ილია ბუდრაიცკისი და ილია მატვეევი ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერების მკვლევრები არიან — პირველი ჰელსინკის უნივერსიტეტში, მეორე კი ბერკლიში მუშაობს. ამასთან, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ორივე რუსული მემარცხენეობის გამორჩეულ წარმომადგენელთა შორისაა.
ისინი ომის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტები, არაერთი ოპოზიციური მედიასაშუალების ავტორები და დამფუძნებლები არიან. მათი ნაშრომები პოსტსაბჭოთა სივრცეში მემარცხენე ძალების მდგომარეობასა და რუსული იმპერიალიზმის პოლიტიკურ ეკონომიკას ეხება.
2026 წლის სექტემბერში სტენფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა გამოსცემს მათ წიგნს — „რუსეთის ახალი იმპერიალიზმი: კაპიტალი და იდეოლოგია“ (Russia’s New Imperialism: Capital and Ideology). უკრაინაში შეჭრიდან დაწყებული, ავტორები პოსტსაბჭოთა ეპოქის რუსულ იმპერიალიზმს ახლებურად იაზრებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკური ინტერესებისა და იდეოლოგიური მიზნების ურთიერთკავშირს უთმობენ.

ინტერვიუს ორიგინალი ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა
თქვენი აზრით, რატომ უჭირს ევროპაში არაერთ მემარცხენე პოლიტიკურ ძალას რუსული იმპერიალიზმის აღიარება? რით განსხვავდება თქვენი ხედვა იმპერიული პოლიტიკის სხვა განმარტებებისა და დღევანდელი რუსეთის პოლიტიკის შესახებ არსებული სხვა ანალიზისგან?
ილია მატვეევი: ჩვენი ნაშრომი თანამედროვე მემარცხენე მოძრაობაში მიმდინარე დებატების ნაწილია. ამ წრეებში რუსეთის შემთხვევას მეტისმეტად ხშირად არ აღიარებენ იმპერიალიზმად. ჩვენი წიგნი კი საპირისპიროს ამტკიცებს: ჩვენი ამოსავალი წერტილი, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, არის რომ რუსეთი სრულფასოვნად იმპერიალისტური ქვეყანაა.
აქ ერთგვარ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, რუსეთის რეჟიმის იმპერიალისტური ხასიათის დასადგენად ყველაზე ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია. ვლადიმირ პუტინი გამუდმებით იმეორებს, რომ ქვეყანამ თავისი „ისტორიული მიწები“ უნდა დაიბრუნოს; რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და, შესაბამისად, ერთ სახელმწიფოში — ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთმანეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ დაკავშირებულ ორ სახელმწიფოში — უნდა ცხოვრობდნენ. ცხადია, რომ რუსეთი უკრაინისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მრავალი ქვეყნის მიმართ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. ამ პოლიტიკის იმპერიალისტური ხასიათის უარყოფა შეუძლებელია.
ამისდა მიუხედავად, ზოგიერთი მემარცხენე ავტორი ამტკიცებს, რომ რუსეთს საკმარისი მოცულობის კაპიტალის ექსპორტს არ აწარმოებს და ამიტომ ზუსტად ვერ აკმაყოფილებს იმპერიალიზმის ლენინურ განსაზღვრებას.
იმპერიალიზმის ლენინური განსაზღვრება
ლენინმა თავის 1916 წლის ნაშრომში „იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი ფორმა“ ჩამოაყალიბა იმპერიალისტური სისტემის ხუთი ძირითადი მახასიათებელი:
- მონოპოლისტური წარმოება: წარმოიებისა და კაპიტალის მაღალი დონის კონცენტრაცია იწვევს მონოპოლიების წარმოშობას, რომელთაც გადამწყვეტი როლი აქვთ ეკონომიკაში.
- ფინანსური კაპიტალის პრიმატი: საბანკო კაპიტალი და ინდუსტრიული კაპიტალი ერთიანდება „ფინანსურ კაპიტალად“ რასაც ფინანსური ოლიგარქია აკონტროლებს.
- კაპიტალის ექსპორტი: მრეწველობის პროდუქტების ექსპორტს საერთაშორისო დონეზე ანაცვლებს კაპიტალის ექსპორტი, ანუ ფულის საზღვარგარეთ დაბანდება მეტი მოგების იმედით.
- კარტელები: საერთაშორისო დონეზე იქმნება მონოპოლისტური კაპიტალის ერთობები (კარტელები) რომლებიც მსოფლიოს გავლენის სფეროებად ინაწილებენ.
- ტერიტორიების გადანაწილება: იმპერიალისტური პერიოდის ლოგიკური დასასრულია მთელი დედამიწის გავლენის სფეროებად დანაწილება დიდ კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის.
სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და რუსეთს ამერიკული იმპერიალიზმის მსხვერპლად წარმოაჩენენ: მათი აზრით, შეერთებული შტატები მზადაა, ნებისმიერი საშუალებით გააფართოოს NATO აღმოსავლეთისკენ, რუსეთი კი მის შემოტევებს მხოლოდ თავდაცვითი მოქმედებებით პასუხობს. ამ ლოგიკით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი, სინამდვილეში NATO-ს წინააღმდეგ წარმოებული პრევენციული და თავდაცვითი ომია.
სამწუხაროდ, საერთაშორისო მემარცხენე მოძრაობის საკმაოდ დიდი ნაწილი უარს ამბობს, რუსული იმპერიალიზმი იმპერიალიზმად აღიაროს. ზოგჯერ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციაა, რომელიც პუტინის რეჟიმის დაგმობის სურვილის უქონლობას გამოხატავს; ზოგჯერ კი საქმე ნამდვილ თეორიულ სიბრმავესთან გვაქვს. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ იმპერიალიზმი მხოლოდ დასავლური შეიძლება იყოს. სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება იყოს ძალადობრივი, აგრესიული და მტაცებლური, მაგრამ „იმპერიალისტური“ — ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით — ვერ იქნება, რადგან გარკვეულ სისტემურ ეკონომიკურ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
ჩვენი წიგნი სწორედ ამ მიდგომას უპირისპირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ხედვა, ხელს უშლის მემარცხენე ავტორებს, მათ შორის ყველაზე ინფორმირებულებსა და გამჭრიახებსაც კი, მიმდინარე მოვლენები სწორად გააანალიზონ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფდნენ. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი ეკავა ზოგიერთ მემარცხენე ავტორს, რომლებიც ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. მათი ამგვარი რეაქცია დიდწილად იმ თეორიული სიბრმავით აიხსნება, რომელზეც წიგნში ვსაუბრობთ: როგორ შეიძლება რუსეთი ვინმეს დაესხას თავს, თუკი იმპერიალიზმი მხოლოდ დასავლური მოვლენაა? თუკი მხოლოდ დასავლეთი უტევს, ხოლო დანარჩენი მსოფლიო თავს იცავს?
„ცხადია, რომ რუსეთი უკრაინისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მრავალი ქვეყნის მიმართ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. ამ პოლიტიკის იმპერიალისტური ხასიათის უარყოფა შეუძლებელია.“
— ილია მატვეევი
როდესაც რუსეთი უკრაინაში მართლაც შეიჭრა, ბრიტანულ ჟურნალ Salvage-ში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ჩაინა მიევილია, მიმდინარე ვითარების საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სარედაქციო ანალიზი წავიკითხე. თუმცა იქ რუსეთი მხოლოდ დასავლეთის სარკისებურ ანარეკლად იყო წარმოდგენილი: უკრაინაზე თავდასხმის ჰუმანიტარული საბაბით როცა ამართლებდა, პუტინი თურმე მხოლოდ დასავლეთის მოქმედებებს ბაძავდა, მაგალითად, სერბეთში. ეს ანალიზი სრულიად მცდარი არ არის, მაგრამ ისე გამოდის, რომ რუსული იმპერიალიზმი, საბოლოო ანგარიშით, იმავე ბუნებისაა, როგორისაც შეერთებული შტატების აგრესიული საგარეო პოლიტიკა.
ჩვენთვის ეს ერთდროულად პოლიტიკურ და თეორიულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც გვსურდა, გამოგვეკვეთა რუსული იმპერიალიზმის თავისებურებები. პირველ რიგში კი ის ნიშნები, რომლებიც მას ამერიკული იმპერიალიზმისგან განასხვავებს, რათა კრიტიკულ ანალიზს მისი უკეთ ამოცნობა და მასთან დაპირისპირება შეძლებოდა.
რას გვაძლევს თქვენი ანალიტიკური პარადიგმა? რას გვასწავლის ის რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის შესახებ?
ილია ბუდრაიცკისი: იმპერიალიზმის შესახებ კამათში, ისევე როგორც ამ ტერმინის ყოველდღიურ გამოყენებაში, ხშირად მოვლენა მხოლოდ ეკონომიკურ მოტივებამდე დაჰყავთ. ამბობენ, რომ იმპერიალისტური აგრესია ისეთ სახელმწიფოს ახასიათებს, რომელიც მხოლოდ მმართველი კლასის „აგენტად“ ან უბრალო „აღმასრულებელ კომიტეტად“ გვევლინება: იგი საგარეო ბაზრების დაუფლების ერთგვარ „შეკვეთას“ იღებს და მას სამხედრო ექსპანსიის გზით ასრულებს. ჩვენი აზრით, იმპერიალიზმის ამ კლასიკურ განმარტებას საფუძვლიანი გადასინჯვა სჭირდება როგორც რუსეთ-უკრაინის ომის, ისე თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა იმპერიალისტური სამხედრო ავანტიურის, მათ შორის ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე.
რუსეთის შემთხვევაზე დაყრდნობით, ჩვენ იმპერიალიზმის თეორიის მნიშვნელოვან გადასინჯვას ვცდილობთ. ვუბრუნდებით ამ დებატის საწყისებს, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნას, როდესაც იმპერიალიზმს ჯერ კიდევ ორი განზომილებით განსაზღვრავდნენ: ეკონომიკურითა და პოლიტიკურით. ასეთი ორმაგი ხედვა გულისხმობს, რომ იმპერიალიზმს არა მხოლოდ ეკონომიკური რაციონალურობა, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკური გაანგარიშებაც განსაზღვრავს. ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ საერთოდაც არ ემთხვევა უშუალო ეკონომიკურ ინტერესებს.
საკმარისია, ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის იმპერიალისტურ პოლიტიკას დავაკვირდეთ: ეკონომიკური თვალსაზრისით მას ხშირად სრულიად ირაციონალური ხასიათი ჰქონდა. ამგვარი მიდგომა უფრო სახელმწიფოს უსასრულო ექსპანსიის ლოგიკით აიხსნება. ჩვენ ასევე ვეყრდნობით იმპერიალიზმის ჰანა არენდტისეულ ანალიზს, რომელსაც იგი „ტოტალიტარიზმის სათავეებში“ აკეთებს. არენდტი საკვანძოდ თვლის სახელმწიფოებრივი რაციონალურობის სწორედ ამ ცვლილებას, მომენტს, როდესაც სახელმწიფოს საზღვრების უწყვეტი გაფართოება, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ გამორჩენის საშუალებაა, თანდათანობით თვითმიზნად იქცევა.
პოსტსაბჭოთა რუსული იმპერიალიზმის ისტორიაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ორი პერიოდის გამოყოფა. პირველი იმპერიალიზმის ეკონომიკურ რაციონალურობას შეესაბამება, მეორე კი — პოლიტიკურ რაციონალურობას, ანუ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მოტივირებულ მოქმედებას. ვაჩვენებთ, რომ ვლადიმირ პუტინის პირველი ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ მის მიერ გატარებული პოლიტიკა შეიძლება ეკონომიკურ ექსპანსიად და მსხვილი რუსული კაპიტალის ინტერესების ხელშეწყობად განვიხილოთ. 2014 წელს კი გარდატეხა ხდება: რუსეთი ახალი წესრიგის შექმნის ლოგიკაზე გადადის, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური მოტივებით ვეღარ აიხსნება. მართლაც, თუ დავაკვირდებით, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსული კაპიტალი მუდმივად ზარალდება სახელმწიფოს ექსპანსიონისტური პოლიტიკით, თუმცა ეს ხელს არ უშლის მოსკოვს, პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო აგრესიულ ინტერვენციებს მიმართოს.
ჩვენი აზრით, 2014 წელს პუტინის რეჟიმმა უარი თქვა „პრაგმატულ“ პოლიტიკაზე - ამ ტერმინის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში მიღებული მნიშვნელობით. ეს იყო ეკონომიკურად რაციონალური, თუმცა უკიდურესად ცინიკური მიდგომა, რადგან პოლიტიკას ყოველგვარი მორალური საფუძვლისგან დაცლილ ინტერესთა ბრძოლამდე ამცირებდა. მკვლევართა უმრავლესობა სწორედ ასე აანალიზებდა ადრეულ პუტინიზმს, 2000-2014 წლების პერიოდს.
2014 წლიდან კი ახალი ტიპის სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელსაც აგრესიული სამხედრო ექსპანსია და ეკონომიკურ ინტერესებთან შედარებით პოლიტიკის უპირატესობა ახასიათებს. ეს გარდატეხა ნიშნავს გადასვლას იმ მოდელიდან, რომელსაც „ნაწილობრივ იდეოლოგიურს“ ვუწოდებთ — პრაგმატული იდეოლოგიიდან, რომელიც პოლიტიკას კერძო ინტერესებს უქვემდებარებს — „ტოტალურ იდეოლოგიაზე“. ეს უკანასკნელი უკვე ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული მსოფლმხედველობაა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საგარეო-პოლიტიკური მოქმედებები იგეგმება.
საინფორმაციო ველზე გადარჩენა დღეს რთული ამბავია. თუკი მოგწონთ, რასაც ვწერ და გჭირდებით - იყიდეთ ფასიანი აბონემენტი და საშუალებას მოგვცემთ, დიდხანს ვიცოცხლოთ...
თუკი ეს საგარეო პოლიტიკა ეკონომიკურად ირაციონალურია, რატომ ემორჩილება მას რუსეთის ელიტა და რა დინამიკამ გამოიწვია ეს ცვლილება?
ილია ბუდრაიცკისი: ამ გადასვლის გაანალიზებას ისიც ართულებს, რომ მისი წინაპირობები უკვე არსებობდა. „ტოტალური იდეოლოგიის“ ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ 2000-იან წლებში გვხვდება. მაგალითად, „რუსული სამყაროს“ ცნება პუტინის პრეზიდენტობის პირველივე წლებში ჩნდება. საკმაოდ ადრე დამკვიდრდა მოსაზრებაც, თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლა „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყო და მისი დამღუპველი შედეგები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაძლეულიყო. ამავე პერიოდში გაჩნდა წარმოდგენა „კოლექტიური დასავლეთის“ შესახებ, რომელიც თითქოს რუსეთის განადგურებას გეგმავდა.
ყველა ეს იდეა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, მათ შორის კრემლთან დაახლოებულ ანალიტიკურ ცენტრებში ჩამოყალიბდა. თუმცა მაშინ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე გადამწყვეტი გავლენა ჯერ არ ჰქონდათ. პუტინიზმის პირველ ათწლეულში კვლავაც სუფევდა ინტერესებზე დაფუძნებული ცინიკური იდეოლოგია. ეს იდეოლოგია იყო იმ გაგებით, რამდენადაც სინამდვილის იდეოლოგიზებულ ხედვას ქმნიდა, მაგრამ რაიმე ჩამოყალიბებულ თეორიას ის არ ეყრდნობოდა, არ იყო ინტელექტუალური იდეოლოგია. ის გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან აღმოცენდა — უპირველესად, სახელმწიფო ქონების პოსტსაბჭოთა დიდი გადანაწილებიდან, 1990-იანი წლების ბანდიტური კაპიტალიზმიდან და გვიანი საბჭოთა პერიოდის ბიუროკრატიული სტრუქტურებიდან. ეს გამოცდილება ვლადიმირ პუტინის თაობის მთელმა მმართველმა ელიტამ გაიზიარა. შედეგად ჩამოყალიბდა პრაქტიკული და ცინიკური ცხოვრებისეული იდეოლოგია, რომელიც ძალის პრიმატს ერთგვარ ბუნებით მონიჭებულ უფლებად განიხილავდა: ვინც ძლიერია, მოგებაც იმისია.
ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი შესრულა 2011-2014 წლებმა. მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე გამართულმა დემონსტრაციებმა პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადის წინ რეჟიმს სერიოზული გამოწვევა შეუქმნა. ამას მოჰყვა არაბული გაზაფხული, რომელმაც რუსეთის ელიტა დაარწმუნა, რომ დასავლეთი ყველგან რეჟიმის შეცვლის გეგმებს ამზადებდა, მათ შორის რუსეთშიც. დაბოლოს, კიივის მაიდნის მოვლენები იქცა იმ ერთგვარ კრიტიკულ მომენტად, რომელმაც მოზაიკის ყველა ნაწილი გააერთიანა. მანამდე გაბატონებულმა ცინიკურმა იდეოლოგიამ პირველი ინტელექტუალური ფორმულირება მიიღო: მან წინა წლებში ჩამოყალიბებული და მომწიფებული კონსერვატიული, რეაქციული და იმპერიული იდეები შეიწოვა.
ილია მატვეევი: დავამატებდი, რომ პუტინის რეჟიმის ანალიზში დიდი ხნის განმავლობაში კლეპტოკრატიის ჩარჩო დომინირებდა. სწორედ ამ მიდგომას ვხვდებით, მაგალითად, კარენ დავიშას კლასიკურ წიგნში „პუტინის კლეპტოკრატია“ (Putin’s Kleptocracy)². პოლიტიკის მეცნიერებაში საუბრობდნენ rent-seeking-ზე - რენტის ძიებაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქურდობის გზით. საფუძვლიანი იყო კი ეს განმარტება? რასაკვირველია. რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი წრეების და თავად ვლადიმირ პუტინის მოქმედებათა მნიშვნელოვანი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, მატერიალური გამდიდრების დაუსრულებელი წყურვილით აიხსნება. კორუფცია რუსეთის რეჟიმის ისტორიაში სრულიად ცენტრალურ როლს ასრულებს.
თუმცა ეს ხედვა მაშინვე ბადებს კითხვას: თუ რუსეთი კლეპტოკრატიაა, რატომ დათანხმდა პუტინის რეჟიმი შეგნებულად დასავლეთში თავისი აქტივების კონფისკაციას? თავდაპირველად ეს 2014 წელს მოხდა, შემდეგ კი ბევრად უფრო მასშტაბურად - უკრაინაში ომის განახლების შედეგად, რომელმაც რუსეთის მმართველ კლასს დასავლეთში არსებული ქონების დიდი ნაწილი დააკარგვინა. თუკი მთავარი მოტივი ქურდობაა, რატომ დათანხმდა რუსეთის ელიტა, მისთვის ქონება ჩამოერთმიათ? წმინდად „კლეპტოკრატიული“ თვალსაზრისით, ლოგიკური იქნებოდა, ომი საერთოდ არ დაწყებულიყო — თუ, რა თქმა უნდა, უკიდურესად სულელურ კლეპტოკრატიასთან არ გვაქვს საქმე. პუტინს შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ რუსულ აქტივებს გაყინავდნენ, ხოლო ოლიგარქების, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის იახტებს, სასახლეებსა და სხვა ქონებას დააყადაღებდნენ. მან ეს იცოდა, მაგრამ ნაბიჯი მაინც გადადგა.
როგორ უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი ხედვა?
ილია მატვეევი: ჩემი აზრით, ეს ასე შეიძლება ავხსნათ: კლეპტოკრატიული ლოგიკის საფუძველში დევს ქურდობის იმპულსი, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის დამარცხება - მისი განიარაღება, მისი ქონების ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ძალით, ხელში ჩაგდება. ეს არის კონტროლის მიტაცება, ანუ რეიდი — სწორედ რეიდერსტვოს (рейдерство) იყო რუსული ველური კაპიტალიზმისთვის ცენტრალური ცნება, განსაკუთრებით 1990-2000-იან წლებში.
რეიდერსტვო დაახლოებით ისაა, რასაც ინგლისურად hostile takeover-ს უძახიან : ესაა კომპანიის ხელში ჩაგდება მტრული მეთოდების გამოყენებით. ოღონდ თუკი დასავლურ სამყაროში ძირითადად ფინანსური ბაზრების მტრულ გამოყენებაზეა საუბარი, რუსეთში იძულების ფიზიკური საშუალებები იგულისხმება: დაქირავებული ძალოვნებიდან და კერძო შეიარაღებული ჯგუფებიდან დაწყებული, უსაფრთხოების კომპანიებით დამთავრებული. ლოგიკა მარტივია: ან მე წაგართმევ, ან შენ წამართმევ.
დროთა განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა და მისი გარემოცვის ნაწილმა თავად რუსეთის აღქმაც დაიწყეს სრულფასოვან მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე, რომელმაც ან სხვას უნდა წაართვას კონტროლი, ან თავად გახდეს სხვისი მტრული დაუფლების მსხვერპლი. სხვა სიტყვებით: ან ამერიკა დაეუფლება რუსეთს, ან რუსეთი დაეუფლება სხვის ტერიტორიას.
სხვა სიტყვებით, საქმე სოციალურ და პოლიტიკურ წარმოდგენებსაც ეხება?
ილია მატვეევი: დიახ, ვლადიმირ პუტინიც გამუდმებით თავად გვაძლევს იმის დამადასტურებელ მაგალითებს, რომ პოლიტიკური წარმოდგენები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა. გაიხსენეთ მისი საუბარი „ცელნამგალა ვეშაპებსა და თეთრ დათვებზე“ მასწავლებლებთან შეხვედრის დროს. იგი ამბობდა, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე ცელნამგალა ვეშაპები თეთრ დათვებს „ხროვად ესხმიან თავს“ და „წვრილ თევზებივით ყლაპავენ“. პუტინი ამბობდა, რომ ამ მაგალითით მასწავლებლებმა მოწაფეებს უნდა აუხსნან, თუ „რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
ანუ პუტინის წარმოსახვაში ვეშაპები დათვებს შეჭმით ემუქრებიან, ამიტომ დათვებმაც უნდა დაასწრონ: გადარჩება მხოლოდ ის, ვინც პირველი დაარტყამს; დანარჩენებს კი შეჭამენ. როდესაც ეს ლოგიკა სისტემურ სახეს იღებს, იგი გადაიქცევა იმად, რასაც ჩვენ „ტოტალურ იდეოლოგიას“ ვუწოდებთ.
„წმინდად ‘კლეპტოკრატიული’ თვალსაზრისით, ლოგიკური იქნებოდა, ომი საერთოდ არ დაწყებულიყო.“
— ილია მატვეევი
როგორ აღიქვამს ვლადიმირ პუტინი შეერთებული შტატების განცხადებას, რომ მას არავის დაპყრობა ანუ შეჭმა არ სურს და კომპრომისის ძიებას აპირებს? მისთვის ეს მხოლოდ სიცრუე შეიძლება იყოს — მორიგი ხრიკი, რომლის ერთადერთი მიზანიც რუსეთის შეჭმაა. ამ აღქმას მხოლოდ ერთი პასუხი მოსდევს: თავი ისე მოაჩვენო, თითქოს მოლაპარაკებას აწარმოებ; განუწყვეტლივ იცრუო, რადგან ეჭვობ, რომ მოწინააღმდეგეც იმავეს აკეთებს; სინამდვილეში კი აგრესიული მოქმედებისთვის მოემზადო და თან დააშინო მოწინააღმდეგეს, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზად არის.
ამ ლოგიკიდან თუ ამოვალთ, უკვე მივხვდებით, როგორ გაბედა რუსეთის ელიტამ ასეთი აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. თუ ძალა არ აჩვენე შენი ინტერესების დასაცავად, შეგჭამენ, გაანადგურებენ, მოგსპობენ. პუტინი მუდმივად სწორედ ამ ენით საუბრობს. რა საკითხსაც უნდა ეხებოდეს, მისი ყველა გამოსვლა ეგზისტენციალური რიტორიკითაა გამსჭვალული: ხელოვნურ ინტელექტზეც კი ვერ საუბრობს ისე, რომ მას რუსეთის არსებობა-გადარჩენის საკითხი არ დაუკავშიროს. იგივე ხდება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაშიც.
აქ აუცილებელი ხდება ბოლო ელემენტი: პუტინმა უნდა აუხსნას ხალხს, თუ რატომ ატყუებს დასავლეთი რუსეთს და რატომ უნდა მისი შეჭმა. სწორედ ამისთვის ხდება გამოსადეგი ივან ილინისა და ალექსანდრ დუგინის მსგავსი იდეოლოგების ნაშრომები. კრემლის ბინადრები აქ პოულობენ თეორიებს იმის ასახსნელად, თუ რატომ სძულს დასავლეთს რუსეთი ასე ძლიერ. ამგვარად, ეს ეგრეთწოდებული იდეოლოგები რუსეთის მთელი პოლიტიკის ამოსავალ იდეოლოგიურ პოსტულატს - ან შენ შეჭამ, ან შენ შეგჭამენ - უფრო რთული თეორიული კონსტრუქციებით ფუთავენ.
ილია ბუდრაიცკისი: დავაზუსტოთ კიდევ ერთი რამ. როდესაც მეცნიერები იდეოლოგიის ბირთვზე ვსაუბრობთ, როგორც წესი ვვარაუდობთ, რომ მას დოქტრინული ხასიათი და გარკვეული თანმიმდევრულობა უნდა გააჩნდეს. მაგრამ ლოგიკური კავშირი იმას შორის, რასაც ჩვენ „პირველი დონის“ და „მეორე დონის იდეოლოგიებს“ ვუწოდებთ, სრულიად სხვაგვარად არის აგებული.
რუსეთის ელიტაში არსებობს რწმენა, რომ ბუნების კანონები — რომლებიც, მათი აზრით, ისტორიის კანონებიცაა, რითაც ბუნებასა და ისტორიას შორის განსხვავება იშლება — ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვასწავლის. ყველაფერი, რაც შემდეგ მოდის, მხოლოდ ამ „ცხოვრებისეული ჭეშმარიტებების“ დადასტურებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ დუგინის, ილინისა თუ სოლჟენიცინის თეზისები რუსული ელიტისთვის დამაჯერებელი სწორედ იმის გამოა, რომ ისინი პრინციპულად ახალს არაფერს ამბობენ. დუგინის ტომების კითხვით ვერაფერს ახალს ვერ ისწავლი; ეს ტექსტები მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის დადასტურებაა, მსოფლმხედველობისა, რომელსაც მანამდე შესაფერისი ინტელექტუალური და რიტორიკული ფორმა არ გააჩნდა.
ასეთი ხედვა გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ დუგინისა და სხვა იდეოლოგების რეალური გავლენის ბუნებაც. რუსეთში მათ არ აღიქვამენ ორიგინალური იდეების შემქმნელ მოაზროვნეებად, სულიერ და ინტელექტუალურ მასწავლებლებად. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი პუტინს ლამაზად უყალიბებენ იმას, რისი მას ისედაც სჯერა, ოღონდ მკაფიოდ და ლამაზად ვერ აყალიბებს. ამ გაგებით, ამ იდეოლოგების როლი მეორადია, თუმცა უმნიშვნელო სულაც არ არის: გარკვეულ ეტაპზე ეს ინტელექტუალური წიაღსვლები თავისთავად რეალურ ძალასაც იძენს.
როგორ მოხდა, რომ სწორედ უკრაინამ დაიკავა ცენტრალური ადგილი რუსულ იმპერიალისტურ პოლიტიკაში? რა როლს თამაშობს აქ იდეოლოგიური მოტივები?
ილია ბუდრაიცკისი: ამისთვის მიზეზთა მთელი ერთობლიობა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, არის სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთის აგრესია 2000-იან წლებში რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში უკვე დაწყებული პროცესების ერთგვარ გაგრძელებად იქცა. თუმცა არსებობს პოლიტიკური და იდეოლოგიური კომპონენტიც: იმპერიულ წარმოსახვაში უკრაინა ისტორიული რუსეთის ნაწილად გვევლინება.
უკრაინის შიდა პროცესები და შიდა პოლიტიკა რუსეთში ხშირად განიხილება რუსეთის ფედერაციის მომავლის ანარეკლად ან წინასწარმეტყველებად.
- ილია ბუდრაიცკისი
ამ ხედვით, უკრაინის შიდა პროცესები და შიდა პოლიტიკა განიხილება რუსეთის ფედერაციის მომავლის ანარეკლად ან წინასწარმეტყველებად. ამიტომ მაიდნის მოვლენები რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ აქტად აღიქვეს: როგორც დასავლეთის წინსვლა რუსეთის საზღვრებისკენ — არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მენტალური და პოლიტიკურ-წარმოსახვითი გაგებითაც — და როგორც გამოწვევა, რომელიც რუსეთის რეჟიმს თავად ქვეყნის შიგნითაც უქმნიდა საფრთხეს.
ამ იდეოლოგიზებული აღქმით არ არსებობს მკაფიო საზღვარი მაიდანსა და ბოლოტნაიას მოედნის დემონსტრაციებს შორის. ორივე ერთი და იმავე პროცესის ნაწილად განიხილება — დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ინფორმაციულ და მენტალურ ომად, რომელიც „ყალბი ღირებულებების“ დანერგვას ემყარებოდა. უკრაინის დამოუკიდებლობის იდეაც ისეთივე „ყალბი ღირებულებაა“, როგორიც მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციაშიც უნდა ტარდებოდეს გამჭვირვალე არჩევნები და ხელისუფლება მშვიდობიანად იცვლებოდეს.
ილია მატვეევი: ამას ისიც ემატება, რომ უკრაინა ის კვანძია, სადაც რუსული იმპერიალიზმი რუსულ ნაციონალიზმს ხვდება. უკრაინა არ არის უბრალოდ იმპერიის განაპირა მხარე, რომელსაც რესურსების ან რაიმე სხვა, წმინდად ინსტრუმენტული მიზნისთვის - მაგალითად, დასავლეთის სამხედრო შემოჭრის შესაკავებლად - აკონტროლებ.
უკრაინა აღიქმება რუსი ერის ნაწილად: ის არის „სამთავიან ერის“ ერთ-ერთი თავი, როგორც ამას ჯერ კიდევ რევოლუციამდელი ეპოქის ძველ თეორიებში ასაბუთებდნენ. სხვა სიტყვებით, უკრაინა თავად რუსეთის ძლიერების არსებითი ნაწილია. თუ ამ განტოლებიდან უკრაინას ამოვიღებთ, მთელი ის ნაგებობა, რომელსაც მისი აპოლოგეტები „ისტორიულ რუსეთს“ უწოდებენ, ხუხულასავით დაიშლება.
ამ ფუნდამენტურად ნაციონალისტურ წარმოსახვაში რუსი ერი ასე თუ ისე უკრაინელ ერსაც მოიცავს — აუცილებელი არ არის, ისინი ერთ სახელმწიფოდ განიხილებოდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ლოგიკის ფარგლებში უნდა არსებობდნენ. ამიტომ, როდესაც უკრაინა რუსეთისადმი მტრულ სახელმწიფოდ იქცევა, თავად რუსეთიც იკარგება და თითქოს საკუთარ თავისაგან უცხოვდება.
ამგვარად უკრაინისთვის ბრძოლა უკანასკნელი ბრძოლის — last stand-ის — მნიშვნელობას იძენს, როგორც ანდრეი ციგანკოვი ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა ყირიმის შესახებ სტატიაში.³ მან ზუსტად ეს ხედვა ჩამოაყალიბა: უკრაინის დაკარგვა ყველაფრის, თვით რუსეთის დაკარგვას ნიშნავს. უკრაინის გარეშე რუსეთი აღარ იარსებებს; დარჩება მხოლოდ „რუსეთის ფედერაცია“ — წარმონაქმნი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ეჭვის თვალით უცქერს და პოლიტიკურად ძნელად განსასაზღვრად მიიჩნევს.
როცა პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის „უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ მიიჩნევს, ამის მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა კავშირი მისთვის ისტორიულ რუსეთს ემთხვეოდა. რუსეთის ფედერაციაზე იგივეს ვერ ვიტყვით; განსაკუთრებთ მაშინ, თუკი უკრაინა რუსეთისადმი მტრულ სახელმწიფოდ გადაიქცევა.
უკიდურეს შემთხვევაში, რუსეთისთვის „ახლო მეგობარი“ უკრაინა — ისეთი, როგორიც დღეს ბელარუსია — მისაღები იქნებოდა: სამთავიანი ერი ასეთი დანაწევრებული ფორმით მაინც იარსებებდა და გადარჩებოდა. მაგრამ მტრული უკრაინა, რომელიც NATO-ს შეუერთდება ან სადაც, პუტინის სიტყვებით, „უცხო გეოკულტურული ღირებულებები, დასავლეთში გამეფებული გარყვნილება და სატანიზმი“ გაიმარჯვებს, რუსეთის დასასრულს მოასწავებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს უკრაინით ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის მრავალი წევრის შეპყრობილობა.
„დუგინის ტომების კითხვით ვერაფერს ახალს ვერ ისწავლი; იქ მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის დადასტურებას იპოვი.“
— ილია ბუდრაიცკისი
თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება ვიკითხოთ: რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინის საზღვარს ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა? თუნდაც დავუშვათ, რომ უკრაინა NATO-ს შეუერთდა (რაც ყოველთვის თითქმის ნულოვანი ალბათობის ჰიპოთეზა იყო და დღემდე ასეთად რჩება). რით განსხვავდება ასეთი უკრაინის საზღვარი ბალტიის ქვეყნების საზღვრებისგან, რომლებიც NATO-ს წევრები კარგა ხანია არიან და რუსეთს ესაზღვრებიან? რატომ არ ათავსებენ ამერიკელები ბირთვულქობინიან რაკეტებს ბალტიის ქვეყნებში?
იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის ბაზარზეც: რატომ უნდა იყოს იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რუსეთის ეკონომიკისთვის? რატომ გახდა აუცილებელი უკრაინის ნებისმიერ ფასად იძულება, რომ რუსეთთან საბაჟო კავშირს შეერთებოდა, რაც მაიდნისა და შემდგომი მოვლენების ამოსავალი წერტილი გახდა?
მაიდანი 2013 წელს რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიული ზომების შედეგად დაიწყო, როდესაც მოსკოვმა სცადა, უკრაინა იძულებით გაეწევრიანებინა იმ გაერთიანებაში, რომელიც მოგვიანებით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად იქცა. ჩვენს წიგნში განხილული მრავალი ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინა ამ საბაჟო კავშირში მართლაც რომ შესულიყო, რუსეთის ეკონომიკისთვის ეს ძირეულად არაფერს შეცვლიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა საკითხი პრინციპულ საკითხად, ეროვნულ პრიორიტეტად და აკვიატების საგნად აქცია.
თქვენი აზრით, რატომ?
ილია მატვეევი: კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ აკვიატებას ის ნაციონალისტური ხედვა განაპირობებს, რომლის თანახმადაც უკრაინის გარეშე რუსეთი აღარ იარსებებს. უკრაინის გარეშე რუსეთისაგან დარჩება მხოლოდ უფორმო ჩონჩხი - აბსოლუტური ისტორიული მარცხის უკანასკნელი სიმპტომი.
ამასთან, ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსულ სახელმწიფოს - ანუ, მისი გაგებით, იმ დიდი ისტორიული რუსეთის, რომელიც ყოველთვის მოიცავდა უკრაინას - არსებობის ათასწლოვანი ისტორიული უწყვეტობა გააჩნია და ახლა კი ის შესაძლოა დასრულდეს. სწორედ ეს ლოგიკა უბიძგებს მას იფიქროს, რომ უკრაინაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაწირვა შეიძლება.
აქედან მომდინარეობს მისი რადიკალიზმი და ჯიუტი უარი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი დიდი ხანია ჩიხშია შესული და სარგებელი არავისთვის მოაქვს. მისთვის ეს მიზანი აბსოლუტურ ხასიათს ატარებს. უკრაინის გარეშე ყველაფერი მთავრდება. საქმე მხოლოდ პირად დამარცხებას კი არ ეხება, არამედ ათასწლოვანი რუსული ცივილიზაციის დასასრულს.
ჩანს თუ არა დღეს ბზარები რუსეთის სისტემაში?
ილია მატვეევი: დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციები რუსეთის მოსახლეობაში უნდა ვეძებოთ. ის სრულად არასოდეს იზიარებდა ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტურ და ნაციონალისტურ ლოგიკას. ჯერ კიდევ 2021 წელს გამოქვეყნებული მისი სტატია რუსებისა და უკრაინელების ერთიანობის შესახებ ეწინააღმდეგებოდა იმას, რისიც რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საერთოდ იმას, რაც ამ მოსახლეობას ზოგადად აინტერესებს.
რუსეთის მოსახლეობა, ძირითადად, რუსეთს რუსეთის ფედერაციასთან აიგივებს. წარმოდგენა „ისტორიულ რუსეთზე“ და უკრაინის ეგზისტენციალურ მნიშვნელობაზე მოსახლეობაში არასოდეს ყოფილა დომინანტური - არც ომამდე და არც დღეს.
თავად ომს გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში საკმაოდ შეზღუდული. სხვადასხვა მეთოდოლოგიით ჩატარებული ხელმისაწვდომი კვლევები ადასტურებს, რომ რუსები ომს უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან; ისინი მხარს უჭერენ მოლაპარაკებას, მათ შორის ურთიერთდათმობების გზით მშვიდობას; და თავად ომში მონაწილეობა არ სურთ - განსაკუთრებით ეს ტენდენცია ბოლო ხანებში გაძლიერდა.
როდესაც რუსებს ეკითხებიან, მზად არიან თუ არა ფრონტზე წასასვლელად, სულ უფრო მეტი პირდაპირ უარყოფით პასუხს იძლევა. ადრე სოციალური ზეწოლა მათ უბიძგებდა ეთქვათ: „დიახ, წავალ თუ გამიწვევენ“. დღეს ეს პასუხიც შეიცვალა. მთლიანობაში, ომი არასოდეს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული და სულ უფრო კარგავს მხარდაჭერას. მოსახლეობა დაიღალა იმ სირთულეებით, რომლებიც ომს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოაქვს, და მის მიერ გამოწვეული ტრაგედიებით - ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების დაკარგვით.
არ არსებობდა შესაძლებლობაც კი, რომ დუმის არჩევნებს რაიმე საინტერესო შედეგი მოეტანა. კრემლის მიერ მთლიანად კონტროლირებული არჩევნები ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თუმცა შედეგებში გარკვეული სახის პოლიტიზება მაინც შეინიშნება. ამ რეპრესიულ გარემოში უკმაყოფილების ღიად გამოხატვა შეუძლებელია, მაგრამ რეჟიმისადმი გულწრფელი მხარდაჭერაც არ არსებობს. ამიტომ რუსეთის საზოგადოებაში აშკარად დაგროვებული ფრუსტრაცია გამოხატვის გზებს ეძებს.
სწორედ ამიტომ ჩაეჭიდა უცებ ყველა პარტია „იაბლოკოს“, რომელიც ყოველთვის სუსტი და მარგინალური პოლიტიკური ძალა იყო. ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის 24% მზად იყო, ამ პარტიისთვის მიეცა ხმა და ეს მაშინ, როცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ის ეროვნულ არჩევნებში 10%-იანი ზღვართან ახლოს არასოდეს მისულა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ „იაბლოკოს“ ამომრჩეველთა 24%-ის მხარდაჭერა ჰქონდეს.
და თუ ეს შედეგი მაინც დაფიქსირდა, მიზეზი ისაა, რომ „იაბლოკო“ ომის საწინააღმდეგო პოზიციის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ პარტია საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღეს და არჩევნებში მონაწილეობას ჩამოაშორეს: რეჟიმისთვის უმცირესი ნაპრალიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ დაგროვილი უკმაყოფილებას ერთბაშად ამოეხეთქა.
არის თუ არა სომხეთში, აზერბაიჯანსა და შუა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გამოვლენილი რეაქციები რუსული იმპერიალიზმის დასუსტების ნიშანი?
ილია ბუდრაიცკისი: აშკარაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ჰეგემონია სუსტდება. ეკონომიკურ ძალასა და მემკვიდრეობით მიღებულ ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, რუსეთის ჰეგემონია ამ სივრცეში საერთო კულტურულ მემკვიდრეობასაც ეყრდნობოდა.
მაგრამ რუსეთმა ზიარი კულტურის საკითხი სამხედრო ექსპანსიისთვის არგუმენტად აქცია. რუსული ენა, რომელიც ოდესღაც უბრალოდ „რბილი ძალის“ ინსტრუმენტი იყო, სამხედრო ჩარევის საბაბად გარდაქმნა: მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიას უფლება აქვს, შეიჭრას ყველგან, სადაც რუსულად საუბრობენ, რათა რუსულენოვანთა „უფლებები დაიცვას“. ამის შემდეგ, რაღა უნდა დარჩეს ამ კულტურულად ჰეგემონური როლისგან?!
შედეგად, ყაზახეთის მსგავსი სახელმწიფოები, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობს შედარებით მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა და რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, სერიოზულად შეშფოთდნენ თავიანთი ტერიტორიული მთლიანობის გამო. ისინი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მოპოვებას ძალაუფლების სხვა ცენტრებთან ურთიერთობის დამყარებით ცდილობენ.
მსგავსი ვითარებაა სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც რუსეთის ეკონომიკური გავლენა პირდაპირი ზეწოლის ფაქტორად იქცა. საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული პოსტსაბჭოთა სივრცე, როგორც რუსეთის არასამხედრო ჰეგემონიის არეალი, საბოლოოდ იშლება.
თქვები აზრით, ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, მომავალი მნიშვნელოვანი არჩევნების კონტექსტში, როგორ უნდა ვსაუბრობდეთ რუსული იმპერიალიზმის საკითხზე?
ილია მატვეევი: აქ ორი შესაძლო მიდგომა უნდა განვიხილოთ. პირველი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს და მისგან როგორმე უნდა დავიცვათ თავი. პოლიტიკურად ეს მემარცხენეობას რთული დილემების წინაშე აყენებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით? მილიტარიზაციის ხელშეწყობას? თუ ასეა, მაშინ რა ფორმით? თუკი გავითვალისწინებთ, რომ საუბარია სამხედრო მრეწველობაზე, მემარცხენეობა კი ყოველთვის დემილიტარიზაციას უჭერდა მხარს, ეს ყველა დონეზე რთული საკითხია.
მეორე მიდგომაა: რუსული საფრთხე არ არსებობს; ეს მხოლოდ მმართველი კლასის მიერ გამოგონილი საფრთხობელაა, რომლითაც ფრანგი თუ ევროპელი მშრომელების სოციალური მონაპოვრის გაუქმებას ამართლებენ.
ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, პირველი პასუხია სწორი. რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ევროპისთვის რეალურია - ეგებ არა უშუალოდ საფრანგეთისთვის, მაგრამ მთელი ევროპისთვის, რომელსაც პუტინი მტრად განიხილავს. მისი მიზანია ევროპული ერთიანობის გახლეჩა, რათა თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე აიძულოს, რუსეთთან მოლაპარაკებისას ყველა შესაძლო დათმობაზე წავიდეს, მათ შორის სამხედრო სფეროშიც.
შეიძლება, მაგალითად, NATO-დან ყველა იმ ქვეყნის გაყვანა მოითხოვოს, რომლებიც ალიანსს 1990-იანი წლების შემდეგ შეუერთდნენ; ევროპული არმიების საერთო შემცირება ან რუსეთის სამხედრო ძალების განთავსებაც კი აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ეს მთელი მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადახედვას ნიშნავს.
შეიძლება ამ ყველაფრისთვის უბრალოდ იგნორირება? ვფიქრობთ, რომ არა. ჩვენს წიგნში ვამტკიცებთ, რომ რუსული საფრთხის უგულებელყოფა შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია მილიტარიზაციის შესახებ დებატების თავიდან აცილება. სამხედრო მშენებლობისთვის ბრმად წინააღმდეგობის გაწევა ნიშნავს იმავე შეცდომის გამეორებას, რომელიც ერთხელ უკვე დავუშვით 24 თებერვლამდე, როდესაც გამუდმებით გვარწმუნებდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სრულიად წარმოუდგენელი იყო.
წარსული გამოცდილება საკმარის საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რუსული საფრთხე სერიოზულად მივიღოთ და ევროპის თავდაცვის გაძლიერების შესახებ ყველა წინადადება ავტომატურად არ უარვყოთ, როგორც მმართველი პარტიების მიერ ხალხისთვის თავს მოხვეული აბსურდი.
ევროპას მსოფლიოში ახალი ადგილის პოვნა მოუწევს. დღეს იგი ჯერ კიდევ ზედმეტად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე - უდავოდ იმპერიალისტურ ძალაზე, როგორც ეს ახლახან ირანშიც დავინახეთ. ევროპა მუდმივად ეხვევა ამერიკის ავანტიურებში, თუმცა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას კვლავ მას ანდობს. ამ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება უნდა განამტკიცოს.
უფრო ფართოდ რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, ევროპა იმდენად არის იმპერიალისტური მოთამაშე, რამდენადაც შეერთებულ შტატებს ემორჩილება. მართალია, ხანგრძლივი ისტორიიდან მომდინარე იმპერიალისტური ელემენტები ჯერაც არ გამქრალა - პირველ რიგში, ამის მაგალითია საფრანგეთის პოლიტიკა აფრიკაში - მაგრამ ევროპული იმპერიალიზმი, უპირველეს ყოვლისა, ტრანსატლანტიკური იმპერიალიზმის ფარგლებში არსებობს. ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ევროპას სრულიად სხვაგვარ ძალად ქცევა და იმპერიული ლოგიკისგან თავის დაღწევა შეეძლება.
ილია ბუდრაიცკისი: ამავე დროს, ჩვენს წიგნში ვცდილობთ, გავემიჯნოთ რუსეთის ეგზოტიზაციის ტენდენციას, რომელიც საჯარო დისკუსიებში ხშირად დომინირებს. ვგულისხმობ წარმოდგენას, თითქოს რუსეთს თან სდევს „აღმოსავლური დესპოტიზმის“ ათასწლოვანი ისტორია, რომელიც დღეს ვლადიმირ პუტინის ქმედებებში ვლინდება. ამ წარმოდგენისაგან გამიჯვნა ისევეა საჭირო, როგორც მოსაზრებისგან, თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი განსაკუთრებით დაჩაგრეს და ახლა მხოლოდ იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც სამართლიანად ეკუთვნის.
წიგნში ვამტკიცებთ, რომ რუსეთში მიმდინარე იმპერიალიზმის იდეოლოგიზაციის პროცესი გამონაკლისი სულაც არ არის. ერთი მხრივ, იგი მართლაც ეფუძნება რუსეთისთვის დამახასიათებელი ისტორიული გარემოებებისა და პუტინის რეჟიმის სპეციფიკური ევოლუციის თანხვედრას; მეორე მხრივ კი უფრო ფართო, გლობალურ ტენდენციებს ირეკლავს.
„ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ევროპას სრულიად სხვაგვარ ძალად ქცევა და თავად იმპერიული ლოგიკისგან თავის დაღწევა შეეძლება.“
— ილია მატვეევი
არც პუტინის იდეოლოგიის სტრუქტურაა უნიკალური — არგუმენტების ორი დონის კავშირი, სადაც უკიდურესი ცინიზმი მესიანისტურ იდეებსა და სხვა „ტრადიციულ ღირებულებებს“ ერწყმის. მსგავსი ხასიათისაა ევროპაში მიმდინარე არაერთი პროცესიც.
ამ თვალსაზრისით, „ეროვნული გაერთიანების“, გერმანიაში AfD-სა და სხვა ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების აღზევება ნაკლებად აიხსნება კრემლის მცდელობით, ეს ძალები ევროკავშირის დასაშლელად გამოიყენოს. უფრო მნიშვნელოვანია ის საზიარო იდეოლოგიური წარმოდგენები, რომლებიც ამ პარტიებს ობიექტურად აახლოებს პუტინის რუსეთთან.
ამრიგად, პუტინის მოწინააღმდეგე მხოლოდ ევროკავშირი არ არის, როგორც სამხედრო, ეკონომიკური ან პოლიტიკური პროექტი. ევროპა მტერია იმ ღირებულებათა გამოც, რომლებსაც ის იდეოლოგიურად განასახიერებს და რომლებსაც პუტინი „უცხოდ“ მიიჩნევს. მისი თვალთახედვით, ეს ღირებულებები „ფარისევლურია“, რადგან მალავს „ნამდვილ“ რეალობას — ბუნებრივ ან ისტორიულ კანონებს, რომელთა თანახმადაც ყოველ ჭეშმარიტად სუვერენულ ქვეყანას, ყოველ ნამდვილ „მტაცებელს“, უფლება აქვს, ნანადირევის თავისი წილი მოითხოვოს და საკუთარ მიზნებს ძალით მიაღწიოს.
არსებითად, ვლადიმირ პუტინის მიზანია ყველა დიდ ევროპულ ერს „ნამდვილი“ სუვერენიტეტი დაუბრუნოს, იმ გაგებით, რომლითაც მას ეს ცნება ესმის. პუტინი ამბობს, გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა კვლავ უნდა მოიპოვონ ჭეშმარიტი სუვერენულობა - ანუ გახდნენ მტაცებლები. ხოლო მათ, ვინც ნამდვილ სუვერენიტეტზე პრეტენზიას ვერ აცხადებს - მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ - კვლავ ის ადგილი დაიკავონ, რომელიც ყოველთვის ეკავათ და რომელიც მათ „ნამდვილ ბუნებას“ შეესაბამება: ამა თუ იმ დიდი ერის კოლონიებად იქცნენ.
სწორედ ეს ლოგიკაა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი. დღეს იგი იმ უფრო ფართო დინამიკაში ჯდება, რომელიც ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში მემარჯვენეობისა და ულტრამემარჯვენეობისკენ შემობრუნებას განაპირობებს.
