> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# სად გადის ძალადობის  ლეგიტიმურობის ზღვარი? სოკრატეს გასაუბრება ფრანგ სტუდენტთან
- URL: https://evropis.moambe.eu/sokrate-da-liceeli-aspasia/
- Published: 2026-10-20T15:04:06.000Z
- Updated: 2026-10-21T06:45:12.000Z
- Description: წარმოსახვითი დიალოგი
- Author: სარედაქციო
- Tags: ფილოსოფია

დღეს მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფიური კითხვაა: სად გადის მოსწავლეებისა თუ პოლიციის ძალადობის ლეგიტიმურობის ზღვარი? პასუხის მოსაძებნად ფრანგული ფილოსოფიური ჟურნალის მუდმივმა ავტორმა, ფილოსოფიის მასწავლებელმა ნიკოლა ტენაიონმა სოკრატესა და ლიცეუმის მოსწავლე გოგონას შორის დიალოგი წარმოიდგინა. 

## ევროპის მოამბე თქვენს ფოსტაში

მიიღეთ ევროპის ამბები გასაგებ ენაზე

გამოიწერეთ 

Email sent! Check your inbox to complete your signup. 

არ დაგსპამავთ, გპირდებით. 

**სტუდენტი ემილი:** სოკრატევ, შენ ამბობ, უმჯობესია უსამართლობა აიტანო, ვიდრე თავად ჩაიდინოო. მაგრამ თუ თავს უსამართლოდ დაჩაგრული მივიჩნევთ, თუ არავინ გვისმენს, ჩვენი მხრიდან ძალადობის გამოყენებაც უსამართლობის ჩადენაა? გულწრფელად გკითხავ: როცა უფროსები საკუთარ გადაწყვეტილებებს თავს გვახვევენ და ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევენ, რა, მშვიდად უნდა დავემორჩილოთ?

**სოკრატე:** კარგ კითხვას სვამ, ემილი. მაგრამ რატომ ფიქრობ, რომ ის გარემოება, რომ არ გისმენენ, შენ და შენს თანაკლასელებს სხვების მიმართ ძალადობის უფლებას გაძლევთ?

**ემილი:** აუცილებელი არაა. მაგრამ როცა სხვა ყველაფერი ვცადეთ და არანაირი შედეგი არ მოიტანა, კიდევ რა არჩევანი გვრჩება? როცა განდისავით მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, არაფერი იცვლება, ძალადობის გარდა სხვა რა უნდა გავაკეთოთ? განა ეს ერთადერთი ქმედითი გზა არ არის?

**სოკრატე:** ანუ შენ ფიქრობ, რომ მოქმედებას მხოლოდ შედეგიანობა ანიჭებს ლეგიტიმურობას. მაგრამ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოვა, რომ ნებისმიერი ქმედება სამართლიანია, თუკი მისი საშუალებით სასურველ შედეგს. ამ გზას თუ გავყვებთ, სამართლიანობას მხოლოდ ძალაზე დამოკიდებულად ხომ არ ვაქცევთ?

**ემილი:** არა, მე არ ვამბობ, რომ ძალის გამოყენება ყოველთვის ლეგიტიმურია. ვამბობ, რომ ის შეიძლება გამართლებული იყოს, როდესაც აუტანელ უსამართლობას პასუხობს. თუ მოსწავლეები თავს მიტოვებულად და დამცირებულად გრძნობენ, რომელი სამართლიანობის სახელით უნდა ავუკრძალოთ მათ აჯანყება?

**სოკრატე:** შენს კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რას უწოდებ ძალადობას და რას - სამართლიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ლეგიტიმური წინააღმდეგობა შურისძიებაში აგვერიოს. ჩემთვის სამართლიანობა სიკეთის შესაბამისად მოქმედებაა, ძალადობა კი - სხვისი ნების ძალის გამოყენებით დამორჩილება.

**ემილი:** ამასწინათ, ფილოსოფიის მასწავლებელმა აგვიხსნა, რომ სოციოლოგ მაქს ვებერს თუ ვენდობით, ძალადობის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. ჩვენ ვებერს არ ვეთანხმებით. როცა ზოგიერთ საგანში მასწავლებელი თვეობით არ გვყავს, როცა გაკვეთილების განრიგი გადატვირთული და აბსურდულია, როცა სასკოლო შენობები ლამისაა ჩამოიქცეს, გაკვეთილების ბლოკირებითა და ნაგვის ურნების დაწვით პროტესტის გამოხატვა ჩვენი აზრით ლეგიტიმური ძალადობაა და არა შურისძიება.

**სოკრატე:** მაგრამ როდესაც ქვებს ესვრით პოლიციელებს - ქალაქის მშვიდობის მცველებს - ეს ძალადობა არალეგიტიმური ხომ არ ხდება?

**ემილი:** კი, შესაძლოა. თუმცა ჩვენი კლასის ერთი მოსწავლე, ამის საპასუხოდ ერთ არგუმენტს მოგიყვანდა, რომელიც მე ძალიან მომეწონა.

**სოკრატე:** რომელს?

**ემილი:** ამბობს, რომ ვალტერ ბენიამინისგან 1921 წელს გამოცემულ წიგნში ამოიკითხა, *„ძალადობის კრიტიკისათვის“*. ამ გერმანელი ავტორის თქმით, პოლიციას აქვს მიდრეკილება, დაივიწყოს განსხვავება იმ ძალადობას შორის, რომელიც სამართალს ამფუძნებს - მაგალითად, საფრანგეთის რევოლუცია მოჰყავს - და იმას, რომელიც სამართლის შენარჩუნებას ცდილობს. ამიტომო, რაც არ უნდა უთხრან, რომ მოსწავლეთა პროტესტს თანაზომიერად უნდა უპასუხოს, პოლიციის ბუნება მას უფლებამოსილების გადამეტებისკენ უბიძგებს. პოლიციის ძალადობრივი გადაცდომები ხშირად ხდება და ყველასთვის ადვილი დასანახია. სწორედ ეს ასუსტებს იმ სამართალს, რომელსაც პოლიცია იშველიებს, და სამაგიეროდ ლეგიტიმურობას ანიჭებს ჩვენს საპასუხო ძალადობას.

**ემილი:** საინტერესოა. გეთანხმები: როდესაც ხელისუფლებას პატივს სცემენ, მას ძალადობით საკუთარი ძალაუფლების დამტკიცება არ სჭირდება. ამაზე შესანიშნავად წერდა დიდი ფილოსოფოსი, [ჰანა არენდტი](https://evropis.moambe.eu/hana-arendti-ironia-azrovneba-da-megobroba-rogorc-ac-ra-borotebisgan/). მაგრამ საპასუხო ძალადობა, რომელზეც საუბრობ, განა მათაც არ აზარალებს, ვისაც თქვენ და სახელმწიფოს წარმომადგენლებს - ამ შემთხვევაში სკოლასა და პოლიციას - შორის კონფლიქტში ჩართვა არ სურს?

**ემილი:** ვის გულისხმობ?

**სოკრატე:** მაგალითად, მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ. ბლოკადა მათ სერიოზულად აზარალებს, რადგან ჩვეულებრივ სასკოლო ცხოვრებას უშლის ხელს. თუ ამ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება სურთ, რატომ მათაც არ აქვთ ბლოკადისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლება?

**ემილი:** რა თქმა უნდა. მათი თავისუფლებაც მნიშვნელოვანია.

**სოკრატე:** მაშინ რომელ თავისუფლებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა — თქვენსას თუ მათსას?

**ემილი:** ეს საკითხი თავად მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა განიხილონ...

**სოკრატე:** კეთილი. მაგრამ დავუშვათ, განხილვისას უმრავლესობაში ისინი აღმოჩნდნენ, ვისაც ბლოკადის გაგრძელება სურს. მხოლოდ ის, რომ ისინი მეტნი არიან, საკმარისია მათი სიმართლის დასამტკიცებლად?

**ემილი:** არა, რასაკვირველია. უმრავლესობაც შეიძლება ცდებოდეს.

**სოკრატე:** ზუსტად. სწორედ ამას ვეუბნებოდი [პროტაგორას](https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90?ref=evropis.moambe.eu), ბრწყინვალე სოფისტს, რომელსაც მიაჩნდა, რომ „დამაჯერებელი განსჯა“, რომელიც დაარწმუნებს უმრავლესობას, არის სამართლიანობის საზომი. მე კი, პირიქით, ვამტკიცებ: ქმედება სამართლიანი რომ იყოს, იგი რაციონალურ განსჯას უნდა ეფუძნებოდეს და არა ისეთ მოსაზრებას, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს მოხიბლავს. რაციონალური განსჯა კი გვკარნახობს, რომ უსამართლობასთან ბრძოლამ იმაზე დიდი ახალი უსამართლობა არ უნდა წარმოშვას, ვიდრე ის, რომელსაც ებრძვის. ამიტომ ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში, უმჯობესია უსამართლობა აიტანო, ვიდრე თავად ჩაიდინო.

**ემილი:** მაგრამ, სოკრატევ, შენ თითქოს იმას ამბობ, რომ სწავლის გაგრძელების მოსურნე სტუდენტს რომ გზა გადავუკეტო, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ბრძოლა იმათ წინააღმდეგ, ვინც სწავლის ნორმალური პირობების მოპოვებაში ხელს გვიშლის. ნუთუ ინსტიტუტის მიერ ჩვენთვის მიყენებული უსამართლობა უფრო დიდი არაა, ვიდრე ის, რომელსაც იმ მოსწავლეების მიმართ ჩავდივართ, ვინც თავის კერძო აკადემიური წარმატებას ყველაფერზე მაღლა აყენებს? ჩვენი აზრით, უსამართლობა სწორედ ისაა, რომ ეს მოსწავლეები სისტემას ემორჩილებიან. 

**სოკრატე:** კარგი პასუხია. გეთანხმები, რომ წესრიგის პატივისცემა ყოველთვის სამართლიანობის პატივისცემას არ ნიშნავს. მაგრამ შენც დამეთანხმე, რომ წესრიგის დარღვევა ყოველთვის გამბედაობის დასტური არ არის.

**ემილი:** ვინც სკოლისგან დამცირება და შეურაცხყოფა განიცადა, მისთვის პროტესტში ჩართვა და საკუთარი ტკივილის ხმამაღლა გამოხატვა, ჩემი აზრით, გამბედაობაა.

**სოკრატე:** მაგრამ რაღაც უსამართლობის თუ ტანჯვის გადატანა ადამიანს შეუცდომლად არ აქცევს. ისიც შეიძლება განსჯაში შეცდეს, არათანაზომიერად იმოქმედოს და თავადაც უსამართლოდ მოექცეს სხვას.

**ემილი:** სოკრატე, ასეთი ლაპარაკით ძალაუფლება ვისაც აქვს, იმათ წისქვილზე ასხამ წყალს. დაზარალებულს ეუბნები, რომ ყველაფერი უნდა მოითმინოს, მუდამ გონივრულად, რაციონალურად მოიქცეს და დაიცვას წესები - ის წესები, რომლებსაც სხვები მის წინააღმდეგ იყენებენ.

**სოკრატე:** რისი თქმა გინდა, უსამართლობის მსხვერპლმა სამართლიანობის აღსადგენად ყოველგვარ ზნეობრივ პრინციპზე უარი უნდა თქვას?

**ემილი:** არა. მაგრამ გვაქვს უფლება, არ დავემორჩილოთ უსამართლო წესებს, რომლებიც მოსწავლეთა ღირსებას ხელყოფს.

**სოკრატე:** გეთანხმები, მხოლოდ ხელისუფლების ავტორიტეტი წესებს ლეგიტიმურობას ვერ შესძენს. მაგრამ თუ თითოეული ადამიანი გადაწყვეტს, მხოლოდ იმ წესებს დაემორჩილოს, რომლებიც თავად მიაჩნია სამართლიანად, რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ ცხოვრებას?

**ემილი:** მართალი ხარ, ამ მსჯელობის ჯაჭვს თუ გაყვები, ანარქიის საფრთხე ნამდვილად არსებობს. მაგრამ რა, ისეთი საზოგადოებაა უკეთესი, სადაც ხელისუფლების გაპროტესტება არავის შეუძლია?

**სოკრატე:** რა თქმა უნდა არა, ასეთი საზოგადოება ტირანია გახდებოდა. თუმცა, თუ პროტესტს მეტისმეტ თავისუფლებას მივცემთ, დიალოგი შეიძლება უბრალო ძალთა დაპირისპირებამ ჩაანაცვლოს. ნუ იფიქრებ, რომ კოლექტიური პროტესტი მხოლოდ იმიტომაა უფრო სამართლიანი, რომ მას ბევრი ადამიანი უერთდება. ბრბო შეიძლება ადვილად აჰყვეს რისხვას და შურისძიება მოინდომოს დამნაშავეზე, რომელიც თავადვე გამოიგონა. თავის „ბრბოს ფსიქოლოგიაში“ გუსტავ ლე ბონმა კარგად გვასწავლა, რამდენად რეგრესული და დიალოგისთვის უუნარო შეიძლება გახდეს ბრბო.

**ემილი:** შეიძლება ბრბო ყოველთვის მართალი არ არის, მაგრამ მისი აღშფოთება ხომ იმსახურებს მოსმენას?

**სოკრატე:** დიახ. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით წესრიგის შენარჩუნება სამართლიანობის ერთად ძიებაზე მაღლა არ უნდა დააყენოს.

*სიჩუმე.*

**ემილი:** რაღაც ჩაფიქრდი, სოკრატე...

**სოკრატე:** რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მთავარი გადასაჭრელი პრობლემა - თუკი მისი გადაწყვეტა საერთოდ შესაძლებელია - სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ლეგიტიმურობაა.

**ემილი:** რას გულისხმობ?

**სოკრატე:** იმაზე ვფიქრობ, რამდენად შესაძლებელია მისი რაციონალური ჩარჩოებით შემოსაზღვრა.

**ემილი:** მერე, რას ფიქრობ?

**სოკრატე:** ამაზე [ჰენრი დევიდ თორო](https://www.philomag.com/philosophes/henry-david-thoreau?ref=evropis.moambe.eu) \[ამერიკელი ფილოსოფოსი, 1817-1862\] გამახსენდა, რომელიც სახელმწიფოს უარს ეუბნებოდა გადასახადების გადახდაზე, იმიტომ, რომ მის დროში ამ გადასახადებით აშშ მექსიკის წინააღმდეგ ომს აფინანსებდა, რომლის მიზეზიც ტექსასის მიერთება იყო. თოროს საქციელი ერთმანეთში ურევს ზნეობრივ და პოლიტიკურ სფეროებს. ჩემთვის ნათელია, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუკი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს - უამისოდ, ასეთი საქციელი უბრალოდ პოზაა.

**ემილი:** აი, ხომ ხედავ - შენც შედეგიანობაზე საუბრობ.

**სოკრატე:** დიახ. მაგრამ ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ მხოლოდ შედეგებზე გამოდევნებამ სამოქალაქო ომამდე არ მიგვიყვანოს. ამას ჩვენ, ბერძნები, *სტასისს* ვუწოდებთ. ეს ქალაქის უმძიმესი სნეულებაა: ძალადობა ყველას დარევს ხელს და მეზობელს, მეგობარსა თუ ახლო ნათესავს ერთმანეთის მტრად აქცევს.

თუ სკოლის ბლოკადის მონაწილე მოსწავლეები ძალადობრივად არა მხოლოდ პოლიციას, არამედ საკუთარ მასწავლებლებს, სწავლის მსურველ თანაკლასელებს ან თუნდაც მშობლებსაც დაუპირისპირდებიან - მაგალითად მშობლებს, რომლებიც მათ პოლიციის ძალადობისგან დასაცავად დემონსტრაციაზე წასვლას უშლიან - დიდი საფრთხე გაჩნდება: ის მიზანი, რომელსაც იცავენ, არა მხოლოდ დამარცხდება, არამედ მისივე გამოწვეული უმართავი ქაოსის გამო ლეგიტიმურობასაც დაკარგავს.

**ემილი:** საქმე აქამდე არ მისულა. ამბოხისკენ მოსწავლეები სხვებს არ მოუწოდებენ.

**სოკრატე:** ოლიმპოს ღმერთებმა გისმინონ! მეც, როგორც ცოტა ხნის წინ ნახსენებ ჰანა არენდტს, მიმაჩნია, რომ ქვეყნის კანონებს უნდა ვენდოთ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ლეგიტიმური, თუ იგი არ ასუსტებს იმ პოლიტიკური სისტემის ფუძემდებლურ კანონებს, რომელმაც განათლება ყველასთვის ხელმისაზვდომი გახადა. 

**ემილი:** ანუ რას ამბობ, არსებობს წესი, რომ მოსწავლეთა ძალადობა ისე უნდა შეიზღუდოს, რომ მიზანს მიაღწიოს, მაგრამ მთელი ქალაქი ცეცხლსა და უბედურებაში არ გახვიონ?

**სოკრატე:** პასუხისთვის კიდევ ერთ მოაზროვნეს მოვიხმობ — ამერიკელ ჯონ როლზს, [„სამართლიანობის თეორიის“](https://fr.wikipedia.org/wiki/Th%C3%A9orie%5Fde%5Fla%5Fjustice?ref=evropis.moambe.eu) ავტორს. როლზის აზრით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ძალადობას არ ამართლებს. მისი ხედვით, ძალადობის გამოყენება სამი პირობის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

პირველი: სერიოზულად უნდა ირღვეოდეს ის პრინციპები, რომლებიც საზოგადოებას სამართლიანად აქცევს.

მეორე: მოთხოვნების აღიარებისათვის ყველა კანონიერი საშუალება ამოწურული უნდა იყოს — გინდ ხელისუფლების არაკეთილსინდისიერების ან საზოგადოების უმოქმედობის გამო.

მესამე: დაუმორჩილებლობა არ უნდა ხდებოდეს მრავალი სხვა მსგავსი მოქმედების პარალელურად, რადგან პროტესტის ფორმების გამრავლება მეტისმეტ უწესრიგობას გამოიწვევს.

როგორც ხედავ, დღევანდელი ვითარება პირველ ორ პირობას ნამდვილად შეესაბამება. მაგრამ მოსწავლეთა ძალადობა ლეგიტიმური რომ იყოს, მესამე პირობაც უნდა დაიცვას: არ უნდა აჰყვეს სხვადასხვა ჯგუფების ბრძოლის გაერთიანების ცდუნებასა და რისხვის სახალხო აფეთქებას.

**ემილი:** და ეს იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთო პროტესტში გაითქვიფება და ქვეყნის დაღუპვას შეუწყობს ხელს იმ მოვლენით, რომელსაც შენ *სტასისს* უწოდებ?

**სოკრატე:** სწორად გამიგე, ემილი.