თუკიდიდე: ძალა თუ მორჩილება?
რას გვასწავლის მელოსის ამბავი გრენლანდიის შესახებ?
„სამართალს მაშინ მიმართავენ, როცა ძალები თანასწორია. თუ არადა, ვინც ძლიერია, იძალადებს, სუსტმა კი უნდა დაუთმოს.“ ეს სიტყვები, რომლებიც ძალიან ჰგავს ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაზე ანდა დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე ნათქვამს, 2500 წლის წინანდელ ნაწარმოებში — თუკიდიდეს "პელოპონესის ომში" გვხვდება.
ძალის პრიმატი თუ სამართალი და სამართლიანობა? ძალის დემონსტრირება, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორი. მცირე ქვეყნების როლი, არჩევანი და იმედები. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ყველა ეს თემა თუკიდიდეს ნაშრომშია ასახული.
თუკიდიდე (დაახ. ძვ. წ. 460-400) მოგვითხრობს ამბავს ათენისა, მაშინდელი სუპერსახელმწიფოსი, რომელსაც ძლიერი მეტოქე გამოუჩნდა, სპარტა. ამ ჭიდილში გამარჯვების მოსაპოვებლად, ათენი თავისი "გავლენის სფეროში" მყოფ ყოფილ მოკავშირეებს იმორჩილებს. ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდი, რომელიც დღევანდელობას საოცრად ეხმიანება, კუნძულ მელოსზე ხდება.
დგას წელი 416-415 წ. წ. ქრისტეს შობამდე. პელოპონესის პირველი ომი სპარსეთის წინააღმდეგ დელოსის კავშირის წარმატებით დასრულდა. ამ ლიგის სათავეში მყოფმა ათენმა ნელნელა დაიქვემდებარა ყოფილი მოკავშირეები. სამხედრო თვალსაზრისით, მისი მეტოქეა სპარტა. იმპერიის გამყარების სურვილით ანთებული ათენელები მოითხოვენ, რომ ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი კუნძული, ქალაქ-სახელმწიფო მელოსი მათ დანებდეს, დელოსის კავშირს შეუერთდეს და ხარკი იხადოს. ათენის ელჩობის ულტიმატუმი მარტივია: დაგვნებდით, თორემ ძალით დაგიმორჩილებთ. მელოსელები უარზე არიან, ათენსა და სპარტას შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასა და დამოუკიდებლობის დაცვას აპირებენ.
სამართალი თუ ძალთა ბალანსი
თუკიდიდე გადმოგვცემს საუბარს, რომელიც იმართება მელოსელებსა და ათენელებს შორის. დაძაბულობა აშკარაა: "ამ შეხვედრის შედეგი ან ომი იქნება, თუკი ჩვენს სამართლიან უფლებებს დავიცავთ და არ დავნებდებით, ანდა მონობა, თუკი ათენელების არგუმენტებს გავიზიარებთ", — ასე ფიქრობენ მელოსელები. შეხვედრა ათენელების ღია მუქარის ფონზე მიმდინარეობს.
ისინი ასე ასაბუთებენ თავიანთ მოთხოვნებს: "არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი ბატონობა სამართლიანია [...] ჩვენ გავილაშქრეთ თქვენს წინააღმდეგ, რათა შური ვიძიოთ ჩვენთვის მოყენებული ზიანისათვის.“ მართალია მელოსელები ომის დროს უმეტესწილად ნეიტრალურნი დარჩნენ , მაგრამ კონფლიქტის დასაწყისში მართლაც დაეხმარნენ სპარტას, როგორც ბრიტანელი პროფესორი ალან რაიანი წერს თავის ნაშრომში "პოლიტიკის შესახებ." საერთოდ, ისტორიულად, მელოსი სპარტელმა კოლონისტებმა დააარსეს ამ მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე, ამდენად კულტურული კავშირები მართლაც არსებობს. ათენელები არ თვლიან, რომ ტომით მოგვარეების დახმარება მელოსელების ქცევას ამართლებს: "ნურც კი იფიქრებთ, რომ დაგვარწმუნებთ იმ არგუმენტით, რომ მხოლოდ იმიტომ თქვით უარი ჩვენთან შემოერთებაზე, რომ ერთ დროს სპარტას კოლონია იყავით, [...] ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი უარით ათენისთვის არაფერი დაგიშავებიათ.“
"ჩვენ ვიცით და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ სამართალს მაშინ მიმართავენ, როცა ძალები თანასწორია. თუ არადა, ვინც ძლიერია, იძალადებს, სუსტმა კი უნდა დაუთმოს.“
მართლა დაუშავეს რამე მელოსელებმა? სამართლიანია ათენის შურისძიება? ამ კითხვებზე პასუხი სინამდვილეში ათენის ემისრებს არ აინტერესებთ. კუნძულის დაპყრობის შესახებ მათი გადაწყვეტილების საზომი სამართალი არაა. "ჩვენ ვიცით და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ სამართალს მაშინ მიმართავენ, როცა ძალები თანასწორია. თუ არადა, ვინც ძლიერია, იძალადებს, სუსტმა კი უნდა დაუთმოს.“ ამ სიტყვებს მაშინდელი სუპერსახელმწიფოს წარმომადგენელი ამბობს. ათენს ხომ თანასწორი მეტოქე არ ჰყავს - სპარტა კი ეურჩება მის ჰეგემონიას, მაგრამ სპარტელთა საზღვაო ძალა უმნიშვნელოა იყო, ათენი ზღვის ბატონ-პატრონია. ჰოდა, რადგან საქმე კუნძულს ეხება, ათენს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
სწორედ ამიტომ, ათენელები „ბუნებრივ კანონად“ ასაღებენ ძლიერის ბატონობას და ამას ასე ასაბუთებენ: "რამდენადაც ჩვენ ვიცნობთ ამქვეყნიურ სინამდვილეს, ადამიანები ბუნებით არიან მიდრეკილი, დაიმორჩილონ სხვები, თუკი ისინი მათზე სუსტები არიან. ეს კანონი ჩვენ არ დაგვიდგენია და არც პირველები ვიქნებით, ვინც მას გამოიყენებს.“ ათენელები მილოსელებს ეუბნებიან, რომ რაც ხდება, „ბუნებრივია“ - სუსტები ძლიერებს უნდა დაემორჩილნონ.
რა ინტერესები აქვთ ათენელებს?
მილოსელები ასე აჯამებენ ათენის მიდგომას: „თქვენ გვთავაზობთ, მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რაც სასარგებლოა (პრაგმატულია) და გამოვრიცხოთ იმაზე დებატები, თუ რა იქნება სამართლიანი.“
მართლაც, ათენელებს სამართალზე საუბარი არ სურთ და აღიზიანებთ კიდეც: "ჩვენ აქ იმისთვის მოვსულვართ, რომ ჩვენი იმპერია გავამყაროთ და ამას საქმით დაგიმტკიცებთ კიდეც." მათი სტრატეგიული ამოცანა დელოსური კავშირის გაფართოებაა და უკანდახევას არ აპირებენ.
თუკიდიდე დეტალურად არ გვიყვება, რატომ მიადგნენ ათენელები მაინცდამაინც მელოსს. თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, ეს კუნძული დიდად მდიდარი არ იყო, თუმცა პელოპონესთან და სპარტასთან ახლოს, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით მიმავალ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. ათენი საზღვაო სახელმწიფოა, მათი სამხედრო ძლიერება ფლოტს ეყრდნობა და შესაბამისად, კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილია ერთი მხრივ, ეკიპაჟების დასასვენებლად და გემების შესაკეთებლად, მეორე მხრივ კი სპარტისთვის საზღვაო კავშირის შესაფერხებლად სხვა შესაძლო მოკავშირეებთან.
თუკიდიდეს მონათხრობში ეს მოტივები ნახსენები არაა. სამაგიეროდ რიტორიკული არგუმენტები ბევრისმთქმელია დღევნდელი პოლიტიკის გადმოსახედიდანაც.
„ჩვენი ქვეშევრდომების თვალში თქვენი ნეიტრალიტეტი ჩვენი სისუსტის ნიშანია, თქვენი მტრობა კი - ჩვენი სიძლიერისა.“
„თქვენი დამორჩილებით, ჩვენ არა მხოლოდ უფრო მეტ ქვეშევრდომს გავაკონტროლებთ, არამედ ჩვენს უსაფრთხოებასაც გავამყარებთ“, — აცხადებენ ათენელები. მათთვის ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურია: ქალაქები, რომლებიც ომისგან განზე დგანან, ათენელებს მათი ჰეგემონიისათვის უფრო პრობლემურად ეჩვენებათ, ვიდრე სპარტას მოკავშირეები. "თქვენი მტრობა თქვენს ნეიტრალიტეტზე ნაკლებ დაგვაზიანებს. ჩვენი ქვეშევრდომების თვალში თქვენი ნეიტრალიტეტი ჩვენი სისუსტის ნიშანია, თქვენი მტრობა კი - ჩვენი სიძლიერისა.“ ათენელებისთვის ნეიტრალური ქალაქები, რომლებიც „ფიქრობენ, რომ თავიანთი ძალებით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შეძლებენ, თვლიან, რომ შიში გვაკავებს მათზე თავდასხმისაგან.“
ანუ, ათენის თვალში, დამოუკიდებელი ქალაქების ქცევა მსოფლიოს უჩვენებს, რომ მათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლიათ და ათენის მფარველობას ამიტომ არ იღებენ. თუკი ათენი მათ დამოუკიდებლობას დაუშვებს, ეს ცუდი მაგალითი იქნება სხვებისთვის. სამაგიეროდ, მელოსზე სამხედრო კონტროლის დამყარება და კუნძულის უპირობოდ დაქვემდებარება სხვებისთვისაც აშკარა გაკვეთილი იქნება, მათ დაარწმუნებს, რომ ათენს არავისი შიში და რიდი არ აქვს. ათენელებს იმედი აქვთ, რომ ეს მაგალითი სხვა ნეიტრალურ ქალაქებსავ დაარწმუნებს, რომ ამ ომში მხარე უნდა აირჩიონ და უბიძგებს, დაემორჩილონ უფრო ძლიერ მხარეს - ათენს.
ელჩები ისეთ დემაგოგიასაც არ თაკილობენ, რომელიც ვლადიმირ პუტინს შეშურდებოდა: „ჩვენ გვინდა, თქვენზე ბატონობა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით დავამყაროთ და ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველვყოთ თქვენი კეთილდღეობა." ათენური არგუმენტი ისეთივეა, როგორც ყველა დამპყრობლისა, რომელიც მონობას გამჭრიახობად სახავს, მსხვერპლსა და აგრესორს ერთმანეთში ურევს: „თქვენივე ინტერესებშია, მანამ დაგვნებდეთ, სანამ განსაცდელი გეწვევათ. ჩვენთვისაც უკეთესი იქნება, თუ არ გვაიძულებთ, გაგანადგუროთ.“
მორჩილება თუ ომი?
მელოსელები სკეპტიკურად ხვდებიან ამ არგუმენტებს. „როგორ იქნება, ჩვენ საერთო ინტერესი გვქონდეს, თუკი ჩვენ მონებად უნდა ვიქცეთ და თქვენ კი — ჩვენს ბატონებად?" რადგან სამართლიანობის არგუმენტი არ ჭრის, მელოსელები ცდილობენ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაითანხმონ ათენელები, უჩვენონ, რომ დაპყრობა არაა აუცილებელი მათი საგარეო-პოლიტიკური თუ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
„თუკი ვინმე განსაცდელშია და სამართლიანობა არ ჭრის, მაშინ გონივრულობას უნდა მოუხმოს. თუკი დღეს ჩვენს მიმართ თავს დაუნდობლად წარმოაჩენთ და მომავალში ბედი გიმუხთლებთ, თქვენც სამაგალითოდ დაისჯებით.“ მელოსელები აღნიშნავენ, რომ მათი კუნძულის სასტიკი, დაუნდობელი და უპირობო დაპყრობით, ათენი სხვა ნეიტრალურ ქალაქებს მორჩილებას კი არ შთააგონებს, არამედ სპარტას მხარეს გადაიყვანს.
"ნუთუ გინდათ, ყველა, ვინც დღეს ნეიტრალურია ხვალ მტრად არ მოგეკიდოთ? როდესაც ისინი ნახავენ, როგორ გვეპყრობით ჩვენ, ხომ მიხვდებიან, რომ ადრე იქნება თუ გვიან, მათ წინააღმდეგაც გაილაშქრებთ. და რას მიიღებთ, თუ არა თქვენი მტრების გაძლიერებას და თქვენს წინააღმდეგ მათ დარაზმვას?", - მელოსელები რაციონალურ არგუმენტს სთავაზობენ ათენელ ელჩებს.
თუმცა, ათენელებს ეს არგუმენტი სარწმუნოდ არ მიაჩნიათ, მათთვის დამოუკიდებელი მელოსის არსებობაა პრობლემა. "ჩვენთვის ხიფათია თქვენნაირი დამოუკიდებელი კუნძულის მაცხოვრებლების არსებობა, მათი, ვინც ჩვენს გარდაუვალ ბატონობას უარყოფს. როცა გაუაზრებელ იმედებს ენდობით, აშკარა საფრთხეში იგდებთ თავს და ჩვენც შარში გვითრევთ.“
ზღვა, როგორც ვთქვით, ათენელების სტიქიაა. კუნძულოვანი ქალაქების ძალით ან დაშინებით დაქვემდებარება მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ათენი თვლის, რომ ამას ზედმეტი სირთულის გარეშე მიაღწევს. მელოსელებს იმედი ეწურებათ. „თქვენ არაფერს იშურებთ თქვენი იმპერიის შესანარჩუნებლად, მაგრამ ხალხები, რომლებიც დაიმონეთ, ყველაფერს იღონებენ თქვენი უღელის გადასაგდებად“,— ჯავრით პასუხობენ ისინი ათენს.
ღირსება თუ მორჩილება
"თქვენ სუსტები ხართ, მხოლოდ ერთი შანსიღა გაქვთ დარჩენილი. არ დაუშვათ ეს შეცდომა! დანებება სირცხვილი არ იქნება“, — ამტკიცებენ ათენელები, რადგან დარწმუნებული არიან, რომ მელოსელებს ბრძოლა წინასწარ აქვთ წაგებული. „ეს არ არის თანასწორთა ბრძოლა, რომ თქვენი ღირსებაა იდოს სასწორზე. თქვენს თვითგადარჩენაზეა საუბარი და ფრთხილად იყავით, ნუ დაუპირისპირდებით თქვენზე ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს. [...] სირცხვილი არაა, დანებდე მძლავრ სახელმწიფოს, რომელიც განთქმულია ზომიერებით.“
მელოსელები კი ერთმანეთში ასე ბჭობენ: „როგორ გვეკადრება ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ თავისუფლები ვართ, უღირსად, ლაჩრულად მოვიქცეთ და ყველაფერი არ ვიღონოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება?“
მიუხედავად იმისა, რომ დამარცხება გარდაუვალი ჩანს, მელოსელები არ ნებდებიან. "ახლა დანებება იმედის სრულ დაკარგვას ნიშნავს. მოქმედება კი გადარჩენის იმედს გვიჩენს!"
ათენელები მათ ეუბნებიან, რომ მათი იმედები სისულელეა, შედეგი წინასწარაა განსაზღვრული: „ნუ დაემსგავსებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევით თავის გადარჩენა, მაგრამ ისრისებიან იმედის დაკარგვით გამოწვეული იმედგაცრუებით და იწყებენ ზეციური დახმარების მოლოდინს, წინასწარმეტყველებების, მჩხიბავების და მისთანათა რწმენას, რაც ტყუილ იმედს ასაზრდოებს, შედეგად კი მათ საბოლოო დაღუპვას იწვევს".
კი, მელოსელებს მხოლოდ ღმერთების იმედი არ აქვთ, ისინი ვარაუდობენ, რომ შეიძლება საქმეში სპარტა ჩაერიოს. "ჩვენი საერთო წარმომავლობის შეგრძნება აიძულებს მათ, სხვა მიზეზით თუ არა, პატივმოყვარეობის გამო, დაგვეხმარონ. ამიტომ ჩვენი სითამამე არც ისე უსაფუძვლოა. [...] ჩვენ მათი დასახლება ვიყავით და თუ გვიღალატებენ, მოკავშირეების ნდობას დაკარგავენ და მტრებს გაახარებენ.“
ისტორია გვასწავლის, რომ მელოსელები ცდებოდნენ, სპარტა მათ დასახმარებლად არ მოვიდა. ათენელებმა სწორად მიუთითეს, რომ ორი სუპერსახელმწიფოს დაპირისპირებაში რეალიზმი ბატონობს. მათი თქმით, სპარტელების "ინტერესი უპირველეს ყოვლისა საკუთარი უსაფრთხოებაა. თქვენს მიმართ სამართლიანად და პატიოსნად მოქცევა მათ საფრთხეში ჩააგდებს, ამიტომ არც კი ეცდებიან ასე მოქცევას. [...] იმათ დასარწმუნებლად, ვისაც დახმარებას სთხოვენ, გადამწყვეტი არგუმენტი თანაგრძნობა კიარა, ძალთა უპირატესობაა.“ ათენელები დარწმუნებულნი არიან, რომ სპარტელები არ გარისკავენ მელოსის დაცვას, რადგან წინასწარ იციან, რომ ზღვაზე ბრძოლას ათენთან წააგებენ.
ძალის სიმყიფე
ბოლოს, ათენელები მოკლედ მოჭრიან: „თქვენ გაქვთ არჩევანი ომსა და თქვენს უსაფრთხოებას შორის.“ „როცა ეს ელჩობა აქედან წავალთ, უთხარით საკუთარ თავს და ბევრჯერ გაუმეორეთ, რომ სასწორის პინაზე თქვენი სამშობლოა შეგდებული. მხოლოდ ის. თქვენი არჩევანი, სწორი იქნება ის თუ არასწორი, გადაწყვეტს მის მომავალს.“
გაყრამდე, მელოსელებმა დანებებაზე უარი თქვეს: „ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მეგობრობასა და გპირდებით ნეიტრალიტეტს; მოგიწოდებთ, დატოვოთ ჩვენი მიწა ისეთი ხელშეკრულების პირობით, რომელიც როგორც თქვენს, ისევე ჩვენს ინტერესებშია.“
ათენელები პასუხობენ: „თქვენი სურვილები გაიძულებთ სინამდვილედ ჩათვალოთ ის, რაც მხოლოდ ვარაუდია“ , ანუ ღმერთების ან სპარტას დახმარებას ნუ ენდობითო.
ასეც მოხდა, მელოსი ათენის ფლოტმა ალყაში მოაქცია. სპარტა თავის სისხლს და ხორცს არ დაეხმარა. ექვსთვიანი ალყის შემდეგ მელოსელები დანებდნენ ათენს. ბრძოლისუნარიანი მამაკაცები ათენელებმა სიკვდილით დასაჯეს, ქალები და ბავშვები კი მონებად გაყიდეს. კუნძულზე ათენელი კოლონისტები ჩასახლდნენ. ეს პელოპონესის ომების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ფურცელია.
მაგრამ ამბავი ამით არ დასრულებულა. ვინც ათენელებს გადაურჩა, ან ზღვაში იყო როცა ტრაგედია დატრიალდა, სპარტამ თავისთან შეიფარა. როდესაც პელოპონესის ომი განახლდა, მდიდარი მელოსელები სპარტას ფინანსურად დაეხმარნენ და ათენის წინააღმდეგ ლაშქრობა დააფინანსეს. ლაკედემონელებმა საბოლოოდ ათენს სძლიეს, მელოსი კი ხელახლა დაიპყრეს და დაიბრუნეს. მელოსელი ლტოლვილები სახლში დაბრუნდნენ.
რას გვასწავლის თუკიდიდე?
ჰფენს კი ნათელს მელოსის ამბავი ჩვენს აწმყოს? სუპერსახელმწიფოების რიტორიკა დღეს საოცრად წააგავს ათენელებისას: ჩვენ მსოფლიოს წამყვანი ძალა ვართ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ, როგორც მოვისურვებთ, სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი ჩვენ არ გვეხება. დაგვემორჩილეთ, თორემ დაგიმორჩილებთ. სუსტების ძლიერების მიერ დაქვემდებარება სამყაროს ბუნებრივი წესრიგია.
მოკავშირეების დაკარგვა მათ არ აშინებთ. კავშირი ხომ მხოლოდ ძალით თანასწორებს შორის შეიძლება. თუკი ძალის დემონსტრირება შეგიძლია, სუსტები დაგემონებიან და საშუალო ძალის მქონენი თავიდან აირიდებენ ღია კონფლიქტს. თუკიდიდესთვის ნიშანდობლივია, რომ მოძლიერებული ათენიც - თუმცაღა დემოკრატიული სახელმწიფოა და პელოპონესის ომებში იჩემებს, რომ სპარსული ტირანიას ეწინააღმდეგება - იმავე არგუმენტებს იყენებს, რასაც სპარსეთის მმართველები მანამდე.
თუმცაღა, თუკიდიდე იმასაც გვასწავლის, რომ ქედმაღლობა უძლიერეს სახელმწიფოსაც კი მტრებს უმრავლებს და თუკი ბედის ბორბალი მობრუნდა, არც მათ დაინდობს არავინ ისეთ მსოფლიოში, სადაც ძალაა მთავარი.