სომხეთის არჩევნები მანიპულაციების ჩრდილქვეშ

ევროკავშირი სომხეთს საინფორმაციო ველის დაცვაში ეხმარება

სომხეთის არჩევნები მანიპულაციების ჩრდილქვეშ

აპრილის ბოლოს გამოცხადდა, რომ ევროკავშირი სომხეთში ახალ სამოქალაქო მისიას გზავნის, რომელიც ქვეყანას ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება, როგორებიცაა უცხოური საინფორმაციო ჩარევები, კიბერ-შეტევები და უკანონო ფინანსური გავლენები პოლიტიკაზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება: ივნისში საარჩევნო ყუთებთან მისულმა სომხეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მომავალი მხოლოდ თვითონ უნდა გადაწყვიტონო. ამ დიპლომატიური ფრაზის მიღმა ჩვენი დროის რეალობა იმალება: ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მოქალაქეების გონებაში მიმდინარეობს.

ომი, რომელსაც ტყვიები არ ახლავს

ერთ დროს არჩევნებში ჩარევა ძალადობას, დაშინებას ან აშკარა ზეწოლას გულისხმობდა. ახლა საქმე სხვაგვარად არის. სამიზნე მოქალაქის აღქმა, ნდობა და არჩევანია.

ჩვენს ეპოქაში, როცა ადამიანები ეკრანებზე არიან მიჯაჭვული, მათი ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება საარჩევნო პროცესში წარმატებას ნიშნავს - თუნდაც გამოგონილი ამბებითა და ტყუილებით. ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ამას ხელსაყრელ პირობებს უქმნის: მისი გამოყენებით ასობით და ზოგჯერ ათასობით ტექსტის, ვიდეოს, სურათისა თუ კომენტარის დამუშავება და ელვის სისწრაფით გავრცელებაა შესაძლებელი. ერთი ტყუილი ათასგვარი ფორმით ვრცელდება, ხოლო ერთმა სადეზინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა, ათასობით ჩვეულებრივი მოქალაქის ყურადღება მიიპყროს და ამით მათი ხმები გადაიბროს.

ფაქტია, რომ თანამედროვე საინფორმაციო ომში რაოდენობა ხშირად ხარისხზე მნიშვნელოვანია, ხოლო ალგორითმები კონფლიქტური შინაარსის გზავნილებს უფრო სწრაფად ავრცელებენ, ვიდრე გამოზომილს. რაც უფრო ხშირად ვხედავთ ერთი სახის ინფორმაციასა და გზავნილს, რაც უფრო ნაცნობი ხდება იგი, მით უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვინაიდან განცდას ქმნის, რომ "ყველა ასე ფიქრობს." სამწუხაროდ, ადამიანებს ფეხის ხმის აყოლა გვჩვევია.

პოლიტიკურ სფეროში ამ ფენომენის გამოვლინების აღსაწერად დამკვიდრდა ტერმინი „უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა“ (FIMI - Foreign Information Manipulation and Interference). ევროკავშირი მას ოფიციალურად განსაზღვრავს, როგორც დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ უცხო ძალების მიერ მიმართულ, ხშირად ფარულ მოქმედებებს, რომელთა ამოცანაცაა საინფორმაციო გარემოს განზრახ მანიპულირება ისე, რომ ზიანი მიაყენონ ქვეყანას, მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია, ანდა ძირი გამოუთხარონ დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობას.

საუბარია სტრატეგიულ, სისტემურ ზეწოლაზე, რომელიც ხალხის შეცდომაში შემყვანი მეთოდების ფართო სპექტრს იყენებს და არა უბრალოდ არასწორი ან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაზე. სწორედ ამით განსხვავდება FIMI უბრალოდ დეზინფორმაციისაგან, რომელიც შეიძლება არ იყოს ზიანის მოსატანად გამიზნული ან არ ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი. დეზინფორმაციისგან განსხვავებით, უფრო სწორად კი დამატებით, FIMI-ს მიზანია განზრახ ინფორმაციის მანიპულირებით ხალხს შეუცვალონ წარმოდგენა შიდა მოვლენებზე, დაგვანახონ ქვეყანა იმაზე სუსტად, ხელისუფლება უფრო უუნაროდ, საზოგადოება უფრო გახლეჩილად და მომავალი კი იმაზე უიმედოდ, ვიდრე სინამდვილეშია.

მეთოდები მრავლადაა: ნამდვილი მედიის ყალბი გვერდების შექმნა, კოორდინირებული, შეთანხმებული გზავნილების გავრცელება სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშების გამოყენებით, ემოციური რეაქციის გამოსაწვევი ვიდეო პროდუქციის შექმნა, ახალი ამბების მიზანმიმართული დამახინჯება, გამოგონილი ბრალდებები და ერთი და იმავე თემის დაუსრულებელი გავრცელება.

ხშირად, არჩევნებში უცხოური საინფორმაციო ჩარევის მიზანი კონკრეტული კანდიდატის გამარჯვება კი არ არის, არამედ უიმედობის თესვა, განწყობის დათესვა, რომ „არაფერს აღარ აქვს აზრი.“

რა ვნახეთ მოლდოვაში

სომხეთში ევროკავშირის მისიის სტრუქტურა და ამოცანა დიდწილად მოლდოვის არჩევნებისას მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობა. ევროპელი სპეციალისტების შეფასებით, 2025 წელს ეს ქვეყანა კოორდინირებული გავლენის კამპანიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. პროცესი ერთ დღეში არ დაწყებულა და არც ერთბაშად გამწვავებულა: ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდებოდა.

ჯერ  ონლაინ ქსელები გააქტიურდა, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრალდებები ვრცელდებოდა. მათ ფინანსულ მაქინაციებში ჩართულ, არაკომპეტენტურ ადამიანებად, თანაც უცხო ძალების მსახურებად წარმოაჩენდნენ. შემდეგ ყურადღებამ ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილების წაქეზებისკენ გადაინაცვლა. ბევრად უფრო მძაფრად და ხმაურიანად ჟღერდებოდა სოციალური პრობლემები, ეკონომიკური სირთულეები და  ისეთი საკითხები, რაც დაუცველობის და უსასოობის შეგრძნებას აღვივებდა, ქმნიდა განცდას, რომ ქვეყანა მასშტაბური ქაოსის წინაშე იდგა.

ბოლოსკენ მთავარი სამიზნე თავად არჩევნები იყო: დაიწყო საუბარი გარდაუვალ გაყალბებაზე, უსამართლობასა და მომავალ დესტაბილიზაციაზე. ღვივდებოდა აზრი, რომ ხმის მიცემას აზრი აღარ ჰქონდა.

ასე მუშაობს საინფორმაციო გავლენის ოპერაციის სქემა: ჯერ ნდობას არყევენ, შემდეგ ერთიანობას, ბოლოს კი არჩევანს.

მოხდება კი იგივე სომხეთში?

ევროკავშირის ახალი მისია უბრალო ბიუროკრატიული ნაბიჯი არ გახლავთ. ეს მკაფიო გზავნილია, რომ სომხეთის მომავალი არჩევნები სცილდება რიგითი შიდაპოლიტიკური მოვლენის ფარგლებს და მას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.

ქვეყანა პოლიტიკურად ისეთ რთულ რეგიონში მდებარეობს, სადაც უსაფრთხოების საკითხები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ ფონზე საზოგადოებაში არსებობს დაძაბულობაც, აზრთა სხვადასხვაობა და საგარეო კურსზე კამათიც ბუნებრივია. თუმცა საფრთხის გამწვავებული განცდით განოყიერებულ ნიადაგზე უცხოური გავლენის კამპანიები იოლად იკიდებს ფეხს.

ევროკავშირის ახალი მისია დაეხმარება სომხეთის მთავრობას, არ გამოეპაროთ წინასაარჩევნო გარემოში უტყუარი უცხოურ საინფორმაციო ჩარევის ნიშნები: კოორდინირებული შეტევა პოლიტიკურ ფიგურებზე; ყველა არსებული პრობლემის გაზვიადება და კატასტროფად წარმოჩენა; მსგავსი ან სულაც კოპირებული ტექსტები სხვადასხვა ანგარიშებზე და საინფორმაციო საშუალებებში, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურში; ხალხის დარწმუნება, თითქოს ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და  არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

სომხეთის არჩევნების ბედს საბოლოოდ სომხეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა: რამდენად თავისუფალია ის გარემო, რომელშიც მათ არჩევნის გაკეთება მოუწევთ.

ახალი მისიის არსიც სწორედ ეს არის: არა ვინმეს ნაცვლად  გადაწყვეტილების მიღება, არამედ საინფორმაციო ველის მიზანმიმართული და ბოროტგანზრახული დამახინჯებისაგან თავის დაზღვევა, რათა არჩევანი მოქალაქემ თავისუფლად და მაქსიმალურად ინფორმირებულმა გააკეთოს.

ამიტომ დღეს საკითხი ასე დგას: არის სომხეთი მზად ისეთი ომისთვის, რომელსაც ტყვიების ზუზუნის ნაცვლად მესინჯერებზე მოსული გზავნილების წკაპუნი ახლავს? პასუხი ივნისში გამოჩნდება.

Read more

ევროკავშირის ბრძოლა ფინანსური დამოუკიდებლობისთვის

ევროკავშირის ბრძოლა ფინანსური დამოუკიდებლობისთვის

ბრიუსელის უპირატესი ამოცანა ამერიკული ფინანსური გიგანტების,Visa-სა და Mastercard-ის, გავლენისგან გათავისუფლება და ევროპული ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებაა.