თავშესაფრის ახალი პოლიტიკა ევროპაში: მკვიდრი ნაგებობა თუ ბანქოს ხუხულა
ახალი წესები ხალხს საფრთხეს უქმნის
ევროკავშირში თავშესაფრის ძიების ახალი წესები ძალაში 12 ივნისს შევიდა. პაკეტი ათ საკანონმდებლო აქტს მოიცავს, რომელთა შემუშავებასაც წლები დასჭირდა. ეს ყოველივე იმ ფონზე ხდება, როდესაც მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ ტალღაზე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ძალები ძლიერდებიან.
ევროკომისიამ მიგრაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიღწევად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებში ის არაერთგვაროვნად ხორციელდება. პარალელურად, იზრდება შეშფოთება, რომ ევროკავშირის გარე საზღვრებზე სოკოებივით მომრავლდება წინასწარი დაკავების იზოლატორების ტიპის დაწესებულებები, სადაც ადამიანების უფლებები შეიძლება უკონტროლოდ შეილახოს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალი მოსამზადებლად ორი წელი ჰქონდათ: ახალი წესები პირველად 2024 წლის ივნისში მიიღეს და მაშინ ოფიციალური პირები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ რეფორმების გასატარებლად.
ევროკავშირის მაშინდელმა საშინაო საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა, ხაზი გაუსვა ამ პაკეტის კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულებას: „ყველა მათგანი უნდა განხორციელდეს, რადგან ერთი რგოლიც რომ ამოიღოთ, მთელი კონსტრუქცია ჩამოიშლება“, - გააფრთხილა მან საზოგადოება 2024 წლის 12 ივნისს. ორი დღის შემდეგ, თორმეტმა წევრმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ერთობლივი წერილი, რომელშიც მიგრაციის საკითხებზე „არასტანდარტული“ იდეების შემუშავებას ითხოვდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ახალი პაკეტი მათ არ აკმაყოფილებდათ.
სოციალური მედიის ალგორითმები ზღუდავს სტატიების გავრცელებას. გამოიწერეთ უფასოდ და იკითხეთ თავისუფლად.
იოჰანსონის მკაცრი გაფრთხილებები მისმა მემკვიდრემ, მაგნუს ბრუნერმა შეარბილა და ქვეყნების დაშოშმინება სცადა. ივნისში მან ევროპელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ „ევროპულ სახლში წესრიგი დამყარდა“, თუმცა იქვე აღიარა, რომ რეფორმები კვლავაც „მნიშვნელოვან ძალისხმევას“ მოითხოვს.
შეუსაბამობა წარსულ და დღევანდელ განცხადებებს შორის ნიღბავს იმ ფაქტს, რომ ამასობაში ევროკავშირის ინსტიტუტები თვალს ხუჭავდნენ საგარეო საზღვრებიდან მიგრანტების მასობრივ და უკანონო იძულებით გაბრუნებაზე (ე.წ. pushbacks), თვალს არიდებდნენ ლიბიის სანაპირო დაცვის ძალების მხრიდან ხალხზე ძალადობის ფაქტებს და ამავდროულად აფინანსებდნენ მიგრაციულ გარიგებებს ტუნისის, ეგვიპტის, მავრიტანიისა და, შესაძლოა, თალიბანის ავტოკრატიულ რეჟიმებთანაც კი, რომელთა ფარგლებშიც ამ რეჟიმებს ფულს პირდებოდნენ, თუ მიგრანტების ნაკადს მოთოკავდნენ.
იმისათვის, რომ რეფორმების პაკეტი წარმატებული იყოს, ის, სავარაუდოდ, უნდა დაეყრდნოს სისტემას, რომელიც აღკვეთს ადამიანების ჩამოსვლას და ხელს არ შეუშლის მათ ძალით უკან გაბრუნებას. ეს არავის გაუკვირდება, რადგან დღევანდელი ევროკომისიის შემადგენლობას, უნგრეთის გარდა, არც ერთი წევრი ქვეყანა არ დაუსჯია ამ უკანონო პრაქტიკის გამო.
„პაქტი საბოლოო ჯამში შეფასდება არა მიღებული კანონმდებლობით, არამედ ადგილზე მიღწეული შედეგებით“, - აღიარა ნიკოლას იოანიდესმა, კვიპროსის, თავმჯდომარე ქვეყნის მიგრაციის მინისტრის მოადგილემ.
ეს შედეგები კი პირდაპირ ციფრებში აისახება. ბრუნერმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოგიერთ მარშრუტით ჩამოსულთა რაოდენობა 55 პროცენტით შემცირდა. ასევე იკლო თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე შეტანილმა განაცხადებმაც.
სამსართულიანი სახლი თუ ბანქოს ხუხულა?
ევროკომისია თავშესაფრისა და მიგრაციის პაქტი და დეპორტაციის შესახებ რეგულაციებს, რომელიც მალე უნდა იქნეს რატიფიცირებული, აღწერს, როგორც „სამსართულიან სახლს“.
- შესასვლელი: გარე საზღვარია, სადაც ყველა ჩამოსული პირის სავალდებულო ფილტრაცია და შემოწმებას (screening) ხდება.
- პირველი სართული: ურთიერთსოლიდარობაა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან მიგრანტების ნაკადის მართვასა და გადანაწილებაში.
- სახურავი: ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ქვეყნების დარწმუნებაა, რომ აღკვეთონ მიგრანტთა ნაკადები და უკან მიიღონ თავიანთი მოქალაქეები.
თუმცა, დღეს რაც გვაქვს, „ბანქოს ხუხულა“ უფრო უფრო მიესადაგებოდეს აღწერად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებთ, რომ ამ მეტაფორის პირველი სართული - რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია - ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. მოდით ვნახოთ, რა უნდა ხდებოდეს წესით თითოეულ ამ სართულზე და რა მდგომარეობაშია ის სინამდვილეში.
შესასვლელი - რა იყო დაგეგმილი?
წესით და რიგით, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის ხელისუფლებას შვიდი დღე ექნება საგარეო საზღვარზე ჩამოსული პირის (მათ შორის ზღვაზე გადარჩენილების) შესამოწმებლად. ჩატარდება იდენტობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონტროლი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის პირი ფიზიკურად ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება, იურიდიულად ჩაითვლება, რომ მას ქვეყანაში ლეგალურად არ შემოუღწევია — ამას ე.წ. „ქვეყანაში შეუსვლელობის სამართლებრივი ფიქცია“ ჰქვია.
შემოწმება მოიცავს ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას და მათ შეტანას ევროპულ მონაცემთა ბაზაში (Eurodac), იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ადამიანებმა რამდენიმე ქვეყანაში არ მოითხოვონ თავშესაფარი და თავისუფლად არ გადავიდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში.
ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, პირი ან დაექვემდებარება დეპორტაციას, ან დაიწყება მისი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის პროცედურას.
იმ ქვეყნების მოქალაქეთა საქმეები, რომლებიც, როგორც წესი, არ იღებენ თავშესაფარს, განიხილება დაჩქარებული, 12-კვირიანი პროცედურით (აპელაციის ჩათვლით), რომლის განმავლობაშიც ისინი დაკავებულები იქნებიან, თანაც ეს ეხება 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსაც.
მიგრანტთა მოზღვავების შემთხვევაში, შესაძლოა ამოქმედდეს წესი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს უფლებას მისცემს, საერთოდ უარი უთხრან ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებაზე.
შეღავათები არ შეეხებათ არც იმ პირებს, რომლებიც უკვე „უსაფრთხოდ“ მიჩნეული ქვეყნებიდან შემოდიან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ უზრუნველყონ მინიმუმ 30 000 ადამიანის მიღებისა და დამუშავების შესაძლებლობა, რაც მათ შორის რთული ფორმულით გადანაწილდება.
„უსაფრთხო“ ქვეყნების სიაში შედიან მაგალითად ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, კოსოვო, მაროკო და ტუნისი, ისევე, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები (მათ შორის, საქართველოც - რედ.).
რაც უფრო მეტი არალეგალური მიგრანტი შედის წევრ სახელმწიფოში, მით უფრო დიდია მისი მოტივაცია, რომ დაჩქარებული წესით შეამოწმოს ადამიანები საზღვარზე და გააბრუნოს ისინი სამშობლოში. სხვების საქმეები კი განიხილება სტანდარტული პროცედურით, რომელიც ექვს თვემდე გრძელდება და შესაძლოა ასევე გულისხმობდეს დაკავებას.
პირები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება აქვთ ნაბრძანები, შესაძლოა ევროპის ფარგლებს გარეთ არსებულ იზოლატორებში გადაიყვანონ, თუ მათი წარმოშობის ქვეყნები უარს იტყვიან მათ უკან მიღებაზე. კენია, სენეგალი, უგანდა და უზბეკეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც განიხილებოდნენ ამგვარი ობიექტების პოტენციურ მასპინძლებად.
ამასთანავე, შესვლა-გასვლის ახალი სისტემა (EES) იძლევა პირობას, რომ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგაც რჩებიან ქვეყანაში.
შესასვლელი - რა პრობლემები გამოიკვეთა?
ექსპერტები, მათ შორის ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ხელმძღვანელი, თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ წევრი სახელმწიფოები არ არიან მზად ამ ღონისძიებების განსახორციელებლად. ახლახან, გაერთიანებულ სამეფოში არსებულმა საკონსულტაციო კომპანიამ Homelands Advisory, რომელიც რეფორმების განხორციელებას აკვირდება, განაცხადა, რომ „პირველი სართულის“ კედლები ხვრელებითაა სავსე.
„პირველი სართული ყველაზე მეტ დამატებით პრაქტიკულ მუშაობას მოითხოვს ყველა კომპონენტში: ფილტრაცია, სასაზღვრო პროცედურები, მიღების შესაძლებლობები, Eurodac-ის მზადყოფნა, კადრები, საქმის წარმოების სისტემები და უსაფრთხოების გარანტიები საგარეო საზღვარზე“, — განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოქსან ჰარლიმ.
მისივე თქმით, სანამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, პერსონალი და პროცედურები თითქმის მზად არის, სხვები დროებით ღონისძიებებს ეყრდნობიან ან ჯერ კიდევ უწევთ ლოკაციების, ობიექტების, შესყიდვებისა და კადრების დაკომპლექტების საკითხების მოგვარება.
„პაქტი დიდწილად არის დამოკიდებული სწრაფ რეგისტრაციაზე, ბიომეტრიულ კონტროლზე, მონაცემთა გაცვლასა და პირადი საქმეების დამისამართებაზე. თუ ეს სისტემები პირველივე დღიდან შეუფერხებლად არ იმუშავებს, მთელი ჯაჭვი - ფილტრაციიდან დაწყებული, პასუხისმგებლობის განაწილებითა და დეპორტაციით დასრულებული - შესუსტდება“, — დასძინა ჰარლიმ.
ის აღნიშნავს, რომ რეფორმების ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა წევრი ქვეყნები საზღვარზე ადამიანების სწრაფად და კანონიერად შემოწმებას ისე, რომ არ მოხდეს სისტემის კოლაფსი, არ მოხდეს აშკარად უკანონო დაკავებები, არ მიიღონ დაბალი ხარისხის გადაწყვეტილებები ან მიგრანტთა შემდგომი უკონტროლო გადაადგილება. „სწორედ აქ არის სისტემა ყველაზე მეტად მოწყვლადი“.
ასევე იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ საგარეო საზღვრებზე დაჩქარებული პროცედურისთვის მოუმზადებლობა შესაძლოა სტიმულად იქცეს მიგრანტთა უკანონო იძულებითი გაყრისთვის (pushbacks, შემთხვევები, როცა მესაზღვრეები ან სხვა არაფორმალური ჯგუფები საზღვრისკენ მომავალ მიგრანტებს იძულებით, ხშირად ფიზიკური ძალადობით, აბრუნებენ უკან, საზღვრამდე მისვლამდე. ზღვაში დადასტურდა ნავების ჩაძირვის ფაქტებიც, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. - რედ.)
ბულგარეთის სამართლებრივი კონსულტაციის ცენტრის Voice-ის იურისტი დიანა რადოსლავოვა მიიჩნევს, რომ ფილტრაციის პროცესში თავშესაფრის მაძიებლებისთვის იურიდიული დახმარების მიწოდებაც კი ნაკლებად სავარაუდოა.
მაძიებლების პირველადი შემოქმების (სქრინინგის) ობიექტები უკვე არსებობს საბერძნეთში, ანუ გვაქვს იმის პრეცედენტი, თუ რა შეიძლება მოხდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. კრისტიანა მურუზი, რომელიც საბერძნეთში „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ში მუშაობს, ამბობს, რომ დაჩქარებული პროცედურები საბაზისო უფლებების დაცვის გარანტიას ვერ იძლევა.
„საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებმაც წამება ან ძალადობა გამოიარეს, ორი კვირა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და მესაზღვრეებს მოუყვნენ, რა გადახდათ თავს“, იმისთვის, რომ თავშესაფრის განცხადების ობიექტური შეფასება მოხდესო, აღნიშნავს მურუზი და დასძენს, რომ ეს ადამიანები, ფაქტობრივად, დატუსაღებული აღმოჩნდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ თავშესაფრის საძიებლად ევროპაში ჩამოვიდნენ.
ამას ადასტურებს ჟან-ნიკოლა ბოზე, რომელიც ბრიუსელში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ხელმძღვანელობს. მან უკვე გააფრთხილა საზოგადოება, რომ ადამიანები შესაძლოა დე ფაქტო პატიმრობაში აღმოჩნდნენ.
„როდესაც ქვეყანაში ჩადიხარ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უსაფრთხოების რისკს წარმოადგენ, არ უნდა დაგაკავონ, მაშინაც კი, თუ არსებობს რისკი რომ შესაძლოა მიიმალო,“ - აცხადებს ბოზე.
პირველი სართული - რა იყო დაგეგმილი?
დიდი ხანია არსებობს აზრი, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაინაწილონ პასუხისმგებლობა თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვაზე, რადგან არაა სამართლიანი, რომ მთელი ტვირთი იმ ქვეყნებს დააწვეს, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე შემოსვლის პირველი კანდიდატები არიან - საბერძნეთი იქნება, იტალია, კვიპროსი თუ ესპანეთი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მაძიებლების საქმეების და თავად მაძიებლების გადანაწილების გეგმებმა წარსულში არაერთხელ ჩაშალა ბლოკის თავშესაფრის წესების რეფორმირების მცდელობა. იყო ბევრი სასამართლო დავა და მწვავე უთანხმოება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს შორის.
ნდობის აღსადგენად, თანაც იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოები ხელახლა აწესებენ შიდა სასაზღვრო კონტროლს და ამით შენგენის სივრცის თავისუფლებას ემუქრებიან, ევროკავშირის კანონმდებლობაში საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც აისახა მოთხოვნა, რომ „სოლიდარობასა“ და „პასუხისმგებლობას“ შორის გარკვეული ბალანსი უნდა არსებობდეს.
ევროკავშირის ქვეყნებს არ მოეთხოვებათ თავშესაფრის მაძიებელთა მიღება რელოკაციის გზით, მაგრამ რაღაც დახმარება მაინც უნდა გაუწიონ იმ ქვეყნებს, რომლებიც განაცხადებს ვერ აუდიან. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ დაფინანსება ან მატერიალური დახმარება სასაზღვრო თვალთვალისა და კონტროლის სისტემების შესაქმნელად, მავთულხლართების მონტაჟი, ან სხვა ტიპის ოპერატიული დახმარება კრიზისებისას.
ყოველწლიურად დადგენილია ე.წ. „სოლიდარობის ფონდის“ შევსების ლიმიტები და ამ ფონდიდან მიგრაციული წნეხის ქვეშ მყოფმა წევრმა სახელმწიფოებს შეუძლიათ, მიიღონ დახმარება. მიმდინარე წელს ფონდის ლიმიტებია 21 000 რელოკაცია ევროპის მასშტაბით და 420 მილიონი ევროს ფინანსური შენატანები.
ევროკომისიის განცხადებით, ფონდით დაფინანსების მთავარი მომხმარებლები არიან საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი და იტალია. თუმცაღა, რელოკაციის ეს შედარებით დაბალი რიცხვიც კი - 21 ათასი ზღვაში წვეთიც არაა, მაგალითად, ტურისტულ ნაკადებთან, რომელსაც თითოეული ევროპული ქვეყანა მართავს - პრობლემური შეიქნა. გერმანიამ, მაგალითად, უკვე გააფორმა გარიგებები საბერძნეთთან და იტალიასთან, რათა თავიდან აიცილოს მათ საზღვრებზე შემოსული თავშესაფრის მაძიებლების მიღება.
პირველი სართული - რა პრობლემები გამოიკვეთა?
მიგრაციის საქმეებში სოლიდარობის გამოვლენა მოწამლული ხილია პოლიტიკოსებისთვის. ულტრამემარჯვენეები მიგრაციის საკითზე ჩაჭიდებული არიან და მომავალ წელს დაგეგმილ შვიდ მნიშვნელოვან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ეს თემა საკვანძო იქნება, მათ შორის ევროკავშირისთვის ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ეროვნული ერტობის“ ულტრამემარჯვენე ლიდერს აქვს შანსი მოიგოს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს, ხოლო გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD მიმდინარე სექტემბერში საქსონია-ანჰალტის აღმოსავლეთ მხარეში რეგიონულ არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. თავის მხრივ, „ეროვნულმა ერთობამ“ რელოკაციის კონცეფცია პირდაპირ გაასაჩივრა ლუქსემბურგში, ევროპულ სასამართლოში.
ამ ტენდენციებით შეშფოთებული ტრადიციული მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ულტრამემარჯვენეებთს შეეკრა დეპორტაციის შესახებ კანონპროექტის გასატანად ევროპარლამენტში. ძირითადად იმიტომ, რომ ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა მათაც აფრთხობს.
„ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ევროპა და არა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთრივ ევროპული თანამშრომლობის განადგურება სურს“, - განაცხადა ტომას ტობემ, შვედმა ევროპარლამენტარმა EPP-დან, რომელიც სათავეში უდგა დეპორტაციის კანონის გატანას ევროპარლამენტში.
უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა კატეგორიული უარი თქვეს რელოკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ შეცვლიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკას ბევრი მიმართულებით, ბუდაპეშტს ურჩევნია ყოველწლიურად მილიონი ევროს საურავი გადაიხადოს, ვიდრე მიგრანტების საქმეები გადაიბაროს რომელიმე ქვეყნიდან.
„უნგრეთს არ წარუდგენია იმპლემენტაციის გეგმა და არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი - არც ოპერატიული და არც სამართლებრივი - იმის უზრუნველსაყოფად, რომ [მიგრაციის] პაქტი ან მისი რომელიმე ნაწილი შესრულდეს“, - ამბობს ანდრაშ ლედერერი, ბუდაპეშტში ბაზირებული უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი.
სახურავი - რა იყო დაგეგმილი?
მიგრაციის საგარეო განზომილება მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნებზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა დაიბრუნონ საკუთარი მოქალაქეები და ამავდროულად აღკვეთონ მათი ტერიტორიიდან მომავალი ხალხის მასობრივი ჩასვლა ევროპის სანაპიროებზე.
ევროკავშირი ზეწოლის ბერკეტად იყენებს თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კაპიტალს, ისევე როგორც სავიზო პოლიტიკასა და ფინანსურ დახმარებას, რომ მიაღწიოს მიგრაციის საკითხზე შეთანხმებას სხვა ქვეყნებთან .
ევროკომისია ამას უწოდებს „მიგრაციულ დიპლომატიას“, რომლის ამოცანაცაა რომ მიგრაციის მთელ მარშრუტზე, საწყისი წერტილიდან, შემოსვლის წერტილამდე განხორციელდეს შეთანხმებული ზომები არალეგალური მიგრაციის შესაფერხებლად. ბლოკი ყოველწლიურად დაახლოებით 90 მილიარდ ევროს ხარჯავს საგარეო დახმარებაზე და სავაჭრო ხელშეკრულებები კი დაახლოებით 80 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მოუწევთ საკუთარი მოქალაქეების რეადმისიის [ანუ უკანონი მიგრაციის შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნების - რედ.] მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა.
მიგრაციული დიპლომატიის მიღმა, ახალმა საკანონმდებლო პაკეტმა ასევე დააკანონა „უსაფრთხო ქვეყნის“ კონცეფცია. ეს მოიცავს წარმოშობის ქვეყნების ევროკავშირის მასშტაბით აღიარებულ სიას, რომლშიც დახარისხებულია ქვეყნები და მათი ნაწილი მიჩნეულია „უსაფრთხოდ“ - ანუ საიდანაც თავშესაფრის მიღების მოთხოვნები შეიძლება სერიოზული განხილვის გარეშე უარყონ. ასევე აღიარებულია „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ ასეთ ქვეყნებში შეიძლება თავშესაფრის მაძიებლების გაძევება, ანუ მიგრაციის პროცედურების „ოფშორიზაცია“ (ევროპიუს საზღვრებს გარეთ გატანას).
„უსაფრთხო ქვეყნების“ ევროკავშირის სია ამჟამად მოიცავს ეგვიპტეს, ბანგლადეშს, ინდოეთს, კოლუმბიას, ტუნისს, მაროკოსა და კოსოვოს, ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს: ალბანეთს, ბოსნიას, საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს. ამ ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების განაცხადები დაჩქარებული წესით განიხილება და, როგორც წესი უარყოფილია.
„უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ სტატუსი ასევე, სავარაუდოდ, ბიძგს მისცემს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის 2023 წლის შეთანხმებას ალბანეთთან. იტალიამ ალბანეთში შექმნა დაკავების ცენტრები იმ იმედით, რომ იქ გაყრიდა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებიდან გადარჩენილ ხალხს.
უსაფრთხო ქვეყნების სია, რომელიც პირველად იტალიამ დააკანონა, პრაქტიკულად ასპროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ მიგრანტებს სამშობლოშ გააძევებენ. ესეთი სია ახლა უვკვე ევროკავშირის კანონმდებლობითაა გამყარებული, რაც იტალიას უფლებას აძლევს უკან გააბრუნოს ხალხი და გამოწვლილვით არ გაარკვიოს, მიმღები ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები ხომ არაა სახიფათო.
„უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ კონცეფცია კი წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, საერთოდ უარყონ საერთაშორისო დაცვის ვალდებულება და აპლიკანტები მესამე ქვეყანაში გადაამისამართონ. ამ მიდგომით, განაცხადის მიმღები სახელმწიფო ინდივიდუალურად არც კი აფასებს საქმის არსებით მხარეს; ნაცვლად ამისა, პირის საქმე განიხილება ქვეყანაში, სადაც მას, შესაძლოა, ფეხიც არასოდეს დაუდგამს.
სახურავი - რა პრობლემები გამოიკვეთა?
ევროკავშირის გარიგებები ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან რისკის ქვეშ აყენებს მის გლობალურ რეპუტაციას და ერთგულებას ადამიანის უფლებების დაცვისადმი. რაც უარესია, ევროპული დაფინანსება მიდის იმ ქვეყნებისკენ, რომლებიც აშკარად არღვევენ თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს.
რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ფულის გამოძალვა და უდაბნოში იძულებითი გაძევება ფაქტებითაა დადასტურებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტუნისი და მავრიტანია, რომლებთანაც ევროკავშირმა სამიგრაცოპ გარიგებები გააფორმა.
ტუნისმა ევროკავშირთან 2023 წელს დადაბული გარიგების სანაცვლოდ მილიარდი ევრო მიიღო. აქედან ნაწილი პირდაპირ საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად წავიდა, ნაწილი კი საზღვრის კონტროლისა და მიგრაციის მართვის დასაფინანსებლად. ტუნისი მიგრაციის პაქტის კლასიფიკაციით უსაფრთხო ქვეყნად კი ითვლება, მაგრამ პოლიტიკური დისიდენტებისა და უფლებადამცველების დევნის დიდი ისტორია აქვს.
სინამდვილე ისაა, რომ ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შემავალი ყოველი სახელმწიფო საჯაროდ რამდენჯერმე მაინც ყოფილა მხილებული უფლებების დარღვევაში. არადა, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ ხელშეკრულებების გაფორმება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად იქნებიან მიიღონ თავშესაფრის მაძიებლები, იმისდა მიუხედავად, რომ მათ იქ არასდროს უცხოვრიათ და არც არანაირი კავშირი გააჩნიათ ამ ქვეყნებთან.
არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირის მიერ დაწესეულმა შეზღუდვებმა ხალხს კიდევ უფრო რისკიანი გზებსკენ უბიძგოს ევროპაში ჩასასვლელად. ადვილი სავარუდოა, რომ რაც უფრო მეტი წინაღობა შეექმნება თავშესაფრის ლეგალურად მოთხოვნას, მით უფრო ადვილად გახდებიან პოტენციური მიგრანტები კონტრაბანდისტების მსხვერპლი, რომლებიც ფულს აკეთებენ მათ უბედურებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია Border Violence Monitoring Network-ის წარმომადგენელს, ანას ამბრის მაგალითად მოჰყავს საბერძნეთის მიერ თავშესაფრის პროცედურების სრული შეჩერება იმ პირებისთვის, რომლებიც ტრანზიტით გადაადგილდებიან ჩრდილოეთ აფრიკიდან (მაგალითად, სუდანიდან) და ამბობს, „საბოლოო ჯამში, სწორედ ყველაზე მოწყვლადი ადამიანები - ბავშვები, ტრეფიკინგის მსხვერპლნი - პირველ დაზარალდნენ იმ ძალადობისგან, რაც თვითნებური დაკავებებისა და იძულებითი გაბრუნებების ფორმას იღებს.“

პირველწყარო
