ვინ შეაბამს დონალდს ეჟვანს?
ევროპელები იძულებული ხდებიან, გრენლანდიაზე ტრამპის გამოწვევას უპასუხონ
ამერიკული იარაღის ჟღარუნისა და მუშტების გულზე ბრაგუნის შემდეგ, რაზეც ამასწინათ მოგიყევით, ჩანს, დიპლომატიის დრო დადგა. მომავალ კვირას დანიას აშშ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ეწვევა. აშშ კანონმდებლები, რომელთაც სახელმწიფო მდივანი ესაუბრა, იფიცებიან, რუბიო დანიისაგან გრენლანდიის ყიდვაზე აპირებს სიტყვის ჩამოგდებასო. ტრამპის პრეს მდივანმა, ქეროლაინ ლევტიმაც დაადასტურა, რომ ამაზე "აქტიურად მიდის საუბარი." საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტის დავალებით ამერიკელი ბიუროკრატები ფუტკრებივით არიან შესეული შესაძლო კომერციული გარიგებების სიას, კერძოდ კი მწირემიწების მოპოვებითა და ენერგეტიკული პროექტებით ინტერესდებიან.
ამასობაში ევროპა საშობაო ბურანიდან ნელ-ნელა გამოერკვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, საერთაშორსო სამართლის დარღვევას ვერსად დავუშვებთ, გინდ გრენლანდია იყოს და გინდ უკრაინაო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის თავმა ქალმაც ამოთქვა, ჩვენი კავშირის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ კანონი ძალაზე ძლიერიაო.
ცოდვა გამხელილი ჯობს და, აშშ-სთან ევროპის კინკლაობა და ერთმანეთის ქილიკი ახალი არაა. ამასთან, უმაღლესი თანამდებობის პირების ღია სიტყვიერი დაპირისპირება უჩვეულოა, ხოლო ფიზიკური კონფლიქტის შესაძლებლობა კი, როგორც დანიის თავდაცვის კოლეჯში მომუშავე ამერიკელი ექსპერტმა, ტომას კროსბიმ უთხრა გაზეთ "პოლიტიკოს," სულ ცოტა ხნის წინათ "სრულ სიგიჟედ" ჩაითვლებოდა.
რას ვიზამთ, ასეთი დრო დადგა. მოდით, გავსინჯოთ, კერძოდ რისი გაკეთება შეუძლიათ ევროპელებს გრენლანდია რომ ხელიდან არ გაუფრინდეთ.
პირველი - კომპრომისი ამერიკასთან
საკითხების გამოწვლილვით განხილვა და ამით კონფლიქტების არიდება ხომ ევროკავშირის საძირკველშია ჩაშენებული. ოღონდაც, კომპრომისი რომ შედგეს, ის თანამესაუბრის ინტერესების სწორ აღქმას უნდა ეფუძნებოდეს.
აშშ ამბობს გრენლანდია უსაფრთხოების საკითხია, დანია ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო აქტივობისგან სათანადოდ ვერ გვიცავსო.
თუ მართლაც ასეა, ნატოს ფარგლებში ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელიაო, იმედოვნებენ ნატოელი დიპლომატები. ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა გააძლიერონ. არსებობს წინადადება, "აღმოსავლეთის გუშაგისა" და "ბალტიური გუშაგის" წაბაძვით შეიქმნას "არქტიკული გუშაგის" პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც გრენლანდიაზე ნატოს დამატებითი, ევროპული ძალების განლაგება და როტაცია მოხდება.
რაც შეეხება აშშ-ს მეორე არგუმენტს, რომ გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების ათვისება ადექვატურად ვერ ხერხდება, აქ ობიექტური სირთულეები არსებობს. საქმე ისაა, რომ გრენლანდიის მადნეულის მოპოვება იმდენად რთულია, რომ აქამდე უბრალოდ არ იყო მომგებიანი და ჩინურ საქონელს კონკურენციას ვერ უწევდა. შესაბამისად, დაბალი იყო ინვესტიციების დონეც. თუკი აშშ ფულს დადებს, ევროკავშირს შეუძლია თავისი წვლილიც დაამატოს და ტრამპ-ვიტკოფის ნაქები ე.წ. "უკრაინული ეკონომიკური გარიგების" ყაიდაზე გაინაწილოს ვაშინგტონთან რისკებიცა და შესაძლო მოგებაც.
თუმცაღა, ევროპაში ბევრი ეჭვობს რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ორი არგუმენტი - უსაფრთხოება და ეკონომიკური ინვესტიციების ნაკლებობა - მხოლოდ საბაბია და არა რეალური მიზეზი. აკი გულწრფელად უთხრა კიდეც პრეზიდენტმა ტრამპმა "ნიუ იორკ თაიმსს" გრენლანდიის ფლობა "ფსიქოლოგიურად აუცილებელია წარმატებისთვის. ფლობა ისეთ რამეს გაძლევს, რაც არენდით ან ხელშეკრულებით ვერ მიიღწევაო."
მეორე - ბღუჯა ფული გრენლანდიას
ვაშინგტონიდან ჩასული ემისრები გრენლანდიის პოლიტიკურ ძალებსა და მოსახლეობას ჰპირდებიან, თუკი დანიას ჩამოსცილდებით, ინვესტიციებით აგავსებთო.
დანიასა და ევროკავშირს შეუძლიათ ვაშინგტონს ამ მხრივ შეეჯიბრონ და ამას აპირებენ კიდეც. 2028 წლის ბიუჯეტს თუ შევხედავთ, ევროკავშირი გრენლანდიის დაფინანსების გაორმაგებას აპირებს: შვიდ წელიწადში 530 მილიონი ევროა გათვალისწინებული. დამატებით, გრენლანდიას კიდევ შეუძლია 44 მილიონი ევრო მიიღოს ძნელად მისაწვდომი ტერიტორიების დამატებითი დაფინანსების სქემით.
თუ დღეს დანიისა და ევროკავშირის დაფინანსება გრენლანდიაში ძირითადად სოციალურ დაცვაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და გარემოს დაცვაზე იხარჯება, ახალი ბიუჯეტით გათვალისწინებულია წიაღისეულის მოპოვების ადგილობრივი საწარმოების დაფინანსებაც.
გრინლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე დეპუტატი, კუნო ფეკნერი ამბობს,ზედმეტად ბევრი ხალხი ცხოვრობს ჩვენში სიღარიბის ზღურბლის ქვემოთ და ინფრასტრუქტურაც არ უქნია ღმერთსო. ამ აზრს კუნძულზე ბევრი იზიარებს. თუმცა აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირი ის უკვე ნაცნობი და შეჩვეული სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია, რომელსაც ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია.
მესამე - ეკონომიკური კონტრ-ზომები
თუკი პირველი ორი შედარებით მოზომილი ზომაა, ევროპას უფრო რადიკალური საშუალებებიც აქვს მარაგში.
პირველ რიგში, ევროკომისიას "ეკონომიკურ ბაზუკად" წოდებული იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი გააჩნია (Anti-Coercion Instrument), რითაც მას შეუძლია მკვეთრად გაზარდოს აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ფასი.
ბერნდ ლანგე, ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირის ექსპორტი აშშ-ში 600 მილიარდი ევროა და ამ საქონლისა თუ მომსახურების მესამედს აშშ ბაზრის ნახევარზე მეტი უკავია. ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპული ბლოკი სულაც არაა ხელწამოსაკრავი ამერიკული ბაზრისათვის.
ამავე მექანიზმისა და მასკის საძულველი "ციფრული სერვისების აქტის" (DSA) მოშველიებით, ევროკავშირს შეუძლია წლიური ბრუნვის მესამედზე მეტით დააჯარიმოს ამერიკული ინფორმატიკული და სოციალური მედიის სერვისები, გუგლი, იქსი, ფეისბუკი, რომლებისთვისაც ევროპელი მომხმარებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მეოთხე - სამხედრო ძალა
არავის ელანდება, რომ ევროპას შეუძლია აშშ-ს სამხედრო კონფრონტაცია მოუგოს, მით უფრო, თუკი ვაშინგტონი სრულმასშტაბიან ინტერვენციას გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერჯერობით წმინდად თეორიული სცენარია, დანიის მთავრობა ადასტურებს, რომ 1952 წლის კანონი ძალაშია და ქვეყნის შეიარაღებული ძალები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამხედრო მოქმედებაში, თუკი მათ ტერიტორიას ვინმე დაესხმება თავს.
ბერლინსა და პარიზში უკვე საუბრობენ, ხომ არ იქნებოდა უპრიანი, გრენლანდიაში სიმბოლურად მაინც გაგვეგზავნა ჯარისკაცებიო - ჯერ ერთი, ნატოს სამხედრო მოძლიერების საჩვენებლად და მეორეც - ევროპელებს ჯერ მაინც არ სჯერათ, რომ ამერიკელ მოკავშირეებს შეუძლიათ, მათ ცეცხლი გაუხსნან.
დასკვნის მაგიერ - ცუდი მშვიდობა გერჩივნოს კარგ ომსაო
ეს დავიდარაბა ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს კი ჰკვებავს, მაგრამ ევროპის შესაძლო საპასუხო ქმედებების უბრალოდ ჩამოთვლაც კი ნათლად გვიჩვენებს, რომ სანამ საქმე ძველ პარტნიორთან და უსაფრთხოების გარანტთან ჩხუბამდე მივა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს ხედვების დასაახლოვებლად და საბოლოო გაყრის თავიდან ასაცილებლად.
ევროპელები ფრიად გაკაპასებულნი არიან ტრამპის ადმინისტრაციის როყიო ტონით. თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციას სწამს, რომ ევროკავშირი მათ გასატრიზავებლად და გასაკოტრებლადაა შექმნილი და უნდათ, ბებერმა კონტინენმა საკუთარ თავზე უკეთ იზრუნოს და ჯიბეზეც ხელი გაიკრას.
მივადევნოთ თვალი: ეგებ სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს ეს წაკინკლავება იმისთვის, რათა ატლანტიკის ორივე მხარეს დარწმუნდენ, რომ ერთად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე უერთმანეთოდ.