ტექსტზე გადასვლა

100 წელი ვინი ფუუჰთან ერთად

გულუბრყვილო, თაფლისმოყვარული დათუნიას პერსონაჟის მიღმა საკმაოდ ჩახლართული და ამავე დროს გულისამაჩუყებელი ისტორია იმალება

100 წელი ვინი ფუუჰთან ერთად
ილუსტრაცია: დიანა ხაბეიშვილი

14 ოქტომბერს ზუსტად ასი წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა მსოფლიომ ვინი ფუუჰი გაიცნო.

წიგნის ავტორი, ალან ალექსანდერ მილნი ლონდონელი მწერალი და დრამატურგი გახლავთ, რომელმაც სახელი ჟურნალ „პანჩის“ (Punch) ფურცლებზე დაბეჭდილი მახვილგონივრული, იუმორისტული ლექსებით, წარმატებული თეატრალური კომედიებითა და დახვეწილი დეტექტიური რომანით გაითქვა. თუმცა მისი ცხოვრების მთავარ შედევრად იქცა თამაში, რომელიც საკუთარ ვაჟიშვილთან, პატარა კრისტოფერ რობინთან ერთად წამოიწყო. ბავშვის სათამაშოები მამამ უკვდავ პერსონაჟებად აქცია, თავად ბიჭუნა კი - ჯადოსნური ტყის განუყოფელ ნაწილად.

მამა-შვილობა მილნებს განსაკუთრებული ჰქონდათ: მამა შვილს ზღაპრებსა და ლექსებს უთხზავდა, და ბიჭუნა კი უდარდელი თამაშებითა და საყვარელი სათამაშოებით ამ ჯადოსნურ თავგადასავლებს სულსა და ხორცს ასხამდა.

თუმცა ზღაპარი მალე ხალხის კუთვნილება გახდა, ამას კი პოპულარობასთან ერთად, კრისტოფერისთვის მტანჯველი დიდებაც მოჰყვა. ბიჭების პანსიონში თანატოლები კრისტოფერს მამის წიგნების გამო ულმობლად დასცინოდნენ. გადიოდა ხანი და ბიჭს სულ უფრო მეტად ეჩვენებოდა, რომ მამამ უღალატა, როცა მისი პირადი, სათუთი და ბავშვური მოგონებების ხარჯზე ლიტერატურული აღიარება მოიპოვა. დროთა განმავლობაში მამა-შვილის ურთიერთობა გაცივდა და გაუცხოვდა. კრისტოფერმა თავშესაფარი დარტმუთში, მეუღლესთან, ლესლისთან ერთად გახსნილ მყუდრო წიგნის მაღაზიაში ჰპოვა.

მხოლოდ 1974 წელს, წიგნის გამოცემიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ შეძლო კრისტოფერ მილნმა თავის ტკივილზე საუბარი გულახდილ მემუარში „მოჯადოებული ადგილები“. ამ წიგნით ის საბოლოოდ შეურიგდა ბედს - მთელი მსოფლიოსთვის იგი მუდამ დარჩება იმ უკვდავ პატარა ბიჭუნად, რომელიც ასი წლის წინათ თავის დათუნიასთან ერთად ასაკოვან ფიჭვებს შორის სეირნობდა.

თუმცა ვინი ფუუჰის ისტორია მხოლოდ მამა-შვილობის სირთულეებს არ მალავს. თავად წიგნსაც ისეთივე საინტერესო და თავგადასავლებით სავსე წარსული აქვს, როგორც თვითონ ჯადოსნური ტყეში მცხოვრებ მთავარ გმირს.

დათვის ბელი ოც დოლარად

ჩვენი ამბავი უღრან ტყეში კი არა, რკინიგზის ბაქანზე იღებს სათავეს. 1914 წლის 24 აგვისტოს, პირველი მსოფლიო ომში მიმავალი კანადელი ჯარისკაცებით დატვირთული მატარებელი ონტარიოს მიყრუებულ დაბასთან, უაით-რივერთან შეჩერდა. სწორედ იქ, ბაქნის ერთ კუთხეში, ადგილობრივ მონადირეს დაობლებული, შავი დათვის პატარა ბელი ედგა გვერდით.

ამავე ეშელონით მგზავრობდა ქალაქ ვინიპეგიდან მომავალი სამხედრო ვეტერინარი, ლეიტენანტი ჰარი კოლბორნიც. უპატრონო არსების დანახვაზე კოლბორნს გული შეეკუმშა, ოციოდე დოლარის სანაცვლოდ ბელი გამოისყიდა და მშობლიური კერის საპატივცემულოდ მას ვინიპეგი უწოდა. ეს სახელი მალე საალერსო „ვინიდ“ შეიკუმშა. იმავე დღეს ვეტერინარის პირად დღიურში ლაკონიური, თითქმის განყენებული ჩანაწერი გაჩნდა: „ვიყიდე დათვი. 20 დოლარი.“

ლეიტენანტი ჰარი კოლბორნი და ვინიპეგი, 1914 წელი

პაწაწინა ბელი მალე მთელი სამხედრო შენაერთის ნებიერად და თილისმად იქცა. ვინი ერთგული ფინიასავით დასდევდა კოლბორნს, ღამით კი მის საველე საწოლქვეშ მოკალათდებოდა ხოლმე. მოგვიანებით, მებრძოლთა გვერდით, მან ატლანტის ოკეანეც გადალახა და ბრიტანეთის მიწაზე, სოლსბერის ნისლიან ველზე, ჯარისკაცების მხარდამხარ უდრტვინველად ითმენდა სამხედრო წვრთნებს.

თავაზიანი ვინიპეგი ლონდონში

1914 წლის სუსხიან დეკემბერში ჯარისკაცებს საფრანგეთის ფრონტისკენ დაძვრა უბრძანეს. სანგრები კი სულაც არ გამოდგებოდა დათვის ბელისთვის თავშესაფრად. 9 დეკემბერს ლეიტენანტმა კოლბორნმა თავისი განუყრელი მეგობარი, ვინი, ლონდონის ზოოპარკის მზრუნველობას მიანდო და შეჰფიცა, რომ ომის დასრულებისთანავე მშობლიურ მხარეში დააბრუნებდა. თუმცა, როცა მსოფლიო ნანატრ მშვიდობას დაუბრუნდა, კოლბორნი მიხვდა, რომ ვინი უკვე განუყოფლად ეკუთვნოდა ნისლიან ალბიონს და გადაწყვიტა, აღარ მოეწყვიტა იმ ქალაქისთვის, რომელმაც გულში ასე ჩაიკრა.

ლონდონს ვინი მთელი არსებით შეუყვარდა. ზოოპარკის მომვლელები ერთხმად აღიარებდნენ, რომ დაწესებულების მთელ ისტორიაში ვინიზე უფრო დამჯერი, თვინიერი და კეთილშობილი ბინადარი არასოდეს ენახათ. იგი იმდენად მშვიდი და სათნო ბუნების იყო, რომ პატარებს ნებასაც კი რთავდნენ, ვოლიერში შესულიყვნენ, საკუთარი ხელით ტკბილეულით გამასპინძლებოდნენ  და მის ფუმფულა ზურგზეც კი წამოსკუპებულიყვნენ.

ვინი ზოოპარკში, 1920-იანი წლები

იმ აღტაცებულ ბავშვთა შორის იყო ერთი პატარა ბიჭუნა, კრისტოფერ რობინ მილნი. ერთხელ ნახვა იყო და აღარ ასვენებდა ბიჭუნა მამას, მწერალ ალან ალექსანდერ მილნს, კიდევ წამიყვანე საყვარელ მურა მეგობართანო. პატარა კრისტოფერი პატარა კოვზით ასმევდა ვინის შესქელებულ რძეს, თვალებში ჩასჩერებოდა და გულში უსასრულო სითბო ეღვრებოდა. აი, სწორედ ამ სიყვარულმა შთაბერა სული მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უკვდავ და ყველასათვის საყვარელ ზღაპარს.

ნამდვილი დათუნა ვინი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, 1934 წლის 12 მაისამდე, ლონდონის ზოოპარკში ცხოვრობდა და 20 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სათამაშო დათუნია სახელად ედვარდი

ამასობაში, მილნების მყუდრო საბავშვო ოთახში მიყუჩებული ერთი დათუნია ელოდა დიდების წუთებს. 1921 წელს, როდესაც კრისტოფერ რობინს ერთი წელი შეუსრულდა, მამამ, ალან ალექსანდერ მილნმა, ლონდონის სახელგანთქმულ „ჰაროდსის“ მაღაზიაში ფუმფილა სათამაშო დათუნია უყიდა, რომელსაც პატარა ბიჭუნამ მოგვიანებით ედვარდი უწოდა.

მწერალი ა. ა. მილნი და მისი ვაჟი, კრისტოფერ რობინ მილნი, დათუნია ედვარდთან ერთად.

აქედან მალე დაიწყო ლონდონის ზოოპარკში სტუმრობების ხანა. კრისტოფერ რობინს იმდენად შეაყვარა თავი ნამდვილმა, ცოცხალმა ვინიმ, რომ თავის განუყრელ პლუშის მეგობარს სახელი შეუცვალა და „ვინი“ შეარქვა, ხოლო მოგვიანებით მას სიყვარულითვე მიუსადაგა „ფუუჰი“ - ეს ერთი მოხდენილი გედის სახელი იყო, რომელიც ბიჭუნას ასევე ძალიან უყვარდა. ასე, სრულიად უჩვეულო და ირიბი გზებით, მსოფლიოს უსაყვარლესი დათვის სახელი კანადის ერთი შორეული ქალაქისა და მოხდენილი ფრინველის ხსოვნას დაუკავშირდა.

თუმცა, ედვარდმა ბეჭდურ სამყაროში გზა მანამდეც გაკვალა, სანამ პროზის გვერდებზე გადაინაცვლებდა. იგი პირველად ალან მილნის ლექსში, „Teddy Bear“, გამოჩნდა, რომელიც 1924 წლის თებერვალში სატირულ ჟურნალ „პანჩში“ დაიბეჭდა, მოგვიანებით კი პოეტურ კრებულშიც შევიდა. მაგრამ ვინი პუუჰისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - მას ზღაპრული მოთხრობების უკვდავი სამყარო უნდა მოჰყოლოდა.

მწერალ ა. ა. მილნის ვაჟი, კრისტოფერ რობინ მილნი დათუნია ედვარდთან (ვინი ფუუჰისთან) ერთად, 1928 წელი

ედვარდი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბრიტანეთს მისი უკან დაბრუნება სურს. ამაზე უკვე ბოლოკენ მოგიყვებით...

საშობაო ზღაპარი

1925 წლის მიწურულს, აღმოსავლეთ სასექსში, ეშდაუნის ტყიდან სულ რაღაც ერთი მილის სავალზე, ალან ალექსანდერ მილნმა მყუდრო მამული, კოჩფორდ-ფარმი შეიძინა. ქალაქის ხმაურისგან სწორედ აქ აფარებდა თავს ოჯახი უქმეებსა თუ არდადეგებზე. წლების შემდეგ, კრისტოფერ მილნი გულახდილად აღნიშნავდა, რომ ფუუჰის უკიდეგანო სამყარო და ეშდაუნის ტყე ერთი იყო. ლეგენდარული „უღროვანი ტყე“ ნამდვილზე ბევრად უფრო დიდი ჩანდა წიგნში, თუმცა მაინც მის ანარეკლს წარმოადგენდა, ხოლო „მოჯადოებული ადგილი“ - მრავალსაუკუნოვანი ფიჭვების ნამდვილი კორომია. ბავშვებისთვის ეს ადგილი იმიტომ იყო „ჯადოსნური“, რომ იქ ამოსული ხეების ზუსტად დათვლას ვერასდროს ახერხებდნენ: ყოველ დათვლაზე ხან 63 ხე გამოდიოდა, ხანაც 64.

იმავე 1925 წლის შობის ღამეს, ლონდონურმა გაზეთმა „ივნინგ ნიუსმა“ სადღესასწაულოდ შეკვეთილი მოთხრობა გამოაქვეყნა, რომელშიც პერსონაჟს პირველად ეწოდა სახელი - ვინი ფუუჰი. გაზეთის ეს ვერსია ჯ. ჰ. დაუდმა დაასურათა, მოგვიანებით კი სწორედ ეს საშობაო მოთხრობა დაედო საფუძვლად წიგნის პირველ თავს.

ვინი ფუუჰის 1925 წლის დებიუტი ჯ. ჰ. დაუდის ილუსტრაციებით

ჩვენთვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი ილუსტრაციები კი „პანჩის“ ილუსტრატორმა ერნესტ ჰოვარდ შეპარდმა შექმნა. პირველად შეპარდის დახატული დათუნია უკვე ნახსენებ პოეზიის კრებულში გამოჩნდა. ამბობენ, რომ მან ურჩია მილნს, წიგნად გამოეცა შვილისთვის მოყოლილი ისტორიები. როცა ვინი ფუუჰის, თუმცა შეპარდმა კიდე ორი მნიშვნელოვანი შტრიხი შემატა ამ ამბავს: კრისტოფერ რობინის ნამდვილი სათამაშო დათუნია მეტისმეტად მოუხეშავი ჩანდა იმისთვის, რომ ბავშვის გულს მოსაფერებლად მიჰკვროდა. ამიტომაც, მხატვარმა ტილოზე საკუთარი ვაჟის საყვარელი დათუნია „გრაულერი“ გააცოცხლა. გადმოცემით, მილნი ამ სახეცვლილებამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ შედეგს ჭეშმარიტი სრულყოფილება უწოდა.

გრეჰემ და მერი შეპარდები გრეჰემის სათამაშო დათუნია გრაულერთან ერთად

თუ ამ ფოტოზე ფუუჰის გარდა სხვაც გეცნოთ ვინმე, არ შემცდარხართ: კრისტოფერ რობინის დასახატადაც შეპარდმა თავისი ვაჟიშვილი აირჩია მოდელად და არა ნამდვილი კრისტოფერ მილნი.

ასე იყო თუ ისე, ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 1926 წლის 14 ოქტომბერს, „ვინი-ფუუჰმა“ საქვეყნო დიდება მოიპოვა. წიგნი ერთდროულად გამოიცა მსოფლიოს სამ კუთხეში: ლონდონში, ნიუ-იორკსა და ოტავაში. ყდის შიდა მხარეს შეპარდის მიერ ოსტატურად შექმნილი ილუსტრაციები და მის მიერვე შედგენილი, უღროვანი ტყის ჯადოსნური რუკა ეგებებოდა მკითხველის მზერას.

შეპარდის უღროვანი ტყის რუკა

1928 წელს კი გამოვიდა წიგნიც: „სახლი ფუუჰის წილ ტყეში“.

100 წლის შემდეგ

დღეს პირველქმნილი ფუუჰი, გოჭიკო, ი-აა, კენგუ და ვეფხვი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კედლებში ბინადრობენ. ისინი აქ 1987 წელს მილნის ამერიკელმა გამომცემელმა საზეიმოდ დააბინავა. პატარა რუ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, ინგლისის ერთ, დღეს მივიწყებულ ვაშლის ბაღში დაიკარგა; სწორედ ამიტომ, ბიბლიოთეკის მიმდინარე საშემოდგომო გამოფენაზე, სახელწოდებით „შე სულელო, ბებერო დათუნიავ! ვინი ფუუჰი 100 წლისაა“, წარმოდგენილია დედოფალ კამილას მიერ 2026 წლის აპრილში ნაჩუქარი, 9 სანტიმეტრის სიმაღლის ფიგურა.

ფუუჰი, გოჭიკო, ი-აა, კენგუ და ვეფხვი კრისტოფერ რობინს 1920-იან წლებში აჩუქეს.

ამ საკულტო გმირებს შორის უმთავრესი თავად დათუნია ედვარდია, რომლის სამშობლოში დაბრუნებაც ბრიტანეთს ძლიერ სწყურია. ედვარდმა ატლანტის ოკეანე 1947 წელს, სარეკლამო ტურნეს მიზნით გადაკვეთა და მას მერე შინ აღარც დაბრუნებულა, თუ არ ჩავთვლით ორ ხანმოკლე სტუმრობას ლონდონში 1969 და 1976 წლებში. დაბრუნებასთან დაკავშირებულ პოლემიკაში ნიუ-იორკის მერი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც კი ჩაერთნენ.

საიუბილეო თარიღთან ერთად ნისლიანი ალბიონიდან კვლავაც გაისმა მონატრების ხმა, თუმცა ამჯერად დარბაისლური მიწვევის სახით. ბიოგრაფმა ჯაილს ბრანდრეთმა, უშუალოდ დედოფალ კამილას სახელით, ბიბლიოთეკას დაბადების დღის საზეიმოდ აღსანიშნავად მიმართა; სამეფო კარმა კი ფუუჰსა და მის ერთგულ ამალას სამეფო აპარტამენტებიც კი აღუთქვა ბუკინგემის სასახლესა თუ უინძორის ციხესიმაგრეში. თუმცა, ოკეანისგაღმა ბიბლიოთეკამ თავაზიანი უარი შეუთვალა და მიზეზად სათამაშოთა ხანდაზმულობა, მათი სიფაქიზე და მნახველთა უშრეტი ნაკადი დაასახელა. ასე რომ, ეს ლეგენდარული ხუთეული კვლავ ნიუ იორკში განაგრძობს ცხოვრებას.

რას გვასწავლის ფუუჰი?

ვინი ფუუჰი უღროვან ტყეში მცხოვრებთაგან გამორჩეულად ჭკვიანი და გონებამახვილი ცხოველი სულაც არ გახლავთ და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. შეიძლება თავში ნახერხი აქვს, მაგრამ ფუუჰი კეთილია, მეგობრების ერთგული, ცნობისმოყვარე და ასეთადვე რჩება მაშინაც კი, როცა გარშემო ქაოსი და გაუგებრობა ისადგურებს. სწორედ ამ უბრალოებიდან გამომდინარე, ბავშვებსაც და მათთვის წიგნის წამკითხველ უფროსებსაც მისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

როგორც თავად ამბობს, „მეტისმეტად მოკრძალებული ჭკუის დათვია და გრძელ-გრძელი სიტყვები გზას უბნევს“, თუმცა საკუთარი უმეცრების აღიარება არ ესირცხვილება. სანამ ბუ დახლართული მჭერმეტყველებით ცდილობს თავის მოწონებას, ფუუჰი სრულიად გულწრფელად ითხოვს უცნობი ფრაზების ახსნა-განმარტებას. ფუუჰი მოჩვენებით განსწავლულობაზე მაღლა გულწრფელ სიმართლეს აყენებს.

ამასთან სითბოსა და მზრუნველობას უშურველად გასცემს, მათთვისაც, ი-ააასი არ იყოს, ვინც მუდამ ბუზღუნებს და მადლიერებასაც ვერ დასტყუებ. ფუუჰი დაუღალავად აკითხავს მარად სევდით მოცულ ი-აას, ჩუქნის დაბადების დღის ძღვენს და თავშესაფრის აგებაშიც ეხმარება, თუმცა სანაცვლოდ კეთილგანწყობას იშვიათად თუ იმკის. 

„ყველას მეტი დაფიქრება გვმართებს, სხვაზე ზრუნვა...ასეა.“ - ი-აა

ამგვარი უანგარობით ფუუჰი სხვებსაც (განსაკუთრებით კი განუყრელ მეგობარ გოჭიკოს) ეხმარება, შეიძინონ საკუთარი ძალის რწმენა, რადგან სულის სიმტკიცე და სიმამაცე სხეულის სიდიდით არასდროს ფასდება.  და როდესაც მძვინვარე ქარიშხალი ბუს სამყოფელს მიწასთან გაასწორებს, სწორედ პატარა, შეშინებული გოჭიკო იჩენს გამბედაობას ერთადერთ ვიწრო ნაპრალში გასაძრომად და ამით მეგობრებს იხსნის კიდეც.

მილნის სამყაროში ჭეშმარიტი გამჭრიახობა უბრალოებაშია. ფუუჰის გენიალური გადაწყვეტილებების საიდუმლო ხშირად სხვა არაფერია, თუ არა მსუბუქი, კეთილი ცხოვრებისეული ირონია, მარტივი და აშკარა გამოსავლების გამონახვა და, რა თქმა უნდა, სასუსნავი.

რაც არ უნდა მოხდეს, ფუუჰის ყოველდღიურობაში ყოველთვის მოიძებნება ადგილი პატარა ბედნიერებებისთვის - დილის თერთმეტ საათზე საყვარელი ნუგბარის დასაგემოვნებლად გამოყოფილი დრო მისთვის წმინდათა წმინდაა.

ეს ყველაფერი უფროსებმაც კარგად შეამჩნიეს. ბენჯამინ ჰოფის ნაშრომი „ფუუჰის დაო“ ამ ალალ პერსონაჟს დაოისტური მსოფლმხედველობის განსასახიერებლად იყენებს, ხოლო გამოკვლევა „ფუუჰი და ფილოსოფოსები“ უღროვანი ტყის ბინადრებში პლატონისა თუ ნიცშეს იდეების გამოძახილს ეძებს.

რთული თეორიების მიღმა კი, ფუუჰის მისი მთელი ფილოსოფია ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში იკვრება: იყავი ერთგული მეგობარი, შეინარჩუნე სამყაროს შეცნობის დაუოკებელი ჟინი და არასოდეს აღიქვა საკუთარი თავი მეტისმეტად სერიოზულად. 

დათუჩას სიბრძნეები

„ჩვენს სანახავად არასდროს მოსულხარ. ზიხარ ასე ტყის ერთ კუთხეში და ელოდები, სხვები როდის გეწვევიან. ხანდახან შენ თვითონ რატომ არ მიაკითხავ ხოლმე?“
„ლექსები და ღიღინი ისეთი რამე არაა, შენ რომ იპოვო - პირიქით, თვითონ გპოულობს. მთავარია იქ მიხვიდე, სადაც მოგაგნებს.“
„თუ თანამოსაუბრე თითქოს არ გისმენს, მოთმინება იქონიე. სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ ყურში ჰქონდეს რაღაც გაჩხერილი.“
„როგორ იწერება „სიყვარული“?, - ჰკითხა გოჭიკომ
„არ იწერება, შეიგრძნობა,“ - მიუგო ფუუჰმა.
დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე