> ## Content Index
> Fetch the complete content index at: https://evropis.moambe.eu/llms.txt
> Use this file to discover other available public pages before exploring further.

# ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „მამაკაცურობის კრიზისი“
- URL: https://evropis.moambe.eu/ultramemarjveneebis-lek-sikoni-mamakac-urobis-krizisi/
- Published: 2026-10-17T15:10:01.000Z
- Updated: 2026-10-17T15:10:01.000Z
- Description: მართლა ცდილობენ ფემინისტები კაცების გადაშენებას?
- Author: სარედაქციო
- Tags: ლექსიკონი

უკანასკნელ ათწლეულში გამოთქმამ „მამაკაცურობის კრიზისი“ (*crisis of masculinity*) გენდერის კვლევების ჟურნალებიდან პოდკასტების სტუდიებში, პოლიტიკურ გამოსვლებში, საპარლამენტო კომისიებსა და ინტერნეტკომენტარებში გადაინაცვლა, ჯერ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, შემდეგ კი მათ ფარგლებს გარეთაც.

---

**ავტორი**: **ანა იარა პოსტიგო ფუენტესი** სოციალ-კულტურულ ფენომენებს იკვლევს ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში, დიუსელდორფში. 

---

ბოლო ხანებში ამ ცნებას „მამაკაცთა მარტოობის ეპიდემიაც“ (*male loneliness epidemic*) დაუკავშირეს: ამბობენ, თურმე დღეს კაცები წარსულთან შედარებით უფრო იზოლირებულნი არიან, ნაკლები მეგობარი ჰყავთ და ემოციურად მეტად დაბნეულნი არიანო. 2023 წელს ვივეკ მურთიმ, იმხანად აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესმა თანამდებობის პირმა. ოფიციალურად გააფრხოლა ქვეყანა „მარტოობისა და იზოლაციის ეპიდემია“ ვრცელდებაო. 

ენდრიუ ტეიტის მსგავსი ფიგურები ამ მარტოობას სპეციფიკურად მამაკაცურ მოვლენად წარმოაჩენენ. ტეიტი ბრიტანელ-ამერიკელი ინფლუენსერია, რომელიც ჰიპერმასკულინურ და ანტიფემინისტურ შეხედულებებს ავრცელებს. იგი 2026 წლის 18 ივლისს მაიამიში დააკავეს დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების მიზნით, სადაც მას და მის ძმას, ტრისტანს, გაუპატიურებისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებები აქვთ წაყენებული. ტეიტის მსგავსი გავლენიანი ფიგურები „მამაკაცურობის კრიზისს“ ფემინიზებულ და მტრულ საზოგადოებას აბრალებენ, რომელმაც, მათი აზრით, ახალგაზრდა კაცებს მათი კუთვნილი ადგილი და სტატუსი წაართვა.

2025 წლის ბოლოს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა და მედიაფიგურამ სკოტ გალოუეიმ გამოაქვეყნა წიგნი *Notes on Being a Man* — „ჩანაწერები მამაკაცად ყოფნის შესახებ“. ნაშრომს ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ავტორი აღწერს ახალგაზრდა კაცების თაობას, რომელსაც სასწავლო მაჩვენებლების გაუარესება, მზარდი ეკონომიკური დაუცველობა და ღრმა სოციალური იზოლაცია აწუხებს. გალოუეი საკუთარ თავს ლიბერალად და ფემინიზმის მომხრედ მიიჩნევს. იგი ამტკიცებს, რომ მონაცემებს ეყრდნობა და არა იდეოლოგიას. მიუხედავად ამისა, მისი ანალიზი კარგად ნაცნობ სიუჟეტს მიჰყვება: კაცებს რაღაც ჰქონდათ, რაც დაკარგეს; ახლა პირველები სწორედ ისინი რჩებიან მიტოვებული, გამოსავალი კი ძველი მამაკაცური როლისა თუ მისიის აღდგენაა. ამა თუ იმ ფორმით ეს ტექსტი უკვე საუკუნეზე მეტია ტრიალებს.

ტერმინით „მამაკაცურობის კრიზისი“ ამავე დროს კაცების დაუცველობასაც აღნიშნავენ და მათ მოჭარბებულად აგრესიულ ქცევასაც. 2026 წლის აპრილში ბრიტანეთის მასწავლებელთა პროფკავშირმა NASUWT-მ 5 000-ზე მეტი პედაგოგის მონაწილეობით ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა და გააფრთხილა საზოგადოება, რომ „ბრიტანეთის სკოლებში მამაკაცურობის კრიზისი ვითარდება“. მასწავლებელ ქალთა თითქმის მეოთხედი ამბობდა, რომ გასული წლის განმავლობაში მოსწავლეთა მხრიდან ქალთმოძულე შეურაცხყოფა განიცადა; 2023 წელს იგივე მაჩვენებელი სულ რაღაც 17,4% იყო. აღრიცხულ შემთხვევებს შორის სექსუალური ხასიათის ქცევებიცაა: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მასწავლებელი ქალების შიშველი გამოსახულებები, სექსუალურ ძალადობაზე ხუმრობა და ქალი მასწავლებლების მითითებების შესრულებაზე უარის თქმა. პროფკავშირის გენერალურმა მდივანმა მეტ რაკმა ეს ქცევები ენდრიუ ტეიტის პოპულარიზებულ სოციალური მედიის პოსტებს და დონალდ ტრამპის ქცევებს დაუკავშირა.

ერთი და იმავე ტერმინის ეს ორგვარი გამოყენება დღევანდელი ვითარების თავისებურებაზე მიუთითებს: ბიჭებსა და კაცებს ერთდროულად მსხვერპლებადაც წარმოაჩენენ და საფრთხედაც: ერთი მხრივ, ისინი მარტოსულები და გზააბნეულები არიან; მეორე მხრივ - შევიწროებისა და რადიკალიზაციის შემოქმედი პირებიც. „კრიზისის“ ნარატივი, როგორც წესი, ამ ორ სურათს ერთმანეთთან აკავშირებს და ამტკიცებს, რომ დაუცველობა აგრესიულობას წარმოშობს. რამდენად მართებულია ეს არგუმენტი და რას ფარავს იგი? სწორედ ამას სჭირდება შესწავლა.

## რომელ მამაკაცურობაზე ვსაუბრობთ?

„მამაკაცურობის კრიზისის“ თემას კარგად ნაცნობი ლოგიკა უდევს საფუძვლად: კაცების ტრადიციული ფუნქციები - ოჯახის მარჩენლისა და დამცველის როლები - მოიშალა, მათ ნაცვლად კი არაფერი შექმნილა.

ჩნდება კითხვა: რომელ მამაკაცურობაზეა საუბარი? აი, აქ გამოგვადგება „ჰეგემონური მამაკაცურობის“ (*hegemonic masculinity*) ცნება, რომელიც ავსტრალიელმა სოციოლოგმა რეივინ კონელმა 1980-იანი წლებიდან განავითარა, შემდეგ კი ჯეიმს მესერშმიტთან ერთად დააზუსტა 2005 წელს ჟურნალ *Gender & Society*\-ში გამოქვეყნებულ, ფართოდ ციტირებულ [სტატიაში](https://etnologia.uw.edu.pl/sites/default/files/hegemonic%5Fmasculinity%5Fconnell%5Fand%5Fmesserschmidt.pdf?ref=evropis.moambe.eu).

ჰეგემონური მამაკაცურობა საშუალო კაცის ქცევას კი არ აღწერს, არამედ გაბატონებულ კულტურულ იდეალს: მამაკაცურობის იმ ფორმას, რომელიც საყოველთაო ნორმადაა წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ყველა კაცს აფასებენ, იმისდა მიუხედავად, რომ ამ სტანდარტს კაცების უმეტესობა შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს. ეკონომიკური წარმატება, ემოციების კონტროლი, სექსუალური თავდაჯერებულობა, ჰეტერონორმატიულობა და დამოუკიდებლობა ამ ნორმის განმსაზღვრელ ელემენტებს შორისაა.

ამრიგად, „კრიზისი“, რომელზეც საუბრობენ, ყველა კაცის ან მამაკაცურობის ყველა ფორმის კრიზისი არ არის. ეს კონკრეტული იერარქიული იდეალის კრიზისია. კონელის ანალიტიკურ ჩარჩოში ეს იდეალი ძალაუფლების მექანიზმიცაა: იგი კაცების ქალებზე, ხოლო ზოგიერთი კაცის სხვა კაცებზე ბატონობას ლეგიტიმურობას სძენს.

როდესაც კომენტატორები „მამაკაცურობის კრიზისზე“ საუბრობენ და არ აკონკრეტებენ, მამაკაცურობის რომელ ფორმას გულისხმობენ, ისინი შეგნებულად თუ შეუგნებლად განამტკიცებენ სწორედ იმ ნორმებს, რომლებსაც საზოგადოებისთვის ყველაზე საზიანო შედეგები მოაქვს.

ფრანგულ-კანადელმა პოლიტოლოგმა ფრანსის დიუპუი-დერიმ კრიზისის ეს დისკურსი სხვადასხვა ეპოქასა და პოლიტიკურ რეჟიმში [გამოიკვლია](https://www.erudit.org/fr/revues/rf/2021-v34-n1-rf06678/1085259ar/?ref=evropis.moambe.eu) და დაასკვნა, რომ მითის საკვანძო სტრუქტურა უცვლელია: ის ამბობს, რომ ქალები კაცების ადგილს იკავებენ. გერმანელი სოციოლოგი ზილკა შოლცი შენიშნავს, რომ „ტოქსიკური მამაკაცურობის“ (*toxic masculinity*) ცნება დღეს თანდათანობით ანაცვლებს „მამაკაცურობის კრიზისს“, როგორც მიმდინარე სოციალური ფენომენის მთავარ განმარტებით ჩარჩოს. გამონაკლისი აქ მემარჯვენე დისკურსია, სადაც „კრიზისის“ თემას სწორედ იმიტომ ინარჩუნებენ, რომ ის პოლიტიკურად მათთვისაა სასარგებლო.

მართლაც, ესპანეთში, 2025 წლის იანვარში, სოციოლოგიური კვლევების ცენტრის (CIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის პოპულარობით პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია *Vox* გავიდა. მას ახალგაზრდა კაცების 29% უჭერდა მხარს, ხოლო ახალგაზრდა ქალების — 16,5%.¹⁰

მსგავსადვე, გერმანიის 2025 წლის ფედერალურ არჩევნებში ახალგაზრდა კაცების ხმების 24% AfD-მ მიიღო, ახალგაზრდა ქალები კი უპირატესობას მემარცხენე პარტია „Die Linke“-ს ანიჭებდნენ. ცხადია, ეს განხეთქილება მხოლოდ გენდერისადმი დამოკიდებულებით არ აიხსნება. მასში თავისი წვლილი ეკონომიკურ დაუცველობას, სოციალური სტატუსის დაკარგვასა და პოლიტიკურ უნდობლობასაც მიუძღვის, თუმცა გენდერის თემატიკა ამ პოლიტიკური ხლეჩის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

როგორც ავსტრიელმა პოლიტოლოგმა ბირგიტ ზაუერმა აჩვენა, მამაკაცურობის საკითხში ულტრამემარჯვენეების სტრატეგია ორსაფეხურიანია: თავდაპირველად ისინი კრიზისზე მიუთითებენ, შემდეგ კი გამოსავლად მამაკაცთა ბატონობის აღდგენას გვთავაზობენ: ოჯახში უპირატესობას, აგრესიის უფლებასა და ჰეტეროსექსუალური წესრიგის მკაფიოდ გამიჯნული ჩარჩოს აღდგენას. ემოციური ლოგიკა მარტივია და ადვილად გასაგები: კაცებს წაართვეს ის, რაც მათ კანონიერად ეკუთვნოდათ, ეს მათი ბრალი არ არის და კრიზისიდან ერთადერთი შესაძლო გამოსავალი ძველი წესრიგის აღდგენაა.

### რას გვეუბნება მონაცემები?

ბოლო წლებში ფართოდ გავრცელებული ცნება „მამაკაცთა მარტოობის ეპიდემია“ იმავე იდეას აგრძელებს. მისი ძირითადი თეზისია, რომ კაცებს დღეს წინა თაობებთან შედარებით ნაკლები ახლო მეგობარი ჰყავთ და მათი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური ქსელი შესუსტებულია. 

ამის დამადასტურებელი მონაცემები ნამდვილად არსებობს, თუმცა ისინი ფრთხილ ინტერპრეტაციას მოითხოვს. 2021 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა *American Perspectives Survey*\-მ [აჩვენა](https://www.americansurveycenter.org/research/the-state-of-american-friendship-change-challenges-and-loss/?ref=evropis.moambe.eu), რომ იმ კაცების წილი, რომლებიც ამბობდნენ, არც ერთი ახლო მეგობარი არ მყავსო, 1990 წლის 3%-დან 15%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში კაცების წილი, რომელთაც სულ მცირე ექვსი ახლო მეგობარი ჰყავდათ, 55%-დან 27%-მდე შემცირდა.

თუმცა თუ რამდენიმე ქვყნის მონაცემს ავიღებთ, ვნახავთ, რომ 2025 წელს გამოქვეყნებული Gallup-ის [კვლევის ](https://news.gallup.com/poll/690788/younger-men-among-loneliest-west.aspx?ref=evropis.moambe.eu)თანახმად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების (ანუ დასავლეთის მდიდარი ქვეყნების) უმეტესობაში ახალგაზრდა კაცებს შორის საშუალოზე მაღალი მარტოობის დონე არ ფიქსირდება. შეერთებული შტატები ამ მხრივ გამონაკლისია. 

OECD-ის კიდევ ერთი [ანგარიში](https://www.oecd.org/content/dam/oecd/en/publications/reports/2025/10/social-connections-and-loneliness-in-oecd-countries%5Fd6404192/6df2d6a0-en.pdf?ref=evropis.moambe.eu), რომელიც ევროკავშირის 22 ქვეყანას მოიცავს, აჩვენებს, რომ მოსახლეობის 8%-ს არც ერთი ახლო მეგობარი არ ჰყავს, თუმცა ქალებსა და კაცებს შორის შესამჩნევი განსხვავება არ არსებობს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ფინეთმა და ესპანეთმა მარტოობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიები შეიმუშავა.

მონაცემები ყველაზე მკაფიოდ იმას კი არ გვიჩვენებს, რომ კაცები ქალებზე უფრო მარტოსულები არიან, არამედ იმას, რომ მათ მიერ სოციალური კავშირების დამყარების ფორმები სტრუქტურულად უფრო მყიფეა და ამიტომაა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები მათ უფრო აზიანებს.

იტალიელი სოციოლოგი მანოლო ფარჩი [ამბობს](https://www.edizioninottetempo.it/it/quel-che-resta-degli-uomini?ref=evropis.moambe.eu), რომ მამაკაცების მეგობრობა პირდაპირი მნიშვნელობით „მხარდამხარ დგომაა“: კაცები რაღაცეებს (შრომა იქნება, სპორტი, თუ დასვენება) ერთად აკეთებენ, მაგრამ ერთმანეთს „თვალებში არ უყურებენ“. ჰეგემონური მამაკაცურობის ნორმები კაცებს შორის ემოციურ სიახლოვეს სოციალურად სარისკოდ აქცევს. ამავე დროს, სასიყვარულო კავშირი კაცისთვის ხშირად ერთადერთ თუ არა, მთავარ სივრცედ მაინც რჩება, სადაც მას საკუთარი ემოციური დაუცველობის ღიად გამოხატვა შეუძლია.

კიდევ ერთი ხშირად გამოყენებული არგუმენტი ბიოლოგიას, უფრო ზუსტად კი ტესტოსტერონის საშუალო დონის დოკუმენტირებულ შემცირებას უკავშირდება. კვლევებმა მართლაც გამოავლინა, რომ 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ტესტოსტერონის დონე ყოველ ახალ თაობაში წელიწადში დაახლოებით 1%-ით მცირდება, ასაკისგან დამოუკიდებლად. მიზეზებზე კამათი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ისინი ბევრად უფრო მეტად ჯანმრთელობისა და გარემოს ფაქტორებს - სიმსუქნეს, უმოძრაო ცხოვრების წესსა და ენდოკრინული სისტემის დამრღვევ ნივთიერებებს - უკავშირდება, ვიდრე მამაკაცურობის რაიმენაირ დაღმასვლას.

მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელებით ამ დაკვირვებას აზვიადებენ და ახალ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ. სიდნეის უნივერსიტეტის მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი ინფლუენსერი სრულიად ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ გრძნობას - დაღლილობას, სტრესსა და ლიბიდოს დაქვეითებას - „ტესტოსტერონის დეფიციტის“ ნიშნებად წარმოაჩენს, მამაკაცებს (მათ შორის მოზარდებს) გამოსავლად ჰორმონულ თერაპიას სთავაზობს. ამგვარი აზრების პოპულარობის გამო, ტესტოსტერონის დონე მამაკაცურობის პირდაპირ საზომად ყალიბდება. 

მკვლევრები ამ მოვლენას „მამაკაცურობის მედიკალიზაციას“ (*medicalization of masculinity*) უწოდებენ: ჩვეულებრივი ბიოლოგიურ ცვლილებას ნათლავენ კრიზისად, რომლის გადაწყვეტა ფულით შეიძლება - იყიდეთ ჩვენი პროდუქტი და მამაკაცობა მოგემატებათ. ეს ლოგიკა ზოგან უკვე სახელმწიფო პოლიტიკაშიც აისახა. 2026 წლის 15 ივლისს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ვიდეოში, სახელწოდებით „High-T Department“, განაცხადა, რომ ოცდაათ წელს გადაცილებულ სამხედროებს „ტესტოსტერონის დეფიციტზე“ ყოველწლიურად შეამოწმებდნენ და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას შესთავაზებდნენ. მისი თქმით, ეს ჯარისკაცებისთვის „ტესტოსტერონის სათანადო დონის“ უზრუნველყოფას ემსახურება, რათა მათ „საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმზე იმოქმედონ“.

არადა ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჰეგემონური მამაკაცურობის ნორმების - თვითკმარობის, ემოციების დამალვისა და „მაგარი ბიჭობის“ - კონტექსტში აღზრდილი კაცები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს დახმარებას გაცილებით იშვიათად ითხოვენ და თვითმკვლელობის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ინგლისსა და უელსში კაცების თვითმკვლელობის მაჩვენებელი ქალებისას დაახლოებით სამჯერ აღემატება; შეერთებულ შტატებში კი თითქმის ოთხჯერ. თვითმკვლელობას, რასაკვირველია, მრავალი მიზეზი აქვს და ერთი ერთი ცალკეული ცვლადით ვერ აიხსნება. თუმცა მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მეცნიერულად დოკუმენტირებული ფსიქოლოგიური პრობლემები თავად ჰეგემონური მამაკაცურობის ნორმებს უკავშირდება და არა ამ ნორმების წინააღმდეგ მიმართულ ფემინისტურ კრიტიკას.

## ძველი მითი

რაც არ უნდა აბრალონ მისმა მომხრეებმა „მამაკაცურობის კრიზისი“ თანამედროვეობას და „ვოუქიზმს“, ეს თემა ახალი სულაც არის, უბრალოდ მას ახალ შეფუთვაში გვთავაზობენ. ერთ-ერთი ისტორიკოსის, დიუპუი-დერის თანახმად, თაობაში ვაჟკაცობის დაკარგვაზე ჯერ კიდევ ძველ რომში საუბრობდნენ. როგორც ბრიტანელმა სოციოლოგმა ჯონ მაკინესმა შენიშნა, „მამაკაცურობა ისტორიულად ყოველთვის ამა თუ იმ სახის კრიზისში იმყოფებოდა“.

ამერიკელი სოციოლოგი, მაიკლ კიმელი შეერთებულ შტატებში მამაკაცურობის ნორმებს იკვლევს. ის ამბობს, რომ უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ინდუსტრიალიზაციამ და ქალთა უფლებებისთვის პირველი მოძრაობის გაჩენამ მამაკაცები კაცურობის ძველი ნორმების დასაცავად დარაზმა. მეოცე საუკუნეში იგივე განმეორდა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ქალები - რომლებიც მანამდე ფაბრიკა-ქარხნებში მამაკაცურ საქმეს აკეთებდნენ - საოჯახო სივრცეში გამოკეტეს. როდესაც 1960-იან და 1970-იან წლებში ფემინიზმის მეორე ტალღამ ეს ეჭვქვეშ დააყენა, „მამაკაცურობის კრიზისის“ შესახებ საუბრებიც განახლდა. 1980-იანი წლების დასაწყისისთვის უკვე შეიქმნა კაცების გათავისუფლების მოძრაობა (*men’s liberation movement*), რომელიც მერე კაცთა უფლებების მოძრაობად (*men’s rights movement*) გარდაიქმნა. მისი მიმდევრები ამბობენ, რომ მამაკაცები ფემინიზმის უდანაშაულო მსხვერპლი არიან. 

დიუპუი-დერის კვლევაში ისიც წერია, რომ მამაკაცობის კრიზისის ნარატივი იტალიური ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის ერთ-ერთ სტრუქტურულ საყრდენს წარმოადგენდა. ორივე „მამაკაცურობის კრიზისის“ არსს იმაში ხედავდა, რომ ელიტა „გაქალურდა“, დეკადანსმა მოიცვა და ამიტომ ეროვნულ ინტერესებს ღალატობდა. გამოსავლად ნაღდი კაცურობის აღდგენას სთავაზობდა მომხრეებს. არანაკლებ საყურადღებოა ესპანეთის შემთხვევაც. როგორც ესპანელმა სოციოლოგმა ზირა ბოქსმა გამოიკვლია, ფრანკისტული ნაციონალიზმი ერის გამოკვეთილად ვაჟკაცურ წარმოდგენას ეყრდნობოდა: პროპაგანდა ვიზუალურადაც პატრიოტი ფრანკისტი სამხედროების მამაკაცურობას უპირისპირებდა რესპუბლიკის ქალურობას.

საფრანგეთში ამ მიმართულების იდეური მემკვიდრეები ალენ სორალი და ერიკ ზემური არიან. ორივემ მასკულინისტური ტექსტები ჯერ კიდევ მანამდე გამოაქვეყნა, სანამ ფრანგული ულტრამემარჯვენეობის წამყვან იდეოლოგებად იქცეოდნენ. წიგნში *Vers la féminisation?* („ფემინიზაციისკენ?“ 1999) სორალი ამხელდა „ანტიდემოკრატიულ შეთქმულებას“, რომელშიც „აზროვნების ფემინიზაცია“ „ინსტიტუტების მაასტრიხტიზაციის“ \[ევროკავაშირის მაასტრიხტისხელშეკრულება იგულისხმება\] შემადგენელი ნაწილია. წიგნში *Le Premier Sexe* („პირველი სქესი“ 2006) ზემური წერდა: „ფემინიზებისას კაცები სტერილურები ხდებიან; ისინი საკუთარ თავს ყოველგვარ გამბედაობას, ინოვაციასა და ნორმის დარღვევას უკრძალავენ“. იგი კიდევ უფრო შორს მიდის და ევროპის „ინტელექტუალურ და ეკონომიკურ სტაგნაციას“ მის „ფემინიზაციას“ მიაწერს.

ამერიკელმა ჟურნალისტმა სიუზან ფალუდიმ ეს ანტიფემინისტური უკურეაქცია გაანალიზა წიგნში *Backlash: The Undeclared War Against American Women* („უკურეაქცია: გამოუცხადებელი ომი ამერიკელი ქალების წინააღმდეგ“, 1991), შემდეგ კი ნაშრომში *Stiffed: The Betrayal of the American Man* („მოტყუებულნი: ამერიკელი კაცის ღალატი“, 1999). ფალუდი ამბობს, რომ ეკონომიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა მუშათა კლასის კაცები მართლაც მარტო მიაგდო. სანაცვლოდ კი უმეტესად „დეკორატიული მამაკაცურობა“ (*ornamental masculinity*) შეგვრჩა - მამაკაცურობა, რომელიც მხოლოდ გარეგნულ ნიშნებს და წარმოდგენას ეფუძნება. მისი უახლესი გამოვლინებაა თანამედროვე *looksmaxxing*\-ის ონლაინ კულტურა: საკუთარი გარეგნობის მამაკაცურად ჩათვლილი ელემენტების (მაგ. ყბის, ყვრიმალების...) ძალით „მაქსიმიზება“ (ანუ გაზვიადება) იმ სოციალური იდენტობის იმიტაციად თუ ჩანაცვლებად აღიქმება, რომელსაც კაცებს საზოგადოებაში მათი ძველი როლები აძლევდა.

წიგნში *Iron John* („რკინის ჯონი“ 1990) ამერიკელი პოეტი რობერტ ბლაი კაცებს მოუწოდებდა, მოეძებნათ საკუთარ თავში „ღრმა მამაკაცურობა“ (*deep masculine*): უხეში, ინსტინქტური ენერგია, რომელსაც ველური კაცის მითური ფიგურა განასახიერებს და რომლის დათრგუნვასაც ცივილიზაცია და ოჯახური ცხოვრება ცდილობს. ბლაის შეიძლება ეს განზრახ არ გაუკეთებია, მაგრამ მისი წიგნის ძირითადი თეზა - რწმენა, რომ არსებობდა „ნამდვილი“ მამაკაცურობა, რაღაც პირველყოფილი ძალა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებამ შეასუსტა, კარგად ეხმიანება მანოსფეროს ე.წ. „ჩედის“ (c*had*) ლოგიკაზე. „ჩედი“ ბუნებრივი და დომინანტური მამაკაცურობის იდეალიზებული არქეტიპია: სტანდარტი, რომელსაც სხვა კაცებს ადარებენ. თუ რობერტ ბლაი თავის წიგნით ცდილობდა, მამაკაცების ფსიქოლოგიური ინტეგრაცია გაეიოლებინა, „ჩედის“ ტენდენცია სოციალური იერარქიზაციის ინსტრუმენტადაა ქცეული.

1990-იან წლებში კაცთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა ახალგამოჩენილ ონლაინფორუმებზე გადაინაცვლეს. ეს სივრცეები მხოლოდ ბრაზისა და პრეტენზიების ურთიერთგაზიარებისთვის კი არ არსებობდა, არამედ მარტოსულ და გზააბნეულ კაცებს იმასაც სთავაზობდა, რაც მათ მართლა აკლდათ: თემთან კუთვნილების შეგრძნებას, საზიარო სასაუბრო ენასა და იმის განცდას, რომ მათნაირ ემოციებს სხვებიც განიცდიდნენ და მათ ნამდვილობას აღიარებდნენ. 

## ევროპის მოამბე თქვენს ფოსტაში

მიიღეთ ევროპის ამბები გასაგებ ენაზე

გამოიწერეთ 

Email sent! Check your inbox to complete your signup. 

არ დაგსპამავთ, გპირდებით. 

მტკივნეული ირონია, რომელსაც მარტოობის შესახებ ლიტერატურა ხშირად უგულებელყოფს, ისაა, რომ ეს „კაცობის სფერო“ ზოგიერთ მამაკაცს ერთობის იმ განცდას აძლევს, რომელსაც სხვაგან ადვილად ვერ პოულობს და ამის მიზეზი სწორედ მამაკაცურობის გაბატონებული ნორმებია. ამრიგად, რადიკალური მასკულინიზმი პასუხობს მამაკაცთა მარტოობას და ამავდროულად ახალისებს მარტოობის გამოხატვყის ველაზე პრობლემურ, ზოგჯერ ძალადობრივ ფორმებს. 

მართლაც, ამ მოძრაობის ყველაზე რადიკალური განშტოებები ძალადობას არ თაკილობენ. 2014 წელს შეერთებულ შტატებში, აილა-ვისტაში, ელიოტ როჯერმა ექვსი ადამიანი მოკლა. თავდასხმამდე მან ქალთმოძულე მანიფესტი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ იმ ქალების „დასჯა“ სურდა, რომლებმაც ის უარყვეს. 2018 წელს კი ტალაჰასიში იოგას სტუდიაზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ორივე დანაშაული ჩაიდინეს ახალგაზრდა კაცებმა, რომლებიც თავს „ინსელების“ — არანებაყოფლობითი ბერბიჭების (*involuntary celibates*) — მოძრაობას მიაკუთვნებენ. ამ წრეებში ელიოტ როჯერი თითქმის რელიგიური თაყვანისცემის ობიექტია.

### დასკვნის მაგიერ

მამაკაცურობის კრიზისი და მამაკაცთა მარტოობის ეპიდემია რეალურ სირთულეებს ეყრდნობა. კაცების მხარდამჭერი ქსელების აუცილებლობა მართლა არსებობს, თვითმკვლელობის მზარდი მაჩვენებლები და ტესტოსტერონის დონის შესახებ მონაცემები გამოგონილი არ არის. ამ თემებით მანიპულაციას ამდენი ადამიანი სწორედ იმიტომ ექვემდებარება, რომ საქმე მათთვის ხელშესახებ სირთულეებს ეხება. ეს პრობლემები სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ მათ გადასაჭრელად მიზეზები სწორად უნდა გავიგოთ.

„კრიზისის“ ულტრამემარჯვენე ნარატივი პრობლემად ფემინიზმსა და ქალთა წინსვლას თვლის. ამავე დროს კი იცავს სწორედ იმ ნორმებს - ძალადობის მოთმენას, ემოციების შეგუბებას, ფსიქოლოგიური თუ მეგობრული დახმარების თხოვნის ტაბუირებას - რომლებიც რეალური პრობლემების ერთ-ერთი მიზეზია. 

კაცების კეთილდღეობაზე გულწრფელი და შედეგის მომტანი საუბარი ერთმანეთისგან ორ რამეს უნდა განასხვავებდეს: ერთი მხრივ, რეალურ სირთულეებს, რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ გადაწყვეტილებებსა და ცვლილებებს მოითხოვს, და, მეორე მხრივ, იდეოლოგიურ ნარატივს, რომელიც ამ სირთულეებს გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს.

კაცების საუბარს მათ გასაჭირზე ხელი არ უნდა ავუქნიოთ. სირთულეების უარყოფით ხომ ამ თემაზე მონოპოლიას ტოქსიკურ „კაცობის სფეროს“ დავუტოვებთ. საუბარი რთული იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომაა ის აუცილებელი.

[Crise de la masculinité | Le Grand ContinentDe la Rome antique à la manosphère, le récit d’une virilité menacée – aujourd’hui au cœur de la mobilisation de l’extrême droite – resurgit quand la position sociale des femmes change.![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/icon/cropped-Capture-de-CC-81cran-2021-03-20-a-CC-80-19.21.51-270x270-59c31319-eb88-4483-b594-39e81c13bfa3.png)Le Grand ContinentLouis Puel![](https://storage.ghost.io/c/da/10/da101211-6600-4663-b05e-b9947e15de3d/content/images/thumbnail/Sans-titre-65-cba74a48-6ec1-446b-973a-ecca51986b53.jpg)](https://legrandcontinent.eu/fr/2026/07/30/crise-masculinite/?ref=evropis.moambe.eu)

პირველწყარო