შვედეთში არჩევნები გასულ კვირადღეს ჩატარდა და თუ ამაზე აქამდე არაფერი დაგვიწერია, იმის ბრალია, რომ საბოლოო შედეგები და, შესაბამისად მმართველი კოალიციის პოლიტიკური შეფერილობა ბოლო ხმის დათვლამდე ვერ იქნება ცნობილი.
ეს პირველად არ ხდება: ოთხი წლის წინ შვედეთის 349-დეპუტატიან რიკსდაგში (პარლამენტში) მანდატები 176-173-ზე გაიყო, მაშინ მემარჯვენე ბლოკის სასარგებლოდ. შედეგად პრემიერად ქრისტიან დემოკრატი ულფ კრისტერსონი მოგვევლინა, მაგრამ უმცირესობის მთავრობთ. საქმე ისაა, რომ მისმა მემარჯვენე კოალიციამ მაშინ ულტრამემარჯვენე „შვედეთის დემოკრატები“ სამთავრობო პორტფელების გარეშე დატოვა, თუმცა მათგან მმართველი კოალიციის მხარდაჭერა კი უზრუნველყო.
გასულ კვირას კი, ჩანს იგივე მოხდა, ოღონდ პირიქით: ახლა უკვე მემარცხენე პოლუსს - სოციალ-დემოკრატებსა და მათ მოკავშირეებს ექნებათ დაახლოებით სამმანდატიანი უპირატესობა.
საბოლოო სიტყვას საარჩევნო კომისია ხვალ, ხუთშაბათს იტყვის, მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ 300 000 ბიულეტენს გადათვლის. ტრადიციულად ქვეყნის გარეთ მცხოვრები შვედი ამომრჩეველი მემარჯვენე ფლანგისადმი სიმპათიით გამოირჩევა. ხოლო როდესაც ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის სხვაობა ასე მცირეა, ეს ხმები გაცილებით მეტ წონას იძენს. სწორედ ეს ხმები გადაწყვეტს, ვის ხელში გადავა ქვეყნის მართვის სადავეები.
ჯერჯერობით კი საარჩევნო შედეგები ასე გამოიყურება.
მთავარი (დრამატული) პერსონაჟი
მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატები“ პირველ ადგილზე არიან ხმების 28.1%-ით, მაგრამ ეს გამარჯვება მწარეა. მისი პარტია და ბლოკი მთელი კამპანიის განმავლობაში ლიდერობდა და როგორც წინასწარი გამოკითხვებით, ასევე ეგზიტ პოლების შედეგების თანახმად გადამწყვეტი გამარჯვების იმედი ჰქონდა. ეს იმედები წყალში ჩაიყარა. პარტიამ პირველი ადგილი კი შეინარჩუნა, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას დაკარგა ხმები: 2022 წლის 30.3%-თან შედარებით მათი მხარდაჭერა შემცირდა და 2018 წლის ისტორიულ მინიმუმზე (28.3%) ოდნავ დაბალიც კი აღმოჩნდა და შედეგად დაახლოებით შვიდ მანდატს შეელევიან წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებთ.
ეს ანდერსონისთვის პრემიერობისკენ რთულ მოლაპარაკებებს მოასწავებს, პირველ რიგში თავისივე ბლოკის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მდგომარეობა გაიუმჯობესეს. იმატა მწვანეთა პარტის მხარდაჭერამ, რომელიც ოთხამდე ახალ მანდატს უნდა ელოდოს, გვარიანად „მემარცხენე პარტიამ“ ასევე ხუთი მანდატი აიმატა, ხოლო ლიბერალურმა ცენტრის პარტიამ ერთი, მაგრამ სამაგიეროდ თავისი 25 ხმით გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია.
ამაზე ცოტა მოგვიანებით, ოღონდ ჯერ მემარჯვენეების მხარეს არსებული ვითარება მიმოვიხილოთ.
ყავისფერი ტალღის მიქცევა?
ევროპაში არსებული შფოთვების გამო, ამ არჩევნების წინ ბევრი საუბარი იყო ულტრამემარჯვენე „შვედეთის დემოკრატების“ გარშემო. „შვედი დემოკრატების“ ფესვები 1980-იანი წლების იმ მოძრაობებთანაა გადაჯაჭვული, სადაც ნეონაცისტებიც ფუთფუთებდნენ. 2005 წელს პარტიის სათავეში ჯიმი ოკესონი ჩაუდგა და რეპუტაციის გამოსწორებას შეუდგა: აშკარად რასისტული შეხედულებების მქონე წევრები გარიცხა, შარშან კი წარსული ცოდვების გამო ოფიციალურად ბოდიშიც მოიხადა.
გასული ოთხი წელიწადი კრისტერსონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა სწორედ კოალიციამ „შვედეთის დემოკრატების“ მხარდაჭერით მოახერხა ძალაუფლებაში დარჩენა. მთავრობის ერთგული მხარდაჭერით - თუმცა სამინისტრო პორტფელების გარეშე - რადიკალურმა მემარჯვენე პარტიამ სახელმწიფოს მიგრაციულ კურსსა და მართლწესრიგის სადავეებზე უდიდესი გავლენა მოიპოვა.
ამ პარტიამ ოთხი წელი მთავრობის შემადგენლობაში მოსახვედრად მუხლჩაუხრელად იბრძოლა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ოკესონის კურსი ზომიერებისკენ შედეგს მოიტანდა: კრისტენსონმა აღუთქვა კიდეც პარტნიორებს, რომ თუ მისი მემარჯვენე ფრთა არჩევნებში გაიმარჯვებდა, „შვედეთის დემოკრატები“ სამთავრობო პორტფელებს მიიღებდნენ და ოფიციალურად შევიდოდნენ მმართველ კოალიციაში.
თუმცა პარტიას მიზანი ხელიდან გაუსხლტა: მათ ხმების 17.5% და 62 ადგილი ერგოთ (2022 წელს, მათ თავად პრემიერის პარტიას აჯობეს 20.5%-ით). დაარსებიდან თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როცა ამ პარტიის მხარდაჭერამ იკლო.
ამაზე გავლენა რამდენიმე ფაქტმა მოახდინა. ჯერ სკანდალით დავიწყოთ: 3 სექტემბერს საგამოძიებო გამოცემა „Expo“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შვედეთის დემოკრატების“ საპარლამენტო თანაშემწე, რუსეთში დაბადებული და შვედეთის მოქალაქეობის მქონე პოლინა მალაბერგი, 2017 წელს პარტიის დეპუტატთან ერთად კრემლის მიერ დაფინანსებული ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, ის რუსულ ქსელებთან კავშირს ინარჩუნებდა და სოციალურ სივრცეში მოსკოვის ოფიციალურ პროპაგანდას ავრცელებდა. მალაბერგი უკანა პლანზე გადაწიეს, პრემიერმა კრისტენსსონმა მოკავშირე გაკიცხა. იმისდა მიუხედავად, რომ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით მალაბერგს საიდუმლოებთან წვდომა არ ჰქონდა, ამან ულტრამემარჯვენეების ამომრჩეველი შეაყოყმანა.
მეორე საკითხი ისაა, რომ ულტრამემარჯვენეების საყვარელი თემა - მიგრაცია - კონსენსუსის საგნად იქცა. ულფ კრისტენსსონის მთავრობამ გულიანად გაატარა ასეთი პოლიტიკა: გაართულა მოქალაქეობის მიღება თუ ოჯახების გაერთიანება და შემოიღო ის, რასაც ედინბურგელი პოლიტოლოგი პონტუს ოდმალმი „ძალისმიერ ინტეგრაციას“ უწოდებს: შვედური ენის სავალდებულო ცოდნა სანქციების მუქარით, რაც ტრადიციული ფასეულობების დაცვის საბაბითაა დასაბუთებული. შედეგად შვედეთმა ახალშემოსულების რეკორდული ვარდნა მიიღო. შვედეთმა დანიისგან ისიც ისწავლა, რომ მიგრაციასთან მკაცრი დამოკიდებულება მხოლოდ მემარჯვენეების კუთვნილება არაა. დანიაში ხომ სწორედ სოციალ-დემოკრატებმა დაამკვიდრეს საზღვრის მკაცრი კონტროლისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხისტი პოლიტიკის სინთეზი.
„შვედეთის დემოკრატებს“ სხვა თემებზე დიდად სათქმელი არაფერი აღმოაჩნდათ და მათმა წონამაც იკლო. არჩევნების ღამეს პარტიის ლიდერს, ჯიმი ოკესონს, შედეგების შელამაზება არც უცდია, მხარდამჭერებს მოკლედვე მოუჭრა, რომ საბოლოო პასუხს ჯერ ვერ გაიგებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს გაურკვევლობა იმაზე ბევრად დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
მეფისმქმნელი პარტია?
აი, სწორედ ამიტომ სურს ყველას ცენტრისტების თავისკენ გადაბირება. პარტიის 54 წლის ლიდერის, ელიზაბეტ თანდ რინგკვისტის ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავს. მან „ცენტრისტული პარტიის“ საჭე ერთ წელზე ნაკლები ხნის იგდო ხელთ და დღეს მასზეა დამოკიდებული, რომელი ფლანგი გაიმარჯვებს. ცენტრი იმის ცენტრია, რომ როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ გადახრა შეუძლია. რინგკვისტმა კამპანია სოციალ-დემოკრატების გვერდით გაატარა და ბევრად უფრო დიდი შანსი არსებობს, რომ სწორედ მათთან ერთად გადაიბარებს მართვას.
თუმცა საკუთარი წონა რინგკვისტმა იგრძნო და პირობა დააყენა - ბლოკების რადიკალურ მხარეებთან არ ვითანამშრომლებო: ამაში ერთ ბანაკში „მარცხენა პარტიას“ გულისხმობს, მეორე მხარეს კი „შვედეთის დემოკრატებს“. საუბარი რთული იქნება, რადგან მარცხენა პარტიის 29 მანდატის გარეშე სოციალ-დემოკრატები ისეთივე დღეში ჩავარდებიან, როგორც წინა მთავრობაში კრისტენსსონი - უმრავლესობის გარეშე და რადიკალების იმედზე. შედეგებთ ფრთაშესხმული „მემარცხენე პარტია“ სამთავრობო სავარძლებს უკვე დაუფარავად ითხოვს. როგორც მათმა მოადგილემ, იდა გაბრიელსონმა აღნიშნა, ეს სწორედ ის საფასურია, რომლის გადახდაზეც ანდერსონის მომავალ კაბინეტს ჯერ კიდევ მოუწევს თავის მტვრევა.
კამპანია იდეების გარეშე და ერთი სკანდალით
შედეგების შეწონილობა იმასაც ასახავს, რომ წინასაარჩევნო პროცესი არსობრივ პროგრამულ დაპირისპირებას თითქმის მოკლებული იყო. კრიმინალური ბანდების ძალადობა, რაც 2022 წელს ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, მკვეთრად შემცირდა; თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კი უკანასკნელი ოთხი ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა. ეს გარდატეხა მთავრობის მიერ ლტოლვილთათვის მუდმივი ბინადრობის უფლების გაუქმებასა და სოციალურ შემწეობებზე წვდომის გამკაცრებას მოჰყვა. ამ მიღწევებს კრისტერსონი სწორედ ოკესონთან ალიანსს უკავშირებს.
კვლევითი ცენტრ „Novus“-ის მონაცემებით, საზოგადოებრივი ინტერესის სათავეში ჯანდაცვა, განათლება და კანონის უზენაესობა მოექცა, მიგრაციის თემამ კი მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ეს დღის წესრიგი კი ისტორიულად მემარცხენე ფრთას აძლევდა ხოლმე ხელს. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის სოციოლოგი ზეტ ისაკსონი განმარტავს, როდესაც კრიმინალიც და ინფლაციაც იკლებს, არსებით თემებზე სადავო ცოტაა. სწორედ ამიტომ, კამპანია იმაზე ფოკუსირდა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, და არა იმაზე, თუ რას გააკეთებენ ისინი მმართველობისას.
გაუცემელი პასუხები
ამ არჩევნებს, წესითა და რიგით, საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა, შევიდოდნენ თუ არა ულტრამემარჯვენეები მთავრობაში. ეს კითხვა ახლა მეორეხარისხოვნად მოჩანს. მკაფიო შედეგის ნაცვლად გაურკვევლობა მივიღეთ: მხარეებმა თანაბარი ხმები დააგროვეს, თუმცა ყველა მაინც თავს გამარჯვებულად აცხადებს.
ხმების დათვლა დროში ძალიან გაიწელა. მთავარ გადამწყვეტ ფიგურად კი იქცა ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ათი თვის წინ ჩვეულებრივი, უცნობი დეპუტატი იყო.
შვედეთი წინასწარ სურათს ხუთშაბათს დაინახავს, მაგრამ ვინ გახდება მმართველი, ჯერაც არავინ იცის. ანალიტიკოსები წარსული გამოცდილების მოშველიებით ვარაუდობენ, რომ მთავრობის დაკომპლექტებაზე დავა შეიძლება შობამდეც გაგრძელდეს. ასე რომ, საბოლოო პასუხს მალე არ უნდა ველოდოთ…