უხამსი გროკი
ევროკავშირი ილონ მასკს პორნოგრაფიის გავრცელებას აბრალებს და მოუწოდებს, უხამსი ხელოვნური ინტელექტი მოთოკოს
იშვიათი რამ მოხდა, ილონ მასკმა უკან დაიხია. მისმა კომპანიამ ოთხშაბათ საღამოს, 14 იანვარს განაცხადა, რომ "მიღებული იქნა ტექნოლოგიური ზომები, რითაც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია "გროკს" სექსუალური ხასიათის ფოტოების გენერირება აღარ შეეძლება. ჯერ კიდევ დილას მასკი თავს იკატუნებდა, ჯერ ერთი, ასეთი არაფერი მომხდარა და მეორეც, თუ ვინმეს შიშველი სურათების გენერირება სურს, ეს ჩვენი ბრალი არაა, მათი სიტყვის თავისუფლებააო. თუმცაღა წონიენი ჯარიმების შიშმა, ჩანს ტრილიონერი მასკიც კი შეაშინა.
ევროკომისიასა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები კარგი არასოდეს ყოფილა და ამ დღეებში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
11 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ევროკომისიის თავმა ქალმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაცრად გააკრიტიკა ტრილიონერ ილონ მასკის პლატფორმა, იქსი. "შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ ეს ტექნოლოგიური პლატფორმა საშუალებას აძლევს ხალხს ციფრული მანიპულაციებით გააშიშვლოს ქალები და ბავშვები და შედეგები ქსელში გამოფინოს. ეს წარმოუდგენელი საქციელია და ეს გაყალბებული სურათები ხელშესახებ ზიანს აყენებს კონკრეტულ ადამიანებს," თქვა მან. "არ ვაპირებთ ჩვენი ბავშვების დაცვაზე პასუხისმგებლობა სილიკონის ველს გადავაბაროთ. თუ ისინი არ იმოქმედებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ."
ამ დღეში მარტო ევროკავშირი როდია: მალაიზიამ და ინდონეზიამ დროებით აკრძალეს "გროკის," იქსში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის მუშაობა საკუთარ ტერიტორიაზე, დიდმა ბრიტანეთმა კი გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც მასკი შეიძლება 20 მილიონი ევროთი დაჯარიმდეს.
დავიდარაბა იმან გამოიწვია, რომ გასული კვირების განმავლობაში იქსის მომხმარებლებმა გროკის გამოყენება დაიწყეს ახალგაზრდა ქალებისა და ბავშვების სურათების ციფრულად დამუშავებისთვის, რაც მათ "აშიშვლებდა" ანდა გამომწვევ პოზებში აყენებდა. საპასუხოდ, 9 იანვარს მასკმა თითქოსდა ნაწილობრივ შეზღუდა ხელოვნური ინტელექტის სურათების დასამუშავებლად გამოყენება, მაგრამ სათავისოდ - თუკი თვეში დაახლოებით 9 ევროს ჩაუჩხრიალებთ, ეს შესაძლებლობა აღდგება.
მასკმა ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ დაპოსტა "ცენზურა ფაშისტური სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანიაო" - ეს პოსტი კი ერთი დღის განმავლობაში 2,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ევროკავშირში იხტიბარს არ იტეხენ: "აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პორნოგრაფიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სახიფათო ნონსენსია და მითუმეტეს ტექნოლოგიების გამყიდველი კომპანიისაგან. სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიჯერებ რომ ამაზე საუბარი გვიწევს ევროკომისიის ტრიბუნიდან 2026 წელსო," განაცხადა ევროკომისიის პრეს მდივანმა. "სწორედ ამგვარი შემთხვევების გამოსარიცხად არსებობს კანონი და რეგულაციები. არსებობს ორი გზა: ჩვენთვის უფრო სასურველი იქნება, თუკი იქსი გაასწორებს შეცდომებს, თუ არა, იმ ზომებს მივიღებთ, რაც კანონითაა გათვალისწინებული," დასძინა მან.
ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (Digital Services Act, DSA) მსგავსი დარღვევებისთვის ციფრული პლატფორმების მათი გლობალური შემოსავლის 10%-მდე ოდენობით დაჯარიმების უფლებას იძლევა. სწორედ ამ აქტის გაუქმებას ითხოვს აქტიურად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მის ერთ-ერთ შემქმნელს, ყოფილ ევროკომისარ ტიერი ბრეტონს ამასწინათ პირადი სანქციებიც დაუწესა.
ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ჰენნა ვირკუნენმა, რომელიც ციფრულ სუვერენიტეტზე აგებს პასუხს, ორშაბათს სოციალურ მედიაში დაწერა "იქსმა ევროკავშირში თავისი ხელოვნური ინტელექტი უნდა გაასწოროს - და ეს სწრაფად უნდა გააკეთოს. თუ არადა, არც შევყოყმანდებით ისე გამოვიყენებთ ციფრული სერვისების აქტს ევროპელი მოქალაქეების დასაცავადო."
ბრეიუსელში ამბობენ, რომ იქსი კონტაქტზე გამოვიდა და საუბარი მიდის. იქსის უსაფრთხოების ჯგუფმა აღნიშნა, რომ არალეგალური სურათების დამპოსტველი ანგარიშები გააუქმა და მომხმარებლები გააფრთხილა, კანონი არ დაარღვიონ. თუმცაღა თავად ჯერჯერობით უარს ამბობს ამ დარღვევის საშუალების შემქმნელი გროკის მოდიფიკაციაზე. ილონ მასკს უთქვამს, ევროპელები "ცენზურისთვის ნებისმიერ საბაბს იყენებენო."
ამასობაში, დღეს აშშ თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 13 იანვარს დაადასტურა, რომ გროკი აშშ სამხედრო ქსელებში იქნება ინტეგრირებული.