენში 18 სუბიექტია წარმოდგენილი, თუმცა რეალური ძალაუფლებისთვის ბრძოლა სამი ძირითადი ცენტრის გარშემო იკვრება.

**სია №1 - „ალექსანდარ ვუჩიჩი - გაერთიანებული სერბეთი“**

მმართველი პროგრესული პარტიის (SNS) ბირთვზე შეკრული ბლოკი ამომრჩეველს ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილურობასა და ეროვნული სუვერენიტეტის ურყევობას ჰპირდება. თავად ვუჩიჩს მყარი დასაყრდენი აქვს ნაციონალისტურ და ულტრამემარჯვენე წრეებში — მისი პოლიტიკური წარსული სწორედ ულტრარადიკალურ პარტიას (SRS) უკავშირდება, რომლის ლიდერ ვოისლავ შეშელს ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებისთვის ათწლიანი სასჯელი განუსაზღვრა. დღესაც, ვუჩიჩის სიაში რადიკალები და სხვა პრორუსული, ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლები ღიად ფიგურირებენ.

**სია №2 - სოციალისტური პარტიის კოალიცია**

SNS-ის მრავალწლიანი სამთავრობო პარტნიორი ამჯერად დამოუკიდებლად ცდის ბედს. სოციალისტების გზავნილები სოციალურ დაცვაზე, პენსიებზე, ეროვნულ ინტერესებსა და წესრიგზეა აგებული. მიუხედავად ცალკე გამოსვლისა, ეს სვლა მეტწილად ტაქტიკურია: ისინი კვლავ ვუჩიჩის მთავარ პოტენციურ მოკავშირედ რჩებიან.

**სია №3 - „სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“**

ეს საარჩევნო სუბიექტი ერთგვარი პოლიტიკური ფენომენია: სახელწოდების საპირისპიროდ, თავად სტუდენტები სიაში არ არიან. კანდიდატები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურმა პლენუმებმა შეარჩიეს, რომლებსაც უარყოფისა და კოლექტიური ვეტოს გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდათ. შერჩევისას სტუდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიულ კომპეტენციას, საზოგადოებრივ რეპუტაციასა და პარტიული გავლენისგან დამოუკიდებლობას აქცევდნენ.

მოძრაობის მთავარი ლოზუნგია „სერბეთი ან მაფია“. მათი დაპირება კორუფციის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური წნეხისა და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრას უკავშირდება. სტუდენტურ სიას მხარი იდეოლოგიურად არაერთგვაროვანმა ძალებმა დაუჭირეს: ტრადიციული პროდასავლური ლიბერალებიდან დაწყებული, მემარცხენე-მწვანეთა ალიანსითა და რადიკალური პრორუსული ჯგუფებით დასრულებული.

მიუხედავად ამისა, სრული ოპოზიციური ფრონტის შექმნა ვერ მოხერხდა. დამოუკიდებლად მონაწილეობს პროდასავლური კოალიცია „ევროპული სერბეთი - მარინიკა ტეპიჩი და ზდრავკო პონოში“, რომელშიც თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია (SSP), „სერბეთის ცენტრი“ (SRCE) და მოძრაობა „სოლიდარობა“ გაერთიანდნენ. ის ევროკავშირში გაწევრიანებას, დამოუკიდებელ სასამართლოსა და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ცალკე გამოდის „ავთენტური მემარჯვენეობა“, სერბეთის ახალი დემოკრატიული პარტიისა (NDSS) და მონარქისტების კოალიცია მილოშ იოვანოვიჩის ხელმძღვანელობით. ის მკაფიოდ ევროსკეპტიკურია და სერბეთის სუვერენიტეტზე, კოსოვოს საკითხსა და ეროვნულ ინტერესებზე აკეთებს აქცენტს. 

### **„ჩაცი“ VS „ბლოკადერები“ - ორი განსხვავებული სერბეთი**

სერბეთის მწვავე პოლიტიკური პოლარიზაცია ყველაზე მკაფიოდ წინასაარჩევნო რიტორიკაში ვლინდება. პრეზიდენტი ვუჩიჩი პროტესტში ჩაბმულ სტუდენტებს „ბლოკადერებად“ (blokaderi) და დროდადრო „ტერორისტებადაც“ კი მოიხსენიებს, მათ საარჩევნო სიას კი აბსოლუტურად არაკომპეტენტურად მიიჩნევს. ახალგაზრდები კი, თავის მხრივ, ხელისუფლებას სახელმწიფოს მიტაცებაში, სისტემურ კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო კავშირში ადანაშაულებენ. სტუდენტებმა ვუჩიჩის მომხრეებს ირონიული მეტსახელი „ჩაცი“ (Ćaci) შეარქვეს,რაც ნოვი სადში გაჩენილ იმ გრაფიტის უკავშირდება, სადაც სიტყვა „მოსწავლეები“ ორთოგრაფიული შეცდომით ეწერა; მოგვიანებით კი ბელგრადში სახელისუფლებო ძალების მიერ გაშლილ კარვების ბანაკს დამცინავად „ჩაცილენდი“ უწოდეს.

მკვეთრად კონტრასტულია მხარეთა სამოქმედო სტრატეგიაც: თუ ვუჩიჩი ამომრჩევლის მობილიზებას მასშტაბური შეკრებებით, კონტროლირებადი მედიარესურსითა და პარტიული ვერტიკალით ცდილობს, სტუდენტების მთავარ დასაყრდენს მოხალისეობრივი ძალისხმევა, სოციალური პლატფორმები და კარდაკარ სიარულის პრინციპი წარმოადგენს. 16 ოქტომბერს ვუჩიჩმა მომხრეები პროტესტის კერად ქცეულ ნოვი სადში შეკრიბა და სტუდენტები კვლავ გარე ძალების მართულ პროვოკატორებად გამოაცხადა. ამის საპირისპიროდ, სტუდენტური მოძრაობის წევრები სოფლიდან სოფელში გადადიან და მოქალაქეებს პირისპირ ესაუბრებიან. გამოცემა *Vreme*\-ს მონაცემებით, სექტემბრის მიწურულისთვის მათ უკვე 400-ზე მეტი დასახლება ჰქონდათ მოვლილი.

სტუდენტური კამპანიის სიმბოლოდ იქცა სიმღერა „სამი კოცნა ბედნიერებისთვის“, რომლის მისამღერში ისმის: „სამი კოცნა მინდა - არც ერთი, არც ორი“. ეს ვუჩიჩის (№1) და სოციალისტების (№2) საარჩევნო სიებზე მინიშნებაა, რადგან სტუდენტური სია სწორედ მესამე ნომრით მონაწილეობს. 

### **ვუჩიჩის საერთაშორისო პოლიტიკური საყრდენები**

სერბეთის საგარეო პოლიტიკა ტრადიციულად ოთხ ძირითად საყრდენს - ევროკავშირს, აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს - ეფუძნება. ვუჩიჩი ერთმანეთთან დაპირისპირებულ საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობის ერთდროულად შენარჩუნებას ახერხებს. 2025 წელს სერბეთის საგარეო ვაჭრობის 58,3% ევროკავშირზე მოდიოდა. ამავდროულად, რუსეთი მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პარტნიორად რჩება, ჩინეთი ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებში ასრულებს მნიშვნელოვან როლს, ხოლო აშშ-თან სერბეთმა ივლისში სტრატეგიული დიალოგი დაიწყო.

საინტერესოა, რომ ვუჩიჩის საგარეოპოლიტიკური ბალანსი მისი ამომრჩევლების განწყობებს არ შეესაბამება. CRTA-ს ივნისში ჩატარებული კვლევით, მმართველი პარტიის ამომრჩეველთა 60% რუსეთთან დაახლოებას ემხრობა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას კი - მხოლოდ 15%. სტუდენტური სიის მხარდამჭერთა 75% ევროკავშირთან დაახლოებას უჭერს მხარს.

დასავლეთის პრაგმატულ დამოკიდებულებას ხშირად „სტაბილოკრატიით“ ხსნიან: პარტნიორები დემოკრატიული უკუსვლის მიმართ შედარებით შემწყნარებლები არიან, რადგან ვუჩიჩს რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობის გარანტად მიიჩნევენ.

[ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილიბერლინის მიერ მივლენილ მრჩეველს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან 13-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სადავო სამთო-მოპოვებითი პროექტის ლობირებაში.![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/icon-europe--3--4eefe5a1-6ea5-4090-8cfd-0e1906db6322.png)ევროპის მოამბეანა ძირკვაძე![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/signal-2026-07-20-084128_003-b7298908-9ab6-491d-9777-140a1065e546.jpg)](https://evropis.moambe.eu/jer-lit-iumi-mere-demokratia-anu-vuch-ich-is-germaneli-ach-rdili/)

თუმცა ევროკავშირის პოზიცია ერთგვაროვანი არ არის. სექტემბერში გენოციდისა და ომის დანაშაულებისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩის სამხედრო პატივით დაკრძალვას, რომელსაც სერბეთის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ბრიუსელის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა სერბეთში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა.

მიუხედავად ასეთი დაძაბულობისა, ვუჩიჩი მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ინარჩუნებს, რაც მას შიდაპოლიტიკური კრიზისის პირობებშიც დამატებით უპირატესობას აძლევს. თუმცა ეს მათი მხრიდან მისი საარჩევნო გამარჯვების პირდაპირ მხარდაჭერას არ ნიშნავს.

### **არჩევნები არათანაბარ პირობებში - გამარჯვება თუ ახალი კრიზისი?**

სერბეთში არჩევნები არათანაბარ პირობებში ტარდება. მმართველ პარტიას სახელმწიფო რესურსებზე, მედიასა და ინსტიტუტებზე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. CRTA-ს 8 ოქტომბრის ანგარიშით, კამპანიის პირველი სამი კვირის განმავლობაში დაშინების, ძალადობისა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის 49 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოპოზიციას პოლიტიკური გაშუქებისთვის დათმობილი დროის მხოლოდ 15% ერგო.   
  
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები გამარჯვებულზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ იძლევა. სექტემბერში ჩატარებული Faktor Plus-ის გამოკითხვით, ვუჩიჩის ბლოკს 48,6% უჭერდა მხარს, სტუდენტურ სიას კი — 37,1%. იმავე თვის NSPM-ის კვლევაში სტუდენტები ლიდერობდნენ 44,4%-ით, ხოლო ვუჩიჩის ბლოკს 41,7% ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელ არჩევნებში რამდენიმე საარჩევნო სია მონაწილეობს, კენჭისყრას რეფერენდუმის ხასიათი აქვს, რადგან მთავარი დაპირისპირება მმართველ ბლოკსა და სტუდენტების მიერ შედგენილ სიას შორის მიმდინარეობს. მოსალოდნელია მაღალი აქტივობაც, მათ შორის იმ მოქალაქეების მონაწილეობით, რომლებიც აქამდე არჩევნების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შედეგების აღიარება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები. სერბეთის პროგრესული პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო გამოსვლებს ელოდებიან, თუმცა მათგან ხელისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ მოელიან. სტუდენტური მოძრაობის მხარდამჭერთა ნაწილი კი გამარჯვებას შესაძლებლად მიიჩნევს და არჩევნების შესაძლო გაყალბების შემთხვევაში 2000 წლის მოვლენების განმეორებასაც არ გამორიცხავს. მაშინ სადავო არჩევნებს მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელმაც სლობოდან მილოშევიჩის მმართველობა დაასრულა.

არსებული პოლარიზაციის გათვალისწინებით, ერთ-ერთი სავარაუდო სცენარია, რომ ვუჩიჩის ბლოკმაც და სტუდენტურმა მოძრაობამაც საკუთარი გამარჯვება გამოაცხადონ, განსაკუთრებით თუ შედეგებს შორის სხვაობა მცირე იქნება და საარჩევნო დარღვევებზე სერიოზული ეჭვები გაჩნდება. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დამკვირვებლების დასკვნებს, დარღვევების მასშტაბსა და საზოგადოების რეაქციას. შესაბამისად, 25 ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყისად იქცეს და არა თითქმის ორწლიანი პოლიტიკური კრიზისის დასასრულად. 

### **არჩევნების შემდეგ: სამი შესაძლო სცენარი**

25 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სერბეთში მოვლენების განვითარების სამი სცენარი იკვეთება:

1. **ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება:** სტუდენტური სია იმარჯვებს და ვუჩიჩი ძალაუფლებას თმობს. ამ სცენარის იმედს სტუდენტური მოძრაობის მხარდამჭერებს სერბეთის ჩრდილოელი მეზობლის, უნგრეთის გამოცდილება აძლევს, სადაც 2026 წელს ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა არჩევნების გზით დასრულდა.
2. **სტატუს-კვოს შენარჩუნება:** ვუჩიჩი იმარჯვებს, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და პროტესტს იწყებს, თუმცა ძირითადი საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების შედეგებს ცნობენ, საპროტესტო მუხტი თანდათან იკლებს და საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სერბეთს მსგავსი სცენარი უკვე გამოცდილი აქვს.
3. **პოლიტიკური კრიზისის გამწვავება:** შედარებით ნაკლებად მოსალოდნელი სცენარი საქართველოს უახლეს გამოცდილებას ჰგავს: არჩევნების ლეგიტიმურობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ეჭვქვეშ დგება, ხელისუფლება კი პროტესტს რეპრესიების გამკაცრებითა და პოლიტიკური სივრცის შეზღუდვით პასუხობს. ასეთ შემთხვევაში სერბეთი ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება, რასაც ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი გაუარესებაც მოჰყვება.

საბოლოოდ, სწორედ არჩევნების დღე გამოავლენს, ძალუძს თუ არა უპარტიო სტუდენტურ ტალღას, ქუჩის პროტესტი რეალურ პოლიტიკურ გამარჯვებად გარდაქმნას და სერბეთის 14-წლიან ერთპიროვნულ ეპოქას მშვიდობიანად დაუსვას წერტილი.

*ავტორი: სანდრო ტაბატაძე*